გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-334-კ-02 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის ზიანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდში ... მცხოვრებმა ბ. მ-მ, რომლის საფუძველზეც თერჯოლის რაიონის გამგეობისაგან მოითხოვა ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზარალის _ 7436 ლარის გადახდა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 2000წ. 25 მაისს მოსარჩელე თავისი კუთვნილი ავტომანქანით «მერსედეს-ბენცი", ბრუნდებოდა თბილისიდან ზუგდიდში. ავტომანქანას მართავდა მისი ბიძაშვილი ო. ჯ-ა. თერჯოლის გადსახვეთან თერჯოლის მხრიდან ყოველგვარი შეჩერების გარეშე გამოვიდა თერჯოლის რაიონის გამგეობის კუთვნილი ა/მანქანა «გაზ-24", რომელსაც მართავდა მძღოლი ე. ბ-ე. დაინახა რა ქუთაისის მხრიდან მომავალი ა/მანქანა, ბ-ემ საჭე აიღო უკიდურესად მარცხენა მხარეს და მიუხედავად იმისა, რომ ა/მანქანა «მერსედეს-ბენცის" მძღოლი გადავიდა უკიდურესად მარჯვენა მხარეს, მაინც მოხდა შეჯახება, რის შედეგადაც დაზიანდა ორივე ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი ¹854368, რომლის თანახმადაც მომხდარ ავარიაში პასუხისმებლობა დაეკისრება ა/მანქანა «გაზ-24"-ის მძღოლს ე. ბ-ეს. სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ღირებულება მისი შეკეთების საფასურისა და გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების ჩათვლით შეადგენს 7436 ლარს.
მოსარჩელე ითხოვდა, რომ მითითებულ თანხას დამატებოდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 185 ლარის ოდენობით და მოპასუხეს დაკისრებოდა მის სასარგებლოდ 7621 ლარის გადახდა. მოპასუხემ _ თერჯოლის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ავტოავარიის შედეგად დაზიანდა არა მარტო ა/მანქანა «მერსედეც-ბენცი", არამედ თერჯოლის რაიონის გამგეობის კუთვნილი ა/მანქანა «გაზ-24" მომხდარი ავტოავარიის სქემას არ ერთვოდა სპეციალისტის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ მომხდარი ავტოავარიის დროს ბრალის რა წილი მიუძღვის თითოეულ მძღოლს. ამასთანავე, მოსარჩელეს ა/მანქანის დაზიანებული ნაწილების ღირებულება და მისი აღდგენის ხარჯები მიაჩნდა გადაჭარბებულად, რისთვისაც მოითხოვა საქმეზე ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავდა მძღოლთა ბრალეულობას მომხდარ ავარიაში და ა/მანქანებზე მიყენებულ ზიანს.
სასამართლოს დავალებით დაინიშნა კომპლექსური ავტოსასამართლო და ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალი მიუძღვის მხოლოდ ავტომანქანა «გაზ-24"-ის მძღოლს ე. ბ-ეს, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანებზე მიყენებული ზიანის განსაზღვრას ექპსერტიზამ მიუთითა, რომ მისი დადგენა შეუძლებელია, რადგან ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის ორივე ა/მანქანა აღდგენილია.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყეტილება ბ. მ-ს წარმომადგენლის ო. ჯ-ას მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
აპელანტი საჩივარში ძირითადად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რასაც სასარჩელო განცხადებაში. საჩივრის ავტორი ითხოვდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტელების მიღებას, რის საფუძველზეც მოპასუხე მხარეს თერჯოლის რაიონის გამგეობას დაეკისრება ბ. მ-ს კუთვნილ ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის _ 7436 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
მოწინააღმდეგე მხარე, თერჯოლის რაიონის გამგეობა, არ დაეთანმა სააპელაციო საჩივარს და შესაგებელში აღნიშნა, რომ განფასება არის გადაჭარბებული და აღემატება არსებულ სტანდარტებს.
ავტონაწილების შეძენაზე თურქეთში შედგენილ საბუთში არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა აღნიშნული ნაწილები და ის ვერ იქნება იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნაწილები შეძენილ იქნა დაზიანებული მერსედესისათვის და მასზე იქნა დაყენებული. აღნიშნული ნაწილების საქართველოში შემოტანისათვის გადახდილი უნდა ყოფილიყო საბაჟო გადასახადი. შემოტანილ ნაწილებზე არ არსებობს დეკლარაცია. ასევე არ არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელზეც უნდა ასახულიყო შეკეთებულ ავტომანქანაზე შესრულებული სამუშაოები. ამ სამუშაოთა ღირებულება, რომლის 20% დღგ-ის სახით უნდა ჩარიცხულიყო ბიუჯეტში.
ვინაიდან მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებს, ფაქტობრივად, მითითებული ზიანის ოდენობით, შესაგებლის ავტორი ითხოვდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
ბ. მ-ს გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ბ. მ-ს უფლებამონაცვლედ დადგინდა მისი ქალიშვილი ლ. მ-, რის შემდეგაც განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ლ. მ-ს სარჩელი. თერჯოლის რაიონის გამგეობას ლ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7436 ლარის გადახდა.
თერჯოლის რაიონულმა გამგეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი თავის საჩვარს ძირითადად აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე:
სკ-ს 997-ე მუხლის მიხედვით «პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით თავისი შრომითი (სამსახურების) მოვალეობის შესრულებისას. გამგეობის მძღოლმა ე. ბ-ემ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოახდინა 18 საათსა და 15 წუთზე, ე.ი. სამუშაო საათების შემდეგ, როდესაც იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რასაც ადასტურებს საქმეშიOმტკიცებულების სახით არსებული სახელმწიდო ავტოინსპექციის განყოფილების მიერ შემთხვევის ადგილზე 2000წ. 25 მაისს შედგენილი ოქმი ¹854368. სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროდ არასწორადაა მითითებული 18 საათი. კანონის ნორმების გამოყენების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა თერჯოლის რაიონის გამგეობას.
ამასთან, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ის თანხა, რომლის გადახდაც კასატორს დაევალა, ხელოვნურადაა შექმნილი და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ილისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
მოწინააღმდეგე მხარე ლ. მ-მ და მისმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლებით, რომ სასამართლო, გადაწვეტილების გამოტანისას, დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება გამოტანილია სკ-ს და სსკ-ს მოთხოვნათა დაცვით და ამდენად, არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და კასაციის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახნსა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ს კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ადგილი ჰქონდა თერჯოლის რაიონის გამგეობის მძღოლის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად.
საკასაციო სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავტომანქანა «გაზ-24" იმყოფებოდა თერჯოლის რაიონის გამგეობის ბალანსზე, ემსახურებოდა რაიონის საკრებულოს და მძღოლი ე. ბ-ე მიმაგრებული იყო აღნიშნულ ა/მანქანაზე.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განმარტებას სკ-ს 999-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრასნპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსოპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზარალი.
მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მის მირვე გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის დეფინიციას, სადაც კანონმდებელი სპეციალურ მითითებას აკეთებს სამსახურებრივი მოვალეობის განხორცილებისას მიყენებულ ზიანზე.
საქმეში წარმოდგენილია ოქმი ¹854368, სადაც მითითებულია, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევა მოხდა 18.15 საათზე სამუშაო საათები მთავრდება 18.00 საათზე.
მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული, ჰქონდა თუ არა ავტოავარიის შემთხვევას ადგილი სამუშაო საათებში, რამ გამოიწვია ოქმში 18.15 საათის მითითება, საგულისხმოა, რომ ოქმში დაფიქსირებულია შემთხვევის ჩადენის და არა ოქმის შედგენის დრო.
საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მსჯელობას თანხის დაკისრების ნაწილში, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო წარმოდგენილ სპეციალისტის ცნობას, ისე რომ მისი მხრიდან სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადგილი არ ქონდა მტკიცებულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მანქანის წლოვანებიდან, ღირბულებიდან და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია, დაკისრებული თანხის რეალურობა, ასევე გამოკველული არ არის თუ რას ეფუძნება სპეციალისტის მოსაზრება გაუთვალისწინებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრისას და ადგილი ხომ არა აქვს თანხების ხელოვნულ გაზრდას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც თვლის, რომ თერჯოლის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თერჯოლის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპეალციო პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.