გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-333-კ-02 27 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: გორის ¹7 პავილიონის პრივატიზაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჭ-მა და თ. ბ-მა 2000წ. 14 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართეს კასპის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ო. მ-ი-ძ-ის, მესამე პირის, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს, მიმართ და მოითხოვეს 1993წ. 4 სექტემბრის ¹5 აუქციონზე მომხდარი პრივატიზაციის გაუქმება. კერძოდ, გორის საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹... პავილიონის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, (გაფორმებულია 1994წ. 3 აგვისტოს გორის ქონების მართვის სამმართველოსა და აწ გარდაცვლილ შ. ძ-ს შორის) ბათილად ცნობა.
მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ შემდეგი გარემოებებით:
მუშაობდნენ გორვაჭრობის ¹... პავილიონში ...ად. მათი შრომის წიგნაკები ინახებოდა გორვაჭრობაში. 1996წ. 5 ოქტომბერს შ. ძ-მა პავილიონი დაკეტა და გამოუცხადათ რომ პავილიონი მან იყიდა და მათ აღარ ამუშავებდა. ამის შემდეგ დაადგინეს, რომ შ. ძ-ს მართლაც მოუხდენია ¹... პავილიონის პრივატიზება, ჩათვალეს, რომ შეილახა მათი უფლებები და მიმართეს გორის სასამართლოს და მოითხოვეს ¹... პავილიონის პრივატიზაციის ხელშეკრულების, მისგან გამომდინარე ყველა შედეგის გაუქმება და ობიექტზე პირდაპირი შესყიდვის უფლების აღდგენა.
გორის სასამართლოს 1996წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ძ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის სასამართლო კოლეგიამ საკასაციო საჩივრის განხილვა გადადო იმ მოტივით, რომ შ. ძ-ი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს სამკვიდრო მიღებული არ ჰქონდათ. ძ-ის მემკვიდრემ სამკვიდროს მიღების შემდეგ გადაწყვეტილება გაასაჩივრა საზედამხედველო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პირველი მოადგილის საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართო კოლეგიის 1998წ. 27 იანვრის განჩინებით გაუქმდა გორის სასამართლოს 1996წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაექვემდებარა ქარელის რაიონის სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილის 1998წ. 30 აპრილის წერილის საფუძველზე საქმე აცილების წესით განსახილველად დაექვემდებარა კასპის რაიონის სასამართლოს.
კასპის რაიონის სასამართლოს 1998წ. 14 ივლისის განჩინებით საქმე დარჩა განუხილველი.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ობიექტის პრივატიზება გაკეთდა 1991წ. 9 აგვისტოს «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, პრივატიზაციისათვის საწარმოს მომზადება გულისხმობს მისი საწარმოო ფონდების ინვენტარიზაციას, რაც ფაქტობრივად არ გაკეთებულა, ვინაიდან გორის სამმართველოს მიერ 1993წ. 3 აგვისტოს თარიღით შედგენილ ინვენტარიზაციის აქტზე შესრულებული ხელმოწერა მ. ჭ-ს არ ეკუთვნის აღნიშნული დადასტურებულია კალიგრაფიული ექსპერტიზით. სადავო ობიექტი შეფასდა იაფად, აფასების აქტზე არ არის თარიღი, რითაც დარღვეულია კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
2. 1993წ. 14 სექტემბრის აუქციონის შედეგების ¹1 ოქმიდან ირკვევა, რომ გამოყენებულია გადახდის უკანონო საშუალება-მანეთი, ვინაიდან ამ დროისათვის გადახდის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა კუპონი.
3. სადავო ობიექტის ყიდვის სურვილი რომ მხოლოდ ძ-მა გამოთქვა, იმაზე მიუთითებს, რომ თავიდანვე არსებობდა შეთანხმება გამყიდველსა და მყიდველს შორის.
4. სადავო ობიექტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული ტექბიუროში.
5. ობიექტის პრივატიზაციის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 1996წ. 5 ოქტომბერს. მანამდე ისინი მუშაობდნენ ობიექტში და პრივატიზაციის თაობაზე მათთვის არავის შეუტყობინებინა. სარჩელი აღძრეს 1996წ. 10 ოქტომბერს, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო.
კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. გორში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹... პავილიონი ეკუთვნოდა გორვაჭრობას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 21 ივნისის ¹572 დადგენილებით შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია და განისაზღვრა ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 228463 კუპონის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა პრესაში ერთი თვით ადრე (გაზეთი «გ.”, 1993 წ 14 აგვისტო). 1993წ. 14 სექტემბერს ჩატარდა ¹5 აუქციონი, რომელზეც ¹7 პავილიონი შეიძინა აწ გარდაცვლილმა შ. ძ-მა, რომელმაც ობიექტში გადაიხადა 251350 კუპონი.
სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაყიდი ობიექტის საწყისი და საბოლოო ფასის განსაზღვრისას დაშვებული იყო გადახდის უკანონო საშუალება და მიუთითა, რომ «საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის თანახმად პრივატიზაციის გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ის გარემოება, თუ მყიდველი და გამყიდველი Aშეთანხმდებოდნენ გასაყიდი ობიექტის ფასის ხელოვნურად შემცირებაზე და აღნიშნა რომ ასეთი შეთანხმების შესახებ მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ობიექტის პრივატიზაციაზე არ იყო კომიტეტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობა და საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ¹... პავილიონის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო _ ქ. გორისა და გორის რაიონის განყოფილება.
რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ვინაიდან სკ-ს 75-ე მუხლის თანახმად (1964წ. რედაქცია) «საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით”, ხოლო იმავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად «სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით და მიუთითა, რომ დღეისათვის მოქმედი სსკ-ს 277-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება.
¹... პავილიონის პრივატიზაციის თაობაზე ინფორმაცია პრესაში გამოქვეყნდა 1993წ. 14 აგვისტოს, აუქციონამდე ერთი თვით ადრე მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 1996წ. 10 ოქტომბერს, კასპის რაიონული სასამართლოს 1998წ. 14 ივლისის განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, რომელიც მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
მოსარჩელეებმა განმეორებითი სარჩელით სასამართლოს მიმართეს 2000წ. 14 თებერვალს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 ლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-მა, თ. ბ-მა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც წარმოდგენილი არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დადგენილია, რომ ქ.გორში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹... პავილიონი ეკუთვნოდა გორვაჭრობას, რომელიც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 21 ივნისის ¹572 დადგენილებით შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. შეიქმნა საპრივატიზებო კომისია და განისაზღვრა ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 228463 კუპონის ოდენობით. ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ «გ-ში” აუქციონამდე ერთი თვით ადრე, 1993წ. 14 აგვისტოს. 1993წ. 14 სექტემბერს გამართულ ¹5 აუქციონზე პავილიონი შეიძინა აწ გარდაცვლილმა შ. ძ-მა, რომელმაც ნაცვლად გამოცხადებული საწყისი გასაყიდი ფასისა, შესთავაზა 251350 კუპონი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ სადავო ობიექტის პრივატიზაცია განხორციელებულია «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» 1991წ. 9 აგვისტოს კანონის და საქართველოს მთავრობის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ» დებულების მოთხოვნათა დაცვით და არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრივატიზებისას გამოყენებული იყო გადახდის უკანონო საშუალება (მანეთი), ვინაიდან დადასტურებულია, რომ მყიდველის მიერ ობიექტის ღირებულება გადახდილია იმ დროისათვის არსებული გადახდის საშუალებით (კუპონებით). ინფორმაცია გორვაჭრობის ¹... პავილიონის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ, მინისტრთა კაბინეტის ¹572 დადგენილება და განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით და არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრივატიზაციის შესახებ მათთვის არავის უცნობებია, რის გამოც შეილახა მათი უფლება და მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღოთ აუქციონში, ვინაიდან საპრივატიზებო ობიექტში მომუშავე თანამშრომელთა პერსონალურად გაფრთხილების ვალდებულებას არც იმ დროს მოქმედი და არც დღეისათვის მოქმედი პრივატიზაციის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს.
«საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ», 1991წ. 9 აგვისტოს კანონის თანახმად პრივატიზაცია იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს ბათილად ცნობილი, თუ გამყიდველი და მყიდველი წინასწარ შეთანხმდნენ გასაყიდი ობიექტის ღირებულების შემცირების თაობაზე. ასეთი მტკიცებულება კი კასატორთა მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსახილველი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. სკ-ს ნორმები საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ კასატორებს აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გაშვებული აქვთ შემდეგ გარემოებათა გამო: მ.ჭ-მა და თ.ბ-მა სარჩელი პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნით აღძრეს 1996 წელს. გორის რაიონის სასამართლოს 1996წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე გაუქმდა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გაეგზავნა ქარელის, ხოლო შემდეგ აცილების წესით _ კასპის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 1998წ. 14 ივლისის განჩინებით სარჩელი განუხილველად დატოვა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სსკ-ს 277-ე მუხლის შესაბამისად სწორად მიუთითა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ წყდება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჭ-ის და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.