Facebook Twitter

3გ-ად-322კ-02 23 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საპენსიო შეღავათის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

«სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, 2002წ. 29 იანვრს ი. გ.-მ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისგან მოითხოვა პენსიის დანამატის დანიშვნა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1941 წელს ომის დაწყებასთან დაკავშირებით მობილიზებული იქნა წითელი არმიის რიგებში. არის ოფიცერი, დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რის შემდეგაც მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში. 1979 წელს მიიღო ინფაქტი და გავიდა პენსიაზე ავადმყოფობის გამო. მოსარჩელე დაეყრდნო «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტს და მიუთითა, რომ იგი, მართალია, არ არის მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი, მაგრამ ზემოაღნიშნულმა კანონმა ომის მონაწილე გაათანაბრა ომის ინვალიდთან, რის გამოც მასზე ასევე უნდა გავრცელდეს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შეღავათი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მითითებული კანონების საფუძველზე მას ეკუთვნის პენსიაზე დანამატის, ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნის უფლება, ორმაგი დანამატით.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო, რადგან მოსარჩელე, მართალია, არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ოფიცერი და შრომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მაგრამ იგი არ არის ომის ინვალიდი, ამასთან მას არ გააჩნია სამხედრო სამსახურში ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ.-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. გ.-ს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ეკუთვნის ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება, ვინაიდან «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის «ჩ” ქვეპუნქტის მე-2 და მე-3 აბზაცების თანახმად, იგი გათანაბრებულია ომის ინვალიდის კატეგორიასთან. სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი, ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ამავე კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით ექვემდებარებიან საპენსიო უზრუნველყოფას ომის ინვალიდობისათვის და არა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით. ვინაიდან ი. გ.-ა არ აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებს ე.ი არ არის ომის ინვალიდი, რასაც არც თვითონ უარყოფს, მას ამ კანონით არ შეიძლება დაენიშნოს ომის ინვალიდობის პენსია და მასზე ვერ გავრცელდება ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი – იგი ერთდროულად ვერ მიიღებს ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ი. გ.-ა, რომელიც ითხოვს ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიის ერთდროულად დანიშვნას, ასევე განაცდურის ანაზღაურებას იგივე მოტივით, რომ «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლმა ერთმანეთთან გაათანაბრა მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და ომის მონაწილეები. აღნიშნული კანონით, ომის მონაწილეებისათვის დადგენილია ყველა ის შეღავათი, რაც ომის ინვალიდებისათვის. კასატორის განმარტებით, იგი არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ოფიცერი, 84 წლის საქართველოს მოქალაქე, შრომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, ამიტომ მასზე ვრცელდება «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული კანონების საფუძველზე მისი მოთხოვნა საპენსიო შეღავათის, ორმაგი პენსიისა და დანამატის დანიშვნის შესახებ, კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება – დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ.-ს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინების შეცვლით, მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი. გ.-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ი. გ.-ა არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, ოფიცერი, 84 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი (საერთო დაავადებით) და დანიშნული აქვს პენსია 45 ლარი;

2. კასატორი ი. გ.-ა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვს საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას და ორი სახეობის პენსიის დანიშვნას. კერძოდ, ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნას თავის დანამატით. აღნიშნული ნორმის მიხედვით: «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთანA მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც წესი, აქვთ მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება და გამონაკლისის სახით კანონმდებელმა მე-60 მუხლით დააწესა ერთდროულად ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების მიღების უფლება, რასაც ითხოვს კასატორი და რაც, საკასაციო პალატის აზრით, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინების მიხედვით, რომელშიც მითითებული კანონის მე-60 მუხლია განმარტებული, ი.გ.-ა აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს:

ა) ი. გ.-ა არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) იგი არის 84 წლის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, დაბადებულია 1918წ. 5 მარტს;

გ) მას აქვს ოფიცრის სამხედრო წოდება, რომელიც მიენიჭა 1943 წელს და ამდენად, კანონის I მუხლის «ა” პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებული პირია;

დ) დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით;

ე) საერთო დაავადების გამო, 1989წ. 15 მარტიდან არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი.

მართალია, ი. გ.-ა არ არის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის «ა” პუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდი ანუ არ არის სამხედრო სამსახურის დროს ან მასთან დაკავშირებით, სამხედრო ტრამვის შედეგად დაინვალიდებული პირი, მაგრამ «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით: «მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც დაინვალიდნენ საერთო დაავადებების, შრომითი და სხვა მიზეზების შედეგად (გარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად დაინვალიდებული პირებისა) ეძლევათ ომის ინვალიდებისათვის დაწესებული ყველა შეღავათი”. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან კასატორს საერთო დაავადების გამო დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა და არა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ი. გ.-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩნება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონი და არასწორად განმარტა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი, რასაც საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად;

3. მოწინააღმდეგე მხარის აზრით, ი. გ.-ა, მართალია, არის ოფიცერი, მაგრამ რადგან მას ომის შემდგომ სამხედრო სამსახური არ გაუგძელებია და წელთა ნამსახურობა არ გააჩნია, საპენსიო შეღავათის დანიშვნაზე უარი უნდა ეთქვას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრის ზემოაღნიშნული განჩინების განმარტების მიხედვით, Yთუ კასატორი სამამულო ომის შემდგომ გააგრძელებდა სამხედრო სამსახურს და მოწინააღმდეგე მხარის მითითების შესაბამისად, ექნებოდა წელთაAნამსახურობა არანაკლებ 20 წლისა, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ი. გ.-ს დაენიშნებოდა წელთა ნამსახურობის პენსია ფულადი სარგოს 50%, ამავე მუხლის მე-12, მე-15 მუხლის «ა” და 41-ე მუხლის «დ” და «ზ” პუნქტების თანახმად, წელთაA ნამსახურობის პენსიასთან ერთად ი. გ.-ას ასევე დაენიშნებოდა დანამატი, რაც თავისთავად უკვე საპენსიო შეღავათს წარმოადგენს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას წელთა ნამსახურობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსწორობის გამო, რადგან ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი, გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ერთდროულად ორი სახეობის პენსიის – ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთA ნამსახურობისათვის) პენსიის მიღების უფლებას, ხოლო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად დანიშვნის უფლება კანონით გათვალისწინებული არ არის.

ამდენად, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «გ” პუნქტების საფუძველზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ი. გ.-ს საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შესახებ და მიაჩნია, რომ ახალი გადაწყვეტილებით ი. გ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, ოფიცერი, 84 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი და დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატის აზრით, კასატორი აკმაყოფილებს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს, ამიტომ მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული შეღავათი და 48-ე მუხლის გათვალისწინებით ი. გ.-ს 2001წ. იანვრიდან ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლარი) უნდა დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით _ 42 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 386-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. გ.-ს სარჩელი საპენსიო შეღავათის დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდეს;

4. 2001წ. იანვრიდან ი. გ.-ს ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლარი) დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით (42 ლარი);

5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.