3გ-ად-343-კ-02 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ზარალით გამოწვეული თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 4 აგვისტოს ესპანურმა კომპანია «ი.-მ" სარჩელი აღძრა ქ. ფოთის სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქ. ფოთის რეგიონალური საბაჟოსა და «ფ.-ის" მიმართ, მესამე პირად მიუთითა შპს «კ.-ზე".
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა «ფ.-დან» გემებით: «უ." და «ო.-ით" გადატანილი, შესაბამისად, 2917ტ და 1650ტ რკინის ჯართის მესაკუთრედ, რომლის ღირებულება მთლიანად შეადგენდა 423846 აშშ დოლარს.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინებით ესპანური კომპანია «ი.-ს" მოთხოვნის საფუძველზე და იმ დროს მოქმედი სსკ-ს 141-142-ე მუხლების შესაბამისად ყადაღა დაედო «ფ.-ში" მდგარ გემ «უ.-ზე" ჩატვირთულ 2917ტ. რკინის ჯართს.
აღნიშნულ ჯართზე მოსარჩელის სახელზე გამოიწერა კონოსამენტი. ყადაღა დაედო, აგრეთვე, «ფ.-ში" არსებულ შპს «ლ.-ის" კუთვნილ რკინის ჯართს.
მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინება ჩაბარდა ქ. ფოთის რეგიონალურ საბაჟოსა და «ფ.-ს", მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1998წ. 8 მაისს «ფ.-იდან" გავიდა მოსარჩელის კუთვნილი რკინის ჯართით დატვირთული გემი «უ.", ხოლო იმავე წლის 17 მაისს _ გემი «ო.-ი", რომლითაც, აგრეთვე, ყადაღადადებული რკინის ჯართი იქნა გადატანილი. ორივე გემისათვის საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა შპს «კ.-მ", რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემ «უ.-ზე" ჩატვირთული რკინის ჯართი სადავო იყო, მით უმეტეს, რომ შპს «კ.-მ" გამოწერა კონოსამენტი მოსარჩელის სახელზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქ. ფოთის რეგიონალური საბაჟოს, «ფ.-ისა" და შპს «კ.-ს" პასუხისმგებელ მუშაკთა მიერ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი 423846 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინრე, მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხეებისათვის 243846 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს, 2002წ. 6 ივლისს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ესპანური ფირმა «ი.-ს" სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს «კ.-ს" ესპანური ფირმა «ი.-ს" სასარგებლოდ დაეკისრა გემი «უ.-თ" გატანილი 2917 ტონა ჯართის ღირებულების _ 217000 აშშ დოლარის _ გადახდა აღსრულების დროისათვის ლარის შესაბამისი კურსით. ესპანურ ფირმა «ი.-ს" სარჩელი «ფ.-ისა" და საბაჟო «...-ის" მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ი.-მ".
საკასაციო საჩივარში აღშნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა საბაჟო «...-ი" გემ «უ.-თ" გატანილი 2917 ტონა ჯართის ღირებულების _ 227000 აშშ დოლარის _ გადახდისაგან და პასუხისმგებლობა დააკისრა შპს «კ.-ს", რისთვისაც გამოიყენა სკ-ს 680-ე მუხლი. ამ მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ შპს «კ.-ს" არ ჰქონდა მეორე კონოსამენტის გამოწერის უფლება, რადგან პირველი კონოსამენტის გამოწერისთანავე ტვირთის მიმართ შპს «კ.-ს" ყველა უფლება გაქარწყლდა და გადავიდა ესპანურ ფირმა «ი.-ზე".
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს იგივე ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისრებინა საბაჟო «...-ისათვის", რომელმაც მეორე კონოსამენტზე დაყრდნობით ჩაატარა საბაჟო პროცედურები და ნება დართო გემ «უ.-ის", დაეტოვებინა «ფ.-ი". კასატორი აღნიშნავს, რომ საბაჟო «..-ს" არ უნდა მიეღო არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოწერილი კონოსამენტი, სააპელაციო სასამართლო კი არასწორად ასკვნის, რომ პირველი კონოსამენტის არსებობის ცოდნის შემთხვევაში საბაჟო «...-ს" არავითარი უფლება არ ჰქონდა, ახალი კონოსამენტის საფუძველზე ახალი მფლობელისათვის არ ჩაეტარებინა ტვირთგამშვები პროცედურები.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ პასუხისმგებლობისგან არასწორად გაათავისუფლა საბაჟო «...-ი" და «ფ.-ი" გემი «ო.-ით" უკანონოდ გატანილი 16590 ტონა ჯართის ღირებულების _ 196846 აშშ დოლარის _ გადახდისაგან, რომლის საფუძვლად მიეთითა ის, რომ ტვირთზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა იძულებითი აღსრულების პროცედურა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტვირთზე ყადაღის დადების შესახებ ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინება როგორც საბაჟო «...-ისათვის", ისე _ «ფ.-ისათვის" ცნობილი იყო შესაბამისად 1998წ. 9 და 11 მაისისათვის, მაშინ, როდესაც გემი «ო.-ი" «ფ.-იდან" გავიდა 1998წ. 17 მაისს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკავშირა ერთმანეთთან კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულება მისი იძულებით აღსრულების პროცედურასთან. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სააღსრულებო ფურცლის არარსებობის პირობებში საბაჟო «...-ი" და «ფ.-ი" არ იყვნენ ვალდებული, აღესრულებინათ ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინება. აღნიშნული ეწინააღმდეგება იმ დროს მოქმედ სსკ-ს მე-15 მუხლს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა იმჟამად მოქმედი სსკ-ს 145-ე, 353-ე, 354-ე, 363-ე, 365-ე მუხლები, არ გამოიყენა იმავე კოდექსის მე-15 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" და «გ" პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც გემი «უ.-ით" გატანილი 2917 ტონა ჯართის ღირებულების _ 227000 აშშ დოლარის _ გადახდა სოლიდარულად დაეკისრებათ შპს «კ.-სა" და საბაჟო «...-ს", ხოლო გემი «ო.-ით" გატანილი 1650 ტონა ჯართის ღირებულების _ 196846 აშშ დოლარის _ გადახდა სოლიდარულად დაეკისრებათ საბაჟო «...-ს" და «ფ.-ს".
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სკ-ს 680-ე მუხლის თანახმად შპს «კ.-ს" არ ჰქონდა უფლება, შეესრულებინა გამგზავნის მითითება და გამოეწერა მეორე კონოსამენტი სხვა მფლობელის სახელზე, რადგან უკვე არსებობდა შპს «კ.-ს" მიერ 1998წ. 23 აპრილს გამოწერილი კონოსამენტი, რომელიც არ იყო გაუქმებული და რომლის პირველი პირის გადაცემით გამგზავნმა, ფაქტობრივად, დაადასტურა მიმღების მიერ ტვირთის ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ეთანხმება სააპელაციო პალატის შემდეგ მოსაზრებას: რადგანაც არსებობდა შპს «კ.-ს" მიერ გამოწერილი ახალი კონოსამენტი, «ფ.-ი" და საბაჟო «...-ი" არ იყვნენ უფლებამოსილი ესპანური კომპანია «ი.-ს" სიტყვიერი ინფორმაციის, კონოსამენტისა და გემის მომსახურების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე კანონით დადგენილი წესით არ მომსახურებოდნენ ახალ მფლობელს და შეეჩერებინათ შავი ლითონის ჯართით დატვირთული გემ «უ.-ს" გასვლა ზღვაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყადაღის დადების შესახებ ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინება «ფ.-ს" ჩაბარდა იმავეწ. 11 მაისს, საბაჟო «...-ს" _ 9 მაისს, როცა გემი «უ." უკვე გასული იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალტამ სწორად დაადგინა გემ «უ.-ით" გატანილი 2917 შავი ლითონის ჯართის ღირებულების, 227000 აშშ დოლარის, შპს «კ.-სთვის" მთლიანად დაკისრება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას გემ «ო.-ით" 1998წ. 17 მაისს გატანილი 1650 ტონა რკინის ჯართის ღირებულების, 195846 აშშ დოლარის, «ფ.-ისა" და საბაჟო «...-სათვის" სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული საქმის განხილვისას სწორად გამოიყენა მხარეებს შორის დავის წარმოქმნის პერიოდში მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, რომლებითაც რეგულირდებოდა სააღსრულებო წარმოება.
აღნიშნული კოდექსის 145-ე მუხლის, 353-ე მუხლის პირველი პუნქტის, 354-ე, 363-ე და 365-ე მუხლების თანახმად ყადაღის დადების შესახებ 1998წ. 6 მაისს გამოტანილ განჩინებაზე ქ. ფოთის სასამართლოს დაუყოვნებლივ უნდა ამოეწერა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც სასამართლო აღმასრულებელი ვალდებული იყო, აღესრულებინა განჩინება ყადაღის დადების თაობაზე. კერძოდ, აღეწერა აღნიშნულ განჩინებაში მითითებული «ფ.-ის" ტერიტორიაზე ან საბაჟო ტერმინალის ზონაში არსებული ფირმა «სტ-სა" და ფირმა «ლ.-ის" ქონება, ხოლო შემდეგ მიებარებინა ყადაღადადებული ტვირთი პასუხისმგებელი მუშაკებისათვის. მოპასუხეები, საბაჟო «...-ი" და «ფ.-ი", არ იყვნენ უფლებამოსილი, შეესრულებინათ სააღსრულებო სამსახურის ფუნქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების დარღვევის გამო არ აღსრულდა ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე, რაშიც «ფ.-სა" და საბაჟო «...-ს" არ უნდა დაეკისროთ დამდგარი ზიანის ანაზღაურება 196846 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გემი «ო.-ით" გატანილი შავი ლითონის ჯართის ღირებულებას შეადგენდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძელი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ი.-ს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.