3გ-ად-354-კ-02 29 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ორის სახეობის პენსიისა და დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 აპრილს ა. ა.-მ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებაზე მის სასარგებლოდ ინვალიდობის პენსიასთან ერთად დამატებით მოხუცებულობის გამო მეორე პენსიისა და დანამატის 42 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ არის 82 წლის, სამამულო ომის I ჯგუფის ინვალიდი და ღებულობს პენსიას 45 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მას დამატებით მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიისა და დანამატის დანიშვნა ეკუთვნის 42 ლარის ოდენობით, რაზედაც მოპასუხე ორგანიზაციამ უარი განუცხადა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი იმ საფუძვლით არ ცნო, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონი მხოლოდ ოფიცერთა კატეგორიაზე ვრცელდება, რადგან ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა წრე. მოპასუხემ ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ და არა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ. გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ, მოხუცებულობის გამო და შრომის წელთა ნამსახურებისათვის დამატებით მეორე სახის პენსიის (42 ლარის ოდენობით) ყოველთვიურად დანიშვნა დაევალა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების წარმომადგენელმა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და მისი გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, ინვალიდებს პენსია 45 ლარის ოდენობით აქვთ განსაზღვრული და მათზე საპენსიო კანონიდან გამომდინარე მეორე სახის _ მოხუცებულობის პენსიისა და დანამატის დანიშვნა არ შეიძლებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ა. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სამხედრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ა. ა.-ი ზემოაღნიშნული კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოებიდან თადარიგშია დათხოვილი, მას ასევე არ გააჩნია ოფიცრის წოდება, ასეთ პირობებში სასამართლოს ზემოთ მითითებული კანონის მე-60 მუხლის გამოყენების უფლება არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ», საქართველოს კანონი იმ ვეტერანებზე ვრცელდება, რომლებმაც ომის შემდეგ სამხედრო სამსახური გააგრძელეს, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო ნამსახურეობა, რა მონაცემებიც ა. ა.-ს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არტაშ ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება ა. ა.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. ა.-ი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, გააჩნია სამხედრო წოდება _ უფროსი სერჟანტი, სამამულო ომიდან 1946 წელს დაბრუნდა, ომში ყოფნის დროს დაინვალიდდა და დაუნიშნეს პენსია ინვალიდობის გამო. როგორც ომის მონაწილე და I ჯგუფის ინვალიდი, ღებულობს პენსიას 45 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სამხედრო ძალებიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამსახურებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე და ზემოთ მითითებული მუხლის მოქმედება კასატორზე ვერ გავრცელდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა.-ი არის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორი ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს (არაოფიცერს) წარმოადგენს, მასზე ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათი უნდა გავრცელდეს, კერძოდ, უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მას უფლება უნდა მიეცეს, მიიღოს მოხუცებულობის პენსია (14 ლარი) ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლარი), სულ 87 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლის თანახმად: «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურეობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით». საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობილ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის მე-60 მუხლი მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის «ა» ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე (ოფიცრებზე) ვრცელდება. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს და თვლის, რომ ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, «ა» ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ა. ა.-ი ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნება, მასზე ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელდეს და უნდა მიენიჭოს ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმრატა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ა. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ინვალიდობის პენსიასთან ერთად მიეცეს მოხუცებულობის პენსია ორი მინიმალური პენსიის დანამატით, 42 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა საბოლოოა და არ გასაჩივრდება.