გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-364-კ-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, პრივატიზების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 18 სექტემბერს გაზეთში «ს. რ.» გამოცხადდა «საინფორმაციო ცნობა» ქ. თბილისის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონისა და კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ. ნაკვეთების ჩამონათვალში აღინიშნა ასევე დიდუბის რაიონში, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე 2500 კვ. მეტრი ფართობის მიწის სადავო ნაკვეთი.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ¹9 ოქმის მიხედვით აუქციონში გამარჯვებულად აღიარებული იქნა კასატორი ჯ.ს-ე, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა 23500 ლარად. შემაჯამებელი სხდომის ოქმი ¹9 დამტკიცდა თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულებით ¹932, რის საფუძველზეც 2000წ. 1 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ქ. თბილისის მთავრობასა და ჯ.ს-ეს შორის, რომლითაც ჯ.ს-ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ...ის ქუჩაზე მდებარე 2500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კაფეს ასაშენებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი მიტაცებული ჰქონდათ მოპასუხეებს _ შ. გ-ს, მ. კ-ს, მ. კო-ს და ი. პ-ს.
შეძენილი მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მიზნით, ჯ. ს-ემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, დაუყოვნებლივ აღსრულების წესით.
მოპასუხეებმა შ. გ-მა, მ. კ-მ, მ. კო-მა და ი. პ-მ არ ცნეს სარჩელი და შეგებებული სარჩელი შეიტანეს რაიონულ სასამართლოში, რომელშიც მიუთითეს, რომ მ. კო-მა და მ. კ-მ სადავო მიწის ნაკვეთი დაიკავეს 1993 წელს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992წ. 30 დეკემბრის ¹41 განკარგულების საფუძველზე. მათ მოითხოვეს აუქციონის შედეგების გაუქმება ...ის ქუჩაზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ; ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 3 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობა, სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით ჯ. ს-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ოქმი ¹9-ში 1.49 პუნქტის, ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის ¹932 დადგენილების ბათილობა, ასევე 2000წ. 1 მარტს თბილისის მთავრობისა და ჯ.ს-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება. მოსარჩელეები შეგებებული სარჩელით ასევე ითხოვდნენ ჯ. ს-ეს, ქ. თბილისის მერიასა და მიწის მართვის დეპარტამენტს დაკისრებოდათ მ. კო-ის, მ. კ-ს და მათი შვილისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 21000 ლარის ოდენობით, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე მ. კო-ისა და მ. კ-ს მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მათზე დამაგრებას არსებული წესით და მიწის სამართლებრივ რეგისტრაციას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.ს-ის სარჩელი მოპასუხეების მ. კ-ს, მ.კო-ის, შ.გ-ის და ი.პ-ის მიმართ სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ დაადგინა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ჯ. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გამოთხოვა და გამოთავისუფლებული სახით მოსარჩელისათვის გადაეცემა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო მ.კო-ის, თ.პ-ს, მ.კ-სა და შ.გ-ის შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.კ-ს, მ.კო-ის, ი.პ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით შ.გ-ის, მ.კ-ს, მ.კო-ის და თ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ჯ.ს-ის სარჩელი მოპასუხეების (შ.გ-ის, მ. კ-ს, მ.კო-ის და თ.პ-ს) სადავო მიწის ნაკვეთიდან გამოსახლების ნაწილში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.კო-ის, მ. კ-სა და შ.გ-ის შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულება აუქციონში ჯ.ს-ის გამარჯვებულად ცნობის ნაწილში; უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელს მ.კო-ის, მ.კ-სა და მისი შვილის სასარგებლოდ 21000 ლარის დაკისრებისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის დამაგრების ნაწილში; ჯ. ს-ეს უარი ეთქვა სადავო მიწის მისთვის გადაცემის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
1. სააპელაციო პალატის მითითებით, დარღვეულ იქნა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ჩატარების წესის» მოთხოვნები. კერძოდ, აუქციონის ჩატარების წესის 5.3 მუხლის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში შეიტანოს აუქციონის შედეგებით ნაკისრი თანხა. ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, აუქციონის მომწყობი ბათილად ცნობს ამ პირის უფლებებს და სადეპოზიტო თანხა არ უბრუნდება. საქმეში არსებული სალაროს შემოსავლების ორდერიდან დასტურდება, რომ ჯ. ს-ის მიერ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი თანხა 23500 ლარი შეტანილი იქნა 2000წ. 10 იანვარს, კონკურსის ჩატარებიდან 2 თვისა და 13 დღის შემდეგ, რაც პალატის აზრით, იძლევა სადავო მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და შეგებებული სარჩელის მოცემულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
2. სასამართლომ, სკ-ს 162-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანად მიიჩნია ს-ის მოთხოვნა შ. გ-ის, მ.კ-ს, მ.კო-ისა და თ.პ-ს სადავო მიწის ნაკვეთიდან გამოსახლების ნაწილში, რადგან აპელანტთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათი მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის სამართლებრივი საფუძვლებით ფლობის ფაქტს და სასამართლოს მისცემდა საფუძველს აღნიშნული პირები ჩაეთვალა მიწის მართლზომიერ მფლობელებად.
3. კოლეგიის მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტთა (შ. გ-ის, მ.კ-ს, თ.პ-ს) მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისინი წარმოადგენენ მრავალწლიანი ნარგავების მესაკუთრეებს, რაც მათ აძლევს მიწის, როგორც მცენარეთა არსებითი შემადგენელი ნაწილის, ფლობის უფლებას. სკ-ს 164-ე მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. აღნიშნული მიიჩნია სასამართლომ მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში ჯ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. სასამართლოს მითითებით, აპელანტთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამართლებრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვინაიდან არამართლზომიერი მფლობელობა არ წარმოშობს ნივთზე უფლებას, ამდენად მოთხოვნა სადავო მიწის აპელანტთა სახელზე რეგისტრაციის შესახებ უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მთავრობამ, ჯ. ს-ემ, შ. გ-მა, თ. პ-მ და მ. კ-მ.
სსკ-ს 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გასაჩივრებული იქნა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონში ჯ. ს-ის გამარჯვებულად აღიარების შესახებ ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულების ბათილად ცნობისა და ჯ.ს-ისათვის მიწის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში. კერძოდ, კასატორის მითითებით სასამართლომ არასწორად განმარტა სახელმწიფო მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ჩატარების წესების 5.3 პუნქტი. წესების თანახმად, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს აუქციონის მომწყობს, აღნიშნულ შემთხვევაში კი სასამართლო გასცდა მის კომპეტენციას. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რომელ კანონს ეწინააღმდეგება აღნიშნული განკარგულება ან რა დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის პროცესში, სასამართლომ არასწორად განმარტა მის მიერ განკარგულების ბათილად ცნობის ერთადერთი საფუძველი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის დაჩქარების წესის მე-5.3 პუნქტი.
ჯ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და ასევე იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის განკარგულება აუქციონში მისი გამარჯვებულად ცნობის თაობაზე და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა, სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემა. კასატორის აზრით, უსაფუძვლოა სასამართლოს უარი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, რადგან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მას აქვს მიწის ნაკვეთის მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოპასუხეების გამოსახლება სადავო მიწის ნაკვეთიდან, მას კი უარი უთხრა მიწის გადაცემაზე, რითაც გადაუწყვეტელი დატოვა მიწის ნაკვეთის სამართლებრივი კუთვნილების ბედი, რადგან ქალაქის მერიის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასხვისებულია და მერიას მასზე დაკარგული აქვს იურისდიქცია. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ შეგებებული სარჩელის გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილებისას უგულებელყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დასაბუთებული ჯ. ს-ის მიერ აუქციონის შედეგებით ნაკისრი თანხის 13 დღის დაგვიანებით გადახდამ კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა შეგებებული სარჩელის ავტორებს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტებმა ვერ წარმოადგინეს სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აუქციონის ჩატარებით არ შეზღუდულა მათი უფლებები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს აგრეთვე შ.გ-მა, თ.პ-მ და მ.კ-მ, რომლებმაც მოითხოვეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ.ს-ის მოთხოვნა მათი გამოსახლების ნაწილში და ასევე იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე. კასატორები თავიანთ მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ გარემოებებზე: მათი მითითებით, აუქციონი ჩატარებული იქნა არაუფლებამოსილი პირის, მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ გაუქმებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, კანონის დარღვევით. სამოქალაქო კანონმდებლობით ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის უფლება აქვს მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს. სასამართლოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ჯ. ს-ის, როგორც მესაკუთრის, უფლების გაუქმება გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მატერიალური და საპროცესო სამართლის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა ჯ.ს-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები.
კასატორების _ შ.გ-ის, თ.პ-ს და მ.კ-ს მრავალგზის გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო საჩივრები განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მთავრობისა და ჯ.ს-ის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შ.გ-ის, თ.პ-სა და მ.კ-ს საკასაციო საჩივარს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივი შეცვლით (ჯ.ს-ის სარჩელის ნაწილში) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.გ-ის, მ.კ-სა და მ.კო-ის შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის ¹932 განკარგულება აუქციონში ჯ.ს-ის გამარჯვებულად ცნობის ნაწილში (თანამდევი შედეგებით) მხოლოდ იმ მოტივით, რომ აუქციონში გამარჯვებულმა ჯ.ს-ემ აუქციონზე ნაკისრი თანხა 23500 ლარი ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის კონკურსისა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე ნაცვლად ორი თვისა, შეიტანა 13 დღის დაგვიანებით, 2000წ. 10 იანვარს, რაც სააპელაციო პალატამ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ჩატარების წესის « 5.3 მუხლის უხეშ დარღვევად და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უდავო საფუძვლად მიიჩნია, რასაც საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:
ა) «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-6 ქვეპუნქტის თანახმად: «სახელმწიფო მიწის განკარგვაზე მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება». სწორედ კანონში მითითებული კრიტერიუმის _ ყველაზე მაღალი ფასის, 23500 ლარის გადახდის შეთავაზების გათვალისწინებით, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა კასატორი ჯ.ს-ე, რომელმაც თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე 2500 კვ.მ მიწის ფართობზე მოიპოვა საკუთრების უფლება.
ბ) საქმეში წარმოდგენილი «თ-ის» სალაროს შემოსავლის ორდერის ¹... მიხედვით, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად ცნო, რომ კასატორმა ჯ.ს-ემ აუქციონზე შეძენილი მიწის ღირებულება 23500 ლარი საბოლოოდ შეიტანა 2000წ. 10 იანვარს, კონკურსის ჩატარებიდან 2 თვისა და 13 დღის შემდეგ, ანუ 13 დღის დაგვიანებით, რაც სააპელაციო პალატამ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოტივად მიიჩნია «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ჩატარების წესის» მე-5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც: «აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში შეიტანოს აუქციონის შედეგებით ნაკისრი თანხა. ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის მომწყობი ბათილად ცნობს ამ პირის უფლებებს და სადეპოზიტო თანხა არ უბრუნდება”. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანხის 13 დღის დაგვიანებით გადახდის გამო, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის (რომლის შესაბამისადაც არის შემუშავებული ზემოაღნიშნული «აუქციონის ჩატარების წესი»), მე-4 მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს მიწის განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სკ-ს რეგულირებაზე.
სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულება ანუ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების - 23500 ლარის აუქციონის ჩატარების დღიდან 2 თვეში გადახდა კასატორ ჯ.ს-ის მოვალეობას წარმოადგენდა, მაგრამ ამავე კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: «მოვალის (ჯ.ს-ე) მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს (აუქციონის კომისია) შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება». ამრიგად, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულებისათვის მოვალეს დამატებითი დრო მისცეს, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მხოლოდ მას (კრედიტორს) აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. განსახილველი დავის შემთხვევაში კი ჯ.ს-ის მიერ 13 დღის დაგვიანებით თანხის შეტანაზე კრედიტორს - ქ.თბილისის მთავრობას (აუქციონის კომისია) პრეტენზია არ გამოუთქვამს ისე მიიღო შესრულება. ამიტომ ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების, ქ.თბილისის მთავრობისა და ჯ.ს-ის, საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და მიაჩნია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე ვადის გადაცილება (გამოსასყიდი თანხის 13 დღის დაგვიანებით გადახდა) კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოტივად სააპელაციო სასამართლოს სხვა კანონდარღვევაზე არ მიუთითებია, რაც სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობის კანონისმიერი საფუძველი იქნებოდა, ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის ¹932 განკარგულებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (მე-4 პუნქტი) უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ჯ.ს-ის ნაწილში ქ.თბილისის პრემიერის ¹932 განკარგულების ბათილობაზე შეგებებლი სარჩელისათვის უარის თქმის შესახებ.
2. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკმაყოფილდა ჯ.ს-ის სარჩელი შ.გ-ის, მ.კ-ს, მ.კო-ისა და თ.პ-ს თბილისში, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოსახლების ნაწილში, მაგრამ ჯ.ს-ეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემაზე. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს ჯ.ს-ის, შ.გ-ისა და მ.კ-ს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში წინააღმდეგობრივია, რადგან მოსარჩელე ჯ.ს-ე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, როგორც მესაკუთრე, ითხოვდა მოპასუხეთა (შეგებებული სარჩელის ავტორთა) უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვას, მათ გამოსახლებას და თავისუფალ მდგომარეობაში ნაკვეთის გადაცემას. სააპელაციო პალატამ, სკ-ს 162-ე მუხლის თანახმად, შ.გ-ი, მ.კ-ა, მ.კო-ი და თ.პ-ა სწორად მიიჩნია მიწის არამართლზომიერ მფლობელად, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, რადგან მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთის რაიმე სამართლებრივი საფუძვლით მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება და დააკმაყოფილა ჯ.ს-ის მოთხოვნა მიწის ნაკვეთიდან მათი გამოსახლების ნაწილში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით, მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ამდენად, მხოლოდ მესაკუთრეს ჰქონდა უკანონოდ შეჭრილ პირთა გამოსახლების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო რა აუქციონის შედეგები, ჯ.ს-ეს ზემოაღნიშნული 172-ე მუხლის თანახმად, უკვე აღარ ჰქონდა უკანონოდ შეჭრილ მოპასუხეთა გამოსახლების მოთხოვნის უფლება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამიტომ აღნიშნულ ნაწილში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია და ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს. კერძოდ, უცვლელად უნდა დარჩეს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ.ს-ის სარჩელი მოპასუხეების _ შ.გ-ის, მ.კ-ს, მ.კო-ისა და თ.პოპორვას ქ.თბილისში, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოსახლების ნაწილში. აღნიშნული პუნქტი უნდა შეიცვალოს იმ ნაწილში, რომლითაც ჯ.ს-ეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული მიწის მისთვის გადაცემაზე და უნდა დაკმაყოფილდეს ჯ.ს-ის მოთხოვნა აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემის შესახებ.
3. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შ.გ-ის, თ.პ-სა და მ.კ-ს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კასატორთა შეგებებული სარჩელი ჯ.ს-ის, ქ.თბილისის მერიისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის მათ სასარგებლოდ 21000 ლარის დაკისრებისა და თბილისში, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის მათ სახელზე დამაგრების ნაწილში, რაც სწორია და სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენა-შეფასებითა და სკ-ს 149-ე, 150-ე, 164-ე მუხლების სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება. მართალია, კასატორები შ.გ-ი და თ.პ-ა 1989 წლიდან, ხოლო მ.კ-ა 1993 წლიდან ფლობენ და ამუშავებენ სადავო მიწის ნაკვეთებს, მაგრამ მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ამ ნაკვეთით მართლზომიერად ფლობა-სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ არამართლზომიერი მფლობელობა არ წარმოშობს ნივთზე საკუთრების უფლებას და ამდენად, შეგებებული სარჩელი სადავო მიწის ნაკვეთის კასატორთა (შეგებებული სარჩელის ავტორთა) სახელზე რეგისტრაციის შესახებ უსაფუძვლოა. რაც შეეხება კასატორთა მიერ მითითებულ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994წ. 22 სექტემბრის ¹21.34.446 დადგენილებას, იგი ითვალისწინებს 1990 წლამდე კანონით დადგენილი წესით გამოყოფილ ან მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივ რეგისტრაციას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992წ. 30 დეკემბრის ¹94 განკარგულების მე-10 პუნქტი ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობაში ლტოლვილთა დასაქმების ხელშეწყობას, რისთვისაც მათ დროებითი სარგებლობისათვის უნდა გამოჰყოფოდათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, სადავო ნაკვეთი კი წარმოადგენს დედაქალაქში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქ.თბილისის მთავრობისა და ჯ.ს-ის საკასაციო საჩივრებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ხოლო შ.გ-ის, თ.პ-სა და მ.კ-ს საკასაციო საჩივარს არ იზიარებს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს ჯ.ს-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო შ.გ-ს, თ.პ-სა და მ.კ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 47-ე, 386-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. Mქ.თბილისის მთავრობისა და ჯ.ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი თბილისში, ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჯ.ს-ისათვის გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში და სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცეს ჯ.ს-ეს;
4. გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ქ.თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის ¹932 განკარგულების (აუქციონში გამარჯვებულად ჯ.ს-ის ცნობის ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში;
5. უარი ეთქვას მ.კო-ის, მ.კ-ს, თ. პ-ს და შ.გ-ის შეგებებულ სარჩელს ქ.თბილისის პრემიერის 1999წ. 12 ნოემბრის ¹932 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე;
6. ქ. თბილისში ...ის ინსტიტუტის წინ მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან შ.გ-ის, მ.კ-ს, მ.კო-ისა და თ.პ-ს გამოსახლების, აგრეთვე 21000 ლარის დაკისრებისა და სადავო ნაკვეთის დამაგრების თაობაზე შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
7. კასატორები შ.გ-ი, თ.პ-ა და მ.კ-ა გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
8. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.