Facebook Twitter

¹ 3გ-ად-346-კ-02 17 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. ს.-მ, რომლის საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მთავარი სახაზინო სამმართველოსაგან მოითხოვა მორალური ზიანის 100000 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: იგი არის ომისა და სახედრო ძალების მე-2 ჯგუფის ინვალიდი, ომის ვეტერანი, არის ავად და ესაჭიროება სასწრაფოდ გულის ოპერაცია.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 მაიასის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს მთავარ სახაზინო სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა 6755 ლარის გადახდა (გულის ოპერაციის გასაკეთებლად), მაგრამ აღნიშნული თანხა მან დღემდე ვერ მიიღო, რაც გამოწვეულია მოპასუხის ბრალით. ნერვიულობის ნიადაგზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას მიაყენა მორალური ზიანი, რაც შეადგენს 100000 ლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ მოსარჩელის უშუალო მოვალე არის თავდაცვის სამინისტრო და არა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ამდენად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა გადაეხადა თავდაცვის სამინისტროს სახაზინო სამსახურს. ფინანსთა სამინისტროს კი არანაირი მორალური ზიანი მოსარჩელისათვის არ მიუყენებია.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის 100000 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტი თავის სააპელაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებდა იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ არ დააფინანსა თავდაცვის სამინისტრო, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ აუნაზღაურა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 6755 ლარი, რითაც დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები და აპელანტს მიაყენა 100000 ლარის ღირებულების მორალური ზიანი.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ჯ. ს.-მ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით, 408-ე მუხლის I და II პუნქტებით, 409-ე, 410-ე, 411-ე და 413-ე მუხლების შესაბამისად ვინაიდან, ამ თანხის მიუღებლობის გამო საგრძნობლად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებით აპელანტის – ჯ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის განჩინება ჯ. ს.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი თავის საკასაციო საჩივარს აფუძნებს ამავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარს. აქვე იგი აღნიშნავდა, რომ რადგანაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2002წ. 8 ივლისის ¹1148/28-14 ცნობის თანახმად სხვაობა ლარის კურსისა აშშ დოლართან მიმართებაში 2000წ. 11 მაისიდან (ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან) 2002წ. 5 ივლისამდე შეადგენს 0,22, მატერიალურ ზარალს უნდა დაემატოს 6755X0,22=1486 ლარი; ხოლო სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის, 408-ე 1 და 3 პუნქტის, 410-ე, 411-ე და 413-ე მუხლების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ უნდა აუნაზღაუროს არაქონებრივი ე.ი მორალური ზარალი 100000 ლარი.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის მიერ შემცირებული იქნა მოთხოვნა და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისრტროს სახაზინო დეპარტამენტისგან ითხოვს მორალური ზიანის 12 ათასი ლარის ანაზღაურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საკასაციო საჩივრის საფუძვლებს შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სსკ-ს მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

სსკ-ს მე-4 მუხლის შესაბამისად კი სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

როგორც საქმეში წარმოდგენილი განცხადებებისა და კასატორის ახსნა-განმარტებით დასტურდება მის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლად უდევს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან თავდაცვის სამინისტროსათვის თანხების ჩაურიცხაობის ფაქტი, რის შედეგადაც ვერ ხორციელდება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს მთავარ სახაზინო სამმართველოს ჯ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6755 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 მაისის გადაწყვეტილება აღსრულებულია. ამ უკანასკნელის საფუძველზე ჯ. ს.-ს აუნაზღაურდა თანხა 6755 ლარის ოდენობით.

ჯ. ს.-ის მიერ დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილების სხვა საფუძველი მითითებული არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეს მოესპო მოთხოვნის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს დავის საგანი და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება განეკუთვნება ადამიანის უფლებათა აბსოლუტურ კატეგორიას და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირისათვის გარანტირებულია არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ფორმით. მაგრამ აქვე კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი პირდაპირ და უშუალოდ უნდა გამომდინარეობდეს ფინანსთა სამინისტროს ქმედებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უკანასკნელის მხრიდან გამორიცხულია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დავის განხილვისას სწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული კანონი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.