¹ 3გ-ად-351-კ-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დაკისრება.
სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა რ. ქ.-ის წარმომადგენლის, მ. ტ.-ის, საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინებაზე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ...-ე სამხედრო ნაწილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა რ. ქ.-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 1999წ. 26 მარტს მათ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს იჯარით გადასცა შენობის ნაწილი _ 270 კვ.მ. მოიჯარე რ. ქ.-ე ვალდებულებას იღებდა, მეიჯარისათვის ყოველი კვარტლის ბოლოს ნატურით გადაეხადა 450 ლარის ღირებულების საქონელი. მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2001წ. 1 ივნისს, რა დროისთვისაც საიჯარო ქირის ოდენობამ შეადგინა 3600 ლარი. მიუხედავად მეიჯარის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, მოიჯარეს თანხა არ გადაუხდია.
მოსარჩელე ითხოვდა, რ. ქ.-ეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 3600 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ «საქართველოს შინაგანი ჯარის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 და 30-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, დაედო აღნიშნული გარიგება. კერძოდ, კანონი არ ითვალისწინებდა შინაგანი ჯარების მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, რაც იმთავითვე მიუთითებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ბათილობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე რ. ქ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 3600 ლარისა და სასამართლო ხარჯების _ 90 ლარის გადახდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, რ. ქ.-ის რწმუნებულმა მ. ტ.-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვევით იქნა გამოყენებული სსკ-ს 377-ე მუხლი, კერძოდ, სასამართლომ არასრულყოფილად შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და 2002წ. 24 აპრილის ¹3გ/ად-2-კ-02 განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
საქმე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განხილულ იქნა 2002წ. 31 ივლისს, რომლის საფუძველზე, რ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელად. აპელანტი არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება ან საქმე არსებითად განსახილველად, შესაბამისი მითითებით, დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
კასატორი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:
1. «საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად ჯარების ბალანსზე არსებული ქონება არის სახელმწიფო საკუთრება და ჯარები მათ იყენებდნენ მხოლოდ თავიანთი ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად.
«საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული საქმიანობა. ამავე კანონის მე-4 პუნქტის თანახმად კი გარიგებები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/274 ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელწმიფო ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
ყოველივე აღნიშნული, კასატორის მითითებით, ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ეწინააღმეგება კანონმდებლობას, საჯარო წესრიგს და სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად _ ბათილია;
2. სასამართლომ არ მიუთითა არც ერთ კანონსა თუ კანონის ნორმაზე, რომლითაც გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია;
3. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალობას და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ, რ. ქ.-ისათვის ფართის გადაცემას და ამ ფართით სარგებლობას _ ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე აღნიშნული, კასატორის განმარტებით, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ 1999წ. 26 მარტს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა შინაგანი ჯარების ბალანსზე რიცხული 270კვ.მ ფართის შენობა, მდებარე ქ. ბათუმში. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, იჯარით აღებული შენობისათვის ყოველი კვარტლის ბოლოს გადაეხადა 450 ლარის ღირებულების საქონელი.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ორი წლით.
საქმეში წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ. ქ.-ის მხრიდან იჯარის ქირის გადახდის თუნდაც ერთ ფაქტს.
სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნიევს, რომ საქართველოს შსს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი, როგორც კრედიტორი, მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ არსებული ნაკლის გამო, მისი მხრიდან, ფართით სარგებლობას ადგილი არ ჰქონია.
სკ-ს 537-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია, თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.
ხელშეკრულებით გადაცემული ქონების შეუფერხებლად გამოყენების მიზნით, რიგ გარანტიებს ადგენს სკ-ს 541-ე მუხლიც. კერძოდ, თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა დამქირავებელს დაგვიანებით, ან თუ შემდგომში მას წაერთმევა სარგებლობის უფლება, მაშინ დამქირავებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის. უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომელსაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საგულისხმოა, რომ კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ნივთითYსარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნას ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ფაქტს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ კასატორის მტკიცება მითითებულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ ეყრდნობა შესაბამის მტკიცებულებებეს.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არ არის წერილობითი მოთხოვნა 1999წ. 26 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც სსკ-ს 248-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს ართმევს უფლებას, იმსჯელოს ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებზე.
აქვე საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იჯარით გაცემული ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და შესაბამისად, ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილია ქონების მართვის სათანადო ორგანო, რის გამოც ხელშეკრულება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული, ბათილია.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული საფუძვლით ხელშეკრულება შესაძლოა, საცალოდ გახადოს შეცილების უფლების მქონე პირმა, ე.ი. პირმა, რომელიც თვლის, რომ მისი ქონება მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოვიდა მისი გამგებლობიდან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ რ. ქ.-ის მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ამ უკანასკნელს სწორად ეთქვა უარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 410 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ქ.-ის წარმომადგენლის, კ. ჯ.-ს, საკასაციო საჩივარი არ დაკამაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.