3გ-ად-373-კ-02 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საგარანტიო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს ბანკ “კ.-ისა" და მესამე პირის, სს “ბ.-ის" მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის _ 50000 აშშ დოლარის დაკისრება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებასა და საბანკო ანგარიშებისათვის ყადაღის დადება.
საბაჟო დეპარტამენტი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
1998წ. 3 თებერვალს სს ბანკი “კ.-ი" გადახდის გარანტად დაუდგა სს “ბ.-ს" საბაჟო გადასახდელის, 50000 აშშ დოლარის ოდენობით, სს “ბ.-ის" ტერიტორიაზე ღია ტიპის საბაჟო საწყობის შექმნასთან დაკავშირებით.
2000წ. 15 იანვარს ¹0084 სატვირთო საბაჟო დეკლარაციით თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო “რ.-მ" საბაჟო საწყობ “ბ.-ში" კონტოლზე აიყვანა ინდივიდუალური მეწარმე “თ.-ს" კუთვნილი 1097 ტონა ფქვილი 337604,25 ლარის ღირებულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინახებოდა ლიცენზირებულ საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს თანამშრომლების მიერ არაერთხელ იქნა შემოწმებული. მორიგი შემოწმების დროს, 2000წ. 17 ოქტომბერს, აღმოჩნდა, რომ საბაჟო ლუქი ¹006 დარღვეული იყო და საბაჟო საწყობში საქონელი არ იმყოფებოდა. პრინციპალის მიერ უხეშად დაირღვა საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტის, საბაჟო დეპარტამენტის 1999წ. 6 დეკემბრის ¹235 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობის დებულების" 23-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 116743,54 ლარის ზარალი.
საბაჟო დეპარტამენტმა რამდენჯერმე მიმართა სს ბანკ “კ.-ს", რათა საგარანტიო თანხა ჩაერიცხა თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო “რ.-ის" ანგარიშზე, მაგრამ გარანტმა თანხა არ აანაზღაურა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ბანკმა “კ.-მ", რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა და მიუთითა, რომ სს ბანკი “კ.-ი" 1999წ. 3 თებერვალს სს “ბ.-ს" საბაჟო გადასახდელების, 50000 აშშ დოლარის გადახდის გარანტად დაუდგა.
აღნიშნული გარანტია შეესაბამება საბაჟო დეპარტამენტის 1999წ. 6 დეკემბრის ¹235 ბრძანების მე-8 მუხლის “ბ" პუნქტის მოთხოვნას და მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საბაჟო საწყობ “ბ.-ს" საგადასახადო ვალდებულება არ წარმოშობია, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ საქონლის შენახვის მთელ პერიოდში საწყობის მფლობელი იხდიდა დადგენილ გადასახადებს საბაჟო კოდექსის 28.4 მუხლის მიხედვით და რომ ტვირთის მესაკუთრე, ინდივიდუალური მეწარმე “თ.-ც" უხდიდა ტვირთის გადასახადს საწყობის მფლობელ სს “ბ.-ს". აპელანტი მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით სს ბანკ “კ.-ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული იყო მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული მესამე პირის სს “ბ.-ის" მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვინაიდან სკ-ს 879-ე მუხლის თანახმად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი “გ.-ი" სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფეციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიცარის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და არც ადმინისტრაციული ორგანოს (კონკრეტულ შემთხვევაში _ “საბაჟო დეპარტამენტი") ადმინისტრაციული აქტით არ ყოფლა დადგენილი მესამე პირის, სს “ბ.-ის", ვალდებულება საბაჟო გადასახადის გადახდის შესახებ ინდივიდუალური მეწარმე “თ.-ს" კუთვნილი ტვირთის საბაჟო საწყობში მოთავსებასთან დაკავშირებით, ამიტომ გარანტს (ბანკ “კ.-ს") არ წარმოშობია ვალდებულება _ ბენეფიციარს გადაუხადოს პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი ფულადი თანხა. ასევე მიუთითა, რომ სკ-ს 886-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გ.-ს უფლება აქვს, ბენეფიციარის მოთხოვნა განიხილოს და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გ.-იის პირობებს და მიუთითა, რომ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 6 დეკემბრის ¹235 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობის შესახებ" დებულების VI თავის 36-ე მუხლის მიხედვით საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის თითოეული ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს საბაჟო საწყობში საქონელთან ერთად. IX თავის 48-ე მუხლის მიხედვით საბაჟო საწყობში საქონლის მოთავსებისას იგი რეგისტრირებულ უნდა იქნეს საწყობის მფლობელის სასაწყობო დოკუმენტში დადგენილი ფორმით, ხოლო 49-ე მუხლის მიხედვით საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია, თვეში ერთხელ წარუდგინოს საბაჟო ორგანოსა და საბაჟო დეპარტამენტს მორიგი ანგარიში შენახულ საქონელსა და მათი შენახვის ვადების შესახებ დადგენილი ფორმის მიხედვით. სს “ბ.-ის" საბაჟო საწყობის სააღრიცხვო ჟურნალის მიხედვით ინდივიდუალური მეწარმე “თ.-ს" ტვირთის მოთავსება საბაჟო საწყობში არ დასტურდებოდა, ტვირთის შენახვა-მოთავსებასთან დაკავშირებით მონაცემები არც საბაჟო დეპარტამენტში მოიპოვებოდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალური მეწარმე “თ.-ს" ტვირთის საბაჟო საწყობ “ბ.-ში" მოთავსების ფაქტი დადგენილად არ მიიჩნია და შესაბამისად უსაფუძვლოდ მიიჩნია გ.-ის მიმართ მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და არ შეაფასა შპს “ს.-ის" სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურის 2001წ. 5 ივლისის ცნობა, მიღება-ჩაბარების სამახსოვროები და სს “ბ.-ის" დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტება, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საბაჟო კოდექსი და საბაჟო დეპარტამენტის 1999წ. 6 დეკემბრის ¹235 ბრძანებითთ დამტკიცებული “საბაჟო საწყობის შესახებ" დებულება, რომლითაც დასტურდება პრინციპალის (სს “ბ.-ის") მიერ საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლისა და დებულების 23-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევების შესახებ და მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სკ-ს 879-ე მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი (გ.-ი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხადოს პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიცარს) ფულადი თანხა გადახდის შესახებ ბენეფიცარის წერილობითი მოთხოვნის საფუძვლით, ხოლო 886-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად “გ.-მ” ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს.
აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული რა პრინციპალის, საქმეზე მესამე პირად ჩართულ სს “ბ.-ის", მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა ბენეფიციარის (საბაჟო დეპარტამენტის) მიმართ, არც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და არც ადმინისტრაციული ორგანოს აქტით არ იყო დადგენილი პრინციპალის, სს “ბ.-ის", ვალდებულება საბაჟო გადასახადების შესახებ ინდმეწარმე “თ.-ს" კუთვნილი ტვირთის საბაჟო საწყობში მოთავსებასთან დაკავშირებით.
საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 6 დეკემბრის ¹235 ბრძანებით დამტკიცებული დებულება “საბაჟო საწყობის შესახებ" განსაზღვრავს საბაჟო საწყობში ტვირთის მოთავსების, აღრიცხვისა და კონტროლის წესებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ინდმეწარმე “თ.-ს" კუთვნილი ტვირთის მოთავსება საბაჟო საწყობ სს “ბ.-ში", რის გამოც ადგილი ჰქონდა სს “ბ.-ის" მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას და, შესაბამისად, გ.-ის მიმართ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარში მითითებული შპს “ს.-ის" სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურის 2001წ. 5 ივლისის წერილი, საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების “სამახსოვროები" და სს “ბ.-ის" დირექტორ დ. მ.-ის ახნსა-განმარტება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბაჟო დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან შპს “ს.-ის" ზემოაღნიშნული წერილის თანახმად “2000წ. იანვარში სადგურ თბილისი-სატვირთოს მიერ შპს “ბ.-ის" მისასვლელ ჩიხში ტვირთი გადაეცა ტვირთმიმღებ თ.-ს, რაც სასამართლოს აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინდმეწარმე “თ.-ს" ტვირთი საბაჟო საწობ სს “ბ.-ს" არ ჩაბარებია, ხოლო წარმოდგენილი მიმღებ-ჩამბარებლის “სამახსოვროებზე" მიწოდების ადგილი _ სს “ბ.-ი" _ გრაფაში არ არის სს “ბ.-ის" მიერ ხელმოწერილი და საზოგადოების ბეჭდით დადასტურებული.
სს “ბ.-ის" დირექტორის ახსნა-განმარტებით დადასტურებულია, რომ 2000წ. 1 თებერვალს მოქალაქე თ. ა.-ს იჯარით გადასცა სასაწყობო მეურნეობიდან 150კვ.მ. ამასვე ადასტურებს საქმეში არსებული ხელშეკრულება ¹8. 2000წ. იანვარში სასაწყობო მეურნეობის ფართის იჯარით გაცემის შესახებ კასატორს მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, საქმეში არსებული საბაჟო დეკლარაციის თანახმად ინდმეწარმე “თ.-ს" ტვირთი საბაჟო კონტროლიდან მოიხსნა და დეკლარაცია დაიხურა 2000წ. 15 იანვარს, ანუ 15 იანვარს ტვირთი შესანახად უკვე გადაცემული უნდა ყოფილიყო, რაც საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
საბაჟოO დეპარტამენტის სასარჩელო განცხადების თანახმად, საბაჟო ორგანოების მიერ არაერთხელ იყო შემოწმებული, რომ ინდმეწარმე “თ.-ს" ტვირთი ინახებოდა საბაჟო საწყობ სს “ბ.-ში" და მხოლოდ 2000წ. 17 ოქტომბრის მორიგი შემოწმებისას გაირკვა, რომ საბაჟო ლუქი დარღვეული იყო და ტვირთი საწყობში აღარ იმყოფებოდა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თვით საბაჟო დეპარტამენტის სატერმინალო მომსახურებისა და ინსპექტირების სამმართველოს მიერ 2000წ. 31 მაისს შემოწმდა საბაჟო საწყობ სს “ბ.-ის" კომპიუტერიზაციისა და კონტროლზე აყვანილი ტვირთის მდგომარეობის საკითხი.
შემოწმების აქტში დაფიქსირებულ საბაჟო საწყობში კონტროლზე აყვანილი ტვირთების ჩამონათვალში მითითებული არ არის ინდმეწარმე “თ.-ს" ტვირთი.
აღშინული გარემოებებიდან გამომდინარე, საკაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სს ბანკ “კ.-ს" არ წარმოშობია ბენეფიციარის წინაშე ვალდებულება პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვინაიდან თვით პრინციპალის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.