Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-350-კ-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 18 დეკემბერს დ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, 2001წ. 15 ნოემბრიდან სახლის ნასყიდობასთან დაკავშირებით მიღებული ან შექმნილი დოკუმენტაციას ბათილად ცნობა და გ. თ-სათვის 200 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 9 თებერვალს ბათუმის მიერ დაინიშნა აუქციონი გ. ბ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე, გ. თ-სათვის ვალის დაფარვის მიზნით, მაგრამ იგი არ შედგა მყიდველის გამოუცხადებლობის გამო. როდესაც დ. ბ-ემ გაიგო აუქციონის ჩატარების შესახებ მან განუცხადა აღმასრულებელს, რომ გ. ბ-ეს ჰქონდა მისი ვალი 2500 აშშ დოლარი, მაგრამ სააღსრულებო ფურცელი ან სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ წარუდგინა. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. ბ-ისაგან ვალის დაბრუნება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სახლზე ყადაღის დადება. სასამართლოს მიერ არ იყო შეჩერებული სააღსრულებო წარმოება, ბათუმის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 9 მარტს დანიშნა მეორე აუქციონი და რადგან ამჯერადაც არ გამოჩნდა მყიდველი, აღმასრულებელმა კრედიტორ გ. თ-ს ვალში გადასცა გ. ბ-ის სახლი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეს დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ, მაგრამ ვინაიდან ამ დროისათვის სახლი აღარ ირიცხებოდა გ. ბ-ის საკუთრებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ვალის ამოღება.

დ. ბ-ის სარჩელზე გ. თ-მ 2002წ. 11 თებერვალს წარმოადგინა შეპასუხება, რომლითაც სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. თ-მ განმარტა, რომ სახლის ე.წ. მითვისების ბათილად ჩათვლის მოთხოვნა უსაფუძვლოა. იგი მან კანონიერი გზით მოიპოვა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 12 მარტის განკარგულების, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბერისა და 2000წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებების, იძულებითი აღსრულებისა და აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს 5 მარტის 09/18 დასკვნის საფუძველზე. ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებითა და 1998წ. 29 მაისის ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით. საკუთრების უფლების ბათილად ცნობის მოთხოვნა ნიშნავს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას. გ.თ-ს მითითებით, განცხადება ამის თაობაზე დ. ბ-ის მიერ მაინც ვერ იქნება შეტანილი, ვინაიდან არც ერთ მითითებულ საქმეებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს, შესაბამისად მხარეს არ წარმოადგენს. ამდენად, დ. ბ-ეს, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, თანახმად სსკ-ს 84-ე მუხლისა, საერთოდ არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.

გ. თ-ს განმარტებით, გ. ბ-ემ და მისმა მეუღლემ წერილობით დაადასტურეს მისი, როგორც ახალი მესაკუთრის უფლებამოსილება, სადავო სახცოვრებელ სახლზე და შეწყვიტეს მასთან ყოველგვარი დავა. სწორედ აღნიშნული გახდა საფუძველი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებისა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და აქედან გამომდინარე, დ. ბ-ეს უარი ეთქვა ამ საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე

გ. თ-ა განმარტავს, რომ 2001წ. 27 თებერვლის განჩინება ეხებოდა ყადაღის დადებას და არა სააღსრულებო მოქმედებათა შეჩერებას. ამდენად, აღმასრულებელი არ იყო ვალდებული საკუთარი ინიციატივით შეეჩერებინა ან გადაედო მისი, როგორც პირველი რიგის კრედიტორის სასარგებლოდ დაწყებული იძულებითი აღსრულება, მით უმეტეს, რომ დ. ბ-ე იმ მომენტში კრედიტორად არ იყო აღიარებული, გ. ბ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.

სარჩელი არ ცნო ასევე ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა თ. დ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ გ. ბ-ის საცხოვრებელ სახლზე აუქციონის ჩატარებისას იგი მოქმედებდა კანონის «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ის მოთხოვნა სახლზე საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნას ნიშნავს, რაც არასწორია, ვინაიდან სსკ-ს 265-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სსკ-ს 421-432-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რაც ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარის განცხადებით ბათილად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დ. ბ-ე არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მხარეს არ წარმოადგენდა. ამდენად, დ.ბ-ეს არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს მიღებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სათანადო მხარემ, გ. ბ-ემ, რომლის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხე გ. თ-მ და რომელიც არის დ. ბ-ის მოვალე, წერილობით ცნო აუქციონის შედეგები, დაადასტურა გ. თ-ს, როგორც ახალი მესაკუთრის უფლებამოსილება სახლზე და განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც იგი წყვეტდა გ. თ-სთან ყოველგვარ დავას.

სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა დ. ბ-ის მოთხოვნა 2001წ. 9 მარტის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით და მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აუქციონი ჩატარებულია სკ-ს 300-309-ე მუხლებისა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 68-77 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აუქციონის ჩატარების კანონიერება დაადასტურა აჭარის იუსტიციის სამინისტრომ, რომლის დასკვნის თანახმად, აბსოლუტურად კანონიერია, რომ აუქციონის ორჯერ ჩატარების შემდე, გ. თ-ს, განცხადების საფუძველზე, თანახმად სააღსრულებო წარმოებათა შესაებ კანონის 771-ე მუხლისა, მას გადაეცა ნივთი ნატურით ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად კანონიერია 2001წ. 12 მარტს გაცემული სააღსრულებო განკარგულება, რომლის თანახმადაც გ. თ-მ საკუთრების უფლება მოიპოვა სახლის ნაწილზე. ამასთან მოცემულ შემთხვევაში განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრება დაიშვება ერთი თვის განმავლობაში, მისი მხარისათვის გაცნობის დღიდან, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლისა. ამდენად. 2001წ. 12 მარტის განკარგულების გაცემის შემდგომ გ. თ-ზე, როგორც ახალ მესაკუთრეზე, სახლი გადავიდა თავისუფალ მდგომარეობაში.

სასამართლოს მითითებით, გ. თ-ა და დ. ბ-ე არ წარმოადგენდნენ გ. ბ-ის სოლიდარულ კრედიტორებს, როგორც ამას განსაზღვრავს სკ-ს 455-ე მუხლი, ამიტომ შეუძლებელია გ. თ-ეის გააჩნდეს რაიმე ვალდებულება დ. ბ-ის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, 2001წ. 9 მარტის აუქციონის ბათილად ცნობა, გ. თ-სათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება, ასევე ამავე სასამართლოს 2001წ. 1 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა მოეხსნა გ. ბ-ის სახლს და 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების აღდგენა (რომლითაც ყადაღა დაედო გ. ბ-ის სახლს).

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის სააღსრულებო ბიურო სამართლიანად და კანონის შესაბამისად მოქმედებდა, რადგან დ. ბ-ეს მისთვის არ წარუდგენია არც ვალის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და რაც მთავარია, არც სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა დაეკმაყოფილებინა მისი ქონებრივი ინტერესი. ამასთანავე, სასამართლოს მიერ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად არ ყოფილა შეჩერებული სააღსრულებო წარმოება, რის გამოც აღმასრულებელი ვალდებული იყო გაეგრძელებინა აღსრულების პროცესი.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღმასრულებელი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და არ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები. ამასთანავე, აპელანტს განემარტა მისი უფლებები, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 32-ე მუხლის თანახმად ყადაღა დადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სარჩელი უნდა წარუდგინოს იმ პირს, ვისაც გადაეცა ქონებას. ამიტომ დ. ბ-ეს უფლება აქვს თავისი პრეტენზია წაუყენოს ქონების ახალ მესაკუთრეს გ. თ-ს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1-ლი აპრილის განჩინების გაუქმება და 2001წ. 25 დეკემბრის ძალაში დატოვება, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და გ.თ-სათვის 2500 აშშ დოლარის და გაწეული ხარჯების გადახდის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის საქმის მასალებს. შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ.ბათუმის სააღსრულებო ბიურო გ.ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის მიზნით მეორე აუქციონის დანიშვნის, მისი ჩატარების და ნივთის (მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის) ნატურით გადაცემისას მოქმედებდა საქართველოს კანონის «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» მოთხოვნების, კერძოდ 68-771 მუხლების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებლისთვის სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო ზემოაღნიშნული კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე მიღებული სასამართლოს განჩინება სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ და არა განჩინება აუქციონზე გასატან ნივთზე ყადაღის დადების შესახებ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ კასატორმა აღმასრულებელს მიმართა თხოვნით შეეჩერებინა აუქციონი და წარუდგინა სასამართლოს განჩინება გ.ბ-ის სახლზე ყადაღის დადების შესახებ, აღმასრულებლისათვის ვერ გახდებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი. საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ აღმასრულებელი არ იყო ვალდებული კასატორისათვის შეეტყობინებინა აუქციონის ჩატარების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (დისპოზიციურობის პრინციპი), მხარეები თავად იწყებენ საქმის წარმოების სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სასარჩელო (განცხადების) შეტანის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (შეჯიბრებითობის პრინციპი) სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებანი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართალია სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაცო საჩივარში მითითებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. პირველი აპრილის განჩინების გაუქმებისა და 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების აღდგენის თაობაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს გ.ბ-ის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ქ.ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობის საფუძველი, მითითებულ სახლზე ყადაღის აღდგენას რაიმე სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია და შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორის აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო სასამართლო კასატორს ასევე განუმარტავს, რომ სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია და შესაბამისად საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს კასატორის მოთხოვნას სახლის ახალი მესაკუთრის გ.თ-ს მიერ მისთვის 2500 აშშ დოლარის ანაზღაურების საკითხს. კასატორს უფლება აქვს აღნიშნული მოთხოვნებით მიმართოს სასამართლოს სარჩელით საერთო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინება.

3. დ. ბ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.