Facebook Twitter

¹ 3გ-ად-344კ-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

მ. ვაჩაძე

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 17 მარტს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. ჩ.-მ და მიუთითა, რომ 1990 წელს ყოფილი სსრკ-ს შემნახველი ბანკის მიერ გამოშვეულ იქნა სახელმწიფო მიზნობრივი სესხის უპროცენტო ობლიგაციები. მას, როგორც სამამულო ომის მონაწილეს და მეორე ჯგუფის ინვალიდს, სამხედრო კომისარიატმა გამოუყო 16000 მანეთის ზემოთ მითითებული ობლიგაცია, რომელიც შეიტანა ქ. თბილისის ¹... შემნახველ ბანკში. ობლიგაციების განაღდება უნდა მომხდარიყო 1997წ. 1 იანვრამდე. ვინაიდან ობლიგაციის ღირებულების განაღდება არ მომხდარა, მოითხოვა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მიზნობრივი უპროცენტო სესხის ობლიგაციის ღირებულების _ 27300 აშშ დოლარის და 38 ცენტის, ასევე გადახდის ვადის დადგომიდან, 1997წ. 1 იანვრიდან ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2 პროცენტის – 62.763 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ჩ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მის სასარგებლოდ 27285,1 აშშ დოლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

საქართველოს სახელმწიფომ 1998წ. 5 მარტის კანონით «სახელმწიფო ვალის შესახებ» საშინაო სავალო ვალდებულებად აღიარა ყოფილი სსრკ-ს 1990წ. სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება და ამავე კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, 1998წ. 1 სექტემბრამდე შეემუშავებინა სავალო ვალდებულების დაფარვის წესი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს.ჩ.-მ ობლიგაციებში გადაიხადა 16000 საბჭოთა მანეთი, რაც საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 5 ივნისის ცნობის შესაბამისად საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის შეადგენს 27285,1 აშშ დოლარს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნია ობლიგაციების სახელმწიფო შიდა ვალში აღებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებების თანხის დათვლის წესი, ამიტომ მისი გამოთვლა უნდა მოხდეს არსებული ზოგადი წესის მიხედვით და მოპასუხეს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 5 ივნისის ცნობაზე დაყრდნობით, სკ-ს 389-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 27285,1 აშშ დოლარის გადახდა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. საჩივარში აპელანტმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის «საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ახალი საბიუჯეტოწ. დაწყებამდე იღებს კანონს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მტკიცდება სახელმწიფო ვალის სიდიდე, სახელმწიფო ვალის პროცენტების გადახდისათვის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ასიგნებათა მოცულობა. «2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის» შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ამ სახის სახელმწიფო ვალის დაფარვისათვის ასიგნებების გამოყოფას.

2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 389-ე მუხლი, რადგან ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

3. სასამართლოს ობლიგაციის თანხის დასადგენად არ უნდა ეხელმძღვანელა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რადგან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 1997წ. 23 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით ფულის ინდექსაციის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი მუშა ჯგუფის სხდომის 1997წ. 13 ნოემბრის ¹2 ოქმით დადგინდა, რომ საქართველოში ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების დროს ინდექსაციის საკითხთან დაკავშირებით იხელმძღვანელონ შემდეგი თანაფარდობით: 1 რუბლი = 1 კუპონს, 1.000000 კუპონი = 1 ლარს, რაც ეცნობა საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით აპელანტმა ითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამარათლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 2 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა აპელანტის საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

«სახელმწიფო ვალის შესახებ» 1998წ. 5 მარტის საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის თანახმად ყოფილი სსრკ-ის 1990წ. სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება აღიარებულია სახელმწიფო საშინაო ვალად. მოსარჩელის მიერ ობლიგაციებში გადახდილი 16000 ყოფილი საბჭოთა მანეთი საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 5 ივნისის ცნობის შესაბამისად საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის შეადგენდა 272851 აშშ დოლარს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად: «თუ გადახდის ვადის დადგენამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი) ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია, გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს». სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სავალო ვალდებულებების თანხის დათვლის წესის არარსებობა არ წარმოადგენს ვალდებულების უარყოფის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ იმავე გარემოებებზე მითითებით, რაც მათი სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს წარმოადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: 1998წ. 5 მარტის საქართველოს კანონის «სახელმწიფო ვალის შესახებ» 48-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ყოფილი სსრ კავშირის 1990 წელს სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება აღიარებულ იქნა სახელმწიფოს საშინაო ვალად და ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად მითითებული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესის შემუშავება და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 5 ივნისის ცნობაზე, რომლითაც დადგენილია მოსარჩელე ს.ჩ.-ის მიერ ობლიგაციაში გადახდილი 16000 ყოფილი საბჭოთა მანეთის შესაბამისი ეკვივალენტი – 27285,1 აშშ დოლარი, მაგრამ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ დაეყრდნო ამ ცნობას გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას და არ გაითვალისწინა მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად კანონშესაბამისია აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის, აგრეთვე საქართველოს კანონის «საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», რომლითაც დგინდება წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ასიგნებების მოცულობა და გამოყოფა, უგულებელყოფა და მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ უარყოფს სავალო ვალდებულებების არსებობას და აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ არ არის დადგენილი ამ სახის ვალების დაფარვის წესი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინება, სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 404-ე, 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.