Facebook Twitter

3გ-ად-342-კ-02 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფიზიკურმა პირმა დ. ჯ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: შპს “კ-ისა" და სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოს მიმართ და მიუთითა, რომ 1971 წლიდან მუშაობდა თელავის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლში ქალის ტანსაცმლის მკერავად. საყოფაცხოვრებო სახლი მდებარეობს ქ. თელავში და შედგება სამი სართულისაგან.

1993წ. 22 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად ქ. თელავში, ..... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი 13302600 კუპონად შეიძინა შპს “კ-მა", რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს “ა-ი”. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოს მიერ კონკურსი განხორციელდა ფიქტიურად, მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რის გამოც ითხოვდა სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონულ სამმართველოსა და შპს “კ-ს” შორის 1994 წელი 3 ივნისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმებას და შენობის შესყიდვის უფლების აღდგენას.

2001წ. 15 იანვარს დ. ჯ-მა დამატებითი სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა პრივატიზირებულ ქონებაზე შპს “კ-ის” საკუთრების უფლების გაუქმება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოს მიერ შექმნილმა საპრივატიზაციო კომისიამ საყოფაცხოვრებო სახლის გასაყიდი ფასი განსაზღვრა 13302600 კუპონით, რაც იმ დროისათვის მოქმედი სავალუტო კურსით შეადგენდა 12049.5 აშშ დოლარს. შპს “კ-მა” სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სასამართლოს ანგარიშზე ჩაირიცხა 1340000 კუპონი, ანუ 1265.3 აშშ დოლარი, 28 ივლისს _ 6000000 კუპონი, ანუ _ 6036.2 აშშ დოლარი, ხოლო 12 აგვისტოს _ 5963000 კუპონი, ანუ _ 1047.98 აშშ დოლარი, რაც მთლიანად შეადგენს 8349.4 აშშ დოლარს. აღნიშნულით შპს “კ-მა” სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლო 3700.2 დოლარის ეკვივალენტი კუპონი, ანუ შპს “კ-მა”, იგივე შპს “ა-მა” ფაქტობრივად გადაიხადა ღირებულების 68% და არ გადაიხადა 32%, რის გამოც მიიჩნევს, რომ ქ. თელავში, ..... მდებარე საყოფაცხოვრებო სახლის პრივატიზაცია განხორციელებულია უკანონოდ. შპს “კ-მა” შრომის ხელშეკრულებები არ გააფორმა საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის თანამშრომლებთან, რითაც დაარღვია სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოსა და შპს “კ-ს” შორის 1994წ. 3 ივნისის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოს მიერ საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის პრივატიზება განხორციელებული იყო უკანონოდ, რითაც დაირღვა მისი პირდაპირი შესყიდვის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა შპს “კ-ის”, იგივე შპს “ა-ის” საკუთრების უფლების გაუქმებას საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის მესამე სართულზე, ვინაიდან სადავო საწარმოში იგი მუშაობდა 30 წლის მანძილზე და თვლიდა, რომ აღნიშნულით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ის ზარალი, რაც მას მოპასუხეებმა მიაყენეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, როგორც უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთან დააკონკრეტა, დააზუსტა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოსა და შპს “კ-ს” შორის 1994წ. 3 ივნისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შპს “კ-ის” საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ¹..... ბათილად ცნობა და, შესაბამისად, შპს “კ-ის" იგივე შპს “ა-ისთვის" საკუთრების უფლების გაუქმება.

მოწინააღმდეგე მხარე, სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიოული სამმართველოს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1993წ. 17 ივნისის გაზეთ “ .......-ით" დასტურდებოდა, რომ ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების, ქ. თელავში, ..... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის კონკურსის წესით გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოსა და კონკურსში გამარჯვებულ შპს “კ-ს" შორის 1994წ. 3 ივნისს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “კ-მა" იყიდა ქ. თელავში, .... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი და გადაიხადა საპრივატიზაციო ობიექტის ღირებულება _ 13302600 კუპონი. შესაბამისად, 1994წ. 29 სექტემბერს შპს “კ-ის" სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹..... . თელავის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1993წ. 23 ივნისის ¹327 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ “კ-ის" უფლებამონაცვლეს 1996წ. აგვისტოდან წარმოადგენს შპს “ა-ი".

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1964წ. სკ-ს მე-80 მუხლის თანახმად სარჩელის ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ დ. ჯ-ის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან დ. ჯ-ს თავისი უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო ჯერ კიდევ 1993წ. ივნისში, როდესაც საპრივატიზებო ობიექტის კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში _ გაზეთ “ ......-ში".

1964წ. სსკ-ს 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. 84-ე მუხლის თანახმად კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თელავში, ..... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის პრივატიზაცია განხორციელებული იყო კანონის დარღვევით, ვინაიდან საპრივატიზებო ობიექტის ღირებულების 12019 აშშ დოლარის ნაცვლად გადახდილია 13302600 კუპონი, რაც შეადგენდა 8349 აშშ დოლარს და მიიჩნია, რომ ქ. თელავში, .... მდებარე საყოფაცხოცრები მომსახურების სახლის პრივატიზაცია განხორციელებული იყო იმ დროისათვის მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობდა სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველოსა და შპს “კ-ს” შორის 1994წ. 3 ივნისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატამ არ გაიზიარა აგრეთვე აპელანტის მოსაზრება რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ს 216-ე, 217-ე, მუხლების დარღვევების შესახებ, ვინაიდან სხდომის ოქმით დადატურებული იყო, რომ მოსამართლემ საქმის განხილვა დაიწყო საქმის მოხსენებით და რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები პალატამ მიუთითა, რომ მხარეს და მის წარმომადგენელს სსკ-ს 219-ე მუხლის შესაბამისად შენიშვნები არ გამოუთქვამთ სხდომის ოქმის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ წარმოუდგენია, ამდენად, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ქ. თელავში, ..... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის კონკურსით წესით პრივატიზების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 1993წ. 17 ივნისს გაზეთ “ ......-ში", ობიექტის გასაყიდ ფასად გამოცხადებული იყო 13302,5 ათასი კუპონი. კონკურსში მონაწილეობის განაცხადით შპს “კ-მა” სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონულ სამმართველოს მიმართა 1993წ. 6 ივლისს. სახელმწიფო ქონების მართვის თელავის სამმართველოს 1993წ. 22 ივლისის საკონკურსო კომისიის სხდომის ¹3 ოქმით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “კ-ი".

გამყიდველსა (სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონული სამმართველო) და მყიდველს (შპს “კ-ი") შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო გასაყიდი ობიექტის მთლიანი ღირებულების გადახდის შემდეგ 1994წ. 29 სექტემბერს გაიცა საკუთრების დამასტურებელი მოწმობა ¹...... .

საკასაციო სასამარლოს მიაჩნია, რომ ქ. თელავში, ..... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის პრივატიზაცია განხორციელებულია “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად. ინფორმაცია, საკონკურსო საწყისებზე გასაყიდად განკუთვნილი სახელმწიფო საწარმოს შესახებ, გამოქვეყნდა პრესაში კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე (მუხლი 12). გადაწყვეტილება საწარმოს კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ მიიღო სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულმა ორგანომ _ თელავის რაიონულმა სამმართველომ (მუხლი 14). გამყიდველსა და მყიდველს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შეესაბამება კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნებს და მყიდველის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას დ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის თანახმად უფლების დაცვა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარვეული იყო (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრებოდა 3 წლის ვადით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლი ადგენდა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშვა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. კასატორი თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ 1993წ. ივლისში მისთვის ცნობილი გახდა, რომ შენობა იყიდებოდა კონკურსის წესით. იმავე თვეში სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული სამმართველოს უფროსმა საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის თანამშრომლებს წარუდგინა ობიექტის შემძენი შპს “კ-ის” დირექტორი ა. ქ-ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს სარჩელის უფლება წარმოეშვა 1993წ. ივლისიდან, თუმცა, მას თავისი უფლება კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში არ გამოუყენებია და სარჩელი არ აღუძრავს.

სკ-ს (1964წ. რედაქცია) 79-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო ამოწმებს მხარეთა განცხადების დამოუკიდებლად და ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. დ. ჯ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.