3გ-ად-331-კს-02 10 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება ადმინისტრაციული გარიგების გაუქმება, ანდერძის ბათილად ცნობა და სამემკვიდრეო ქონების დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001წ. 8 ოქტომბერს თ. თ-ემ სარჩელი აღძრა კასპის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ტ. თ-ის, კასპის რაიონის სოფ. .......-ის საკრებულოსა და ამავე საკრებულოს მიწათმომწყობ ე. თ-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე დაიბადა 19...... წელს და 1956 წლამდე ცხოვრობდა პაპასთან ერთად კასპის რაიონის სოფ. .......-ში. 1956 წლიდან 1985წ. ჩათვლით მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1985 წელს გავიდა პენსიაზე. 1987 წელს დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მუშაობა დაიწყო სამხედრო მომზადების მასწავლებლად სოფელ .......-ის საშუალო სკოლაში.
მოსარჩელის განმარტებით, პაპის კომლს 1955 წლამდე, ანუ პაპის გარდაცვალებამდე, საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან ერთად დაკავებული ჰქონდა 0,5 ჰა მიწის ფართობი. 1956 წელს აღნიშნულ კომლს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუტოვა მხოლოდ 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ 1962 წელს მამამისმა, ზ. თ-ემ, კასპის რაიონის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით სოფ. ........-ში მიიღო გარდაცვლილი პაპის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა.
1985 წელს მოსარჩელეს გარდაეცვალა მშობლები. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში საკარმიდამო მიწის ნაკვეთმა შეადგინა მხოლოდ 0,15 ჰა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ჰყავდა სამი ძმა. ოთხი ძმისთვის კი 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი მცირე იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა ძმებისთვის დაეტოვებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მას, როგორც მასწავლებელს, პირადად მიეღო მიწის სხვა ნაკვეთი. 1987 წელს მოსარჩელემ მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელთანაც გზა ხევზე გავლით მიდიოდა, საჭირო იყო ოცი მეტრი სიგრძის ხიდის გაკეთება, ხიდამდე მისასვლელი გზა კი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ყველაფერი ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. მაისში კასპის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოს თავმჯდომარემ ის და მისი ძმები დაიბარა სამემკვიდრეო ქონების გასაყოფად. საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა ძმებს, რომ მათ გარდაცვლილ დედას, ვ. თ-ეს, დაუტოვებია ანდერძი, რომელშიც მითითებული იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამემკვიდრეო ქონება უნდა დარჩენოდა ვაჟიშვილ ტ. თ-ეს, ხოლო დანარჩენ ძმებს არავითარი წილი სამემკვიდრეო ქონებიდან არ ეკუთვნოდათ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999წ. ივლისში ......-ის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსარჩელის ძმას, ტ. თ-ეს, დაუმტკიცა პაპის მიერ დატოვებული სამემკვიდრეო ქონება, რითაც დაირღვა სსკ-ს 1346-ე 1366-ე, 1369-ე, 1499-ე და 1500-ე მუხლები.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ მან დაიწყო არქივში არსებული საბუთების შესწავლა, საიდანაც დადგინდა, რომ მისი ძმა ტ. თ-ე განზრახ, შეგნებულად მოქმედებდა ძმების საწინააღმდეგოდ, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საკომლო წიგნების ჩანაწერებით 1962-1965 წლებში მოსარჩელის მამა, როგორც კომლის უფროსი, გადახაზული იყო და ზემოდან კომლის უფროსად მიწერილი იყო მოსარჩელის დედა, რისი საფუძველიც არ არსებობდა. საკომლო წიგნების ჩანაწერებით 1972 წელს მოსარჩელის დედას ეწერა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც არასწორი იყო, რადგან იმ დროს მოსარჩელის დედა საკომლო წიგნში მითითებული იყო ოჯახის დიასახლისად, ხოლო მამა _ კომლის უფროსად. 1973-74-75 წლებში მოსარჩელის დედა ამოწერილი იყო საკომლო წიგნიდან. 1976 წელს კასპის რაიონის სოფ. .......-ის სასოფლო საბჭომ მოსარჩელის დედა ჩაწერა სოფ. ......-ას მუდმივ მაცხოვრებლად და კომლის უფროსად, ხოლო მოსარჩელის მამა ამოწერეს, რისი კანონიერი საფუძველიც არ არსებობდა.
მოსარჩელის განმარტებით, 1979წ. 11 აპრილს დედამისმა უკანონო საბუთებით აიღო ახალი ბინის პროექტი. 1987 წელს კი გარდაცვლილი დედის ანდერძის საფუძველზე მოსარჩელის ძმამ, ტ. თ-ემ, გაიფორმა მიწის ნაკვეთი, 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი დარჩა გარდაცვლილი დედის სახელზე. 10 წლის განმავლობაში სამემკვიდრეო ბინა და 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი მოსარჩელის გარდაცვლილი დედის სახელზე ირიცხებოდა. 1998წ. 15 დეკემბერს მოსარჩელემ კასპის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე დაწერა განცხადება, რომლითაც ითხოვა გარდაცვლილი დედის სახელზე რიცხული სამემკვიდრეო ბინისა და და 0,11 ჰა მიწის ნაკვეთის თავის სახელზე გაფორმება. საკრებულოს თავმჯდომარემ მიწათმომწყობს დაავალა აღნიშნული ქონების ძმებთან შეთანხმებით მოსარჩელისათვის გაფორმება, რაც არ განხორციელდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სოფლის ყრილობაზე არასოდეს განხილულა ტ. თ-ისათვის სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საკითხი და კანონის თანახმად სოფლის ყრილობას არც ჰქონდა სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთის განაწილების უფლება. რაც შეეხება ტ. თ-ეს, მან 1992 წელს მიიღო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი მეურნეობის გამოთავისუფლებული ფართობიდან. 1998წ. დეკემბრიდან კი 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მოსარჩელის გარდაცვლილი დედის სახელზე და არა _ ტ. თ-ეზე.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა: კასპის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი გაიცა ტ. თ-ის სახელზე; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1998წ. 25 ივლისის ¹..... აქტის გაუქმება, 0,11 ჰა სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისა და მისი ძმებისთვის დაბრუნება.
კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2002წ. 4 იანვარს თ. თ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ კასპის რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც ითხოვდა კასპის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოს მიერ 2000წ. იანვარში შედგენილი ყალბი საბუთის გაუქმებას, თუმცა აპელანტს ზუსტად არ მიუთითებია, თუ რომელ საბუთს ხდიდა სადავოდ.
2002წ. 28 თებერვალს თ. თ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოს კვლავ მიმართა სააპელაციო საჩივრით, რომელშიც აღნიშნა, რომ კასპის რაიონულ სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა მისი სარჩელი ხანდაზმულად, რადგანაც იგი იყო მშობლების კანონიერი მემკვიდრე, ხოლო ანდერძი გამოჩნდა 1999 წელს და სწორედ იმ წლიდან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის ვადა.
აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით გარდაცვლილი დედის მემკვიდრედ მისი აღიარება და სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის მიკუთვნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის, ტ. თ-ის, წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოცემული საქმის განსჯადობით გადაცემა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის, რადგანაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც გარდაცვლილმა დედამ დატოვა ანდერძით.
შუამდგომლობის თაობაზე აპელანტმა თ. თ-ემ განმარტა, რომ იგი ანდერძის კი არ ხდიდა სადავოდ, არამედ ასაჩივრებდა კასპის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოს 1992წ. 2 აპრილის დადგენილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან კვლავ ითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდროს მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე თ. თ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იგი არ იყო ფიზიკურად მზად, მონაწილეობა მიეღო პროცესში, რადგანაც იმ დღეს გამოწერეს შრომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლიდან, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა.
კასატორმა ითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინების გაუქმება.'
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო მხარეთა გამოუცხადებლობის, შემდეგ კი _ მხარეთა შორის მორიგების მცდელობის გამო.
საბოლოოდ მხარეთა შორის მორიგება არ შედგა და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა, მაგრამ საკასაციო სასამართლოში გამოცხადდა მხოლოდ ერთი მხარის, ტ. თ-ის, წარმომადგენელი, რის გამოც საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვა დაადგინა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე თ. თ-ემ სარჩელში ითხოვა:
1. კასპის რაიონის სოფ. .......-ის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილების გაუქმება, თუმცა სარჩელში არ არის მითითებული, თუ რომელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მოსარჩელე;
2. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1998წ. 25 ივნისის ¹..... აქტის გაუქმება, რომლითაც მოპასუხე ტ. თ-ემ მიიღო სადავო 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი;
3. აღნიშნული ნაკვეთის დაბრუნება მოსარჩელისა და მისი დანარჩენი ძმებისათვის.
კასპის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, იმსჯელა მხოლოდ მოსარჩელის გარდაცვლილი დედის, ვ. თ-ის, ანდერძის კანონიერებაზე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო საჩივარში აპელანტმა თ. თ-ემ აღნიშნა, რომ კასპის რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა მისი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა სააპელაციო საჩივარში ზუსტად ვერ მიუთითა, თუ რომელ აქტს ასაჩივრებდა. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში შეტანილ მეორე სააპელაციო საჩივარში კი ანდერძის კანონიერებასთან დაკავშირებული სასარჩელი ხანდაზმულობის ვადა გახადა სადავო.
2002წ. 17 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სოფ. ახალქალაქის საკრებულოს 1992წ. 2 აპრილის დადგენილების გაუქმება, ხოლო ანდერძი სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა მოცემული საქმის განსჯადობით იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის სხდომაზე აპელანტმა მხარი დაუჭირა სარჩელს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ 2002წ. 10 ივლისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში იმსჯელა მხოლოდ ანდერძის ბათილობისა და სამემკვიდრეო ქონების გამოთხოვის შესახებ, რის გამოც გამოიყენა სკ-ს 1409-ე მუხლის პირველი ნაწილი, 128-ე მუხლის მესამე ნაწილი და სასარჩელო მოთხოვნა ჩათვალა ხანდაზმულად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე არ განიხილა სრულყოფილად, ვინაიდან არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე კასპის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოს 1992წ. 2 აპრილის დადგენილებისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1998წ. 25 ივლისის ¹..... აქტის კანონიერების შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ დავის საგანი იქნებოდა მხოლოდ ანდერძის ბათილობა და სამემკვიდრეო ქონების გამოთხოვა, მაშინ მოცემული საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად მოცემული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თავად ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც სააპელაციო პალატამ სრულყოფილად სამართლებრივად არ შეაფასა მოსარჩელის ყველა სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.