Facebook Twitter

3გ-ად-336-კ-02 9 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საკასაციო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საოლქო სასამართლოსათვის საქმის განსახილველად დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის მეორე სართულზე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს ჩასმულია სამი ფანჯარა, მოსარჩელემ მოითხოვა ამავე კედელზე მეოთხე ფანჯრის ჩასმაზე ნებართვის გაცემა. მოპასუხე _ ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს წარმომადგენელმა და მესამე პირმა ლ. დ.-ემ სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს მასზე უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 08.02.02წ. გადაწყვეტილებით რ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, რ. კ.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის და მის სახლს ყოფს საზიარო კედელი. 1958 წლიდან საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ე. ი.-ს, რომელმაც სიმაღლეში გაზარდა საზიარო კედელი, კანონის დარღვევით სახურავის გასწვრივ გააკეთა ფანჯრები, რაც შემდგომში გასაჩივრების შედეგად გაუქმებულ იქნა, ფანჯრების ნაცვლად დარჩა ფრამუგები, რომელიც შემდეგ, სახლის ახალი მეპატრონის რ. კ.-ის მიერ, კანონის დარღვევით ფანჯრებად გადაკეთდა. რ. კ.-ი ასევე უკანონოდ ითხოვდა მეოთხე ფანჯრისა და კონდიციონერისათვის ჭრილების გაკეთების ნებართვას, რის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს, რაზედაც უარი ეთქვა. ამასთან, აპელანტი მიიჩნევდა, რომ საცხოვრებელ სახლებს საზიარო კედელი რომც არ ჰქონოდა, მეზობლის მიერ საზღვარზე სახლის მშენებლობის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საცხოვრებელ სახლებს შორის ერთი ფანჯრიდან მეორეში ჩაუხედაობა.

ლ. დ.-ემ 27.03.02 წ. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მასსა და რ. კ.-ს შორის საზიარო კედელზე დატანებული ფრამუგის გაუქმება, რომელიც შემდგომში მოპასუხის მიერ გადაკეთებული იქნა ფანჯარად, მეოთხე ფანჯრისა და კონდენციონირების ჭრილის გაკეთებაზე უარის თქმა, საზიარო კედლის ყრუ კედლად გადაკეთება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.07.02 წ. განჩინებით ლ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით. სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რაც განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმეთა განხილვისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და იგი კანონის დარღვევით მიღებულად მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუსაზღვრია, თუ რომელი კატეგორიის მესამე პირად იქნა საქმეში ჩაბმული ლ. დ.-ე. პალატამ აღნიშნა, რომ ლ. დ.-ის შეგებებული სარჩელი სამოქალაქო კატეგორიისაა, რის გამოც ამ ეტაპზე იგი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად, მხარეებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ აღნიშნული შეგებებული სარჩელი წარადგინონ პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.07.02 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ.-მა. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის საოლქო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო განეხილა საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და ამისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნება არ იყო საჭირო. სააპელაციო სასამართლო თვითონვე უთითებს, თუ რომელი კატეგორიის მესამე პირია ლ. დ.-ე, მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხს საქმის დაბრუნების მოტივად უთითებს, რაც ასევე ადასტურებს საქმის საქალაქო სასამართლოსათვის ხელახალი დაბრუნების უსაფუძვლობას.

მესამე პირმა წარმოდგენილ შესაგებელში საკასაციო საჩივრის მოტივები არ ცნო, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რის გამო საქმე არ იყო იურიდიულად დასაბუთებული.

მოპასუხე _ ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური წარმოდგენილი შესაგებლით, სსკ-ს 393-ე მუხლის და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტზე მითითებით, დაეთანხმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნებას და თვლის, რომ საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეგზავნოს არა საქალაქო, არამედ საოლქო სასამართლოს, სადაც უნდა მოხდეს აგრეთვე ლ. დ.-ის შეგებებული სარჩელის განხილვაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი დავა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების დაცვით უნდა იქნეს განხილული. ამასთანავე, აღნიშნული არ ქმნის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საკმაო საფუძველს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული სამართალწრმოების წესების გამოყენებით თავად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებანი, სსკ-ს 377-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატა პროცესუალური ეკონომიის მოსაზრებებით, უფლებამოსილი იყო თავად ემსჯელა აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის უკან დაბრუნების გარეშე გადაწყვიტოს დავა. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს, სსკ-ს 381-ე მუხლის მიხედვით, არ იძლევა აგრეთვე ლ. დ.-ის მიერ სარჩელის აღძვრა. უმართებულოა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება შეგებებული სარჩელის წარმოებაში არ მიღების, მისი ამ ეტაპზე განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან შეგებებული სარჩელი არის თავდაპირველი სარჩელისაგან დაცვის საშუალება. გარდა ამისა, სსკ-ს 188-ე მუხლის თანახმად შეგებებულ სარჩელს წარმოადგენს მოპასუხე, სსკ-ს 88-ე მუხლის თანახმად მესამე პირები წარადგენენ არა შეგებებულ სარჩელს, არამედ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, მესამე პირის და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.07.02წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.