Facebook Twitter

3გ-ად-339-კ-02 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

შპს «თ.-ის» სასარჩელო მოთხოვნა: საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, დავალიანების დაკისრება.

სს «ფ.-ის» სასარჩელო მოთხოვნა: ქონების დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 20 მაისს შპს «თ.-მ» სარჩელი აღძრა ისნის რაიონის სასამართლოში მოპასუხე სს «ფ.-ის» (ყოფილი თბილისის ... ფაბრიკა) მიმართ, მესამე პირად მიუთითა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროზე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს 1991წ. 1 აპრილის განკარგულებით თბილისის ... ფაბრიკა გარდაიქმნა თბილისის ... საიჯარო საწარმოდ, რომლის დირექტორის 1992წ. 14 მაისის ¹29 ბრძანებით სახალხო მოხმარების საქონელზე მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით აღნიშნული საიჯარო საწარმოს ბაზაზე დაფუძნდა მცირე საწარმო «თ.-ი», რომელიც თავისი საქმიანობით მჭიდროდ იყო დაკავშირებული დამფუძნებელთან და წარმოადგენდა მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მოსარჩელის განმარტებით, 1992წ. 1 ივნისს მას და თბილისის ... საიჯარო საწარმოს შორის დაიდო ხელშეკრულება საიჯარო საწარმოს ფართო მოხმარების უბნის საწარმოო ფართისა და იქ დამონტაჟებული მანქანა-დანადგარების მცირე საწარმო «თ.-ისათვის» უსასყიდლო სარგებლობით გადაცემის შესახებ.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობად მითითებული იყო, რომ მცირე საწარმო «თ.-ს» შენობა და მანქანა-დანადგარები გადაეცა გამოსყიდვის უფლებით, თუმცა ხელშეკრულების ეს პირობა თვითნებურად ამოიღო ხელშეკრულებიდან მოპასუხემ. მოსარჩელეს მოპასუხემ გადასცა დაუმთავრებელი შენობა და დაუმონტაჟებელი მანქანა-დანადგარები, რის გამოც მოსარჩელემ თავად ჩაატარა მთელი რიგი სარემონტო და სამონტაჟებელი სამუშაოები. მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 24500 ლარი. მცირე საწარმო «თ.-ი» 1993წ. 1 მარტს გარდაიქმნა ერთი პირის საწარმოდ, ხოლო შემდეგ _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის ... საიჯარო საწარმოს შრომითმა კოლექტივმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან 1991წ. 17 იანვარს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების თანახმად 1995წ. 4 ივლისს მთლიანად გამოისყიდა თბილისის ... საწარმო და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად, რაც განხორციელდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო, საწარმო მოემზადებინა პრივატიზებისათვის, რაც გულისხმობდა მისი ძირითადი საწარმოო და არასაწარმოო ფონდების ინვენტარიზაციას, აგრეთვე, საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას იმ მიზნით, რომ მასში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დამოუკიდებელ საწარმოდ გარდაქმნის საშუალება მისცემოდა. მართალია, მოპასუხემ ხელი შეუწყო «თ.-ის» ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ საწარმოდ, მაგრამ სხვა არაფრით დახმარებია. იმის ნაცვლად, რომ საწარმო «თ.-ისათვის» მოპასუხეს ხელი შეეწყო, რათა დამოუკიდებლად გამოესყიდა საპრივატიზებო ობიექტი _ «თ.-ის» მიერ დაკავებული ფართი და მოძრავი ქონება, პირიქით, აქციების შესყიდვის გზით თავად მოპასუხემ მოახდინა ობიექტის მთლიანი პრივატიზება «თ.-ის» სარგებლობაში არსებული ქონების ჩათვლით, რაზეც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1995წ. 4 ივლისს გასცა საკუთრების დამადასტურებელი ¹221 მოწმობა.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1995წ. 4 ივლისს სს «ფ.-ის» სახელზე გაცემული ¹221 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და თანდართული ხელშეკრულების ბათილად ცნობა «თ.-ის» მფლობელობაში არსებული ქონების შესყიდვის ნაწილში;

2. სს «ფ.-ისთვის» 24500 ლარის დაკისრება შპს «თ.-ის» სასარგებლოდ.

თავის მხრივ სს «ფ.-მ» სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს «თ.-ის» მიმართ და ითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან 1992წ. 1 ივნისის ¹2 ქმნანით გადაცემული ძირითადი საშუალებების დაბრუნება და დავალიანების, 52241 ლარის, გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.

მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «თ.-ის» სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. დაკმაყოფილდა სს «ფ.-ის» სარჩელი, კერძოდ, შპს «თ.-ს» დაევალა მის უკანონო მფლობელობაში არსებული მთელი რიგი უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნება და ფულადი თანხის, 52246 ლარის, გადახდა სს «ფ.-ის» სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ.-მა».

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს «ფ.-მა» შეამცირა დავის საგანი და აღარ ითხოვა შპს «თ.-ისათვის» 52246 ლარის დაკისრება. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის 2002წ. 3 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «თ.-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს «ფ.-ის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: შპს «თ.-ს» დაევალა სს «ფ.-ისთვის» 1992წ. 1 ივნისის ¹2 ქმნანით გადაცემული ქონების დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ.-მ».

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ს (1964წ.) 48-ე მუხლი, როცა მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ... საიჯარო საწარმოს არ შეეძლო, იჯარით აღებული ქონების გადაცემა «თ.-ისათვის» გამოსყიდვის უფლებით და თუ გადაცემა მოხდა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, იგი ბათილად ჩაითვლებოდა ზემოთ აღნიშნული ნორმის თანახმად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების მე-18 მუხლი, რომლის თანახმად სს «ფ.-ს» უფლება ჰქონდა, ქონების ნაწილი იჯარა-გამოსყიდვით გადაეცა «თ.-ისათვის».

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგანაც არ მიიღო მტკიცებულება, რომელსაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა სრულყოფილად, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამრათლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს «თ.-ის» სარჩელი, ხოლო სს «ფ.-ის» სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1991წ. 27 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის მსუბუქი მრეწველობის სამინისტროსა და ქ. თბილისის ... ფაბრიკის შრომით კოლექტივს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1991წ. 4 ივლისის ¹4-27/338 განკარგულების საფუძველზე ქ. თბილისის ... ფაბრიკა ჩამოყალიბდა საიჯარო საწარმოდ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ზემოთ აღნიშნული საიჯარო საწარმო გახდა იჯარით აღებული სახელმწიფო საწარმოს ქონებრივ უფლება-მოვალეობათა უფლებამონაცვლე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ქონების იჯარით გადაცემა არ იწვევდა ამ ქონების საკუთრების უფლების გადაცემას. თუმცა, ამავე საფუძვლების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით მოიჯარეს შეეძლო მთლიანად ან ნაწილობრივ გამოესყიდა იჯარით აღებული ქონება.

საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს თბილისის ... საიჯარო საწარმოსა და ამავე ფაბრიკასთან არსებულ მცირე საწარმო «თ.-ს» შორის 1992წ. 1 ივნისს დადებული ხელშეკრულებით თბილისის ... საიჯარო საწარმომ ფართო მოხმარების უბანი, საწარმოო ფართი და იქ დამონტაჟებული მანქანა-დანადგარები სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადასცა მცირე საწარმო «თ.-ს».

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რომ თბილისის ... საიჯარო საწარმომ მცირე საწარმო «თ.-ს» ფართო მოხმარების უბანი, საწარმოო ფართი და იქ დამონტაჟებული მანქანა-დანადგარები გადასცა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის ... საიჯარო საწარმოს მიერ იჯარით აღებული სახელმწიფო ქონების სრულად გამოსყიდვამდე, ვიდრე არ გახდებოდა მესაკუთრე უფლება არ ჰქონდა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა სხვა იურიდიული პირისათვის ის ქონება, რომელიც ჯერ თავის საკუთრებას არ წარმოადგენდა, რადგანაც აღნიშნული ქონების გადაცემა გამოიწვევდა საიჯარო საწარმოს საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის (ღირებულება) შემცირებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია კასატორის მიერ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების მე-18 მუხლზე მითითება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორად არის უსაფუძვლოდ მიჩნეული შპს «თ.-ის» სასარჩელო მოთხოვნა სს «ფ.-ისათვის» გაწეული ხარჯის, 24500 ლარის, დაკისრების თაობაზე, რადგანაც სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მცირე საწარმო «თ.-ისათვის» სარგებლობით გადაცემულ ფართში კარ-ფანჯრების ჩასმა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალის შეძენა და სხვა სამუშაოების შესრულება განხორციელდა საიჯარო საწარმოს სარემონტო _ მექანიკური განყოფილების მეშვეობითა და საიჯარო საწარმოს ხარჯით.

საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგანაც კასატორს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის ... საიჯარო საწარმომ (ამჟამად სს «ფ.») იჯარა-გამოსყიდვის წესით კანონიერად გამოისყიდა მისთვის იჯარით გადაცემული ქონება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სწორად გასცა მასზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც შპს «თ.-ის» სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «თ.-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.

3. შპს «თ.-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. 70%(35 ლარი) _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ¹000141107 (კოდი 59), ხოლო 30%(15 ლარი) _ ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.