გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-352-კ-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. გ-მა მოპასუხე ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. 2002წ. 23 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართო ნ. ნ-ი.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2002წ. 18 მარტის განკარგულების საფუძველზე 15000 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების დაფარვის მიზნით ნურიჯან ნ-ს უფლება მიეცა, კერძო საკუთრების უფლებით გადაეფორმებინა ბათუმში, ... მდებარე ბინა. მოსარჩელე ს. გ-ის განცხადებით, აღნიშნული მოქმედებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჰქონდა შეტანილი სარჩელი მეუღლის, ე. გ-ის, მიმართ საერთო საკუთრებაში არსებული იდეალური წილის განსაზღვრისა და რეალური წილის გამოყოფის შესახებ. სასარჩელო განცხადებაში განმარტებული იყო, რომ აუქციონზე გატანილი ბინა მოსარჩელესა და მის მეუღლე ე. გ-ს ერთობლივი შემოსავლებით ჰქონდათ შეძენილი. მოსარჩელე ს. გ-ისათვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა აღმასრულებლის მოქმედება იმ თვალსაზრისით, რომ აუქციონზე გატანილ იქნა აღნიშნული ბინიდან მოსარჩელის წილიც, რომელიც ღირებულების ნახევარზე მეტს წარმოადგენდა. 2002წ. 11 მარტს მოსარჩელემ წერილობით აცნობა ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს თ. დ-ეს, რომ მოსარჩელე ს. გ-ს მეუღლის მიმართ სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში და მოითხოვა აუქციონის შეჩერება მანამ, სანამ აღნიშნულ სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იქნებოდა შესული. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიურომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და შესაბამისად, დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, რომლის თანახმად აღმასრულებელი ვალდებულია, შეაჩეროს აღსრულება თუ მესამე პირი აღსასრულებელ საგანზე გამოთქვამს პრეტენზიას. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო მოსარჩელე ს. გ-ის სარჩელი მეუღლის მიმართ არ იყო წარმოებაში მიღებული აუქციონის ჩატარების დროისათვის, 2002წ. 19 მარტამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ს. გ-მა ითხოვა ნ. ნ-ის მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს თ. დ-ის მიერ 2002წ. 18 მარტს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა.
2002წ. 28 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით, აგრეთვე, მიმართა ე. გ-მა მოპასუხე ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. 2002წ. 25 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართო ნ. ნ-ი.
ე. გ-ის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2002წ. 18 მარტის განკარგულების საფუძველზე, 15000 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების დაფარვის მიზნით ნ. ნ-ს უფლება მიეცა კერძო საკუთრების უფლებით გადაეფორმებინა მოსარჩელე ე. გ-ის სახელზე რიცხული, ბათუმში, ... მდებარე ბინა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002წ. 18 მარტის ზემოაღნიშნული განკარგულება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელემ განმარტა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-31-ე მუხლების თანახმად აუქციონის ჩატარებას აუცილებლად უნდა დასწრებოდა მოვალე, აღნიშნულ შემთხვევაში კი ეთერ გ-ი აუქციონის ჩატარებას ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო, რაზედაც წარადგინა განცხადება და ცნობა ავადმყოფობის შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში მითითებულია, რომ აღმასრულებელი ვალდებულია, შეაჩეროს ან გადადოს აუქციონი აუქციონზე მონაწილე ერთ-ერთი მხარის ავადმყოფობის შემთხვევაში. სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ მოპასუხემ, ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა, იცოდა მოსარჩელე ე. გ-ის ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ აუქციონი მაინც ჩაატარა, რითაც უხეშად დაარღვია კანონი. მოსარჩელე ე. გ-მა აღნიშნა, რომ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მიერ გამოცემულ 2002წ. 18 მარტის განკარგულებაში არაფერი იყო ნათქვამი აუქციონზე გატანილი ბინის ნამატი ღირებულების დაბრუნებაზე, რომელიც მთლიანად შეადგენდა 6000 აშშ დოლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ე. გ-მა ითხოვა ნ. ნ-ის მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს თ. დ-ის მიერ 2002წ. 18 მარტს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა.
2002წ. 7 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს. გ-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
2002წ. 7 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აგრეთვე, განიხილა და არ დააკმაყოფილა ე. გ-ის სარჩელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება ს. გ-მა გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.
აპელანტმა ს. გ-მა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება, აგრეთვე, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ე. გ-მა.
აპელანტმა ე. გ-მა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის მსვლელობისას ე. გ-ისა და ს. გ-ის საქმეები გაერთიანდა სსკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ს. გ-ისა და ე. გ-ის სააპელაციო საჩივრები; 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეებს, ს. გ-სა და ე. გ-ს, უარი ეთქვათ სარჩელებზე ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროს თ. დ-ის მიერ 2002წ. 18 მარტს გაცემული უფლებამოსილების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა ე. გ-მა და ს. გ-მა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით და კანონის დარღვევით გააერთიანა ე. გ-ისა და ს. გ-ის საქმეები. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლი და ჩათვალა, რომ აღსრულების პროცესის შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. კასატორთა მითითებით, სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო, თავის დროზე მასთან წარდგენილ განცხადებაზე გაეცა პასუხი, რაც მან არ გააკეთა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ პირველ ინსტანციაში საქმის წარმოების მიმდინარეობის პროცესში სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე არსებობდა ოფიციალური განცხადება.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 18 მარტის განკარგულება კანონის დარღვევით იყო გამოტანილი. სააღსრულებო პროცესში აუქციონებზე გატანილი სადავო ბინა შეფასებული იყო ექსპერტის მიერ 20652 აშშ დოლარად, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა შეადგენდა 15000 აშშ დოლარს. კასატორთა განცხადებით აღმასრულებელმა იხელმძღვანელა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით და სადავო ბინა გადაუფორმა კრედიტორს.
კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ქონების ნატურით გადაცემისას მისი ფასი განისაზღვრება აღსრულების პროცესში დადგენილი ნივთის საბაზრო ღირებულებით. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აღსრულების პროცესში ბინა შეფასდა 20652 აშშ დოლარად, ხოლო ვალი შეადგენდა 15000 აშშ დოლარს. სააღსრულებო ბიურომ ისე გამოიტანა გასაჩივრებული განკარგულება, რომ საერთოდ არ უმსჯელია ბინის შეფასებით ღირებულებასა და არსებული დავალიანების თანხების სხვაობის საკითხებზე. სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხებს არ მიაქცია ყურადღება და შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი მუხლები. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა სსკ-ს 393 მუხლის «ა” და «ბ” პუნქტებზე და შესაბამისი კანონების გამოუყენებლობის გამო ორივე გადაწყვეტილება გააუქმა. სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არასწორად განმარტა სსკ-ს 386-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ღებულობს ახალ გადაწყვეტილებას, თუ იგი ცვლის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ორივე გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილები იდენტურია, შესაბამისად, სსკ-ს 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება მოკლებულია იურიდიულ საფუძველს.
აღნიშნულიდან გამოდინარე, კასატორები ითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002წ. 18 მარტს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელეებს, ნ. ნ-ს, რ. მ-სა და მოპასუხე ე. გ-ს შორის. მხარეთა შორის მორიგებით ე. გ-ს დაევალა 2000წ. 10 ივლისამდე მოსარჩელეებისათვის მათგან მიღებული 15000 აშშ დოლარის გადახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლომ განუმარტა მხარეებს, რომ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულება მოხდებოდა იძულებით. განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2000წ. 10 მაისს, ხოლო სააღსრულებო ფურცელი გაიცა იმავეწ. 12 ივლისს.
2000წ. 26 ივლისს ქ. ბათუმის აღმასრულებელმა თ. დ-ემ მიმართა აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს სანოტარო პალატას და სთხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად ქ. ბათუმში, ... მდებარე, ე. გ-ის სახელზე რიცხული ¹38 ბინაზე ყადაღის დადება, რათა აღმასრულებლის ნებართვის გარეშე არ გასხვისებულიყო იგი. 2000წ. ივლისშივე, ქ. ბათუმის აღმასრულებელმა თ. დ-ემ წერილით მიმართა ე. გ-ს და განუმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის განჩინებით ე. გ-ი ვალდებული იყო ნ. ნ-ისათვის და რ. მ-ისათვის გადაეხადა 15000 აშშ დოლარი 2000წ. 10 ივლისამდე. აღმასრულებელმა გააფრთხილა ე. გ-ი, რომ თუ ერთი თვის ვადაში არ გადაიხდიდა ზემოთ აღნიშნულ დავალიანებას, აღსრულებაზე მიიქცეოდა მისი ქონება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2000წ. 12 სექტემბერს ქ. ბათუმის სააღსრულებოს ბიუროს უფროსმა თ.Oდ-ემ ჩაატარა ე. გ-ის ქონების აღწერა და შეადგინა აქტი. აქტის შედგენისას ე. გ-ის მეუღლე ს. გ-მა განაცხადა, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო ერთად ცხოვრების პერიოდში და ქონების ნახევარი მის საკუთრებას წარმოადგენდა. ე. გ-ის შვილმა დ. გ-მაც განაცხადა, რომ მუშაობდა კვიპროსში და მასაც მიუძღვოდა წვლილი აღნიშნული ქონების შეძენაში.
2000წ. 7 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა ს. და დ. გ-ების სარჩელი მოპასუხეების: ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს, ნ. ნ-ისა და რ. მ-ის მიმართ, ყადაღადადებული ქონების აღწერის აქტიდან ამორიცხვის თაობაზე და გამოიტანა განჩინება, რომლითაც მოცემული საქმე დარჩა განუხილველად მხარეთა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.
2001წ. 8 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ს. გ-მა მოპასუხე ე. გ-ის მიმართ, საერთო საკუთრებიდან კუთვნილი წილის იდეალური განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე.
2001წ. თებერვალში ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა თ.Oდ-ემ მიმართა ე. გ-ს და გააფრთხილა რომ, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა ს. და დ. გ-ების სარჩელი ყადაღადადებული ქონების აღწერის აქტიდან ამორიცხვის შესახებ, ამიტომ ე.Oგ-ს 5 დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღწერილი ქონება გატანილი იქნებოდა აუქციონზე, რის შესახებაც განცხადება გაკეთდებოდა გაზეთ «ა-ში”.
2001წ. 23 აპრილს ქ, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა თ.Oდ-ემ მიმართა გაზეთ «ა-ის” მთავარ რედაქტორს და ითხოვა აღნიშნულ გაზეთში განცხადების გამოქვეყნება ე. გ-ის სახელზე რიცხული ბინის აუქციონზე გაყიდვის თაობაზე, რომელიც დანიშნული იყო 2001წ. 7 მაისს.
2001წ. 2 მაისს ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა წერილობით აცნობა ე. გ-ს 2001წ. 7 მაისს აუქციონის დანიშვნის შესახებ, 2001წ. 7 მაისს 11 საათზე აუქციონი გახსნილად გამოცხადდა, მაგრამ მყიდველის გამოუცხადებლობის გამო საჯარო ვაჭრობა არ შედგა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 7 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. გ-ის განცხადება და ე. გ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე აღსრულება შეჩერდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით ს. გ-ის სარჩელი ე. გ-ის სახელზე რიცხული ბინიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. გ-ის განცხადება და ე. გ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე კვლავ შეჩერდა აღსრულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის განჩინებით ს. გ-ის სარჩელი ე. გ-ის სახელზე რიცხული ბინიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე დარჩა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 2002წ. 4 თებერვალს განიხილა ს. გ-ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 დეკემებრის განჩინებაზე და არ დააკმაყოფილა იგი. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის განჩინება.
ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა თ. დ-ემ 2002წ. 1 მარტს აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს გაუგზავნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება ¹128 და ითხოვა დასტური აუქციონის ჩატარების თაობაზე.
აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 1 მარტის 01/08-08 წერილით ქ. ბათუმისა და ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსს თ. დ-ეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიეცა აუქციონის ჩატარების უფლება.
ქ. ბათუმისა და ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა თ.Oდ-ემ 2002წ. 4 მარტს მიმართა გაზეთ “ა-ის” მთავარ რედაქტორს და ითხოვა აღნიშნულ გაზეთში განცხადების გამოქვეყნება ე. გ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე განმეორებით აუქციონის ჩატარების თაობაზე, რომელიც დანიშნული იყო 2002წ. 14 მარტს.
2002წ. 11 მარტს ქ. ბათუმისა და ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა თ. დ-ემ წერილობით მიმართა ე. გ-ს 2002წ. 14 მარტს აუქციონის დანიშვნის თაობაზე.
2002წ. 12 მარტს ს. გ-მა წერილობით მიმართა ბათუმისა და ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს უფროს თ.Oდ-ეს და აცნობა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ხ-ეს განსახილველად გადაეცა ს. გ-ის სარჩელი მოპასუხე ე. გ-ის მიმართ ბინიდან იდეალური წილის გამოყოფის შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებული იყო, შეეჩერებინა აღსრულება, რადგანაც აღსასრულებელ ქონებაზე მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა. აღსრულება უნდა შეჩერებულიყო მანამდე, ვიდრე ს. გ-ის აღნიშნულ სარჩელზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევიდოდა კანონიერ ძალაში. განმცხადებელმა ითხოვა აუქციონის სხვა დროისათვის გადატანა.
2002წ. 13 მარტს ს. გ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ხ-ეს და აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინებით ს. გ-ის სარჩელი დარჩა უმოძრაოდ და მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად 2002წ. 18 მარტამდე. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ცნობა მისი ინვალიდობის შესახებ და ითხოვა სარჩელის წარმოებაში მიღება.
2002წ. 14 მარტს შედგა განმეორებითი აუქციონი. აუქციონში მონაწილეობდნენ კრედიტორები: რ. მ-ი და ნ. ნ-ი. აუქციონს არ დაესწრო ე. გ-ი. აუქციონზე ბინის ყიდვის სხვა მსურველი არ გამოცხადებულა.
კრედიტორმა ნ. ნ-მა აუქციონის დამთავრების შემდეგ წარადგინა წერილობითი განცხადება და ითხოვა აუქციონზე გასაყიდად გატანილი, ე. გ-ის სახელზე რიცული ბინის ნატურით მისთვის გადაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილობითი თანხმობა განაცხადა რ.Oმ-მაც.
ქ. ბათუმისა და ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2002წ. 18 მარტის განკარგულებით ქ. ბათუმში, ... მდებარე, ე. გ-ის სახელზე რიცხული ბინა დავალიანების (15000 აშშ დოლარი) დაფარვის მიზნით საკუთრებაში გადაუფორმდა ნ. ნ-ს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 33-ე მუხლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელს არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს აღსრულება, ასეთი მოქმედება სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არც კრედიტორ ნ. ნ-ის წერილობითი განცხადება და არც სასამართლოს განჩინება აღსრულების შეჩერების თაობაზე არ ყოფილა და ამდენად, აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება, შეეჩერებინა აღსრულება.
რაც შეეხება კასატორთა განმარტებას, რომ ე. გ-ის ავადმყოფობის გამო სასამართლო აღმასრულებელს უნდა შეეჩერებინა აღსრულება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო აღსრულების დროებით, არა უმეტეს ორი თვისა, შეჩერების უფლება მოვალის განცხადების საფუძველზე აქვს მხოლოდ სასამართლოს და არა სასამართლო აღმასრულებელს.
გარდა ამისა, საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გაირკვა, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არ ყოფილა ს. და ე. გ-ების სარჩელი აღწერის სიიდან იმ ქონების ამორიცხვის შესახებ, რომელზეც მიქცეული იყო გადახდა. ამიტომაც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ არსებობდა სადავო ქონებაზე აღსრულების შეჩერების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. და ს. გ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.