გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-369-კ-02 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: მიწის გადასახადის შემცირება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს-მა" 1998 წელს შეისყიდა 1,7 ჰა მიწის ნაკვეთი ონის რაიონში, ს-ში. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს გადაცემული აქვს საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და ამ მიწის ნაკვეთის მიხედვით ხდება გადასახადის გაწერა.
შპს “ს-მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა ონის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მათ მიერ შესყიდული 1,7ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,7 ჰა 1991 წლიდან დაკავებული აქვთ საცხოვრებლად და პირუტყვის სადგომად მიწისძვრით დაზარალებულ ჩორდის ბარიტის მაღაროთა სამმართველოს მუშა-მოსამხურეებს, ხოლო შპს ფაქტიურად ფლობს 0,2 ჰა მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიწის გადასახადის შემცირება და გადასახადით დაბეგვრა მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ 0,2 ჰა მიწის ნაკვეთზე.
ონის რაიონული სასამართლოს 12.04.02წ. გადაწყევტილებით შპს “ს-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “ს-ის” მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.07.02წ. განჩინებით შპს “ს-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ს-მა" 1998 წელს შეისყიდა მიწის ნაკვეთი. სარჩელის შინაარსიდან და სასამართლოში მიცემული განმარტებიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელისათვის ნაკვეთის შესყიდვის დროს ცნობილი იყო ნაკვეთის გარკვეული ფართის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის მიერ დაკავების შესახებ. საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. ამავე კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთიტა, რომ ვინაიდან შპს “ს-ის" საკუთრებას წარმოადგენს 17723 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სწორედ ამ ფართობიდან და არა მის მიერ ფაქტორბივად დაკავეული მიწის ნაკვეთიდან უნდა გადაიხადოს შპს “ს-მა” გადასახადი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 23.07.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “ს-ის” დირექტორის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს “ს-ის” სახელით სასამართლო პროცეზე გამოსულ პირს არ გააჩნდა შპს “ს-ის” ინტერესების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. საოლქო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის მოთხოვნით ჩააბა საქმეში მესამე პირად სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “ს. ქ.”, არ დაუვალებია მისთვის შპს “ს-ის” ტერიტორიაზე ჩორდის ბარიტის მაღაროს თანამშრომლების ჩასახლებასთან დაკავშირებით ინფორნმაციის და სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, ასეთი ინფორმაციის წარმოდგენა სასამართლოს მიერ არც ონის რაიონის გამგეობისათვის დაუვალებია. სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა საქმე აპელანტის დაუსწრებლად, დაეყრდნო წარმომადგენლობის არ მქონე პირის მიერ მოცემულ ახსნა-განმარტებებს, არ გამოიკვლია საქმისათვის საჭირო დამატებითი მტკიცებულებანი, დაარღვია სასკ მე-4, მე-19, 261 მუხლების მოთხოვნები. საქმე განხილულ იქნა ერთ-ერთი მხარის _ აპელანტის დაუსწრებლად, გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ქმნის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფიძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატის 23.07.02წ. სხდომის ოქმის მიხედვით სასამართლო სხდომაში აპელანტის სახელით მონაწილეობა მიღებული აქვს არა აპელანტის _ შპს “ს-ის” წარმომადგენელს, არამედ წყალტუბოს სანატორიუმ “ს-ს” კომპლექსის წარმომადგენელს ჯ. დ-ეს. სსკ-ს 93-ე მუხლის თანახმად იურიდიული პირი საქმეს სასამართლოში აწარმოებს იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები შპს “ს-ის” სახელით შემოტანილი აქვს შპს-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, საზოგადოების დირექტორს მ. ბ-ეს. საქმეში არ მოიპოვება სსკ-ს 96-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ჯ. დ-ისათვის შპს “ს-ის” (ისევე როგორც თვით წყალტუბოს სანატორიუმ “ს-ს” კომპლექსის) წარმომადგენლობის უფლებამოსილების გამხორციელების რაიმე დამადასტურებელი საბუთი (მინდობილობა). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო დაეყრდნო წარმომადგენლობის უფლებამოსილების არ მქონე პირის ახსნა-განმარტებებს, შესაბამისად სასამართოს მიერ არ იქნა გამორკვეული სრულყოფილად საქმის გარემოებები.
განსახილველი დავის სრულყოფილი გადაწყვეტისათვის საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმეზე დავის საგნის, პროცესის მონაწილეთა სტატუსის დაზუსტებას. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარებოებაზე, რომ სასარჩელო განცხადების თანახმად შპს “ს-ისათვის” გამოყოფილი ნაკვეთის ნაწილი დაკავებული აქვთ 1991 წელს მიწისძვრისაგან დაზარალებულ პირებს, რომლებიც “კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” კანონის დარღვევით იყენებენ ნაკვეთის საცხოვრებლად და პირუტყვის სადგომად, შპს “ს-ი” შესყიდული ნაკვეთიდან სარგებლობს მხოლოდ ნაწილით. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად წერილობითი მიმართვისა რაიონის გამგეობასა და მიწის მართვის სამმართველოს მისთვის მიწის ნაკვეთი თავისუფალ მდგომარეობაში არ გადაუცია, ხოლო საგადასახადო ინსპექციას აწვდიან ცნობას მიწის გადახდის 1,7 ჰა ნაკვეთიდან გადახდის თაობაზე. მოსარჩელე ითხოვდა სათანადო აქტით გამოსყიდული მიწის ნაკვეთის ან რეალურად დაკავებული ნაკვეთის ნაწილის გადაცემას, ხოლო დანარჩენის გადმოცემას შესყიდული მიწის ნაკვეთის გათავისუფლების შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნით იყო განპირობებული მოპასუხედ ონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, ხოლო მესამე პირებად რაიონის გამგეობის და საგადასახადო ინსპექციის დასახელება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილვისას მოსარჩელემ მოითხოვა რეალურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ოდენობის შესაბამისი გადასახადის გადახდის დაკისრება ან მოსახლეობის კუთვნილი ტერიტორიიდან გასახლება. მიწისძვრით დაზარალებული პირების განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით შპს “ს-მა” მოითხოვა საქმეში ჰოლდინგური კომპანია “ს. ქ-ის” მესამე პირად ჩაბმა. აპელანტი “კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” 20.03.98წ. კანონზე მითითებით აღნიშნავდა სანიტარული დაცვის პირველ ზონაში მდებარე ტერიტორიის საცხოვრებლად გამოყენების დაუშვებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკეთუ შპს “ს-ის” მოთხოვნა მოიცავს ჩორდის ბარიტის მაღაროს თანამშრომლების მიწის ნაკვეთიდან გასახლების მოთხოვნას, საკასაციო პალატა სავალდებულოდ თვლის საქმის განხილვაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჩაბმას. ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ მიწის გადასახადის ოდენობის შემცირებაზე, არ დასმულა ონის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მოპასუხედ საქმეში ჩაბმის საკითხი. გაურკვეველია აგრეთვე ჰოლდინგური კომპანია “ს.ქ-ს” სტატუსი, რომელიც არ ყოფილა ჩაბმული საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუგზავნა კომპანიას გზავნილი და უწყება, თუმცა განჩინება კომპანიის საქმეში ჩაბმის შესახებ არ მიღებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.07.02წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასაამრთლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.