3გ-ად-337-კ-02 3 აპრილი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების, ქ.თბილისის მერიის საბინაო საკითხთა გაერთიანების მიერ გაცემული ორდერისა და სხვენ-სართულის პრივატიზაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის ისნის რაიონის პროკურორმა 1996წ. დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ისნის რაიონის სასამართლოს მოქალაქეების: თ.ლ.-ის, ზ.ბ.-ის, გ.გ.-ის, ა.შ.-ის, ა.კ.-ის ინტერესების დასაცავად მოპასუხეების – ბ. ჭ.-ის, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს და საქართველოს ... კავშირის სამდივნოს მიმართ და მოითხოვა ყველა იმ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა, რომლითაც ბ.ჭ.-ს გამოეყო სხვენ-სართული, ნ.ჭ.-ის გამოსახლება სხვენ-სართულიდან და თავისუფალი ფართის მცხოვრებლებისათვის ჩაბარება.
თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს. ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით ისნის რაიონის პროკურორის სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 ოქტომბრის განჩინებით და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ისნის რაიონის სასამართლოს. სასამართლოს 1997წ. 10 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა გააუქმა ისნის სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. საქმე აცილების წესით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს. ქ.თბილისის ... სადარბაზოს მცხოვრებლებმა (ლ.-ი, ბ.-ი, გ.-ი, უ.-ი, შ.-ე, ლ.-ე, ც.-ი, კ.-ე, მ.-ი, გ.-ი, ჯ.-ი) დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17.59.1038 დადგენილების, ქ.თბილისის მერიის საბინაო საკითხთა გაერთიანების მიერ გაცემული ორდერისა (სერია ¹03 017282) და სხვენ-სართულის პრივატიზაციის გაუქმება;
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ... კავშირის სამდივნოს (მდივანი გ.ა.-ე), ბ.ჭ.-ის სიდედრის მ.პ.-ის და ისნის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის მმართველ ა.კ.-ის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ შემდეგი საფუძვლებით: 1997წ. 14 აგვისტოს ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა მიიღო დადგენილება ¹17-59-1038 საქართველოს ... კავშირის სამდივნოს 1997წ. 16 ივნისის ¹185-ე წერილის საფუძველზე, რომლითაც ქ. თბილისში, ... კორპუსის სხვენ-სართულზე მდებარე 120 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საბინაო ფონდში და ბ.ჭ.-ის ორსულიან ოჯახს გამოეყო სახელოსნოდ. მოსარჩელეები ვერ სარგებლობდნენ საცხოვრებელი სახლის სხვენ-სართულით, ვინაიდან ჭ.-ს ხუთი წლის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდა ასასვლელი კარი, რის გამოც ირღვეოდა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მთავარი დეპარტამენტის კოლეგიის 1995წ. 19 მაისის ¹29 16 608 გადაწყვეტილება – ... კავშირზე ... კორპუსის სხვენ-სართულში არასაცხოვრებელი ფართობის მიქირავების შესახებ და უძრავი ქონების აღრიცხვა-განაწილებისა და მართვის სამმართველოს მიერ 1995წ. 7 აგვისტოს გაცემული არასაცხოვრებელი ფართის სარეგისტრაციო მოწმობა ¹...; ბ. ჭ.-ი გამოსახლებულ იქნა 38-ე კორპუსში მდებარე სხვენ- სართულიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 10 თებერვლის განჩინებით რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1995წ. 19 მაისის ¹ 29.16 608 გადაწყვეტილების და უძრავი ქონების აღრიცხვა-განაწილებისა და მართვის სამმართველოს 1995წ. 7 აგვისტოს ¹... სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების ნაწილში უცვლელად დარჩა, ხოლო გამოსახლების ნაწილში გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხუთმა მოსარჩელემ: უ.-მ, გ.-მ, ბ.-მ, გ.-მ და ლ.-მ. აპელანტები მოითხოვდნენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მათი სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, ამასთან შეამცირეს დავის საგანი და მოითხოვეს მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების, ორდერის, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ფართიდან გამოსახლება.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხუთი აპელანტის სააპელაციო საჩივარი და რაიონული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ 2002წ. 30 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართო ნოტარიუსი ლუტიძე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს და დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17-59-1038 დადგენილება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები, როგორიცაა ორდერის გაცემა და პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება და რომ სადავო დადგენილებით არ ილახებოდა მესამე პირების კანონიერი უფლებები და ინტერესები. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნტებით გათვალისწინებული შემთხვევები და მიუთითა, რომ სადავო აღმჭურველი აქტის საფუძველზე ბ.ჭ.-ის მიერ 1998წ. 4 იანვარს ... მდებარე ფართის პრივატიზაცია განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა. შესაბამისად არ დააკმაყოფილა აპელანტების სარჩელი ბ.ჭ.-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილშიც, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ბინის კანონიერ მესაკუთრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ლ.-მ, ვ.გ.-მ, ზ.ბ.-მ, ო.ჩ.-მ.
კასატორები ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდება.
1. ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტში შეტანილი ცვლილების თანახმად არ დაიშვება იმ სახელოსნოს პრივატიზაცია, რომელიც მოცემული დადგენილების მიღების შემდეგ აშენდება ან მოეწყობა არასაცხოვრებელ ფართზე სახელმწიფოს ხარჯზე. ასეთი სახელოსნოები მიეცემათ დადგენილი წესით შემოქმედებითი კავშირების წევრებს დროებით სარგებლობაში იჯარის უფლებით იმ დრომდე, სანამ ისინი ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას. კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტმა დაარღვია 1993წ. ოქტომბრის ¹753 დადგენილება.
2. გასაჩივრებული დადგენილება და ბინის ორდერის გაცემა მოხდა იმ დროს, როდესაც დავა უკვე მიმდინარეობდა სასამართლოში.
3. მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი საბუთები ყალბია, ვინაიდან დღევანდელი მონაცემებით გ.ჭ.-ი სხადასხვა მისამართზე ცხოვრობს.
4. სასამართლომ საქმეში მესამე პირად ჩართო ნოტარიუსი ვ.ლუტიძე, მაგრამ შემდეგ მისი და სხვა მოპასუხეების მონაწილეობის გარეშე განიხილა საქმე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ.თბილისში, ... კორპუსში III სადარბაზოს სხვენ-სართული ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1995წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით გადაეცა საქართველოს ... კავშირს და ნება დაერთო, 5 წლის ვადით გაეფორმებინა ქირავნობის ხელშეკრულება და გაეცა არასაცხოვრებელი ფართობის სარეგისტრაციო მოწმობა, რაც შესრულდა და 1995წ. 7 აგვისტოს უძრავი ქონების აღრიცხვა-განაწილებისა და მართვის სამმართველომ გასცა სარეგისტრაციო მოწმობა ბ. ჭ.-ის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა და საბოლოოდ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა, რომელიც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 10 თებერვლის განჩინებით. სადავო სხვენ-სართულის მოქალაქე ბ.ჭ.-ისათვის გამოყოფის კანონიერების სასამართლოში განხილვის პერიოდში. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17.59.1038 დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ... კავშირის 1997წ. 16 ივნისის ¹185 შუამდგომლობა და ... მდებარე სხვენ-სართული 120 კვ.მ ფართი ჩაირიცხა საბინაო ფონდში და გამონაკლისის სახით დაუმტკიცდა ახალგაზრდა მხატვარ ბ.ჭ.-ს ბინა-სახელოსნოდ. 1997წ. 18 სექტემბერს დადგენილების საფუძველზე ბ.ჭ.-ზე გაიცა ორდერი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მიერ კასატორთა სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს აზრით, გასაჩივრებული დადგენილება არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან გასაჩივრებულ დადგენილებას ჭ.-ისათვის რაიმე უფლება კი არ მიუნიჭებია, არამედ მოხდა ... სხვენ-სართულზე არასაცხოვრებელი ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვა და ჭ.-ის ოჯახისათვის გამოყოფა, რაც ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას, რადგან საქართველოს საბინაო კოდექსის III კარის პირველი თავი განსაზღვრავდა საბინაო პირობებგასაუმჯობესებული მოქალაქეთა ცნობის საფუძვლებსა და წესს. გასაჩივრებული დადგენილებით კი ისე გამოეყო ჭ.-ს სხვენ-სართული, რომ, როგორც თვით დადგენილების შინაარსიდან ირკვევა, იგი ბინის მიღების აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა. ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო სხვენ-სართულის არასაცხოვრებელი ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვა და ჭ.-ისათვის გამოყოფა მოხდა იმ დროს, როდესაც 38-ე კორპუსის მობინადრეების ინტერესების დასაცავად ისნის რაიონის პროკურორის სარჩელი იხილებოდა სასამართლოში, რომლითაც იგი ითხოვდა ყველა იმ გადაწყვეტილებების უკანოოდ ცნობას, რომელთა საფუძველზეც ბ.ჭ.-ს სხვენ-სართულში გამოეყო ფართი. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან მხარეთა შორის დავა სასამართლოში სადავო საკითხებთან დაკავშირებით იმთავითვე 1997 წლიდან მიმდინარეობდა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 14 აგვისტოს დადგენილება იმთავითვე მხარეთა შორის სადავო იყო.
საქმეზე 1997წ. 5 მაისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო, რომ ქ.თბილიში ... კორპუსის მესამე სადარბაზოს სხვენ-სართულში შემოქმედებითი სახელოსნოს მოწყობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ სავენტილაციო არხები აყვანილი იქნებოდა სახურავის ზემოთ, მოეწყობოდა დამატებითი განათების ღიობები და სხვენ-სართულზე შესასვლელთან მდებარე კიბის ბაქნის თავზე მდებარე სახურავზე ასავლელი ხვრელი გაგანიერდებოდა არანაკლებ 60 სმ-ით და ასეთი გადაკეთებით არ შეიზღუდებოდა სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები.
თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 14 აგვისტოს გასაჩივრებული დადგენილებით ისე მოხდა სხვენ-სართულზე არასაცხოვრებელი 120 კვ.მ-ის საბინაო ფონდში ჩარიცხვა, რომ ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული გადაგეგმარებითი სამუშაოები არ ჩატარებულა, ვინაიდან ქალაქის მთავარი არქეტექტურის მიერ სადავო ფართზე გადაგეგმარებითი პროექტი დამტკიცდა 1997წ. 16 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის დადგენილებიდან ერთი თვის შემდეგ, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილების მიღებისას სხვენ-სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი არ აკმაყოფილებდა საცხოვრებელ პირობებს და მისი ჩარიცხვა საბინაო ფონდში კანონსაწინააღმდეგო იყო. ასევე კანონსაწინააღმდეგო იყო აღნიშნული ფართის ბ.ჭ.-ისათვის გამოყოფა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საბინაო პირობებგასაუმჯობესებულ მოქალაქედ ცნობის პირობებს და ბინით მიღების აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა.
აღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის დადგენილება მიღებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს. შესაბამისად უნდა გაუქმდეს მუნიციპალიტეტის დადგენილების საფუძველზე 1997წ. 28 სექტემბერს გაცემული ¹... ორდერი, რომლითაც ბ.ჭ.-ს გადაეცა 120 კვ.მ ქ.თბილისში, ... მდებარე კორპუსის მე-3 სადარბაზოს VI სართულზე (სხვენ-სართულზე).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბ.ჭ.-ის მიერ პრივატიზაცია განხორციელებულია კანონიერად _ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით პრივატიზაციას ექვემდებარებოდა მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული იზოლირებული ფართები. მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებით ბ.ჭ.-ს ფართი გამოეყო ბინა-სახელოსნოდ, რომლის პრივატიზაცია ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994წ. 10 თებერვლის ¹03.3534 დადგენილების შესაბამისად არ დაიშვებოდა. სახელოსნოები დადგენილი წესით მიეცემოდათ შემოქმედებითი კავშირების წევრებს დროებითი სარგებლობის უფლებით იმ დრომდე, სანამ ეწეოდნენ შემოქმედებით საქმიანობას. წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ ბ.ჭ.-ი ... კავშირის წევრი არ იყო.
ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამოსახლების მოთხოვნის უფლება მხოლოდ მესაკუთფრეს ჰქონდა და მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სადავო ფართის მესაკუთრეებს. სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ამ კოდექსის დებულებანი გამოიყენება, თუ უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. სკ-ს მე-4 თავი “ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში” ახალ წესებს ითვალისწინებს, ამიტომ გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ს 208-ე მუხლი, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის შენობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ვინაიდან კასატორებს ინდივიდუაურ საკუთრებაში აქვთ მათ მიერ დაკავებული ბინები, შენობის დანარჩენი ნაწილი (მათ შორის სხვენ-სართული) წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, რის გამოც მათი მოთხოვნა საფუძვლივნია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ.ლ.-ის, ვ.გ.-ის, ზ.ბ.-ის, ო.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თ.ლ.-ის, ვ.გ.-ის, ზ.ბ.-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17.59.1038 დადგენილება და ბ. ჭ.-ის სახელზე გაცემული, ქ. თბილისში, ... ¹017282 ორდერი.
5. ბათილად იქნეს ცნობილი ისნის რაიონის ¹127 საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ბ. ჭ.-ს შორის 1998წ. 4 იანვარს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება და ბ. ჭ.-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნეს ქ.თბილისში, ... მდებარე ფართიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.