გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-360-კ-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ჯ-ამ 2000წ. 16 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კრწანისი-მთაწმინდის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 2000წ. 24 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და ხელახალი აუქციონის მოწყობა, სადაც მისი ბინის გასაყიდი საწყისი ფასი დაფიქსირებული იქნება სპეციალისტების მიერ რეალური შეფასების საფუძველზე. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგი გარემოებებით:
1999წ. 8 ნოემბერს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი ბინის აუქციონზე გაყიდვის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ავადმყოფობა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გააუქმა.
სასამართლოს 2000წ. 8 მარტის განჩინებით აუქციონის ჩატარება დაევალა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ. კ-ს. პირველი აუქციონი ჩატარდა 8 მაისს, ბინის გასაყიდ ფასად დაფიქსირდა 15000 აშშ დოლარი. განმეორებითი აუქციონი 2000წ. 24 მაისს ჩატარდა დარღვევებით. სასამართლომ არ დანიშნა ექსპერტი, რომელიც შეაფასებდა ბინას.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სკ-ს 306-ე მუხლის შესაბამისად თუ პირველ აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული ისეთი წინადადება, რომელიც აღწევს ექსპერტის მიერ შეფასებული ნივთის ღირებულების 70%-ს, აუქციონი ხელახლა უნდა ჩატარდეს და მიაჩნია, რომ პირველ აუქციონზე დაფიქსირებული თანხა არარეალური და მოგონილი იყო, რათა ბინა პირველ აუქციონზე არ გაყიდულიყო, რაც საფუძველი იქნებოდა განმეორებითი აუქციონის ჩასატარებლად და ყველაზე დაბალი ფასით გასაყიდად, რომ ბინა სასურველ მყიდველს შეეძინა.
მოპასუხე – კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ნ. კ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. სააღსრულებო კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად ყადაღადადებულ ნივთებს აფასებს აღმასრულებელი, რის საფუძველზეც 2000წ. 19 აპრილს მის მიერ აუქციონზე გასაყიდი ბინა შეფასდა 15000 აშშ დოლარად. ამის თაობაზეც ეცნობა მოსარჩელეს და მას აუქციონზე გასაყიდი ბინის ფასზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ასევე აღნიშნა, რომ საერთოდ არ შეიძლება აღსრულების ხელისშემშლელ გარემოებად ჩაითვალოს აუქციონზე გასაყიდი ქონების შეფასება, თუნდაც იგი არარეალური იყოს, ვინაიდან საქართველოს სკ-ს 306-ე მუხლის შესაბამისად პირველ აუქციონზეც შეიძლება გაიყიდოს ქონება მისი ღირებულების 70%-ად, ხოლო განმეორებით აუქციონზე ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებსა და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. მიაჩნდა, რომ აუქციონი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია|, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სკ-ს 301-ე და 306-ე მუხლებისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ და მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის განჩინებით აპელანტ ლ. ჯ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ.
კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის განჩინების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ აღმასრულებელმა შეფასება მოახდინა თვითონ და არა ბინის აუდიტმა, რითაც ხელოვნურად შეამცირა მისი კუთვნილი ბინის ღირებულება და აუქციონი ჩაატარა აუქციონის ჩატარების წესების დარღვევით.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებული იყვნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მაგრამ კასატორი არც ერთხელ არ გამოცხადდა, რის გამოც საკასაციო სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის განჩინება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში, კასატორის სახელზე რიცხული 25 კვ.მ. ფართის ბინა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული 1999წ. 22 ივნისს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული ბინა გადაეცა იძულებითი აუქციონის წესით გასაყიდად და აუქციონის ჩატარება დაევალა კრწანისი-მთაწმინდის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ. კ-ს. 2000წ. 7 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღების შემდეგ, 2000 წ. 5 აპრილს, აღმასრულებელმა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად მოვალე ლ. ჯ-ას წინადადება მისცა ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 19 აპრილს, შედგენილ იქნა ოქმი ბინის აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აღნიშნული ოქმის თანახმად ბინის აღწერას ესწრებოდა კასატორი ლ. ჯ-ა და მისი მოთხოვნის საფუძველზე, ბინა შეფასდა 15000 აშშ დოლარად. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს კასატორი მოწვეული პირი ლ. გიგაური და აღმასრულებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ ბინა შეგნებულად მაღალ ფასად იყო შეფასებული, რათა პირველ აუქციონზე არ გაყიდულიყო.
აღმასრულებლის მიერ ბინის საჯარო ვაჭრობა გამოცხადდა 2000წ. 29 აპრილს «თ-ში», მაგრამ პირველ აუქციონზე შემოთავაზება არ ყოფილა, რის გამოც აღმასრულებლის მიერ 2000წ. 8 მაისს შედგენილ იქნა საჯარო ვაჭრობის არშემდგარად გამოცხადების ოქმი.
განმეორებითი აუქციონის თაობაზე 2000წ. 12 მაისს კვლავ გამოქვეყნდა ინფორმაცია გაზეთ «ს-ში». აღნიშნულის და ბინის გასაყიდი ფასის თაობაზე წერილობით ეცნობა კასატორს და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო განმეორებით აუქციონში. კასატორი ესწრებოდა კიდეც განმეორებით აუქციონს, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია და არც პრეტენზია გამოუთქვამს გასაყიდი ფასის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აუქციონი ჩატარებულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონისა და სკ-ს 306-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვინაიდან განმეორებით აუქციონზე ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, პროცესის ხარჯებსა და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს.
განმეორებით აუქციონზე გასაყიდი ბინის ფასი განისაზღვრა კრედიტორის მოთხოვნისა (8000 ლარი) და აუქციონის ხარჯების (200 ლარი) გათვალისწინებით 8200 ლარის ოდენობით, რაც შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის განჩინება.
3. ლ. ჯ-ას გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.