3გ-ად-367-კ-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება; ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 აგვისტოს შპს “ს.-მ" სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 43,8987 ლარის, მიუღებელი შემოსავლის _ 19570 ლარის, მორალური ზიანის, 350000 ლარის, სულ _ 413444 ლარის ანაზღაურება. 2000წ. 10 ივლისს მოსარჩელის მიერ შეტანილ იქნა დაზუსტებული სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა ზარალის _ 43877 ლარის, მიუღებელი შემოსავლის _ 16672,5 ლარის, ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზარალის _ 21000 აშშ დოლარის, საგადასახადო ინსპექციის მიერ დარიცხული საურავების _ 32079,52 ლარის, ვალდებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანის _ 19570 ლარის, გადაცემისათვის “ე.-ი" მიუღებელი შემოსავლის _ 13067 აშშ დოლარის, მორალური ზიანის _ 20000 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების _ 4000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობამ" სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიყენებული ზიანის _ 89000 ლარის, ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის ლიმიტის დარღვევისათვის ჯარიმის _ 790760 ლარის, გადაცემების ეთერში არგაშვებისათვის _ 91600 ლარის, სულ _ 251360 ლარის გადახდის დაკისრება შპს “ს.-ს-თვის".
მოსარჩელე შპს სტუდია “ს.-ი" სარჩელს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: მხარეებს შორის 1998წ. 30 აგვისტოს დადებულ იქნა ¹504 ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, სტუდიას მოპასუხის, სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის", შეკვეთით უნდა მოემზადებინა სატელევიზიო გადაცემები, რომლებსაც მოპასუხე განათავსებდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროს. აღნიშნულისათვის მოპასუხეს ყოველთვიურად, 10 რიცხვამდე, უნდა გადაეხადა 7000 აშშ დოლარი (დღგს-ს ჩათვლით). მოსარჩელის განმარტებით, იგი ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მაგრამ მოპასუხემ დაარღვია მისი ვალდებულება და მხოლოდ ნაწილობრივ აუნაზღაურა პროდუქციის ღირებულება და ამიტომ სკ-ს 394-ე და 403-ე მუხლების თანახმად უნდა აუნაზღაურდეს 43877 ლარი, აღნიშნული თანხიდან სტუდია მიიღებდა შემოსავლის მინიმალურ საბანკო განაკვეთს _ თვეში 2%-ს, რაც 19 თვეში შეადგეს 16672,5 ლარს, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 3 თვით ადრე შეწყვეტით მას მიადგა 21000 აშშ დოლარის ზიანი (7000 აშშ დოლარიX3=21000 აშშ დოლარს), “საქტელერადიომაუწყებლობის" სახელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საგადასახადო ინსპექციის მიერ დარიცხულმა საურავებმა შეადგინა 32079,52 ლარი. განათლების სამინისტოსთან დადებულ ხელშეკრულებასთან წარმოშობილი ვალდებულების ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 19570 ლარი. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სტუდიის საავტორო უფლება, ხოლო უნებართვოდ წარმოებული გადაცემა _ “ე.-ი" _ წარმოადგენს კონტრაფაქტულ ეგზემპლარს, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო გადაცემის “ე.-ი" გამოყენებისათვის მიუღებელი შემოსავლის _ 13067 აშშ დოლარის გადახდა. სსკ-ს 53-ე მუხლის შესაბამისად შპს “ს.-ი" ასევე ითხოვდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის 4000 ლარის გადახდას.
სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობა" შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით: ხელშეკრულების თანახმად შპს “ს.-ს" უნდა შეესრულებინა 170000 ლარის ღირებულების სამუშაო. ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ იქნა მხოლოდ 111580 ლარის ღირებულების სამუშაო. სტუდია ხშირ შემთხევაში არ ამზადებდა გადაცემებს და არ აწვდიდა მას, ზოგჯერ კი შეთანხმების გარეშე ხსნიდა გადაცემებს, რის გამოც ტელევიზიას მიადგა ზიანი 89000 ლარის ოდენობით. გადაცემების ეთერში გაუსვლელეობის გამო ხელშეკრულების 4.3 მუხლის მიხედვით სტუდიამ ჯარიმის სახით უნდა გადაუხადოს 91600 ლარი. ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის თანახმად სტუდია ვალდებულია, დროის ლიმიტის დარღვევაზე გადაიხადოს ჯარიმა _ 2 ლარი _ ყოველ წამზე, სტუდიის მხრიდან გადაცილებულმა დრომ შეადგინა 353809 წამი, რაც ჯარიმის სახით შეადგენს 70760 ლარს, სულ სსიპ “საქტლეტერადიო-მაუწყებლობის"'სასარჩელო მოთხოვნამ შეადგინა 251390 ლარი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს სტუდია “ს.-ს" სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: მოპასუხე სსიპ “საქტელერადიო-მაუწყებლობას" დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 60549,50 ლარის გადახდა, კერძოდ, სახელშეკრულებო დავალიანების _ 43877 ლარის და საპროცენტო განაკვეთის _ 16672,50 ლარის გადახდა. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და 19570 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია წარმომადგენლის ხარჯების _ 4000 ლარის და გადაცემიდან “ე.-ი" დაკავშირებით 13067 აშშ დოლარის მოთხოვნა.
რაიონულმა სასამართლომ შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მოთხოვნის დაფუძნება მხოლოდ დაინტერესებულ ორგანიზაციაში შექმნილ დოკუმენტაციაზე არასაკმარისია და სარჩელში არ არის მითითებული თავად მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
რაიონული სასამართლოს გადაწყეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
შპს “ს.-მ" სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანში გაითვალისწინა მხოლოდ გადაუხდელი თანხა და არ იმსჯელა მოპასუხის ბრალით წარმოქმნილ დავალიანებაზე ბიუჯეტის მიმართ, რომლის საურავებმა შეადგინა 12980 ლარი, აგრეთვე უსაფუძვლოდ უთხრა უარი ზიანის, 17500 აშშ დოლარის, ანაზღაურების დაკისრებაზე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის, განათლების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების თანხა _ 19000 ლარი _ მან უნდა დააბრუნოს უკან, პირგასამტეხლოსთან _ 570 ლართან _ ერთად. ეს ვალდებულება კი მან მოპასუხის ბრალითE ვერ შეასრულა, რომელმაც მოხსნა შესაბამისი გადაცემები. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია წარმომადგენლის ხარჯების, 4000 ლარის, ანაზღაურებაზე უარის თქმა. სულ შპს “ს.-ს" სააპელაციო საჩივრის ფასმა შეადგინა 71550 ლარი.
სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობამ" სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მისთვის 43877 ლარისა და საპროცენტო განაკვეთის, 16672,5 ლარის, გადახდის დაკისრების ნაწილში და შეგებებული სარჩელის, 251360 ლარის, დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში ნაწილობრივ _ 72000 ლარის ფარგლებში. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას დავალიანების არსებობის თაობაზე, ვინაიდან 2000წ. 16 თებერვლის აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან ხელმოწერილად, რადგანაც მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, ასევე, თვიური 2% არ შეესაბამება რეალობასა და სებ-ის წლიური განაკვეთი შეადგენდა 14%-ს.
ამავე დროს აპელანტი მიუთითებდა, რომ სტუდიას ხელშეკრულების 4.3 მუხლის საფუძველზე ერიცხება ჯარიმა ეთერში გადაცემების არგასვლის გამო მისი მიზეზით, რაც შეადგენს 72000 ლარს და ითხოვს ამ თანხის შპს “ს.-სათვის" დაკისრებას.
მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინებით განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ: მოპასუხე სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობას" დაეკისრა შპს “ს.-ის" სასარგებლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 43877 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით _ 8336 ლარის (12%), ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო 17500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო შპს “ს.--ს" გადაცემა “ქ.-ის" ეთერში არგასვლის გამო (3 თვე _ იანვარი-თებერვალი-მარტი) ჯარიმის გადახდა 7200 ლარის ოდენობით სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ს.--ს" მიერ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება სრულყოფილად სრულდებოდა 1999წ. მარტის ჩათვლით. 1999წ. აპრილიდან “საქტელერადიომაუწყებლობა" არაჯეროვნად ასრულებდა ხელშე-კრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ადგილი ჰქონდა სტუდიის მიერ მიწოდებული გადაცემების I არხის ეთერში გაშვებას და არ ხდებოდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, რის გამოც “საქტელერადიომაუწყებლობას" უნდა დაეკისროს 43877 ლარის გადახდა სამოქალაქო სამართლის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რადგან ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სკ-ს 403.1 მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, “საქტელერადიომაუწყებლობამ" მიუღებელი შემოსავალის სახით სტუდიას უნდა გადაუხადოს წლიური 12%, რაც 8336 ლარს შეადგენს. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაზიარა შპს “ს.-ს" მოთხოვნა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში 17500 აშშ დოლარის ოდენობით და სკ-ს 407-ე მუხლის საფუძველზე “საქტელერადიომაუწყებლობას" დააკისრა აღნიშნული თანხის გადახდა.
შპს “ს.-ს" სარჩელი დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ “საქტელერადიომაუწყებლობის" შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელშკერულების 4.3 პუნქტის თანახმად გადაცემა “ქ.-ს" ეთერში სტუდიის მიზეზით არგასვლის გამო ამ უკანასკნელს დააკისრა ჯარიმის, 7200 ლარის, გადახდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის მოტივით.
სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ იქნა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ს.-მ" და სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობამ",
შპს “ს.-მ" საკასაციო საჩივრით მიმართა სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობისათვის" გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხასთან ერთად საგადასახადო სანქციებით გამოწვეული ზარალის, 12980 ლარის, განათლების სამინისტროდან მიუღებელი შემოსავლის _ 19570 ლარის, საპროცენტო განაკვეთის 24%-ით განსაზღვრა და ამ ნაწილში დამატებით 8336 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 7200 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში. კასატორი თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 2000-2001 წწ. არსებული საპროცენტო განაკვეთებით, რომელიც შეადგენდა 19%-ს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცენტო განაკვეთის 12%-ით განსაზღვრა უსაფუძვლოა და დაუსაბუთებულიც, რადგან არ არის მითითებული, 12% საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი, მინიმალური ზღვარი თუ სხვა რაიმე რიცხვია. მათ მიერ მოთხოვნილი 24% არის ზომიერი მაჩვენებელი და შეესაბამება სკ-ს 625-ე მუხლის მოთხოვნებს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა საგადასახადო სანქციებით გამოწვეული ზიანის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან “საქტელერადიომაუწყებლობის" მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევას და სკ-ს 394-ე მუხლი ითვალისწინებს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 411-ე მუხლი მიუღებელი შემოსულების საკითხის გადაწყვეტისას. მხარეთა შორის დადებული ¹504-ე ხელშეკრულების 22.2 პუნქტის თანახმად სტუდიას უფლება ჰქონდა დამოუკიდებლად დაედო ხელშეკრულებები მესამე პირებთან გადაცემების დაფინანსებასა და სპონსორობაზე. სკ-ს 52-ე და 337-ე მუხლების თანახმად ხელშეკრულების დებულებები უნდა განიმარტოს გონივრული განსჯის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ განათლების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მომზადებული გადაცემების სწორედ ეთერში განთავსება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გაადწყვეტილებას 7200 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სტუდიის მიერ 1999წ. იანვარ-მარტში კორპორაციისათვის მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადაცემა. ამავე დროს, ჯარიმის დარიცხვისას, ფაქტობრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ჯარიმა არ შეიძლება აღემატებოდეს ერთჯერად პირგასამტეხლოს _ 600 ლარს. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 369-ე მუხლი. კორპორაციამ გადახდა შეწყვიტა 1999წ. იანვრიდან და სტუდიას ზოგიერთი გადაცემის მიწოდებაც რომ შეეწყვიტა, ასეთ შემთხვევაში, კორპორაციას არ ჰქონდა ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
სსიპ “საქტელერადიომაუწყებლოპამ" საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო “საქტელერადიო-მაუწყებლობისათვის", შპს “ს.-ს" სასარგებლოდ 17500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში უარის თქმა, ასევე გადაწყვეტილების გაუქმება მათი სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და შპს “ს.-სთვის" “საქტელერადიომაუწყებლობის" სასარგებლოდ 64800 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს შორის დადებული ¹504 ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით მხარეებს უფლება ეძლეოდათ, ვადამდე შეეწყვიტათ ხელშეკრულება წერილობითი გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგ ამ პუნქტის საფუძველზე, სკ-ს 407-ე მუხლზე დაყრდნობით მათთვის ხელშეკრულების ვადამდე არშეწყვეტისათვის 17500 აშშ დოლარის დაკისრება უსაფუძვლოა.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ თავად სტუდიამ აღიარა სარჩელში მათი მხრიდან მხოლოდ 111580 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, როდესაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უნდა შეესრულებინა 170000 ლარის ღირებულების სამუშაო, ე.ი. სტუდიამ მათ დააკლო 58480 ლარის ღირებულების პროდუქცია.
ხელშეკრულების 4.3 მუხლის მიხედვით სტუდიის მიზეზით გადაცემის ეთერში გაუსვლელობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია, გადაიხადოს ჯარიმა _ 600 ლარი და მხოლოდ გადაცემის “დღე" მიუწოდებლობის გამო სტუდიას ჯარიმების სახით გადასახდელი აქვს 72000 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის 1998წ. 30 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს “საქტელერადიომაუწყებლობა" არაჯეროვნად ასრულებდა, არ ანაზღაურებდა შპს “ს.-ს" მიერ შესრულებულ სამუშაოს. საქმეში წარმოდგენილი 2000წ. 16 თებერვლის ურთიერთშედარების აქტის თანახმად “საქტელერადიომაუწყებლობის" დავალიანება სტუდიის მიმართ 2000წ. პირველი იანვრისათვის შეადგენდა 61065 ლარს, საიდანაც 17188 ლარი მას ჩამოეწერა საბანკო ანგარიშიდან შპს “ს.-ს" საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად. შესაბამისად, “საქტელერადიომაუწყებლობას" სკ-ს 361-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 43877 ლარის გადახდა შპს “ს.-ს" სასარგებლოდ
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გაზიარებული უნდა იქნეს შპს “ს.-ს" საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საპროცენტო განაკვეთის 24%-ით განსაზღვრის ნაწილში.
სკ-ს 625-ე მუხლის თანახმად, პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენლ ზღვრულ ოდენობასთან. საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო აუქციონის მონაცემებით საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 19%-ს და მხარის მიერ მოთხნოვილი 24% ზომიერ მაჩვენებლად უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართლის 403.1 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული (პროცენტი, ამიტომ სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობას" შპს “ს.-ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16672 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო შპს “ს.-ს” საკასაციო საჩივრის დანარჩენ მოთხოვნებს არ იზიარებს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა საქართველოს განათლების სამინისტროსა და მათ შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის გამო 19000 ლარისა და პირგასამტეხლოს, 570 ლარის, “საქტელერადიომაუწყებლობისათვის" დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მხარეთა შორის დადებულ ¹504 ხელშეკრულებასთან მას კავშირი არ აქვს. განათლების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს გადაცემის მომზადებას და არა მის ეთერში გაშვებას “საქტელერადიომაუწყებლობის" მეშვეობით. მასში ასევე მითითებულია გადაცემა “კ.-ი _ ახალი პროექტის" დამზადებაზე და არა გადაცემა “კ.-ზე". ამავე დროს ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანხმად ხელშეკრულება ძალაში შედის თანხის გადმორიცხვის დღიდან და მოქმედებს 3 თვის განმავლობაში. დადგენილია, რომ განათლების სამინისტროს მიერ თანხა გადარიცხულ იქნა 1999წ. 25 მაისს, ე.ი. სტუდიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა შეესრულებინა იმავეწ. 25 აგვისტომდე, როდესაც ¹504 ხელშეკრულება მოქმედებდა და ეთერში გადიოდა სტუდიის მიერ მიწოდებული გადაცემები. ამდენად, შპს “ს.-ს" საკასაციო მოთხოვნა “საქტელერადიო-მაუწყებლობისასთვის 19570 ლარის გადახდის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შპს “ს.-ს" მხრიდან საგადასახადო სანქციებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება მოსარჩელის ბიუჯეტისადმი დავალიანების თაობაზე, რაც დაადასტურებდა ჯერ თავად ამ ფაქტს და მეორეც, იმ გარემოებას, რომ საგადასახადო დავალიანება “საქტელერადიო-მაუწყებლობის" ბრალით არის არის წარმოქმნილი.
საკასაციო სასამართლო ასევე ნაწილობრივ იზიარებს სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანისათვის ამ უკანასკნელის მიერ 17500 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში, რადგან მხარეთა შორის დადებული ¹504 ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად მხარეებს უფლება ჰქონდათ, ვადამდე შეეწყვიტათ ხელშეკრულება წერილობითი გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგ. “საქტელერადიომაუწყებლობამ" 1999წ. 17 სექტემბრის ¹01/733 წერილით სტუდიას აცნობა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც სექტემბრის 01/742 წერილით კვლავ დაადასტურა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ პალატამ უსაფუძვლოდ დააკისრა კასატორს 17500 აშშ დოლარის გადახდა სკ-ს 407-ე მუხლის საფუძველზე.
ამავე დროს საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" საკასაციო საჩივარი 64800 ლარის სტუდიისათვის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სტუდიამ ვალდებულებათა შესრულება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც “საქტელერადიომაუწყებლობის" დავალიანებამ 1999წ. 1 მარტისათვის შეადგინა 60000 ლარი. სკ-ს 369-ე მუხლის თანახმად იმ პირს, რომელსაც ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება აკისრია, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტუდიას სრული უფლება ჰქონდა, მეორე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღარ მიეწოდებინა პროდუქცია დამკვეთისათვის.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე შეიძლება მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “ს.-ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს
ნაწილობრივ.
2. სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცო პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. შპს “ს.-ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
მოპასუხე სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობას" დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 43877 ლარის და მიუღებელ შემოსავლის სახით 16672 ლარის 24%, სულ 60549 ლარის გადახდა.
5. შპს “ს.-ს" სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
6. სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" შეგეგებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოსარჩელე შპს “ს.-ის" ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ჯარიმის სახით 7200 ლარის გადახდა სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის" სასარგებლოდ.
7. სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობას" შეგებებული სარჩელის დარჩენილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
8. დაეკისროს შპს “ს.-ს" სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3800 ლარის გადახდა.
9. დაეკისროს სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობას" სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.