¹ 3გ-ად-371-კ-02 29 იანვარი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 მაისს მ. ქ.-მ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საბაჟო «...-ის» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999წ. 22 ივნისს მ. ქ.-მ შეიძინა «გაზ-3110» მარკის ავტომანქანა ვოლგა, რომლის განბაჟებისას საბაჟო «...-ის» ადმინისტარციაში გადაახდევინეს 1596 ლარი და 74 თეთრი.
იგი თვლიდა, რომ დაირღვა მისი უფლებები, რის შესახებაც არაერთხელ მიმართა საბაჟო «...-ს» და საბაჟო დეპარტამენტს, მაგრამ _ უშედეგოდ. მოსარჩელემ სკ-ს 976-991-ე მუხლებზე მითითებით (უსაფუძვლო გამდიდრება) ითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ უკანონოდ გადახდილი კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება.
საბაჟო «...-მა» შეიტანა შესაგებელი აღნიშნულ სარჩელზე და მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997წ. 15 ივლისის ¹177 ბრძანების შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა და სარჩელზე პასუხსაც ის აგებდა.
2001წ. 21 ივნისის განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლომ საქმეში თანამოპასუხედ ჩააბა ფინანსთა სამინისტრო და 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მასვე დაეკისრა მ. ქ.-ს სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი 1596 ლარი და 74 თეთრის გადახდა.
ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან არ მიუღიათ ის საჭირო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997წ. 15 ივლისის ¹177 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად მათ დაავალდებულებდა აღნიშნული თანხის გადახდას, ამდენად, დაუდგენლად და მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნული თანხის გაცემა.
ქუთაისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე მ. ქ.-ს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომანქანა «ვაზ-3110-ის» განბაჟებისას საბაჟო «...-მა» ზედმეტად გადაახდევინა 1596 ლარი და 74 თეთრი. აღნიშნულს ადასტურებს საბაჟო «...-ის» მიერ 1999წ. 8 სექტემბერს გაცემული დასკვნა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საბაჟო ორგანოს მიერ ცენტრალური და ტერიტორიული ბიუჯეტიდან ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება დარეგულირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997წ. 15 ივლისის ¹177 ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საკასაციო საჩივრის მოტივაციას, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა გამოითხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი დოკუმენტები, მაგრამ დღემდე არ მიუღია, რის გამოც დაუდგენელია, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული თანხის გაცემა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის 1999წ. 20 სექტემბერს მ. ქ.-ს მიერ ავტომანქანის განბაჟებისას ზედმეტად გადახდილი თანხის შესახებ გაგზავნილი დოკუმენტების, კერძოდ, საბაჟო «...-ის» 1999წ. 22 ივლისის შედარების აქტის, საბაჟო «...-ის» დასკვნისა და საგადასახადო დავალების თავფურცელი ¹05-11/7036, რომელსაც ხელს აწერს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. მალაზონია. თავფურცელზე დასმულია სახელმწიფო სახაზინო სამსახურის შტამპი, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია სახაზინო სამსახურში შევიდა 1999წ. 21 სექტემბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების მიღების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997წ. 15 ივლისის ¹177 ბრძანების შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს მ. ქ.-სათვის უნდა დაებრუნებინა მის მიერ საბაჟო გადასახადის სახით ზედმეტად გადახდილი 1596 ლარი და 74 თეთრი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.