Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-353-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი, ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სარდაფიდან გამოსახლება, ზიანის ანაზღაურება, სარდაფის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. კ-მა 1995წ. აპრილში სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონის სასამართლოს მოპასუხეების: დეპარტამენტ “ს.” საბინაო კომუნალური მეურნეობისა და ლ. ც-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ტყიბულში .... ქ. ¹1 სახლში მდებარე 15 კვ.მ სარდაფის ლ. ც-ის სახელზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დეპარტამენტ “ს.” საბინაო კომუნალურ მეურნეობასთან 1992წ. 15 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ტყიბულში .... ქ. ¹1 სახლში არსებულ 15 კვ.მ ფართის სარდაფს. იჯარის ხელშეკრულება ძალაში იყო 1994წ. 15 აგვისტომდე. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მიმართა მეიჯარეს, განესაზღვრა იჯარით გაცემული ფართის ღირებულება, რათა შეეძინა იგი. ამ დროისათვის მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. ც-ეს 1992წ. დეკემბერში საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციასთან ერთად მოუხდენია სარდაფის პრივატიზაციაც. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე ც-ე სადავო სარდაფს არასოდეს არ ფლობდა, ამ ფართში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო ობიექტები და რომ მას ფართის შესყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდა.

ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1995წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995წ. 17 აგვისტოს განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1996წ. 20 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა.

2001წ. 29 მარტს სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ლ. ც-ემ და მოითხოვა კ-ის სარდაფიდან გამოსახლება იმ მოტივით, რომ მიუხედავად მხარეთა შორის მორიგების აქტით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლისა, ლ. კ-ი არ ათავისუფლებდა. სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. კ-მაც, რომელმაც 1992წ. 17 დეკემბერს შესრულებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა სარდაფის ნაწილში. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა კ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სარდაფის პრივატიზაციის ხელშეკრულება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სარდაფის პრივატიზაციის ხელშეკრულება და სარდაფი დაუბრუნდა დეპარტამენტ “ს.” საბინაო კომუნალური მეურნეობის უფლებამონაცვლის ტყიბულის ¹..... სერვისცენტრს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა ლ. კ-ის გამოსახლება სადავო სარდაფიდან და ზიანის ანაზღაურება.

ლ. კ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა 1992წ. 17 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება სარდაფის ნაწილში.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სარდაფის პრივატიზაცია და იგი დაუბრუნდა ტყიბულის ¹.... სერვისცენტრს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ. კ-ი გამოსახლდა ტყიბულში ... ¹1-ში მდებარე სარდაფიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ლ. ც-ეს. ლ. ც-ეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო. ლევან კუპრაშვილის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. კ-ს სარდაფის პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეტანილი ჰქონდა 1995 წელს. აღნიშნულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა სასამართლოს 1996წ. 20 დეკემბრის მხარეთა მორიგების გამო, რაც სსკ-ს 186-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე ლ. კ-ის შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1992წ. 17 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე სარდაფი წარმოადგენდა ლ. ც-ის საკუთრებას და მას სკ-ს 112-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარდაფის გათავისუფლება კ-ისათვის.

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ლ. ც-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა თუ რა ზიანი მიადგა მას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა და ლ. ც-ემ. ლ. კ-ი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვტილების გაუქმებას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ 1996წ. მორიგების აქტზე დაყრდნობით არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება მისი შეგებებული სარჩელის ნაწილში, ვინაიდან მიაჩნია, რომ მორიგების აქტი კანონდარღვევით იყო დადებული და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დადების მომენტიდან, რადგან მორიგების თაობაზე აზრი არ ჰქონდა გამოთქმული მესამე პირს – ქ. ტყიბულის დეპარტამენტ “ს.” საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოს უფლებამონაცვლე ¹... “ს.”.

ლ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ ლ. კ-ისათვის ქირის გადახდევინებას 1999წ. 20 დეკემბრიდან სარდაფის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებამდე ყოველთვიურად 100 ლარის და ადვოკატის ჰონორარის 300 ლარის დაკისრებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ისა და ლ. ც-ის წარმომადგენელ ე. ც-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 404-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ლ. კ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოებით შეწყვეტის ნაწილში. ამასთან, საკასაციო საჩივრით ითხოვს 1996წ. 20 დეკემბრის მორიგების აქტის ბათილად ცნობას. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ს 406-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად საკასაციო ინსტანციაში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელია. ვინაიდან მორიგების აქტის კანონიერება მხარეს სადავოდ არ გაუხდია პირველ და სააპელაციო სასამართლოებში, კ-ის საკსაციო საჩივრის მოთხოვნა მორიგების აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მორიგების საფუძველზე ტყიბულის რაიონის სასამართლომ საქმეზე წარმოება შეწყვიტა 1996წ. 20 დეკემბრის განჩინებით, რომელიც მხარეებს არ გაუსაჩუვრებიათ იმ დროს მოქმედი სსკ-ს 226-ე, 328-ე და 292-ე მუხლებით დადგენილი წესით და ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1996წ. 20 დეკემბრის განჩინება (მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ) შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, ლ. კ-ის შეგებებული სარჩელი. რომლითაც იგი ითხოვდა 1992წ. 17 დეკემბერს შესრულებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას 10 კვ.მ სარდაფის პრივატიზების ნაწილში, სასამართლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისიად. ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო კ-ის შეგებებული სარჩელი და არსებითად იმსჯელა მასზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეწყვეტილი საქმის წარმოება შეგებებული სარჩელის ნაწილში სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც იგი გამოსახლებილ იქნა ლ. ც-ის მიერ 1992წ. 17 დეკემბერს პრივატიზებული 10 კვ.მ ფართის სარდაფიდან, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ც-ემ 1996წ. 17 დეკემბერს მოახდინა ტყიბულში, ... მდებარე ოროთახიანი (საერთო ფართი, 60 კვ.მ) ბინისა და 10 კვ.მ ფართის სარდაფის პრივატიზაცია, რომელიც იმავე დღეს რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში ¹3584, მის საკუთრებად. 1996წ. 20 დეკემბრის მორიგების აქტის შესაბამისად მესაკუთრე სარდაფით სარგებლობის უფლებას აძლევდა 3 წლით _ 1999წ. 20 დეკემბრამდე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მორიგების აქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ლ. კ-ის მიერ სარდაფის კანონიერად ფლობის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სკ-ს 170-172-ე მუხლები ლ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

ლ. ც-ის წარმომადგენელი ე. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოთხოვნაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კასატორს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მისი მოთხოვნა დაუსაბუთებული იყო და არ იყო დადგენილი თუ რა ზიანი განიცადა მან. ასევე არ იყო წარდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან გასწია ხარჯი ადვოკატის მომსახურებისათვის. სსკ-ს 407-ე მუხლის ნე-2 პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ე. ც-ეს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას ზიანის მიყენების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ისა და ლ. ც-ის წარმომადგენლის ე. ც-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება.

3. ლ. კ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით.

4. ე. ც-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი _ 196 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.