Facebook Twitter

3გ-ად-365კ-02 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: დიპლომის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ს.-მ 2001წ. 20 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაევალოს მის სახელზე გასცეს დიპლომი იმის თაობაზე, რომ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს ბ. (გ.) ს.-ს თსუ ... ფაკულტეტის ... სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს 1992წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მიენიჭა ... მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი”, შემდეგი საფუძვლით: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს თამჯდომარის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელეს თსუ ... ფაკულტეტის ... სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს 1992წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მიენიჭა ... მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, აქვე მითითებულია, რომ ცნობა ძალაშია დიპლომის გაცემამდე, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დიპლომის გაცემის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი; სეს-ის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ დისერტაციის დაცვის პროცედურა მიმდინარეობდა სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიის სათანადო ინსტრუქციის შესაბამისად, მაგრამ მას შემდეგ რაც 1991წ. 16 დეკემბერს სსრკ დაშლილად გამოცხადდა, სსრკ უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ და მისმა ინსტრუქციამ არსებობა შეწყვიტა, გამომდინარე აღნიშნულიდან და თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს ფუნქციონირების გაგრძელების გამო, 1992წ. 28 თებერვალს გამოაცხადა რა კენჭისყრის შედეგი მოსარჩელისათვის ... მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭების შესახებ, მოსარჩელის აზრით, სამართლიანად დასძინა, რომ “გადაწყვეტილება საბოლოოა და დამტკიცებას არ საჭიროებს”. სამეცნიერო საბჭოს ეს გადაწყვეტილება დღემდე არავის არ გაუუქმებია. მოსარჩელე არ იზიარებს სეს-ის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ სადისერტაციო საბჭოს მიერ სადოქტორო ხარისხის მინიჭებას ჰქონდა სარეკომენდაციო შუამდგომლობის ხასიათი, რაც ეწინააღმდეგება უდავო ფაქტს, რომ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების მომენტისათვის სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისია არ არსებობდა. მოსარჩელე თვლის, რომ 1992წ. 16 აპრილს ¹49-08 ცნობას კვაზი-დიპლომის იურიდიული ძალა გააჩნია. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიულ საფუძვლად უთითებს საქართველოს კონსტიტუციის I მუხლის I პუნქტს, VII, VIII, XXIII, XXXIX მუხლებს.

მოპასუხე საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივით, თსუ სპეციალიზირებული საბჭო არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა თავისი სხდომა, ვინაიდან იგი მოქმედებდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ¹1186 დადგენილებით 1989წ. 30 დეკემბრის დამტკიცებული “სამეცნიერო წოდების მიკუთვნებისა და სამეცნიერო ხარისხების მინიჭების დებულების” შესაბამისად, რომლის პ. 2. არ გაითვალისწინა საბჭომ, როცა 1992წ. 16 აპრილს გასცა ცნობა 49-08 ბ. ს.-ისათვის ... მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ, რაც არ შეესაბამება “ვაკ”-ის დებულების მე-2 პუნქტს, ასევე დარღვეულია დებულების 37-ე პუნქტი, როცა საბჭომ არ გაუგზავნა “ვაკ”-ს დისერტაციის პირველი ეგზემპლარი და მაძიებლის საატესტაციო საქმე, რაც საბჭოს სწავლულ მდივანს უნდა გაეკეთებინა ერთიწ. განმავლობაში, მოპასუხის მოსაზრებით, სსრკ “ვაკ”-ის სამართალმემკვიდრე 1992 წლიდან იყო და დღესაც არის რსფსრ უმაღლესი საატესტაციო კომისია, რომლის მიერ საქართველოში ჩატარებული დაცვის საფუძველზე 1992წ. გაცემული დიპლომები, ისევე, როგორც სსრკ “ვაკ”-ის მიერ გაცემული დიპლომები, ძალაშია საქართველოს ტერიტორიაზე ნოსტრაფიკაციის გარეშე (თუ ნოსტრაფიკაციას არ მოითხოვს თავად მაძიებელი).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს უზრუნველეყო ბ. ს.-ის სახელზე ... მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გაცემა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ს.-ს თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს ხმის დამთვლელი კომისიის 1992წ. 28 თებერვლის ოქმის თანახმად, მიენიჭა ... მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, დისერტაციის დაცვის მომენტისათვის საქართველო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1991წ. 16 დეკემბრიდან სსრკ დაიშალა და მანამდე მასში შემავალი რესპუბლიკები გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა – არ გაეგზავნათ ნაშრომი და მასალები რუსეთის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში საბოლოო გადაწყვეტილებისათვის, საფუძვლიანი იყო, დებულება საქართველოს რესპუბლიკაში სამეცნიერო ხარისხეის მინიჭების შესახებ დამტკიცებული იქნა 1992წ. 6 აპრილს, ანუ ერთი თვის შემდეგ, რაც ბ.ს.-მ დაიცვა დისერტაცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველა შემდგომმა დებულებებმა პრინციპში უარი თქვეს სამეცნიერო ხარისხის მინიჭების ორსაფეხურიან პროცედურაზე და ჩათვალა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კანონმდებლობა პიროვნების ინტერესებს აყენებდა და აყენებს ყველა სხვა ინტერესებზე მაღლა და ამიტომ უკუქცევითი ძალის პრინციპის გამოყენება არაკანონიერი იქნებოდა. განმეორებით, თუნდაც გამარტივებული წესით დისერტაციის დაცვა უსამართლო იყო და აშკარად დაამძიმებდა მოსარჩელის მდგომარეობას. რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 106-ე მუხლზე დაყრდნობით იმსჯელა და განმარტა თუ რას ნიშნავს დე-იურე და დე-ფაქტო აღიარება და მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის აღიარება დე-ფაქტო ... მეცნიერებათა დოქტორად სხვა არაფერია თუ არა სარჩელის ნაწილობრივ ცნობა.

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ ა.თ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი როგორც უსაფუძვლოს გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ბ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ბ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იყო მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო. სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა, რომელზე დაყრდნობითაც დააკმაყოფილა სარჩელი.

საპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992წ. 28 თებერვალს მოსარჩელე ბ. ს.-ის მიერ დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოზე.

მითითებული პერიოდისათვის თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭო ფუნქციონირებდა სსრკ მინისტრთა კაბინეტის მიერ 1989წ. 30 დეკემბრის ¹1186 დადგენილებით დამტკიცებული დებულების ნორმების შესაბამისად და ამ ნორმებით დადგენილ ფარგლებში.

აღნიშნული დებულების 1 თავის – საერთო პრიცნიპები მე-2 მუხლის მიხედვით მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭება სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უმაღლეს საატესტაციო კომისიის (ვაკ-ის) მიერ, სპეციალიზირებული საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც მიღებული იქნება მაძიებლის მიერ დისერტაციის საჯარო დაცვის შედეგად, სსრკ “ვაკ”-ის შესაბამისი საექსპერტო საბჭოს დასკვნის გათვალისწინებით, ამავე დებულების II თავის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სპეციალიზირებული საბჭოები იქმნება სსრკ “ვაკ”-ის მიერ, ამავე თავის მე-8 მუხლის მიხედვით სპეციალიზირებული საბჭოები თავის საქმიანობას ახორციელებენ სსრკ “ვაკ”-ის ხელმძღვანელობის ქვეშ, კონტროლდება იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისაგან, რომელშიც ისინი არიან შექმნილი და სარგებლობენ ამ ორგანიზაციის ღერბიანი ბეჭდით. დებულების მე-5 თავში განსაღზვრულია დისერტაციის წარდგენის და დაცვის პროცედურა სპეციალიზირებულ საბჭოებში, 37-ე მუხლის მეორე ნაწილით კი დადგენილია, რომ სპეციალიზირებული საბჭო დაცვის შემდგომ ერთთვიან პერიოდში უგზავნის სსრკ “ვაკს” სადოქტორო დისერტაციის პირველ ეგზემპლარს და მაძიებლის საატესტაციო საქმეს. ხოლო ამავე დებულების მეექვსე თავში დადგენილია სსრკ “ვაკში” დისერტაციის განხილვის წესი და პროცედურა, რომლის 41-ე მუხლის მიხედვით: დისერტაციის სამეცნიერო დონის, მისი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების თაობაზე, სპეციალიზირებულ საბჭოების საქმიანობის, ატესტაციის და რეკომენდაციების მომზადების მოთხოვნების ერთიანობის განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა ხორციელდება სსრკ “ვაკის” საექსპერტო საბჭოების მიერ, დებულების მეცხრე თავის 58-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ ძალაში შედის სსრკ “ვაკის” მიერ დადგენილების მიღების თარიღიდან. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თსუ სპეციალიზირებული სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადოქტორო დისერტაციის დაცვის შესახებ ვერ იქნებოდა საბოლოო, ვინაიდან ამგვარი კომპეტენცია გააჩნდა მხოლოდ სსრკ “ვაკს”.

1992წ. 6 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ¹406 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან საზოგადოებრივ საწყისებზე სწავლულ ექსპერტთა საბჭო და დამტკიცდა თანდართული დებულება “საქართველოს რესპუბლიკაში სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ”, რომლის მიხედვით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლება გააჩნია სამეცნიერო – საატესტაციო საბჭოებს, ამავე დებულებით გათვალისწინებულია სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შექმნა, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია დებულების მე-20 მუხლით.

სასამართლომ მიუთიათა რომ, ვინაიდან მოსარჩელე ბ. ს.-მ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მითითებული დებულების დამტკიცებამდე, 1992წ. 28 თებერვალს – რა დროსაც საქართველოს არ გააჩნდა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოებს აძლევდა უფლებამოსილებას სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ და არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ რადგანაც საქართველო 1991წ. 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” თანახმად, წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხოლო, საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო, დაიშალა 1991წ. 16 დეკემბერს, თსუ .... ფაკულტეტის სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოზე სადოქტორო დისერტაციის დაცვა აღარ საჭიროებდა შემდგომი პროცედურის გავლას სსრკ “ვაკში”. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკაში “გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ” შეტანილი იქნა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ, 77-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე ატები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს.

საქართველოს რესპუბლიკის კანონისაგან სსრ კავშირის კანონის განსხვავების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი” და მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა რა საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდი, დაუშვა საქართველოს ტერიტორიაზე სსრკ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედება. ამასთან, უზენაესი საბჭო უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა მათი მოქმედება, თუკი ისინი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს.

ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, არ გამოუყენებია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 77-ე მუხლი, ანუ, შესაბამისი ნორმატიული აქტით არ შეუჩერებია სსრკ ნორმატიული აქტის, კონკრეტულად, სსრკ მინისტრთა კაბინეტის 1989წ. 30 დეკემბრის ¹1186 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს არ მიუჩნევია იგი საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და ინტერესებთან წინააღმდეგობრივ ნორმატიულ აქტად, მით უფრო, რომ ამ საკითხის მოსაწესრიგებლად საქართველში არ იყო მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ლოგიკურად გამორიცხავდა რესპუბლიკის კანონმდებლობის შეუსაბამობას სსრკ კანონმდებლობასთან მოცემულ სამართალურთიერთობის სფეროში. არც 1991წ. 9 აპრილის “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” გამოცხადებას შედეგად არ მოჰყოლია სსრკ ნორმატიული აქტების მოქმედების უპირობო შეჩერება საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო, რომ უზენაეს საბჭოს 1991წ. 9 აპრილის ზემომითითებული კანონით ახალი კონსტიტუციის მიღებამდე განისაზღვრა 1990წ. 14 ნოემბრის კანონის მოქმედება.

1992წ. 6 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ¹406 დადგენილებით კი ნორმატიული საფუძველი შეექმნა საქართველოს რესპუბლიკაში სამეცნიერო ხარისხის მინიჭების საკითხს ანუ ეს საკითხი მოწესრიგებული იქნა ეროვნული კანონმდებლობით. სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა, რომ ის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გ.ინწკირველის ხელმოწერილი ცნობით დასტურდებოდა, რომ საბჭოს 1992წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიენიჭა ... მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ვინაიდან მითითებული ცნობა იქვე შეიცავს დათქმას: “ცნობა ძალაშია დიპლომის გაცემამდე”. დიპლომის გაცემის უფლებამოსილება კი თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოს არ გააჩნდა, ხოლო კონსტიტუციური ორგანოს მიერ ასეთი გაცემული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ს.-მ, რომელიც ითხოვს:

1. საკასაციო პალატამ გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდება. ან

2. გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საოლქო სასამართლოს. ან

3. საკითხი გაიტანოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე არსებითად განსახილველად, რადგან საქმე ეხება საერთო და ზოგადი მნიშვნელობის სერიოზულ საკითხს.

კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 1992წ. 28 თებერვალს ბ. (გ.) ს.-ის მიერ სადოქტორო დისერტაციის დაცვა მიმდინარეობდა სსრკ-ის მინისტრთა კაბინეტის 1989წ. 30 დეკემბრის ¹1186 დადგენილებით დამტკიცებული დებულების სრული დაცვით; მაგრამ მიიჩნია, რომ თსუ-ს სამეცნიერო საბჭოს 1992წ. 28 თებერვლის დადგენილება ბ.ს.-ისათვის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭების შესახებ საბოლოო არ იყო. ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად სამეცნიერო საბჭოს დადგენილება უნდა დაემტკიცებინა სსრკ-ის უმაღლეს საატესტაციო კომისიას, რომლის გარეშე მის სახელზე დიპლომის გაცემა დაუშვებელი იყო.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო ვინაიდან სსრკ-ს დაშლის შემდეგ სსრკ-ს “ვაკის” სამართალმემკვიდრე გახდა რსფსრ-ს “ვაკი” და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რსფსრ-ს “ვაკში” დისერტაციის გაგზავნას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებდა.

სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე არსებული მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს 1992წ. 28 თებერვლის სხდომის ოქმი, რომელშიც ასახული იყო “სპეციალიზებული საბჭოს ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე ადგენს: მიენიჭოს ... მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ბ. (გ.) ვარლამის ძე ს.-ს”. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან ოქმში არ არის აღნიშნული “ვაკის” წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ სადოქტორო ხარისხის დასამტკიცებლად, ამიტომ მას სპეციალიზირებულმა სამეცნიერო საბჭომ უპირობოდ მიანიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და იგი დამტკიცებას აღარ საჭიროებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მიიჩნევს რომ ბ. (გ.) ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ბ. (გ.) ს.-ის სარჩელზე, სწავლულ ექსპერტთა საბჭოსათვის დიპლომის გაცემის დავალდებულების შესახებ, უარის თქმის თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ 1992 წ. 28 თებერვალს ბ.ს.-ის მიერ დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოზე. ამ პერიოდისათვის თსუ იურდიდიული ფაკულტეტის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭო ფუნქციონირებდა სსრკ მინისტრთა კაბინეტის მიერ 1989წ. 30 დეკემბრის ¹1186 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, მაძიებელს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისიის (ვაკის) მიერ, სპეციალიზირებული საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც მიღებული იქნებოდა მაძიებლის მიერ დისერტაციის საჯარო დაცვის შედეგად, სსრკ “ვაკ”-ის შესაბამისი საექსპერტო საბჭოს დასკვნის გათვალისწინებით. სპეციალიზებული საბჭოები იქმნებოდა სსრკ “ვაკ”-ის მიერ, რომლებიც საქმიანობას ახორციელებდნენ სსრკ “ვაკ”-ის ხელმძღვანელობით. დებულების მე-5 თავი განსაზღვრავდა დისერტაციის წარდგენის და დაცვის პროცედურას სპეციალიზირებულ საბჭოებში, ხოლო 37-ე მუხლის შესაბამისად, სპეციალიზირებული საბჭო დაცვის შემდგომ ერთთთვიან პერიოდში უგზავნიდა სსრკ “ვაკ”-ის სადოქტორო დისერტაციის პირველ ეგზემპლარს და მაძიებლის საატესტაციო საქმეს. დებულების 58-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილება მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ ძალაში შედიოდა სსრკ “ვაკ”-ის მიერ დადგენილების მიღების თარიღიდან”. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თსუ სპეციალიზირებული სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადოქტოო დისერტაციის დაცვის შესახებ ვერ იქნებოდა საბოლოო ვინაიდან ასეთი კომპეტენცია იმ პერიოდისათვის მას არ გააჩნდა.

ბ.ს.-ი დიპლომის გაცემას ითხოვს სწავლულ ექსპერტთა საბჭოსაგან, რომელიც შეიქმნა და მისი დებულება დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 6 აპრილის ¹406 დადგენილების საფუძველზე, ანუ მას შემდეგ რაც ბ.ს.-მ დისერტაცია დაიცვა. დისერტაციის დაცვის დროისათვის საქართველოს არ გააჩნდა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოებს ხარისხის მინიჭების უფლებამოსილებას აძლევდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ რადგანაც საქართველო 1991წ. 9 აპრილის “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” თანახმად, წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხოლო საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991წ. 16 დეკემბერს, თსუ ... ფაკულტეტის სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოზე სადოქტორო დისერტაციის დაცვა აღარ საჭიროებდა შემდგომი პროცედურის გავლას სსრკ “ვაკ”-ში, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, იმ დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისი ნორმატიული აქტით არ შეუჩერებია სსრკ მინისტრთა კაბინეტის 1989წ. 30 დეკემბრის ¹1186 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის თანახმად მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სსრკ “ვაკ”-ი, ხოლო ბ.ს.-ის მხრიდან არ იყო დასრულებული იმ დროისათვის საქართველოში მოქმედი დებულებით, სადოქტორო დისერტაციის დაცვისათვის გათვალისწინებული პროცედურა და თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭო იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი სადოქტორო დისერტაციის დაცვის შედეგად მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება ... მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ბ. ს.-ის სარჩელის უარსაყოფად სწორად მიუთითა, რომ სწავლულ ექსპერტთა საბჭო, რომელიც 1992წ. 28 თებერვლისათვის საერთოდ არ არსებობდა, შეუძლებელი იყო დავალებოდა ქმედების განხორციელება იმ პერიოდში, როდესაც იგი დაარსებული და ჩამოყალიბებული არ იყო და არ წარმოადგენდა სამართალურთიერთობის სუბიექტს.

სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება დისერტაციის მინიჭების შესახებ საბოლოო რომ არ იყო, ის გარემოებაც ადასტურებს, რომ საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ 1992წ. 9 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, “1992წ. 1 აგვისტომდე დაცული დისერტაციების შესახებ”, რომლის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც დაცული ჰქონდათ საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სპეციალიზებულ საბჭოებში 1989წ. 1 იანვრიდან 1992წ. 1 აგვისტომდე და დისერტაცია გაგზავნილი არ ყოფილა სსრკ, შემდგომ რუსეთის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში დასამტკიცებლად, შესაძლებლობა მიეცათ მოეპოვებინათ საძიებო სამეცნიერო ხარისხი “დებულების” საფუძველზე. კასატორის მიერ ვერ იქნა დასახელებული ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც დისერტანტს სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს მიერ, სსრკ “ვაკ”-ის მიერ დამტკიცების ან სეს-ის 1992წ. 9 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი წესის გარეშე.

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ სეს-ის 1992წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილების “1992წ. 1 აგვისტომდე დაცული დისერტაციების შესახებ” შესაბამისად დაცული იქნა ყველა იმ მაძიებლის მიერ, რომლებმაც სეს-ის ჩამოყალიბებამდე დაიცვეს დისერტაციები სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოებში და შემდგომში სსრკ “ვაკ”-ში არ გაგზავნილა დასამტკიცებლად. სეს-ის ზემოხსენებული გადაწყვეტილება სეს-ის დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა 1995წ. 3 ოქტომბრიდან.

ერთადერთი მაძიებელი, რომელსაც არ უსარგებლია სეს-ის 1992წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით “1992წ. 1 აგვისტომდე დაცული დისერტაციების შესახებ” არის კასატორი ბ. ს.-ი.

საკასაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე უდავოდ დადგენილად სცნო, რომ ბ.ს.-მ 1992წ. 28 თებერვალს სსრკ მინისტრთა კაბინეტის 1989წ. 30 დეკემბრის ¹1186 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად თსუ ... ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც შემდგომში დასამტკიცებლად სსრკ “ვაკ”-ში არ გაიგზავნა.

ამასთან, ბ. ს.-ს არ უსარგებლია სეს-ის 1992წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი წესით და დისერტაცია არ დაუცავს გამარტივებული პროცედურით. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ბ. ს.-ის სარჩელის განხილვისას, მოპასუხე საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევდა, მაძიებლის მიერ დისერტაციის გამარტივებული პროცედურით დაცვას, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს უნდა აღუდგეს სეს-ის 1992წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი წესი დისერტაციის დაცვის შესახებ და უფლება უნდა მიეცეს სადოქტორო დისერტაცია დაიცვას გამარტივებული პროცედურით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ბ.ს.-ის მოთხოვნა სწავლულ ექსპერტთა საბჭოსათვის ... მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გაცემის დავალდებულების თაობაზე და უფლება მიეცემა კასატორს, დაიცვას სადოქტორო დისერტაცია გამარტივებული პროცედურით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. (გ.) ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ბ. (გ.) ს.-ის სარჩელი სწავლულ ექსპერტთა საბჭოსათვის ... მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გაცემის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ბ. (გ.) ს.-ს უფლება მიეცეს გამარტივებული პროცედურით სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.