3გ-ად-329-კ-02 24 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ვ. ხრუსტალი,
მ. ტურავა,
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ისაევი,
მ. გოგიშვილი,
ბ. კობერიძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 26 აპრილს დ. და ე. ბ.-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებით მიყენებული მორალური ზიანის 1.000.000 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:
2000წ. 15 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელეთა მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹7400322, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
2000წ. 16 სექტემბერს მათ გამომძიებლის მიერ წარედგინათ ბრალდებები, ხოლო 17 სექტემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდათ პატიმრობა.
2001წ. 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დ. და ე. ბ.-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყვიტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უკანონო და დაუსაბუთებელ მოქმედებებს შედეგად მოჰყვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში დ. და ე. ბ.-ების უკანონოდ მიცემა და დაახლოებით რვათვენახევრიანი უკანონო პატიმრობა 2000წ. 14 სექტემბრიდან 2001წ. 26 მაისამდე.
2001წ. 12 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. ამჯერად, სასარჩელო წესით მოპასუხეები ფინანსთა სამინისტროსაგან თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის _ 500000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა:
სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ მიყენებული უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავის 227-ე მუხლი. განმცხადებელმა მიმართა სისხლის სამართლის კოლეგიას, მაგრამ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ამავე კოდექსის 228-ე მუხლი ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში სამოქალაქო წესით სარჩელის წარდგენას, მოპასუხის განმარტებით, აქ იგულისხმება მხოლოდ შრომის, საპენსიო და სხვა უფლებათა აღდგენის შესახებ დავები, ხოლო რაც შეეხება სკ-ს 1005-ე მუხლს, ამ ნორმის თანახმად პირი რეაბილიტირებული უნდა იყოს, მაგრამ მოსარჩელეები ამ დროისათვის რეაბილიტირებულები არ არიან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 2001წ. 26 მაისის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე დ. და ე. ბ.-ების მიმართ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო და გაუქმდა ბრალდებულების მიმართE შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა. აღნიშნული დადგენილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს რეაბილიტაციის საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ანაზღაურდეს სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანი. მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი გათვალისწინებულია 227-ე მუხლში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეებმა მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომელმაც 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი განუხილველად დატოვა მოსარჩელეთა განმეორებით გამოუცხადებლობის გამო. განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის 2002წ. 24 იანვრის განჩინებით. აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ, მოსარჩელეებმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისათვის 500000 ლარის ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნული ნორმისა, მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად საოლქო სასამართლომ მიიჩნია სკ-ს 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მაგრამ სასარჩელო განცხადებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ უნდა იყოს კომპენსირებული მორალური ზიანი თითოეული მოსარჩელისათვის სწორედ 500000 ლარით. სასარჩელო განცხადება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, მაგრამ სახეზეა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელეებმა განიცადეს მორალური ზიანი. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული მორალური ზიანი მოსარჩელეთათვის კომპენსირებული უნდა იქნეს მოპასუხეზე 5000-5000 ლარის დაკისრებით.
ფინანსთა სამინისტრომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
დიდი პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
დიდი პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით^ გათვალისწინებულ უფლებას “სამართლიან ანაზღაურებაზე". “სამართლიანი ანაზღაურების" მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე". კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.
დიდი პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროპის კონვენციასთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე, 227-ე და 228-ე მუხლები, რომლებიც რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლებების აღდგენის წესსა და პროცედურას ადგენენ. სწორედ ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი პროცედურით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მომკვლევი ან გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგაც პროკურორი შეწყვეტილ საქმეს გადასცემს განსჯად სასამართლოს, რაც იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განისაზღვრა ზიანის ოდენობა, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს განსჯად სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად. ამასთან, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში.
დიდი პალატა მიიჩნევს, რომ დ. და ე. ბ.-ები კანონით დადგენილი წესით არიან რეაბილიტირებულნი, რადგან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 2001წ. 26 მაისის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება დ. და ე. ბ.-ების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით _ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად რეაბილიტაციის საფუძველია.
დიდი პალატა ამასთან თვლის, რომ დ. და ე. ბ.-ებმა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კანონით დადგენილი წესით, 6 თვის განმავლობაში მიმართეს განსჯად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას, რომელმაც მათი სარჩელი დატოვა განუხილველი, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მიერ. სსკ-ს 278-ე მუხლის თანახმად, ამ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვიათ, ვინაიდან სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ მიმართეს სასამართლოს. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენა გამოწვეული იყო იმით, რომ მათ სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ არასწორად განემარტათ გასაჩივრების წესი. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
დიდი პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქის შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო თავისი გადაწყვეტილებით (სახელმწიფო ან მმართველობის ორგანო, გარდა სასამართლოსი) ზემოთ დასახელებულ რომელიმე უფლებას არ აღუდგენს რეაბილიტირებულს და ეს უკანასკნელი ამ ორგანოს წინააღმდეგ სასარჩელო წარმოების წესით მიმართავს სასამართლოს შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა და მისი ღირებულების დაბრუნების Yთაობაზე გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში და მოითხოვს სახელმწიფო ან მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების შეცვლას ან გაუქმებას. დიდი პალატის მოსაზრებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი მოცემულ შემთხვევაზე არ უნდა გაევრცელებინა, რადგან ამ ნორმაში არაფერია ნათქვამი ზიანის ანაზღაურებაზე, მით უმეტეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
დიდი პალატა თვლის, რომ სკ-ს 1005-ე მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე და 227-ე მუხლებთან ერთად უნდა იქნეს გამოყენებული. 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად". ამასთან, დიდი პალატა განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა განხორციელდეს იმ წესითა და პროცედურით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას.
3. დიდი პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.