Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-355-კ-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: გარიგების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ყ-მა 2001წ. 13 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 3 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით.

1994წ. აგვისტოში ვაკის რაიონის გამგებელ ო. ჟ-სა და მოსარჩელეს შორის დაიდო ზეპირი გარიგება 300 გრძივი მეტრი 50 მმ-იანი კვეთის კაბელის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რომლის ღირებულებასაც _ 3000 აშშ დოლარს _ ვაკის რაიონის გამგებელი გადაუხდიდა აღნიშნული კაბელის გამოყენების შემდეგ.

მოსარჩელემ 1994წ. სექტემბერში გამგებლის მითითებით კაბელი მიიტანა ქ-ის ქუჩაზე მდებარე ვაკის რაიონის გამგეობის საქმიან ეზოში.

1995წ. განმავლობაში რამდენჯერმე მიაკითხა გამგებელს, რომელიც ჰპირდებოდა თანხის ანაზღაურებას. შემდეგ იგი გადაიყვანეს სხვა სამსახურში. მის ადგილზე დაინიშნა ახალი გამგებელი გ. წ-ი, რომელიც ასევე ჰპირდებოდა თანხის გადახდას, მაგრამ უშედეგოდ. მისი წასვლის შემდეგ გამგებლად დაინიშნა დ. ს-ე, რომელსაც განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და ითხოვა თანხის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, განცხადებაზე დადებული რეზოლუციები ეჭვს არ ბადებდა, რომ გამგეობა აუნაზღაურებდა კაბელის ღირებულებას და ამიტომ სასამართლოსათვის არ მიუმართავს. 2001წ. 12 თებერვალს კვლავ მიმართა გამგეობას, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით გამგეობას არ შეეძლო გადაეხადა თანხა, რის გამოც 2001წ. მარტის თვეში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მაგრამ მისი გამოუცხადებლობის გამო სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვაკე-საბურთალოს გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ. ყ-ის სარჩელი იყო ხანდაზმული, გარდა ამისა, გამგეობა იყო არასათანადო მოპასუხე. ამასთან, გასარკვევი იყო, რომელმა ორგანიზაციამ აწარმოა სამუშაოები, რომელ უბანზე უნდა გაკეთებულიყო ხარჯთაღრიცხვა და მოითხოვა თელასის სათანადო მოპასუხედ ჩართვა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და მოითხოვა თავდაპირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე მოითხოვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის გადაწვეტილებით რ. ყ-ის სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ყ-მა და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეზე მესამე პირად ჩართულ იქნა «თ.".

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით რ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა სსკ-ს 1507-ე მუხლის თანახმად უნდა მოწესრიგებულიყო 1964წ. სკ-ით, რომლის 44-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის დადებული გარიგების ფორმად აღიარებდა მხოლოდ წერილობით ფორმას და მიუთითა, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულება განპირობებულია შემდეგი შემდეგი გარემოებებით: სახელმწიფოს ზუსტად უნდა სცოდნოდა თავისი ვალდებულებების შესახებ, რადგან გარიგებას კანონის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს სახელით ახორციელებდა სახელმწიფო მოხელე, რომლის თანამდმებობიდან წასვლა არ იწვევდა გარიგების ბათილობას მათ მიერ დადებულ გარიგებებზე საბოლოოდ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრებოდა და მიუთითა, რომ ამ გარემოებით იყო გამოწვეული, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ბათილად აცხადებდა ამ ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა, მართალია, ყოველთვის არ იწვევდა გარიგების ბათილობას, მაგრამ დავის შემთხვევაში მხარეებს აყენებდა მოთხოვნის დაკმაყოფილების რისკის წინაშე.

ასეთ შემთხვევაში კი მოსარჩელეს ეკისრებოდა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის შესაბამისად და მიუთითა, რომ რ. ყ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე გამგეობის პასუხისმგებელი პირების მიერ გაკეთებული რეზოლუციები და ვაკის რაიონის იმდროინდელი გამგებლის, ო. ჟ-ის, განცხადება ზეპირი გარიგების დადასტურების შესახებ არ შეიძლებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ყოფილიყო, როდესაც არ იყო წარდგენილი კაბელის შეძენის, გამგეობის ბალანსზე აღრიცხვის და მისი გახარჯვის დამადასტურებლი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ 1964წ. სამოქალაქო სამართლის 75-ე მუხლის საფუძველზე რ. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და მიუთითა, რომ 1996წ. იანვარში მისთვის უკვე ცნობილი იყო დარღვეული უფლების შესახებ, მაგრამ მას 3-წლიან ვადაში სასარჩელო განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსათვის (ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის შესახებ, ვინაიდან საპატიო მიზეზი არ არსებობდა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა", «ბ" და «გ" პუნქტების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 44-ე მუხლი, რომელიც ფორმის დაუცველად დადებული გარიგების ბათილობას იწვევდა და აღარ გამოიყენა 48-ე მუხლი, რომლის გარიგება მხარეებს ავალდებულებდა, დაებრუნებინა მეორე მხარისათვის ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო ან აენაზღაურებინა მისი ღირებულება.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მტკიცებულებათა წარუდგენლობის გამო და მიაჩნია, რომ სასამართლოს თვითონ უნდა გამოეთხოვა აღნიშნული მტკიცებულებები, ვინაიდან საბალანსო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ასევე მიუთითებს, რომ მის განცხადებაზე გამგებლის მიერ გაკეთებული რეზოლუციებით და 2001წ. 21 სექტემბრის გამგეობის წერილით გამგეობა ადასტურებდა კაბელის გამოყენების ფაქტს და ვალის არსებობას, რის გამოც მისი სარჩელი საფუძვლიანი იყო.

კასატორს მიანია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 1964წ. სკ-ს 80-ე მუხლი და აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ზეპირი გარიგების დადების შემდგომ გამგეობა ყოველთვის ჰპირდებოდა ვალის გადახდას, რის გამოც მას არ შეეძლო, შეეტყო თავისი დარღვეული უფლების შესახებ, ხოლო მას შემდეგ, რაც გამგეობამ 2001წ. 21 თებერვლის ¹უ-580 წერილით თანხის გადახდაზე უარი უთხრა, მან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ვინაიდან კასატორი ითხოვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ზეპირი გარიგების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულებას, ამიტომ აღნიშნული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას და არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული კოდექსი არ მოქმედებდა გარიგების დადების დროს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოში საქმეების განხილვა (წარმოება) ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ვინაიდან სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ამიტომ სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები.

სკ-ს 1507-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად განსახილველი ურთიერთობა 1964წ. სკ-ს ნორმათა საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის მიხედვით უფლების დაცვის ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეული იყო (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრებოდა 3 წლის ვადით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლი ადგენდა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშვა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. ყ-მა თავისი უფლებების დარღვევის შესახებ გაიგო 2001წ. 21 თებერვალს, როდესაც გამგეობამ უარი უთხრა თანხის გადახდაზე, ვინაიდან, როგორც სასარჩელო განცხადებაში თავად აღნიშნავს, ვაკის რაიონის გამგებელსა და მას შორის მაღალი ძაბვის კაბელის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება მოხდა 1994წ. აგვისტოში, შეთანხმების თანახმად, კაბელის ღირებულება უნდა მიეღო მისი გამოყენების შემდეგ. მისივე განმარტებით, გამგებლის მითითებით კაბელი ვაკის რაიონის საქმიან ეზოში მიიტანა იმავე წლის სექტემბერში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ყ-ის სარჩელის უფლება წარმოიშვა 1994წ. ბოლოს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვაკის რაიონის გამგებლის 1996წ. იანვრის რეოზლუციებით აღიარებულია ვალის არსებობა, რის გამოც, სკ-ს (1964წ. რედაქცია) 83-ე მუხლის თანახმად შეწყდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა და შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყო, ანუ 1996წ. იანვრამდე (ვალის აღიარებამდე) დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეწყდა და მისი ათვლა ხელახლა დაიწყო 1996წ. იანვრიდან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ვაკე-საბურთალოს გამგეობამ 2001წ. 21 თებერვლის ¹უ-580 წერილით აღიარა ვალის არსებობა, ამიტომ არ შეიძლება ხანდაზმულობის ვადა გასულად ჩაითვალოს, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული წერილის გაცემის დროისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო და სკ-ს (1964წ.) სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ მოპასუხის მიერ ვალის აღიარების გამო სასარჩელო ხადაზმულობის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებდა და ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.