Facebook Twitter

3გ-ად-356-კ-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ქმედების განხორციელება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ.-ის წარმომადგენელმა ა. კ.-მ მოპასუხე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ და მოითხოვა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაკისრებოდა მოსარჩელე ნ. მ.-ის მიერ 1999წ. 4 იანვარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი საზედამხედველო საჩივრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის გადაცემა. ასევე მოითხოვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოპასუხეს გაეცა ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებისა და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების 1999წ. 15 მაისამდე მოქმედი წესის შესახებ.

მოსარჩელის წარმომადგენელი თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: 1999წ. 4 იანვარს მოსარჩელემ საზედამხდევლო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მინდია უ.-ეს, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, მაგრამ 1999წ. 15 მაისამდე არ ისარგებლა თავისი უფლებით, განეხილა საზედამხედველო საჩივარი.

ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედებამდე 3 დღით ადრე, 1999წ. 13 მაისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გ. ლ.-ის ხელმოწერით ნ. მ.-ს გაეგზავნა პასუხი, რომელშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება «კანონიერად და დასაბუთებულად" არის მიჩნეული ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ბოლოს კი აღნიშნულია, რომ საქმე მოხსენდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი საზედამხდველო საჩივრის პასუხზე სწორად მას უნდა გაეცა პასუხი და არა _ მის მოადგილეს, რის გამოც საზედამხედველო წარმოება ნ. მ.-ის საქმეზე დასრულებულად არ მიაჩნდა და სსკ-ს 436-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ითხოვდა ნ. მ.-ის საზედამხდელო საჩივრის გადაცემას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის განჩინებით ნ. მ.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ ექვემდებარებოდა სასამართლო უწყებებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. მ.-ის წარმომადგენლის, ა. კ.-ის, კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა გ. დიდავამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად ამ კოდექსის მოქმედება, გარდა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავისა, არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე.

სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, მათი კანონიერებისა და დასაბუთებულობის შეფასება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვას ზედამხედველობის წესით. ნ. მ.-ის მიერ 1999წ. 4 იანვარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი საჩივარი განხილულ იქნა ზედამხედველობის წესით და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გ. ლ.-ის ხელმოწერით შედეგი ეცნობა ნ. მ.-ს, სადაც აღნიშნულია, რომ საქმე მოხსენდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გაეცნო ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივრის საფუძველზე გამოთხოვილ სამოქალაქო საქმეს. მოპასუხის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ იმ დროს მოქმედი სსკ-ს 333-ე მუხლის შესაბამისად ყველა იმ თანამდებობის პირმა, რომლებსაც პროტესტის შეტანის უფლება ჰქონდათ, შეისწავლეს ნ. მ.-ის საჩივრები და უსაფუძვლოდ მიიჩნიეს ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეეგიის 1998წ. 20 აგვისტოს განჩინებაზე პროტესტის შეტანა. ნ. მ.-ის 1999წ. 4 იანვრის საზედამხედველო საჩივარზე წარმოება დასრულდა 1999წ. 13 მაისს და, ამდენად, მოქმედი სსკ-ს 436-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის წარმომადგენლის, ა. კ.-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარზე წარმოება დასრულდა მაშინ, როდესაც ავტორს (მ. მ.-ეს) გაეგზავნა 1999წ. 13 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გ. ლ.-ის მიერ, ანუ იმ პირის მიერ, ვისაც კანონით მინიჭებული ჰქონდა პროტესტის შეტანის უფლებამოსილება, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მოქმედი სსკ-ს 436-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივრის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის გადაცემის შესახებ, რადგან აღნიშნული ნორმა ეხებოდა იმ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება 1999წ. 15 მაისამდე არ იყო დასრულებული.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ.-ის წარმომადგენელმა ა. კ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა იმავე საფუძვლებით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. მ.-ის საზედამხდველო საჩივარზე წარმოება დასრულებული არ იყო და დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ნ. მ.-ის საჩივართან დაკავშირებით საზედამხედველო წარმოება დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გ. ლ.-ის 1999წ. 13 მაისის ხელმოწერილი პასუხით, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ პროტესტის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

რაც შეეხება ნ. მ.-ის წარმომადგენლის მოთხოვნას საჭირო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის დარღვევას, ვინაიდან ა. კ.-მა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საქმეზე მის მიერ დართული განცხადებები ინფორმაციის მოთხოვნით ჩაბარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში და ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გაუცემლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-ის წარმომადგენელმა ა. კ.-მ, რომელიც მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მხოლოდ მოპასუხის არგუმენტებზეა დაფუძნებული. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

1. სასამართლო კოლეგიამ სრული იგნორიორება გაუკეთა შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაეკონკრეტებინა ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარზე წარმოება დასრულებულად, ხოლო ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება _ «კანონიერად და დასაბუთებულად"

2. სასამართლო კოლეგიამ სრულიად არასწორად ჩამოაყალიბა გარემოებები, რომლებსაც ეფუძნებოდა მოსარჩელის მოთხოვნები, ვინაიდან არსებითად მიიჩნევს არა იმას, თუ ვინ მოაწერა ხელი საზედამხედველო საჩივარს, არამედ იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება.

3. განჩინებაში მოპასუხის პოზიციის ასახვისას სასამართლო კოლეგია ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ ერთ შემთხვევაში, მკაფიოდ არის ხაზგასმული ნ. მ.-ის საზედამხდველო საჩივრის განხილვის ფაქტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილლეების: გ. დ.-ისა და ჯ. ყი.-ის მიერ, ხოლო მ. უ.-ის სახელზე შეტანილ საზედამხედველო საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე ერთმნიშვნელოვან პასუხს თავს არიდებს.

4. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარზე წარმოება დასრულებული იყო, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი საზედამხედველო საჩივარი თავად თავმჯდომარეს უნდა განეხილა და არა _ მოადგილეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. მ.-ის წარმომადგენელის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ქმედების განხორციელების დაკისრებას, წარმოებით უნდა შეწყდეს, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ.-მ 1999წ. 4 იანვარს საზედამხედველო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონ მ. უ.-ს და მოითხოვა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1998წ. 20 აგვისტოს განჩინებაზე პროტესტის შეტანა და მათი გაუქმება. აღნიშნულ საზედამხედველო საჩივარზე ნ. მ.-ს პასუხი ეცნობა 1999წ. 13 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ გ. ლ.-ის მიერ. ნ. მ.-ის წარმომადგენელს მიაჩნია, ვინაიდან თავმჯდომარის სახელზე შეტანილი საზედამხედველო საჩივარი განიხილა თავმჯდომარის მოადგილემ და არა თავმჯდომარემ, ამიტომ მის მიერ 1999წ. 4 იანვარს შეტანილ საზედამხედველო საჩივარზე წარმოება დასრულებული არ იყო და სსკ-ს 436-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნელი მ.-ის წარმომადგენლის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ქმედების განხორციელების დაკისრებას, განსახილველად არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულებისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლით მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტია უშუალოდ გამომდინარეობს გაეროს კონგრესის მიერ 1985 წელს მიღებული «სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების «მე-3 პუნქტიდან, რომლის მიხედვით სასამართლო ორგანოები ფლობენ კომპეტენციას სასამართლო ხასიათის ნებისმიერი საკითხის შესახებ და აქვთ განსაკუთრებული უფლება გადაწყვიტონ, შედის თუ არა გადაცემული საქმე კანონით დადგენილ მათ კომპეტენციაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულებას ახორციელებდა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად (1964წ. კოდექსი), რომლის IV კარი განსაზღვრავდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გადასინჯვას ზედამხედველობის წესით. როგორც ნ. მ.-ის საქმის საზედამხედველო წარმოებიდან ირკვევა, მისი საზედამხდევლო საჩივრები შესწავლილ იქნა ყველა იმ პირის მიერ, ვისაც კანონით მინიჭებული ჰქონდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე პროტესტის შეტანის უფლებამოსილება. მათ მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გადაწყვეტილების გაპროტესტების საფუძველი არ არსებობდა და აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობა ნ. მ.-ს. მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1999წ. 4 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი საზედამხედველო საჩივარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ განუხილავს, რის გამოც მასზე საზედამხედველო წარმოება დასრულებული არ არის, უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ საზედამხედველო საჩივარზე გაცემულ პასუხს (1999წ. 13.05), მართალია, ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გ. ლ.-ი, მაგრამ პასუხში მითითებულია, რომ «საქმე მოხსენდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს", რაც ადასტურებს ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივრის ყველა უფლებამოსილი პირის მიერ განხილვის ფაქტს და საზედამხდევლო საჩივარზე წარმოების დასრულებას, ანუ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარზე წარმოების დასრულებულად ცნობის თაობაზე, რის გამოც ნ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარი სსკ-ს (1997წ. 14.10 რედაქციით) 436-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად აღარ ექვემდებარებოდა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის გადაცემას და განხილვას.

«საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად «საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოა", ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად უზენაესი სასამართლო დადგენილი, საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. ორგანული კანონით საქართველოს უზენაეს სასამართლოსათვის საქართველოს საერთო სასამართლოების ზედამხედველობა დადგენილი საპროცესო ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისას უშუალოდ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მიერ რაიონულ სასამართლოში სარჩელის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ისეთი ქმედების განხორციელების დაკისრების მოთხოვნით, რაც დაკავშირებულია მართლმსაჯულების განხორციელებასთან, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს და სასამართლოს ხელისუფლების ინსტანციურობის პრინციპს. შესაბამისად, საკასაციო პალატას დაუშვებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოსათვის მართლმსაჯულების განსახორციელებლად რაიმე ქმედების დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. მ.-ის წარმომადგენლის სარჩელი განსახილველად არ ექვემდებარებოდა სასამართლო უწყებას და წარმოებაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არსებითად განიხილეს ნ. მ.-ის წარმომადგენლის სარჩელი ამ ნაწილში, ამიტომ სსკ-ს 272-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის შესაბამისად საქმე წამოებით უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას, «უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებისა და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების 1999წ. 15 მაისამდე მოქმედი წესის შესახებ" გაცემის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულებას ახორციელებდა სსკ-ს შესაბამისად, რაც წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი განცხადებები ინფორმაციის მოთხოვნით ჩაბარებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში, რის გამოც არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუნდაც ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გაუცემლობას, რის გამოც იგი სასარჩელო წესითY ითხოვდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლით მინიჭებული უფლების აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ის საკასციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შეწყდეს საქმის წარმოება ნ. მ.-ის სარჩელის იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ქმედების განხორციელების დაკისრებას.

4. ნ. მ.-ის სარჩელის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.