Facebook Twitter

3გ-ად-345-კ-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინის პრივატიზაციის გაუქმება, მოპასუხე ე. ა.-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობა და გადაწყვეტილების გამოტანა ე. ა.-ისა და ა. ს.-ს ბინიდან იძულებით გამოსახლებაზე.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემედგ გარემოებებზე:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს, სამართალმემკვიდრეობის სახით, გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილი - ...-ის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინა, მათ შორის ქ. ბათუმში ... მდებარე 36 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.

1998წ. 29 აპრილს, ქ. ბათუმის ¹... საბინაო-საექსპლუატაციო კანტორაში ზემოაღნიშნულ ბინაზე განხორციელდა უკანონო პრივატიზაცია ე. ა.-ის სახელზე.

მოსარჩელეს მითითებული პრივატიზაცია მიაჩნია უკანონოდ, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებას, სადაც ნათქვამია, რომ სამსახურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარება და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განაცხადეს, რომ პრივატიზაცია განხორცილებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვტეილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 1948წ. 29 აპრილის პრივატიზაცია საუწყებო ბინაზე, მდებარე ... ქ. ბათუმში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ს.-ს და ... გამგეობის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით აპელანტების _ ე. ა.-ისა და ა. ს.-ს, ასევე ქ. ბათუმის მერიის ¹... მ/რ გამგეობის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე და საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნაზე _ ქ. ბათუმში, ... პრივატიზაციის გაუქმებისა და მოპასუხეების _ ე. ა.-ის და ა. ს.-ს აღნიშნული ბინიდან გამოსახლების თაობაზე ეთქვა უარი, უსაფუძვლობის მოტივით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 7 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს ე. ა.-ს, ა. ს.-ს და ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობას უარი ეთქვათ სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ბათუმის სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ე. ა.-ისა და ა. ს.-ს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის განჩინებით ე. ა.-ისა და ა. ს.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 7 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად, შესაბამისი მითითებით, დაუბრუნდა იმავე სასამრთლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტების ე. ა.-ის, ა. ს.-ს და ბათუმის ¹... მ/რ გამგეობის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მოთხოვნას 1998წ. 29 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებასა და მოპასუხეების ე. ა.-ისა და ა. ს.-ს ბინიდან, მდებარე ქ. ბათუმში, ..., გამოსახლების თაობაზე ეთქვა უარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

... განთავსებული სახლი 1987 წლიდან 2001წ. 17 ივნისამდე ირიცხებოდა ჯერ ქ. ბათუმის აღმასკომის, ხოლო შემდეგ მერიის სახელზე, რის გამოც, მითითებული სახლი არ შეიძლებოდა ყოფილიყო უწყებრივი დანიშნულების და შესაბასად, ხსენებულ სახლში განთავსებული სადავო ¹12 ბინა არ წარმოადგენდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინას.

ბინაზე გაცემულ ორდერში არ იყო მითითება სამსახურებრივი დანიშნულების თაობაზე, რაც, სასამართლოს განმარტებით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა პრივატიზაციის შესაძლებლობის ფაქტს. აქვე სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან ბინა პრივატიზაციის მომენტისთვის ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის სახელზე და წარმოადგენდა მის საკუთრებას, შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა საქართველოს მინისტრათა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება ბინების პრივატიზაციის თაობაზე. რომლის მოთხოვნათა დაცვითაც განხორციელდა სადაო ბინის პრივატიზაცია, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი თავის საჩივარს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

მის ხელთ არსებული დოკუმენტებით ს.-ს მეუღლეა კაპიტანი _ ი. ს.-ი, რომელზეც თავის დროზე გაიცა საცხოვრებელი ფართი. არტურ ა.-ი 1988 წლიდან 2000წ. 12 აგვისტომდე რეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ღ.-ესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მტკიცება ა. ა.-ისა და ს.-ას შორის ოფიციალური ქორწინების არესებობის შესახებ.

რეგიოინალური სამმართველო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას ს.-ას მიერ ბინის პრივატიზაციის უფლების სხვა პირზე გადაცემის შესახებ. რადგანაც ქონების განკარგვის უფლება გააჩნია მხოლოდ ქონების მესაკუთრეს, ხოლო გადაცემის პერიოდში ს.-ა არ იყო ქონების მესაკუთრე.

ასევე არაკანონიერია ქ. ბათუმის მე-... მიკრორაიონის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა, რომ ს.-ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ეკუთვნის ქ. ბათუმის საცხოვრებელ ფონდს. გამგეობისთვის ცნობილი იყო, რომ ფართი ეკუთვნოდა სამხედრო ნაწილს, ხოლო საცხოვრებელი ფართის ბალანსიდან ბალანსზე გადატანის ნებას იძლევა და ამტკიცებს მერიის კაბინეტი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა.

საქმეს ერთვის ... ნაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ სადავო ბინა უკანონოდაა გაყიდული.

სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა მოყვანილი ფაქტები, დაეყრდნო მოპასუხის მიერ გაკეთებულ ზეპირ განცხადებებს, მიიღო ისინი სათანადო შემოწმების გარეშე მტკიცებულებად და გამოიტანა არაკანონიერი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება პრივატიზაციის გაუქმებისა და მოპასუხეების გამოსახლების შესახებ.

მოწინააღმდეგე მხარეების _ ე. ა.-ის, ა. ს.-სა და ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის წარმომადგენელი ი. მ.-ე საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანისას, ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, კერძოდ, მის მიერ გამოკვლეული და დადგენილი იქნა, რომ სადავო ბინა პრივატიზაციის მომენტში წარმოადგენდა მერიის საკუთრებას, რის გამოც გამგეობა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, უფლებამოსილი იყო მოეხდინა პრივატიზაცია. პრივატიზაციის დროს დაცული იქნა მითითებული დადგენილების ყველა მოთხოვნა და ამდენად, არ არსებობდა პრივატიზაციის გაუქმებისა და შესაბამისად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა საქმეში მე-3 პირად ჩაბმული ქ. ბათუმის ნოტარიუსი ქ. ბ.-ი და საკასაციო სასამართლოში მოითხოვა საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წამორდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩიავრი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთება ქ. ბათუმის აღმასკომის 20.01.82წ. ¹24 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა ¹... სამხედრო ნაწილის თხოვნა და ცხრასართულიანი სახლის მშენებლობის მიზნით ამ უკანასკნელს გამოეყო მიწის ნაკვეთი. აღმასკომის 1988წ. 27 აპრილის ¹389 გადაწყვეტილებით ექსპლუატაციაში შევიდა ¹... სამხედრო ნაწილის ორი 54-ბინიანი საუწყებო საცხოვრებელი სახლი, მდებარე ...-ის ¹... და ¹...-ში.

საქმეში წარმოდგენილია იმ საუწყებო ბინების ჩამონათვალი, რომელიც ეკუთვნოდა ¹... სამხედრო ნაწილს და რომელშიც შედის სადავო ბინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ... განთავსებული ბინა აშენებისთანავე წარმოადგენდა სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ ფონდს.

ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილი მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსუხრებრივ თანრიგში. მითითებული ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანხმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულადან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... განთავსებული ¹... სამხედრო ნაწილის საუწყებო ბინა, ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის ზემოთ მითითებული ბრძანების საფუძველზე, ავტომატურად გადაყვანილი იქნა სამსახურებრივი დანიშნულების კატეგორიაში, რის გამოც, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მითითებული ბინები რეგისტრირებული იყო და წარმოადგენდა მერიის საკუთრებას.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინაზე ორდერი გაცემულ იქნა აღმასკომის მიერ, ორდერში არ არის მითითება ბინის სამსახურებრივ დანიშნულებაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბინა წარმოადგენდა აღმასკომის საკუთრებას.

საქართველოს საბინაო კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, გადაწყვეტილებას სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ იღებს წარმოების, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, კოლმეურნეობის გამგეობა, სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანების მმართველობის ორგანოები, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოები, ჯარის ნაწილის სარდლობა, რომელთა გამგეობაში იმყოფება სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეებს აძლევს სპეციალურ ორდერს.

როგორც ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან იკვეთება, აღმსაკომის მიერ ორდერის გაცემა არ ადასტურებს ბინის ამ უკნასკნელისადმი კუთვნილების ფაქტს.

უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ორდერის ყუას.

ორდერში სპეციალური მითითებაა გაკეთებული ორდერის მიმღების ი. ს.-ის სამუაშო ადგილზე (სამხედრო ნაწილი ...) და მის თანამდებობაზე (სამხედრო მოსამსახურე). საგულისხმოა, რომ ფართის განაწილების საფუძვლად მითითებულია ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ვ. ს.-ის მიერ ბინის გათავისუფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ... მდებარე სადავო ბინა წარმოადგენდა ¹... სამხედრო ნაწილის კუთვნილ სამსახუბრივი დანიშნულების ბინას, რომლის პრივატიზაცია აკრძალული იყო “საქართველოს რესბუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ" მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-3 პუნქტით, ხოლო გარიგება, რომელიც კანონით დადგენილ აკრძალვებს არღვევს, სკ-ს 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია.

“ყოფილი საკავშირო სამხედრო უწყებათა და დაწესებულებებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვთების, მასზე განლაგებული სამხედრო დასახლებების, სამხედრო საზღვაო ბაზების ძირითადი ფონდების მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემისა და მოხმარების სფეროს განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილების თანახმად, ყოფილი საკავშირო უწყებათა ქონების ერთადერთ სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რის შესაბამისადაც, ¹... სამხედრო ნაწილის სამსახურებრივი დანიშნულების კუთვნილი საბინაო ფონდის მესაკუთრედ იქცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო, რომელიც სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლბამოსილია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია, ნივთი გამოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. გაუქმდეს ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობასა და ე. ა.-ს შორის 1998წ. 29 აპრილს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება.

5. ე. ა.-ი და ა. ს.-ა გამოსახლებული იქნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს კუთვნილი ბინიდან, მდებარე ქ. ბათუმში, ... ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს.

6. ე. ა.-სა და ა. ს.-ს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის ოდენობით სოლიდარულად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.