3გ-ად-324-კ-02 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.-მ” (დირექტორი ზ. გ.-ი) 2000წ. ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის და მესამე პირის, შპს “გ.-ს” (დირექტორი მ. დ.-ე) მიმართ და მოითხოვა მუნიციპალიტეტის კაბინეტის საქალაქო კომისიის 1997წ. 6 მაისის ¹8-209 აქტის “ავტოგასამართი სადგურის, მდებარე ქ. თბილისში, მიმდებარე ტერიტორიაზე” _ ექსპლოატაციაში მიღების შესახებ (შპს “გ.-ს” დირექტორი მ.დ.-ე) გაუქმება.
მოსარჩელე შპს “გ.-ა” (სახელმწიფო რეგისტრაციის ¹7-4-537 07.10.96წ. _ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის საქალაქო კომისიის 1997წ. 6 მაისის, ¹8-209 აქტით შპს “გ.-ს” სახელზე, რომლის დირექტორია მ.დ.-ე, ექსპლოატაციაში უკანონოდ იქნა მიღებული ქ.თბილისში, ... მდებარე ავტოგასამართი სადგური. კომისიამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიაზეც არის განთავსებული ავტოგასამართი სადგური, 1995წ. 4 ივლისის ¹253 საიჯარო ხელშეკრულებით გაცემული იყო შპს “გ.-ზე”, რომლის დირექტორია ზ. გ.-ი და არა შპს “გ.-ა” რომლის დირექტორია მ.დ.-ე. იგი იხდიდა საიჯარო გადასახადს და მის სახელზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა და დროებითი ღონისძიების სახით ბენზინის სარეალიზაციო მოძრავი ავტოცისტერნის განთავსების ნებართვა. მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 8 ივნისის დადგენილებით დამაგრდა საიჯარო ხელშეკრულებით აღებული მიწის ნაკვეთი, შედგენილ იქნა სამშენებლო პასპორტი და არქიტექტურული გეგმა. ასევე, მის სახელზე იქნა გაცემული ნებართვა საწვავ-საპოხი მასალების სარეალიზაციო ობიექტის მშენებლობაზე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო. მესამე პირი შპს “გ.-ა” (დირექტორი მ.დ.-ე) სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ.-მ” (დირექტორი მ.დ.-ე) და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სსკ-ს 385-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად და მიუთითა, რომ შპს “გ.-ს” (დირექტორი მ.დ.-ე) სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინება არ ჩაბარებია, ვინაიდან სასამართლო უწყება გაგზავნილი იყო ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც არ ფუნქციონირებდა და არ იცოდა სასამართლო სხდომის დღე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “გ.-ს” (დირექტორი მ.დ.-ე) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “გ.-ა” (დირექტორი მ.დ.-ე) ადმინსტრაციულ საქმეში ჩართული იყო რა მესამე პირად, სარგებლობდა მხარის ყველა უფლებით და რაიონულ სასამართლოს საქმე უნდა განეხილა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მესამე პირის გაფრთხილების შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა და მესამე პირის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის შედეგად დაირღვა სსკ-ს მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრობითობის პრინციპი, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ.--მ” (დირექტორი ზ.გ.-ი) და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეიტლების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტი, ვინაიდან საქმის მასალებში მოიპოვება სასამართლოს უწყება, რომელზეც აღნიშნულია, რომ “მ.დ.-ე არ მუშაობს”. აღნიშნული უწყება მიტანილი იყო მესამე პირის იურიდიულ მისამართზე ასეთ შემთხვევაში სსკ-ს 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უწყება ჩაბარებულად ითვლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “გ.-ს” (დირექტორი ზ. გ.-ი) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა – პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
რაიონულ სასამართლოში შპს “გ.-ს” (დირექტორი ზ. გ.-ი) მიერ აღძრულ სარჩელში შპს “გ.-ა” (დირექტორი მ. დ.-ე) ჩართული იყო მესამე პირად.
გასახილველი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. ამავე კოდექსის პირველი მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ვინაიდან შპს “გ.-ა” (დირექტორი მ. დ.-ე) წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირს, ამიტომ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სარგებლობდა მხარის ყველა უფლებით. კოდექსის 261 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ შპს “გ.-ა” (დირექტორი მ. დ.-ე) გაფრთხილებული იყო სსკ-ს 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, საქმეში არსებულ სასამართლოს უწყებას ხელს აწერს მ.-ი, რომელიც საქმეზე მხარეს არ წარმოადგენს, ხოლო მომდევნო გვერდზე არსებულ უწყებაზე წარწერა, რომ “მ. დ.-ე მოცემულ პროფილაქტიკაში აღარ მუშაობს, გადასულია სხვაგან სად, არავინ იცის”, არ ადასტურებს მხარისათვის უწყების ჩაბარებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა დაბრუნებული საქმე რაიონულ სასამართლოში, ვინაიდან სსკ-ს 385-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, რომელიც თავის მხრივ ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც შპს “გ.-ს” (დირექტორი ზ. გ.-ი) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “გ.-ს” (დირექტორი ზ. გ.-ი) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.