3გ-ად-370-კ-02 11 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილობა, აუქციონის შედეგების, ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 19 ოქტომბერს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ს.-მ" და მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1997წ. 25 ნოემბრის ¹1-3/728 ბრძანებით აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაავალა მათ ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზება. ამ უკანასკნელმა 1998წ. თებერვალში ჩაატარა აუქციონი, მყიდველად გამოაცხადა გ. მ.-ა და 1998წ. 16 მარტს მასთან გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო 17 მარტს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის 1959 წლიდან ცნობილი იყო დამწვარი ¹... ბაგა-ბაღის მათ ბალანსზე ყოფნის ფაქტი, რადგან იგი მონაწილეობდა უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში ამ ბაგა-ბაღთან დაკავშირებით ს.-ის 1995წ. 3 აპრილის ¹236 ბრძანების გაუქმების თაობაზე წარმოებულ სასამართლო სხდომებში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბაგა-ბაღი მათ ბალანსზე იმყოფებოდა და მთელი ქონება პირდაპირი წესით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით ჰქონდათ მიღებული. მიუხედავად ამისა, ქონების მართვის სამინისტრომ ისე გაყიდა მათ ბალანსზე რიცხული ქონება აუქციონზე, რომ მათ არაფერი გააგებინა. საიჯარო ხელშეკრულების 4.4. პუნქტში აღნიშნულია, რომ მოიჯარის'უფლებები საიჯარო ხელშეკრულებით აღებულ ქონებაზე დაცულია მესაკუთრის ტოლფასი უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ს.-მ" ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 25 ნოემბრის ¹1-3/728 ბრძანების, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1998წ. 10 თებერვალს ჩატარებული აუქციონის შედეგების, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გ. მ.-ს შორის 1998წ. 16 მარტს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და 1998წ. 17 მარტს გაცემული, საკუთრების დამადასტურებელი ¹1 მოწმობის ბათილად ცნობა.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ არ ცნო შპს “ს.-ის" სარჩელი და შეპასუხებაში აღნიშნა, რომ მათი წარმომადგენელი მართლაც მონაწილეობდა უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში ჩატარებულ პროცესში, მაგრამ საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა გაუქმდა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ გადაცემისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნებართვის არარსებობის მოტივით და არა იმიტომ, რომ საბავშვო ბაღი “ს.-ის" საკუთრებას წარმოადგენდა. თავად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა მის კანონიერ მფლობელობას ამ შენობაზე, ამავე დროს ქონების მართვის სამინისტრო არ იყო ვალდებული, ეცნობებინა შპს “ს.-ისათვის" აუქციონის ჩატარების შესახებ, ვინაიდან ეს ბაგა-ბაღი არ ფიგურირებს არც საპრივატიზაციო ქონების შეფასების აქტსა და არც შპს “ს.-ის" ტექნიკურ პასპორტებზე თანდართულ გენგეგმაში.
სარჩელი არ ცნო მესამე პირმა გ. მ.-მ, რომელმაც შესაგებელში აღნიშნა შემდეგი: მოსარჩელე წარმოადგენს არა მესაკუთრეს, არამედ _ გაურკვეველი ტიპის მოიჯარეს; სადავო ობიექტი არ შედის იმ ქონების სიაში, რომელიც იჯარით იქნა გადაცემული. ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დამწვარი ბაგა-ბაღის შენობა წარმოადგენს ცალკე კაპიტალურ შენობას და ნახაზის მიხედვით არ შეიძლებოდა, კავშირი ჰქონოდა იჯარით გაცემულ ქონებასთან.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 30 დეკემბრის ¹9 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 25 ნოემბრის ¹1-3/728 და აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 30 დეკემბრის ¹9 ბრძანებები. ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 10 თებერვლის აუქციონის შედეგების ოქმი, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გ. მ.-ს შორის 1998წ. 16 მარტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1998წ. 17 მარტის საკუთრების დამდასტურებელი ¹1 მოწმობა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მესამე პირმა გ. მ.-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა; გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სარჩელით მოსარჩელე შპს “ს.-" ითხოვს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 25 ნოემბრის ¹1-3/728 ბრძანების და აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 30 დეკემბრის ¹9 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ანუ სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ბ" პუნქტის შესაბამისად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელის საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ განიხილა არაგანსჯადი საქმე, რომელიც უნდა განეხილა პირველი ინსტანციით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით შპს “ს.-მ" მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. ¹1-3/728 ბრძანების, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 10 თებერვალს ჩატარებული აუქციონის შედეგების, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების სამინისტროს 1997წ. 30 დეკემბრის ¹9 ბრძანების, აფხაზეთის ა/რ სახელმწფო ქონების მართვის სამინისტროსა და გ. მ.-ას შორის 1998წ. 16 მარტს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და 1998წ. 17 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹1 მოწმობის ბათილად ცნობა.
სახელმწიფო ქონების სამინისტრომ სასამართლო კოლეგიას 2001წ. 10 დეკემბერს შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა 1995წ. 2 აგვისტოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციისა და ქაღალდისა და “ს.-ის” შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას დაირღვა “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 1994წ. 2 სექტემბრის ¹555-1-ს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც ქონების იჯარით გაცემის შესახებ, მათ შორის, გამოსყიდვის უფლებით, გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანო იმ დარგობრივ სამინისტროსთან ან უწყებასთან შეთანხმებით, როელსაც მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით გადაცემული აქვს ქონება ფლობისა და სარგებლობის უფლებით. მოცემულ შემთხვევში კი პირიქით მოხდა, სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის გადაწყვეტილება მიიღო დარგობრივმა უწყებამ და შეთანხმებულ იქნა ქონების მართვის სამინისტროსთან. მხარეებს შორის გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად საიჯარო ქირა შეადგენდა ქონების ღირებულების 10%-ს, 1996 წლიდან ქონების გამოსასყიდად გადახდილია 6301,41 ლარი, საიჯარო ქირის გამოსასყიდმა თანხამ შეადგინა 3996 ლარი, ხოლო 1998წ. 10 მარტიდან მოსარჩელეს არ გადაუხდია საიჯარო ქირა, რაც ხელშეკრულების 2.2. პუნქტის უხეში დარღვევაა. შპს “ს.-ის" დირექტორმა თ. ჯ.-მ ქვეიჯარით გასცა მთელი ქონება სამინისტროს დაუკითხავად და თანხები მიითვისა. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ითხოვა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.
სასამართლო კოლეგიის მიერ 2002წ. 27 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ს.-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი და 1995წ. 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციასა და ქაღალდისა და “ს.-ის” შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად ამ უკანასკნელმა სახელმწიფო ქონების საკუთრების პრივატიზების უფლება (აქციების გარდა) შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოს. ამდენად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გასაჩივრებული 1997წ. 25 ნოემბრის ¹1-3/728 ბრძანების გამოცემისას, რომლის 2.2 პუნქტით აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა რკინიგზის დეპარტამენტის მე-... ბაგა-ბაღის დამწვარი შენობის პრივატიზება, მოქმედება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. გასაჩივრებული ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენს უფლებათა დელეგირების თაობაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე. აღნიშული ბრძანების გამოცემის შემდეგ აფხაზეთის ქონების მართვის სამინისტრომ 1997წ. 30 დეკემბრის ¹9 ბრძანებით გამოაცხადა კონკურსი რკინიგზის ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზების თაობაზე და კონკურსში გამარჯვებულ მოქალაქე გ. მ.-ასთან 1998წ. 16 მარტს გააფრომა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ამდენად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და მის ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ გ. მ.-ა, რომელმაც გაიმარჯვა გამოცხადებულ კონკურსში, წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და მისი უფლებები დაცულია სკ-ით. კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციასა და ქაღალდისა და “ს.-ის” შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმებულ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ¹... ბაგა-ბაღი დაფიქსირებული არ არის და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან “მეიჯარის" 1995წ. 10 იანვარს ¹01-33(77) წერილით დადასტურებულია, რომ სადავო ბაგა-ბაღი მის ბალანსზე არ ირიცხებოდა და შესაბამისად, იგი არ შესულა იჯარით გადაცემულ ქონებაში. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა “რკინიგზის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის ნარჩენების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ" რკინიგზის დეპარტამენტის 1995წ. 3 აპრილის ¹226 ბრძანება, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვეტილება იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის (აღორძინების ფონდი) უსასყიდლოდ გადაცემა ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
სასამართლო კოლეგიამ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მოიჯარის, ქაღალდისა და “ს.-ის”, მიერ არ ყოფილა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად მოიჯარეს უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა გამოსასყიდი საიჯარო ქონების ღირებულების, ანუ 20919,3 აშშ დოლარის 10%, ხოლო გადახდილი აქვს ქონების გამოსასყიდი ღირებულებიდან 6301,41 ლარი და საიჯარო ქირა _ 399 ლარი. კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ შპს “ს.-ს", მიუხედავად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, არ გადაუფორმებია საიჯარო ხელშეკრულება. “იჯარის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და საიჯარო ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის შესაბამისად მეიჯარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ მოიჯარე არ იხდის საიჯარო ქირას ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.-მ" შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი აღნიშნავს, მეიჯარე მხარემ მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით იჯარის ქირის გადახდა გადაუვადა 2002წ. ბოლომდე. თავად ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, რომ ასეთი შეთანხმება არ იყო კანონსაწინააღმდეგო. საიჯარო ქირის გადაუხდელობა არ შეძლება გამხდარიყო ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, აღნიშნულ გარემოებას კი სასამართლო კოლეგიამ ყურადღება არ მიაქცია.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მათ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმებაზე უარი არ განუცხადებიათ, პირიქით, მათ 2002წ. 1 მარტის ¹72-1262/6-0 წინადადებაზე იმავე დღეს უპასუხეს, 11 მარტს გამოცხადნენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, მაგრამ სასამართლოში მიმდინარე დავის დამთავრებამდე თავად განაცხადეს უარი ხელშეკრულების გადაფორმებაზე. კასატორი თვლის, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის აღნიშნული ორივე მიზეზი არის დაუსაბუთებელი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1. ¹... სადავო ბაგა-ბაღი იმყოფებოდა მათ ბალანსზე (არამარტო ბაგა-ბაღი, არამედ _ მთელი შენობა), ისინი ერთ საძირკველზეა აშენებული და მათი საამქროები ბაგა-ბაღის ყოველი შენობის ქვეშ მდებარეობენ. საიჯარო ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებულია, რომ ბალანსზე რიცხული ქონება მათ იჯარით აიღეს;
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის ცნობილი იყო უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 8 მაისის გადაწყვეტილება, რომლის სამოტივაციო ნაწილის მე-2 გვერდის მეექვსე აბზაცში მითითებულია: “ჯერ ერთი, აღნიშნული შენობა ირიცხებოდა არა რკინიგზის დეპარატამენტის, არამედ _ მოსარჩელის სახელსა და მის ბალანსზე."
3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ...-ის ქ. ¹10/12-ში მდებარე მთლიანი შენობა ირიცხება ქაღალდისა და “ს.-ის” სახელზე;
4. “სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ"'მთავრობის 1995წ. 16 ივლისის ¹344 დადგენილების 2.1. პუნქტის თანახმად პრივატიზებამდე შენობა ექვემდებარებოდა სავალდებულო აღრიცხვას ტექინვენტარიზაციის ბიუროში. შესაბამისად, სამინისტროს სადავო შენობა რომ აღერიცხა ტექბიუროში, შეიტყობდა, რომ შენობა მათ ბალანსზე იყო;
5. შენობა მთლიანი საბალანსო ღირებულებით შესულია ქონების შეფასების აქტში, რომელსაც ახლავს ნახაზებიც. დამწვარი შენობის პირველი და მე-2 სართულები ნახაზში შეტანილია აღნიშვნით _ “დამწვარია”. შენობა იგივე ღირებულებით შეტანილია მიღება-ჩაბარების აქტში, სადაც ცალ-ცალკე არ არის გამოყოფილი ადმინისტრაცია, საამქროები და ყოფილი ¹... ბაგა-ბაღი;
6. მათ არ გაუსაჩივრებიათ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ უფლების დელეგირება, არამედ გაასაჩივრეს ის, თუ როგორი ქონება გადასცა სააპრივატიზაციოდ აფხაზეთის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.
7. სასამართლო კოლეგია ვერ გაერკვა სარჩელში მითითებულ მოთხოვნის არსში, მიიჩნია რა, რომ თითქოსდა კასატორი სადავო ბაგა-ბაღის შენობას საქართველო პოლიგრაფიისა და საგამომძიებლო საქმის სახელმწიფო კორპორაციის ბალანსზე მყოფ შენობად თვლიდა. პირიქით, ისინი ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ 1959 წლიდან სადავო ბაგა-ბაღის დამწვარი შენობა ირიცხებოდა მათ ბალანსზე.
კასატორი მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 1997წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით “რკინიგზის ყოფილი ¹... საბავშვო ბაღის შენობის ნარჩენების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ” რკინიგზის დეპარტამენტის 1995წ. 03 აპრილის ¹236-ე ბრძანების გაუქმების საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ გადაცემა ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ამავე გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ჯერ ერთი, აღნიშნული შენობა ირიცხებოდა არა რკინიგზის დეპარტამენტის, არამედ _ მოსარჩელის (ე.ი. “ს.-ის”) სახელზე და მის ბალანსზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ საქმეზე სრულად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, არ გამოიკვლია, თუ რა ფართობის იყო დამწვარი ბაგა-ბაღი და შედიოდა თუ არა ეს ფართობი კასატორისათვის იჯარით გაცემულ ფართში, მით უმეტეს, რომ ქონების შეფასების აქტზე დართულ ნახაზებში ბაგა-ბაღზე მითითებულია _ “დამწვარი”. ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტში შენობის მთლიანი ფართია აღნიშნული და არ არის გამოყოფილი ცალ-ცალკე საამქროები და სხვა დანიშნულების ფართები. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანისათვის, სასამართლო კოლეგიის მიერ კი არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ 1995წ. 2 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო კოლეგიის მიერ არ ყოფილა სრულად გამოკვლეული მხარეებს შორის არსებული შეთანხმება საიჯარო ქირის გადავადების შესახებ და ხელშეკრულების გადაფორმების გარემოებები. საკასაციო სასამართლო სხდომაზე ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გაფორმება მხარეთა შორის სწორად ამ სადავო ბაგა-ბაღის თაობაზე წარმოშობილი წინააღმდეგობების გამო არ მოხდა. თავად ის ფაქტი, რომ ქონების მართვის სამინისტრო თანახმა იყო ბაგა-ბაღის ფართის გამოკლებით გადაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება, მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელს საჯარო ქირასთან დაკავშირებით რაიმე სადავო არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საკითხები დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული და ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო კოლეგიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საჯარო ხელშეკრულების მხარეს ქონების მართვის სამინისტრო არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ იმსჯელა სადავო ფართის პრივატიზების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, რასაც თავის სარჩელში შპს “ს.-” ითხოვდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული და დადგენილი საქმეზე ფაქტობრივის გარემოებანი, ამიტომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე ვერ მიიღებს კანონშესაბამის გადაწყვეტილებას ზემოთ მითითებული გარემოებების
სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. ამდენად, სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.