3გ-ად-366-კ-02 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მ-ეებმა" სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “თ-სა” და მესამე პირის _ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ “თ-თან" ერთად განთავსებული იყო ..... ¹19-ში მდებარე სათავსში. აღნიშნულ მისამართზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით მათ მიერ გამოძებნილ იქნა თბილისის სასათბობო მეურნეობის ¹15 საქვაბის ტერიტორია და 1988წ. 1 სექტემბერს თბილისის აღმასკომის განკარგულებით “თ-ის” ¹2 სარემონტო სამშენებლო სამმართველოსთან ერთად გადაეცა ¹15 საქვაბის ტერიტორია. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქვაბის ტერიტორიაზე ითვლებოდნენ დამოუკიდებელ ობიექტად. თბილისის პირველი მაისის აღმასკომის 1986წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა კოოპერატივი “ქ-ი” და გატარდა რეგისტრაციაში, რომელიც შემდგომ გადაკეთდა სპს “მ-ეებად". 1988 წლიდან მოპასუხეს მათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, 1998 წელს კი სასამართლო აღმასრულებლის მიერ საზოგადოება გამოსახლებულ იქნა დაკავებული ტერიტორიიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მოპასუხეს 1996წ. 23 ოქტომბერს საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმებია თბილისის ქონების მართვის სამმართველოსთან, რის თაობაზე საზოგადოებისათვის არ უცნობებია. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება განხორციელებული იყო მოქმედი კანონდებლობის დარღვევით, ვინაიდან პრივატიზებულ იქნა სპს-ს მიერ დაკავებული 385 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, სადაც განლაგებული იყო მათი დანადგარები და მოწყობილობები. ამიტომ ითხოვდა მოპასუხესა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1996წ. 23 ოქტომბერს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, მათ მიერ დაკავებული 385 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ნაწილში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს “მ-ეებმა".
სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა მხარი დაიჭირა სააპელაციო საჩივარს, ამასთან დააზუსტა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამრთლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და “თ-ს" შორის 1996წ. 23 ოქტომბერს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით სპს “მ-ეების" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე ასოციაცია “თ-ის" სამმართველოს მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის და ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის 10 წლის ვადით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა 1996წ. 20 სექტემბრის ¹144 (321) გაზეთ “ ......-ში", რომელშიც მითითებული იყო საპრივატიზებო ობიექტის ღირებულება _ 39204 აშშ დოლარი და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ობიექტის შრომითი კოლექტივი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში თუ წარადგენდა განაცხადს ქონების იჯარით გამოსყიდვის უფლებით გადაცემის თაობაზე, აუქციონი აღარ ჩატარდებოდა.
თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის საიჯარო განცხადებების განმხილველ კომისიას “თ-ის" სამშენებლო სამმართველოს შრომითმა კოლექტივმა მიმართა 1996წ. 1 ოქტომბერს, რომლითაც ვალდებულებას იღებდა, გადაეხადა ობიექტის მთლიანი ღირებულების 10% _ 3920,4 აშშ დოლარის შესაბამისი კურსი ეროვნულ ვალუტაში ყოველწლიურად. ვინაიდან “თ-ის" სამშენებლო სამმართველოს შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილმა ამხანაგობამ საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან მე-12 დღეს მიმართა ქონების მართვის დეპარტამენტს, ანუ გამოიყენა უპირატესი უფლება ქონების იჯარით აღების თაობაზე კონკურსისა და აუქციონის თაობაზე, ამიტომ 1996წ. 23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტისა და “თ-ის" სამშენებლო სამმართველოს შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ..... ¹1-ში მდებარე “თ-ის" ბალანსზე რიცხული არასაცხოვრევბელი ფართისა და ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის, სულ 39240 აშშ დოლარის ღირებულების ქონების, იჯარით გადაცემის თაობაზე. ხელშკრულების ვადად განისაზღვრება 10 წელი, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საიჯარო ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმდა ნოტარიულად.
თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1999წ. 21 ნოემბრის ¹24-2824 ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ..... ქ. ¹1-ში მდებარე გაუქმებული საქვაბე ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988წ. 9 მარტის ¹344 განკარგულების საფუძველზე ირიცხებოდა “თ-ის" სამშენებლო სამმართველოს ბალანსზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საიჯარო ხელშეკრულება დადებული იყო “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555-1 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევით იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო შექმნილი განცხადებების განმხილველი კომისია და არც ზონარგაყრილი დავთარი იყო ნაწარმოები თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ. ვინაიდან “თ-ის სამშენებლო სამმართველოს შომითი კოლექტივის მიერ შექმნილმა დროებითმა ამხანაგობამ კი დებულებით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა განცხადება ქონების იჯარით გადაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა გაასხვისა უფლებრივად დატვირთული ნივთი იმ მოტივით, რომ გასხვისებული 1116 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან 385 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართს ხელშეკრულების დადებამდეც და მის შემდეგაც ფლობდნენ აპელანტები, ვინაიდან მათ მიერ არ იყო წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ქ თბილისში, ..... ქ. ¹1-ში მდებარე 385 კვ.მ არასაცხოვრეგელი ფართის შპს “მ-ეების" მიერ კანონიერად ფლობის ფაქტს დაადასტურებდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სპს “მ-ეების" მიერ საიჯარო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან თავისი უფლებების დარღვევის შესახებ სპს “მ-ეებს” უნდა შეეტყოთ ჯერ კიდვ 1996წ. 20 სექტემბერს, როდესაც ინფორმაცია გამოქვეყნდა ქ. თბილისში, ..... ქ. ¹1-ში მდებარე ასოციაცია “თ-ის" სამშენებლო სამმართველოს მიერ დაკავეული არასაცხოვრებელი ფართისა და ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის 10 წლის ვადით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასციო წესით გაასაჩივრა სპს “მ-ეებმა".
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია იჯარა-გამოსყიდვის უფლების თაობაზე გამოქვეყნდა გაზეთ “ .....-ში" და ამ დროიდან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული იყო, ვინაიდან იმ დროისათვის თბილისში 100 დასახელებაზე მეტი გაზეთი გამოდიოდა და ისინი ვალდებული არ იყვნენ, ყველა გაზეთი წაეკითხათ, მათთვის კი არავის არ უცნობებია.
კასატორს მიაჩნია, რომ მათ მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის, რის გამოც 1996წ. 23 ოქტომბრის ხელშეკრულება, როგორც უკანონო, უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. “სახელმწიფო ქონების იჯაროთ გაცემის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბის ¹555 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო მეიჯარისა და საფინანსო ორგანოს წარმომადგნელობისაგან ერთი წლის ვადით ქმნის განცხადებების განმხილველ კომისიას 5-7 წევრის შემადგენლობით, რომელიც ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად განცხადებებს რეგისტრაციას უკეთებს ზონარგაყრილ დავთარში. მოცემულ შემთხვევაში კი დარღვეული იყო ორივე მოთხოვნა;
2. დებულების მე-8 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება ჰქონდა საპრივატიზებო ობიექტზე მომუშავე ყველა თანამშრომელს. ვინაიდან სპს “მ-ეებს" 1998 წლიდან დაკავებული ჰქონდათ ფართი, ამიტომ მასაც პირდაპირი შესყიდვის უფლება ჰქონდა;
3. სკ-ს 533-ე მუხლის თანახმად გამქირავებელმა დამქირავებელს უნდა გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ვინაიდან ქონების მართვის სამმართველომ გადასცა “თ-ს" უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, ამიტომ გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;
4. საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არსებული ტექნიკური პასპორტის მიხედვით ხელშეკრულების გაფორმებისას მთლიანი შენობა ირიცხებოდა დიდუბის რაიონის საბინაო ტრესტის ბალანსზე და არა “თ-ის" ბალანსზე, როგორც სასამართლომ მიუთითა;
5. ხელშეკრულების გაფორმებამდე და მის შემდეგაც არასაცხორებელი 385 კვ.მ-ს ფლობდა სპს “და პრეტენზია არავის გამოუთქვამს;
6. ქონების მართვის სამმართველომ “თ-თან" ხელშეკრულების გაფორმებით იჯარა-გამოსყიდვის უფლების რეალიზაციის უფლება მოუსპო, ვინაიდან “თ-ის" შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის მიერ გაკეთებული განაცხადის შემდეგ შეწყვიტა გაცხადებების მღება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სპს “მ-ეების" საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21 მაისის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას სპს “მ-ეების" სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის თანახმად უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრებოდა 3 წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლი ადგენდა, რომ სასარჩელო ხადანაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევა. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹1-ში მდებარე ასოციაცია “თ-ის” სამმართველოს მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის და ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 10 წლით გაცემის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა 1996წ. 20 სექტემბერს ¹144 (321) გაზეთ “ ......-ში", ანუ ამ დროიდან სპს “მ-ეებს” უნდა შეეტყოთ თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას ... ქ. ¹1-ში მდებარე ასოციაცია “თ-ის” სამმართველოს მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის გამოსყიდვის უფლებით პრივატიზაციის კანონდარღვევით ჩატარების შესახებ და დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
თბილისის ¹2 სარემონტო-სამშნებლო სამმართველო დაფუძნებისთანავე შედიოდა სამშენებლო ტრესტ “თ-ში", რომელიც წარმოადგენდა თბილისის მერიასთან არსებულ სახელმწიფო გაერთიანებას. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 9 მარტის ¹344 განკარგულებით დაკმაყოფლდა ტრესტ “თ-ის" თხოვნა და ¹2 სარემონტო სამშენებლო სამმართველოს გადაეცა თბომეურნეობის სამმართველოს ¹15 გაუქმებული საქვაბე ლუბლიანას ქუჩაზე მიმდებარე ტერიტორიით. საქმეზე წარმოდგენილი შპს “თ-ის" წესდებით და დიდუბის რაიონის სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ შპს “თ-ი" წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საიჯარო საწარმო _ ასოციაცია “თ-ის" მე-2 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფლება-მოვალეობათა უფლებამონაცვლე საწარმოს.
საკასაციო პალატა არ იზაიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹344 განკარგულებით ¹2 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოსთან ერთად მასაც გამოეყო ..... ქ. ¹1-ში განთავსებული ¹15 საქვაბის ტერიტორია, ვინაიდან აღნიშნულ განკარგულებაში სპს “მ-ეები" მითითებული არ არის და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მითითებული, რადგან სპს “მ-ეები" შეიქმნა და რეგისტრაციაში გატარდა 1995წ. 31 დეკემბერს. ზემოაღნიშნულ განკარგულებაში ასევე მითითებული არ არის კოოპერატივი “ქ-ი”, რომელიც განკარგულების გამოცემის შემდეგ პირველი მაისის აღმასკომის 1988წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა, ამასთან, სპს “მ-ეების" წესდებით არ დასტურდება, რომ სპს წარმოადგენს კოოპერატივ “ქ-ის" უფლებამონაცვლეს. მარტოოდენ ის გარემოება, რომ კოოპერატივის და სპს დამფუძნებლები ერთი და იგივე ფიზიკური პირები არიან, არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეობის საფუძველს.
“სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად სახელმწიფო საწარმოს იჯარით გაცემისას ამავე საწარმოს თანამშრომლების მიერ შექმნილ ამხანაგობას უპირატესი უფლება ჰქონდა პირდაპირი, კონკურსისა და აუქციონის გარეშე აეღო ქონება იჯარით, თუ განცხადებას წარუდგენდა კომისიას საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. “თ-ის” ¹1 სამშენებლო-სამმართველოს შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილმა დროებითმა ამხანაგობამ ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა განცხადება ქონების იჯარით აღების შესახებ, რის გამოც ..... ¹1 ქუჩაზე მის ბალანსზე არსებული ფართის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლება მოიპოვა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს “თ-ის” მიერ წარდგენილი განაცხადის შემდეგ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების შეწყვეტით, შეილახა მისი უფლებები და მოესპო შესაძლებლობა, შეეძინა მის მიერ დაკავებული 385კგ.მ. საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, საწარმოს თანამშრომლების მიერ შექმნილ ამახანაგობას უფლება ჰქონდა პირდაპირ, კონკურსისა და აუქციონის გარეშე შეეძინათ იჯარა-გამოსყიდვის უფლება. სპს “მ-ეები" არ წარმოადგენდა “თ-ის" თანამშრომელს და იგი ქონების უპირატესი შესყიდვის უფლებით არ სარგებლობდა ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად, ხოლო ის გარემოება, რომ ქონების მართვის თბილისის სამმართველომ შპს “თ-ის” მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ შეწყვიტა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება, გამომდინარეობდა თვით დებულების ნორმათა მოთხოვნებიდან და არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კასატორისათვის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების შეძენის უფლების რეალიზაციის შეზღუდვა.
საქმეში არსებული მასალებითა და სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი საპრივატიზაციო საქმის გაცნობის საფუძველზე სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, 1996წ. 25 სექტემბერს შპს “თ-ს” და თბილისის სახელმწიფო ქონების სამმართველოს შორის 10 წლის ვადით გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სპს “მ-ეების" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.