3გ-ად-332-კ-02 21 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ხ.-მ 2000წ. 5 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კრწანისის რაიონის განყოფილების, მესამე პირის, მ. ფ.-ის, მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველ სართულზე მდებარე 46კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მ. ფ.-ის სახელზე პრივატიზაციის, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მ. ფ.-ს შორის 1999წ. 3 ნოემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და ამ ფართზე 1999წ. 3 ნოემბერს მ. ფ.-ზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹23/1002კ მოწმობის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
1987წ. 28 აპრილს ვ. ხ.-მ ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა სახალხო მოხმარების საქონლის მწარმოებელი კოოპერატივი «ს.-ა”, იჯარით აიღო ქ. თბილისში, ... მდებარე 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1993წ. 30 ივნისის ¹1/476 განკარგულებით კოოპერატივი «ს.-ა” რეგისტრირებულ იქნა ერთი პირის საწარმოდ ფირმა «ს.-ა”. 1993წ. 1 ივლისს კრწანისის რაიონის ¹51 საბინაო-საექსპლოატაციო უბანთან 6 წლის ვადით, 1999წ. 1 ივლისამდე, გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება. 1999წ. 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ აღნიშნული ფართის პრივატიზება მოახდინა მალულად, რითაც დაარღვია მისი, როგორც ფართის მოიჯარის, უპირატესი უფლება პრივატიზებაზე.
ვ. ხ.-მ 2000წ. 17 სექტემბერს სასამართლოს წარუდგინა დამატებითი დასაბუთება, რომელშიც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ ქ. თბილისში ... I სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებისას დარღვეულია «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” კანონის მოთხოვნები. კერძოდ, პრივატიზების მასალებიდან არ ირკვევა, არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიზნით შეიქმნა, თუ არა კომისია და თუ შეიქმნა, რა ვადით. გაურკვეველია, რა ფორმის კონკურსი ჩატარდა, კომერციული, თუ საინვესტიციო. მ. ფ.-ის განცხადება კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე არ არის რეგისტრირებული. 1999წ. 3 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასახული არ არის «მყიდველი” და «გამყიდველი” რა ურთიერთვალდებულებებს კისრულობდნენ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მ. ფ.-ზე ისე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომ «მყიდველს” ფართის ღირებულება სრულად არ ჰქონდა გადახდილი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება გაუქმებული იყო, ხოლო კანონი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” უპირატესი შესყიდვის უფლებას არ ითვალისწინებდა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995წ. 31 მარტის ¹1-3/1509 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტით საპრივატიზებო კონკურსში მონაწილეობა ხდებოდა წარდგენილი განცხადების საფუძველზე. სადავო ფართის პრივატიზება განხორციელდა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1999წ. 13 ოქტომბრის ¹1-485 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. განსაზღვრულ იქნა კონკურსის ფორმა. კონკურსის შესახებ განცხადება ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნდა ერთი თვით ადრე. საკონკურსო პირობები ფ.-ის მიერ მთლიანად შესრულებულია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ.-მ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რომლებითაც სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადსახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განჩინებით ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია მოხდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის და «საქართველოს სახელმწიოფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მოთხოვნათაAდაცვით და მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ.-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდება.
კასატორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ უკანონოდ, მისგან დაუსწრებლად მოახდინა ჯერ ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო შემდეგ, კონკურსის წესით პრივატიზაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, ვ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათA გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენა და სწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, მითუმეტეს, რომ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართზე თბილისის კრწანისის რაიონის ¹51 საბინაო საექსპლოტაციო უბანსა და კოოპერატივ «ს.-ას” შორის 1993წ. 1 ივლისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 6 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1999წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო და კოოპერატივი «ს.-ა” გამოსახლდა დაკავებული ფართიდან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
«სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანო.
თბილისში, ... მდებარე 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა რა მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტს, მისი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანა დამტკიცდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 19 მარტის ¹07-01. 103 დადგენილებით.
ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1999წ. 3 სექტემბრის ¹1-3/425 ბრძანებით დამტკიცდა არასაცხოვრებელი ფართის აფასების კომისია და 1999წ. 8 სექტემბრის ¹1-4/725 ბრძანებით განისაზღვრა ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ფასი 1966,62 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით და საკონკურსო პირობებად განისაზღვრა ობიექტზე რიცხული საიჯარო ქირის დავალიანების და პრივატიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა.
«სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 2.7 მუხლის შესაბამისად ინფორმაცია ფართის პრივატიზების შესახებ გამოქვეყნდა ერთი თვით ადრე – 1999წ. 21 სექტემბერს გაზეთ «თბილისის უწყებანში”. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო მ. ფ.-მ და გადაიხადა ბე _ 350 ლარი.
თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმით ¹432 კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა მ. ფ.-ე, რომელთანაც 1999წ. 3 ნოემბერს გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო საკონკურსო პირობების შესრულების შემდეგ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «მყიდველის” მიერ გამოსასყიდი თანხა არ იყო დაფარული და ისე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით და ს/ს «ს.-ის” 2002წ. 7 დეკემბრის ¹10/3343 წერილით დადასტურებულია, რომ მ. ფ.-ის მიერ სრულად არის გადახდილი ობიექტის გამოსასყიდი ფასი ეროვნულ ვალუტაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრებები, რომ თბილისში ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებისას დაირღვა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის და «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მოთხოვნები, რის გამოც ვ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განჩინება.
3. ვ. ხ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.