გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-348-კ-02 29 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საპენსიო დავალიანების გადახდევინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე.კ-ემ, ჯ.ფ-ემ და ს.ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წინააღმდეგ და მოითხოვს ამ უკანასკნელისათვის საპენსიო დავალიანების დაკისრება.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ არიან შრომისუუნარო, რისთვისაც დანიშნული აქვთ პენსია ე.კ-ეს ასაკის, ხოლო ჯ. და ს. ფ-ეებს ინვალიდობის გამო. გარდა პენსიისა სხვა შემოსავალი მათ არ გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს მათი საპენსიო დავალიანების გადახდის მოთხოვნით, დღემდე მიუღებელი აქვთ: ე.კ-ეს 2000წ. ჩათვლით 110 ლარი და 80 თეთრი; ჯ.ფ-ეს 2000წ. ივლისის ჩათვლით 89 ლარი და 36 თეთრი, ხოლო ს.ფ-ეს 2000წ. ივლისის ჩათვლით 92 ლარი და 60 თეთრი, რის დაკისრებასაც მოსარჩელეები ითხოვდნენ სასარჩელო წესით.
მოპასუხემ თავის შესაგებელში ფაქტობრივად ცნო მოსარჩელეთა მოთხოვნა, მაგრამ ამასთანავე მიუთითა, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საპენსიო დავალიანება აღიარებულია სახელმწიფო ვალად, მისი გადახდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად ნაწილ-ნაწილ, რის გამოც ერთდროულად მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, ამ უკანასკნელის მოსაზრებით დაუშვებელია.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე სოც. უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დავალიანების გადახდა ე.კ-ისათვის 110,8 ლარი, ჯ.ფ-ისათვის 89,36 ლარისა და ს.ფ-ისათვის 92,6 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონის განყოფილების მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ფონდი სადავოდ არ ხდის პენსიონერთა უფლებრივ საკითხს პენსიების მიღების თაობაზე და მიაჩნია, რომ ასეთი საქმეები არ უნდა იქნეს სასამართლო წარმოებაში მიღებული, რადგან საპენსიო დავალიანებები აღიარებულია სახელმწიფო ვალად და განსაზვრულია მისი ეტაპობრივი და ნაწილობრივი დაფარვის წესი. ფონდი მხოლოდ მიმდინარე თვეების მიხედვით გასცემს პენსიას. ამ მოტივით, ფონდი, მოსარჩელეთა მოთხოვნას ერთდროულად თანხის დაკისრების ნაწილში ვერ დააკმაყოფილებს.
შესაბამისად აპელანტი ითხოვდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მოპასუხისათვის მოსარჩელეს სასარგებლოდ საპენსიო დავალიანების გადახდის დაკისრებას 2001-2002 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების უფროსის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეტანილი იქნა ცვლილება ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 05 ივნისის გადაწყვეტილებაში.
სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონულ განყოფილებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დავალიანების გადახდა ე.კ-ისათვის 110,8 ლარის, ჯ.ფ-ისათვის – 89,36 ლარისა და ს.ფ-ისათვის 92,6 ლარის – კანონით გათვალისწინებული წესით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის ტყიბულის განყოფილების მიერ. კასატორი თავის საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარს და ითხოვდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას.
მოწინააღმდეგე მხარეებმა თავის წერილობით შესაგებელში საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და მიუთითეს, რომ ისინი ითხოვენ თავიანთ კუთვნილი პენსიის გაცემას, რის გამოც, მათი მოთხოვნა კანონიერია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კასაციის საფუძვლებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავოა და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს მართლაც გააჩნიათ წინა წლის მიუღებელი საპენსიო დავალიანება, კერძოდ, ე.კ-ის 110 ლარი და 80 თეთრი, ჯ.ფ-ეს – 89 ლარი და 36 თეთრი, ს.ფ-ეს – 92 ლარი და 60 თეთრი.
შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს მოხუცებულობის, ავადმყოფობის, შრომის უნარის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში აქვთ სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით სახელმწიფო სახსრებით მატერიალური უზრუნველყოფის გარანტია.
ამდენად, თავისთავად ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს გააჩნიათ საპენსიო დავალიანება, იმთავადვე მიუთითებს მათი უფლებების შელახვის ფაქტზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლისა და სსკ-ს 2.1 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მცდარი და უსაფუძვლოა კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ სახეზე არა გვაქვს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლება, რის გამოც დავა განხილული არ უნდა იქნეს სასამართლო წესით.
ამდენად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან ე.კ-ის, ჯ.ფ-ისა და ს.ფ-ის საპენსიო დავალიანების არსებობის ფაქტი რაც თავისთავად წარმოშობს ამ უკანასკნელთა მხრიდან მოთხოვნის უფლებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კი მისი გადახდის ვალდებულებას.
საყურადღებოა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ პენსიის გადახდა მომხდარიყო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ამდენად, სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდა მხოლოდ მხარის საპენსიო დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც შეეხება მის გადახდას, დადგინდა, რომ გადახდა მოხდება კანონით განსაზღვრული წესით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის აბსოლუტურად გაუგებარია გადაწყვეტილების მითითებული ნაწილისადმი კასატორის პრეტენზია და თვლის, რომ აღნიშნული ვერ იქნება დაკმაყოფილებული, მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.