3გ-ად-327-კ-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 6 ნოემბერს მოსარჩელე შპს «კ.-მ» და ფიზიკურმა პირმა ზ. ჟ.-მ სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტისა და მესამე პირის-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს:
ა) მოსარჩელე შპს «კ.-ის» სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის მატერიალური ზარალის სახით 14418800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
ბ) მოსარჩელეების: შპს «კ.-ისა» და ფიზიკური პირის, ზ. ჟ.-ს, სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1000000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
გ) მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელეებმა სარჩელი დააფუძნეს შემდეგ გარემოებებზე:
ქ. რუსთავის სასამართლოს 1998წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «კ.-ის» სარჩელი სს «რ.-ის» მიმართ თანხის გადახდევინების დაკისრების თაობაზე და მოპასუხე სს «რ.-ს» შპს «კ.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 3842193 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით წარადგინა აღსასრულებლად.
ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა სს «რ.-ის» ძალისხმევით, შპს «კ.-მ» მიმართა ქ. რუსთავის სასამართლოს და მოითხოვა სს «რ.-ის» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. ქ. რუსთავის სასამართლომ 1999წ. 23 თებერვლის განჩინებით «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაკოტრების საქმის გაუხსნელად დანიშნა კომბინატის დროებითი მმართველი.
მოსარჩელეთა განმარტებით, სს «რ.-ის» ხელმძღვანელობამ საქართველოს მრეწველობის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების აქტიური დახმარებით მიაღწია იმას, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს 1999წ. 27 მაისს მიეღო ¹90 ბრძანება, რომლითაც შპს «კ.-ა» საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან აღრიცხვაზე გადაყვანილ იქნა მსხვილ გადამხედლთა ინსპექციაში, რომელსაც იმავე ბრძანებით დაევალა საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე, 247-ე, 248-ე მუხლებზე დაყრდნობით ეწარმოებინა შპს «კ.-ის» ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად 3,8 მილიონი ლარის ბიუჯეტში ამოღება განეხორციელებინა სს «რ.-იდან».
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ საგადასახადო დეპარტამენტის 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანება შპს «კ.-ისათვის» შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალს არ წარმოადგენდა, მაგრამ იძულებული იყვნენ დათანხმებოდნენ აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებულ პირობებს, რათა ანგარიში გაეწიათ ქვეყნის ინტერესებისათვის. ამასთან, მათი განმარტებით, ჰქონდათ სახელმწიფოს მიმართ კანონიერი ნდობის უფლება და თვლიდნენ, რომ მიეცემოდათ შესაძლებლობა, რეალურად განეხორციელებინათ საგადსახადო დეპარტამენტის 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანებით მინიჭებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «კ.-ის» ხელმძღვანელობამ თანხმობა განაცხადა სს «რ.-ის» მიმართ, რათა არ გახსნილიყო გაკოტრების საქმე. აღნიშნულის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ 1999წ. 1 ივნისს მიიღო განჩინება.
საგადასახადო დეპრატამენტის 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანების საფუძველზე 1999წ. მე-4 კვარტალში ვალდებულების ანგარიშში საგადასახადო დეპარტამენტმა შპს «კ.-ს» იმ დროისათვის არსებული რეალური ვალდებულების ნაცვლად ჩამოაწერა და სს «რ.-ს» გადაეწერა 280000 ლარით მეტი- 467642,98 ლარი.
მოსარჩელეთა განმარტებით, სს «რ.-ის» მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს «კ.-ა» მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტა საწარმოს საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით ერთობლივი საქმიანობა ეწარმოებინა სხვა იურიდიულ პირებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, არაერთხელ მიმართეს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელმაც უარი განაცხადა ერთობლივი საქმიანობის პირობებში შპს «კ.-ის» მიმართ 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანების პირობების გამოყენებაზე. საგადასახადო დეპარტამენტმა ურჩია შერწყმოდა სხვა საწარმოს.
მოსარჩელები მიუთითებდნენ, რომ იძულებული გახდნენ შპს «კ.-ა» შერწყმოდა შპს «ყ.-ს» მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.5 მუხლის შესაბამისად, რაც რეგისტრაციაში გაატარა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 23 თებერვალს.
ამის შემდგომ საგადასახადო დეპარტამენტმა 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრძანებით გააუქმა თავისივე 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ ზემოთ აღნიშნულ საწარმოთა შერწყმით გაუქმდა შპს «კ.-ა”, როგორც სამართლის სუბიექტი, ამოღებულ იქნა სამეწარმეო რეესტრიდან და აღარ ირიცხებოდა გადასახადის დამოუკიდებელ გადამხდელად.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 23 თებერვლის ¹68 ბრძანება იყო კანონსაწინააღმდეგო და ბათილი, რადგანაც «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-14.5 მუხლის თანახმად საწარმო, რომელმაც სხვა საწარმო შეიერთა, წარმოადგენდა ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს მოპასუხეებს, მაგრამ ვერ მიაღწიეს თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვას.
მოსარჩელეთა განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 აგვისტოს დადგენილებით გაუქმდა შპს «ყ.-თან» შპს «კ.-ის» შერწყმა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 სექტემბრის დადგენილებით შპს «კ.-ა» აღდგა პირვანდელი სახით, რითაც 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრძანებას გამოეცალა საფუძველი, თუმცა საგადასახადო დეპარატამენტმა ამის შემდეგაც არ აღადგინა 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანების მოქმედება.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ საგადასახადო დეპარტამენტმა რეალურად არ მისცა საშუალება შპს «კ.-ს» ესარგებლა 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანებით დადგენილი პირობებით, რის გამოც საგადასახადო დეპარტამენტის მოქმედებით საწარმომ განიცადა მატერიალური ზარალი, ხოლო მის დირექტორ ზ. ჟ.-ს მიადგა მორალური ზიანი, რადგანაც შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
2002წ. 30 მაისს მოსარჩელეებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა გაზრდილი მოთხოვნა დააფუძნეს შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 10 აპრილის სადავო ბრძანებით გაუქმდა ამავე დეპარტამენტის 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანება, რაც წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის დარღვევას, რადგან ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ძალადაკარგულად გამოეცხადებიანა კანონის შესაბამისად გამოტანილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტი გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (ანუ შეიძლებოდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა ითხოვეს თავისი სასარჩელო მოთხოვნის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 10 აპრილს გამოცემული ¹68 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა, რაც სასამართლომ 2002წ. 5 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა.
მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, რის საფუძვლადაც შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანების გამოცემით, როგორც თვით სასარჩელო განცხადებაშიცაა აღნიშნული, მოსარჩელეს არ შეზღუდვია უფლება, სს «რ.-ისაგან» სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის იძულებითი გადახდევინება მოეხდინა კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით. მოსარჩელის უფლებები არ შეზღუდულა, ასევე, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრძანებით, რომლითაც გაუქმდა მისივე 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანება.
სარჩელი არ ცნო, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1999წ. 27 მაისს გამოცემული ¹90 ბრძანება, რომელიც გაუქმდა ამავე დეპარტამენტის 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრძანებით, თავისი შინაარსით იყო არაკანონიერი მისი გამოცემის მომენტიდან. საგადასახადო დეპარტამენტმა სადავო ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «კ.-ისა» და ფიზიკური პირი ზ. ჟ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა: უარი ეთქვათ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარატმენტის 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრაძნების ბათილად ცნობის შესახებ.
რაც შეეხება მოსარჩელეების თავდაპირველ მოთხოვნასთან, ანუ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას, იგი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ივლისის განჩინებით შეჩერდა, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევიდოდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2002წ. 15 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «კ.-მ» და ფიზიკურმა პირმა ზ. ჟ.-მ.
კასატორებმა ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მათი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2003წ. 5 თებერვალს კასატორებმა: შპს «კ.-მ» და ფიზიკურმა პირმა ზ. ჟ.-მ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2001წ. სექტემბრიდან მათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ჰქონდათ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო დეპარატმენტის თავმჯდომარის 2000წ. 10 აპრილის ¹68 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებაში.
განმცხადებლებმა განცხადებას თან დაურთეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 1999წ. 27 მაისის ¹90 ბრძანება ძალადაკარგულად ვერ ჩაითვლება. განმცხადებელთა განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანების გაუქმება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით აღიარებული უფლებების დარღვევას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილების გამო განმცხადებლებმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის და 378-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უარი განაცხადეს თავიანთ საკასაციო საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორთა მიერ წარმოდგენილ განცხადებას, საქმის მასალებს, შეამოწმა განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორთა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სსკ-ს დებულებანი.
სსკ-ს 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც კოდექსის აღნიშნული თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, კოდექსის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამრათლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ს 272-ე მუხლის «გ» პუნქტი, რომლის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსკ-ს მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან კასატორებმა უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე, უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 372-ე მე-7 მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «კ.-ა» და ფიზიკური პირი ზ. ჟ.-ს შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.