Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-374-კ-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: დანგრეული სახლთმფლობელობის აღდგენა და მოსარჩელეებისათვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.ქობულეთში, ..., ცხოვრობდა კასატორების მამიდა ზ. ო-ი-შ-ი, თავის მეუღლესთან ო. შ-ისთან ერთად. მათ აღნიშნულ მისამართზე გააჩნდათ ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 8 ოთახით, ცალკე სამზარეულო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 6792,8კვ.მ ფართით. 1930 წელს ო. შ-ი, ხოლო 1942 წელს ზ. ო-ი-შ-ი წავიდნენ თურქეთში, საიდანაც აღარ დაბრუნებულან. წასვლის წინ ზ. ო-იმ მთელი თავისი ქონება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, რეესტრის ¹228, 1942წ. 29 აპრილს დაუტოვა თავის დედას (კასატორების ბებიას) ფ. ი--უზუნ ო-ის, რის შემდეგაც ქონების მოვლა-პატრონობას ახორციელებდა ეს უკანასკნელი. 1944 წელს კასატორების მამა ა. ო-ი გადასახლებულ იქნა ყაზახეთში, საიდანაც დაბრუნების ნება დაერთო სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956წ. 28 აპრილის დადგენილებით. უკან დაბრუნების შემდეგ, მათი საცხოვრებელი სახლი დაკავებული აღმოჩნდა სხვა პირების მიერ. ვინაიდან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, მოსარჩელეების მშობლებმა და ბებიამ განცხადებით მიმართეს ქალაქის ხელმძღვანელობას ბინიდან გარეშე პირების გამოსახლებისა და მათთვის დაბრუნების თაობაზე. ქობულეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1961წ. 14 ივნისის წერილით ¹უ-3/1, გადაწყდა სადავო ბინიდან გარეშე პირების გამოსახლება და ბინის კასატორების ბებიაზე ჩაბარება. მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს ბინაში შესვლა, გარეშე პირების გამოუსახლებლობის გამო. 1962 წელს გარდაიცვალა კასატორების ბებია, ხოლო 1980 წელს მათი მამა, რის შემდეგაც დავა გააგრძელა მათმა დედამ. ქობულეთის სახალახო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983წ. 27 ივნისის ¹160 გადაწყვეტილებით სადავო სახლი მიჩნეული იქნა ავარიულ შენობად და გადაწყდა მისი დაშლა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილებებით კასატორები აღიარებული იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

2002წ. 25 აპრილს კასატორებმა ნ.კ-ემ, გ.ბ-ემ, ნ.მ-ემ და ი.ო-იმ სარჩელით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითეს, რომ მათმა ოჯახმა გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო დავა მამიდის სახლის დაბრუნების თაობაზე. დავა არ შეუწყვეტიათ სახლის დანგრევის შემდეგაც, მაგრამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნებოდნენ. სასამართლოში თავის დროზე სარჩელის შეტანა ვერ შეძლეს რეპრესიის შესახებ დოკუმენტების აღმოუჩენლობის, ხოლო შემდეგ ქვეყანაში არსებულ სიტუაციისა და მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო. მოსარჩელეებმა მოითხოვეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა იმის შესახებ, რომ ფ. ო-ი იყო მათი მამის დედა; ფ. ო-ი და ზ. ო-ი იყვნენ დედა-შვილი; ზ. ო-ი და ო. ო-ი იყვნენ ცოლ-ქმარი; სადავო სახლი წარმოადგენდა ზ. და ო. შ-ების საკუთრებას. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს დანგრეული სახლისა და დამხმარე ნაგებობის აღდგენა თავდაპირველ მდგომარეობაში, მიწის ნაკვეთთან ერთად მათთვის გადაცემა და ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიოდ ცნობა.

მოპასუხე ქ.ქობულეთის გამგეობამ არ ცნო სარჩელი დავის საგნის _ საცხოვრებელი სახლის არარებობის გამო. ამასთან მიუთითა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად რეპრესირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, ხოლო დაგრეული სახლის აღდგენასა და მიწის ნაკვეთთან ერთად დაბრუნების მოთხოვნაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ სახლის აღდგენასა და მიწის ნაკვეთის გადაცემაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 1961წ. 12 ივლისს ქობულეთის რაიონის საინვენტარიზაციო ბიუროში გეგმა-ნახაზი შედგა და რეესტრში გატარდა ... მდებარე სახლმფლობელობა, რომელიც მფლობელობაში გადაეცა ფ. ო-ი-ი-ს, მაგრამ 1962 წელს ფ. უ-ნ-ო-ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული სახლმფლობელობა არც მოსარჩელეებს და არც მათ მამას მემკვიდრეობით ან სხვა ფორმით საკუთრებაში არ გადასცემიათ და ფაქტობრივად სახლფლობელობა, მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, დარჩა მესაკუთრის გარეშე;

2) 1983 წელს ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით სადავო ავარიული სახლის დაშლის დროს, ამ სახლში ცხოვრობდნენ ა.სიდოროვა და ე.ჩერნოვა, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი გამოეყოთ არსებული ნორმების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პრეტენზიები სადავო სახლის მათთან შეთანხმებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაშლის თაობაზე, ვინაიდან სახლის დაშლის მომენტისათვის მოსარჩელეებს მასზე არავითარი სამართლებრივი უფლებები არ გააჩნდათ;

3) სააპელაციო პალატის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიცაა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, თითქოს მათმა დედამ 1985 წელს სახლმფლობელობის აღდგენაზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა მოსარჩელეთა არგუმენტები, თითქოს თავის დროზე სასამართლოში სარჩელი იმიტომ ვერ შეიტანეს, რომ ისინი ნამყოფი იყვნენ გადასახლებაში, რის გამოც ხელისუფლება მათზე ახდენდა ზეწოლას, ხოლო შემდეგ ქვეყანაში არსებული არეულობისა და სხვა მიზეზების გამო ვერ მოაგროვეს მტკიცებულებები. არც ძველი და არც 1997წ. სკ-ს ზემოაღნიშნულ გარემოებებს არ მიიჩნევს ისეთ საფუძვლად, რომლის გათვალისწინებითაც შეიძლება გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვალა. მოსარჩელეებს დარღვეული აქვთ 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, რის გამოც მათი მოთხოვნა, სააპელაციო პალატის აზრით, ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ მოსარჩელეები, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვდნენ გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ცნობას, დანგრეული სახლმფლობელობის აღდგენას და მიწის ნაკვეთთან ერთად მათ საკუთრებაში გადაცემას:

1) კასატორთა განმარტებით, სასამართლოში თავის დროზე სარჩელის შეუტანლობა მოხდა საპატიოდ, ვინაიდან მათ, როგორც გადასახლებაში მყოფებს, უარს ეუბნებოდნენ დოკუმენტების გაცემაზე, რასაც დაემატა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და სხვა ობიექტური მიზეზები. მათ მხოლოდ 1998 წელს შეძლეს რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და ზოგიერთი მტკიცებულების შეგროვება. კასატორები აღნიშნავენ, რომ არც ძველი და არც ახალი სკ-ს არ ითვალისწინებს იმ მიზეზების სრულ ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც ხანდაზმულობის ვადის გაშვება საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ეს საკითხი სასამართლოს შეფასების საგანია და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, მათ მიერ ვადის გაშვებაც საპატიოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული;

2) კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო ქონება მათი ბებიის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მესაკუთრის გარეშე, ვინაიდან იგი არც მოსარჩელეებსა და არც მათ მამას მემკვიდრეობით არ გადასცემიათ. კასატორთა გამარტებით, ვერც მათი ბებია, ვერც მათი მამა ვერ მიიღებდნენ ქონებას მემკვიდრეობით, რადგან მათ არ გააჩნდათ ცნობა თურქეთში წასული ქონების დამტოვებლის – ზ-ს ან მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ. მათი ოჯახისათვის იმ პერიოდში ასეთი ცნობის მიღება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, სახლის დაშლისა და აღების შემდეგ ამ ქონებამ შეწყვიტა ფიზიკური არსებობა, რამაც საბოლოოდ გამორიცხა სანოტარო წესით მისი მიღების შესაძლებლობა;

3) კასატორებს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა მესაკუთრის თანხმობის ან სასამართლოს მეშვეობით ქონების უპატრონოდ ცნობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება სახლის დაშლის თაობაზე. მოპასუხეს ზ. ო-რ-ო-ის ქონება თუ მიაჩნდა უპატრონოდ, მაშინ იგი ვალდებული იყო იმდროისათვის მოქმედი სსკ-ს 289-291-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლოში მოეთხოვა ქონების უპატრონოდ ცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა სახლის დანგრევა, რაც მას არ განუხორციელებია.

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ქობულეთის გამგეობას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნები, ვინაიდან მათ სასამართლოში ვერ წარმოადგინეს ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1961წ. დადგენილება სადავო სახლიდან გარეშე პირების გასახლებისა და ფ. ი-ო-უ-ნ ო-ისათვის ჩაბარების შესახებ. 1961წ. 12 ივლისის გეგმა-ნახაზში მითითებული მინდობილობა კი სახლის გადაცემის იურიდიულ საფუძვლად არ უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, კასატორებს გაშვებული აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან 1961 წლიდან 2002 წლამდე მათ სასამართლოში სადავო საკითხი არ დაუყენებიათ.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორებმა შეცვალეს მოთხოვნა და სსკ-ს 412-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. ამასთან მათ დამატებით წარმოადგინეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნების თ.წ-ისა და თ.გ-ს წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნული სადავო სახლის დაბრუნებაზე კასატორთა მამის ე.ს-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ-ის, გ.ბ-ის, ნ.მ-ისა და ი.ო-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ.ქობულეთში, ... ¹146-ში მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1942წ. 29 აპრილს გაფორმებული მინდობილობით გადაეცა კასატორების ბებიას, ფ. ი-ი-უზუნ ო-ის. კასატორებისა და მათი მშობლების ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1961წ. 12 ივლისს ქობულეთის რაიონის საინვენტარიზაციო ბიუროში შედგა გეგმა-ნახაზი და სადავო საცხოვრებელი სახლი მფლობელობაში გადაეცა ფ. ი-ი-უ-ნ ო-ის, რომელიც 1962წ. 4 ნოემბერს გარდაიცვალა. სადავო სახლთმფლობელობა არც კასატორებს და არც მათ მამას მემკვიდრეობით ან სხვა რაიმე სამართლებრივი უფლებით არ გადასცემიათ. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983წ. 27 ივნისის ¹160 გადაწყვეტილებით სადავო სახლი ავარიულ შენობად იქნა მიჩნეული და გადაწყდა მისი დაშლა, რაც იმავდროულად იქნა სისრულეში მოყვანილი. 2002წ. 25 აპრილს კასატორებმა სარჩელით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასთან ერთად მოითხოვეს ქობულეთში, ... დანგრეული სახლისა და დამხმარე ნაგებობის აღდგენა თავდაპირველ მდგომარეობაში და მიწის ნაკვეთთან ერთად მათთვის გადაცემა. კასატორებმა ასევე მოითხოვეს გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ცნობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, რადგან იმჟამად მოქმედი (1964წ.) სსკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის წარდგენამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, სარჩელზე უარის თქმის უდავო საფუძველს წარმოადგენდა. სადავო სახლმთფლობელობა დანგრეულ იქნა 1983 წელს, კასატორებმა კი სარჩელით აღძრეს 19 წლის შემდეგ, 2002 წელს და ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, საკასაციო სასამართლოს აზრით, არ შეიძლება ჩაითვალოს კასატორთა მიერ მითითებული არგუმენტები, რომ სარჩელის დროულად აღუძვრელობა განპირობებული იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლით (რადგან ისინი გადასახლებაში იყვნენ ნამყოფნი). გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძველს არც საქართველოში არსებული არეულობა, არც სათანადო მტკიცებულებების აღმოუჩენლობა და არც მძიმე ოჯახური მდგომარეობა წარმოადგენს.

საკასაციო საჩივრის განხილვისას კასატორების მიერ წარმოდგენილი იქნა ქობულეთის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნების თ.წ-ისა და თ.გ-ს წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომლებშიც მითითებულია, რომ კასატორთა მამას ე.ს-ეს აღძრული ჰქონდა სარჩელი ქობულეთის სახალხო სასამართლოში უკანონოდ დანგრეული სახლთმფლობელობის აღდგენის თაობაზე. აღნიშნული ახსნა-განმარტება, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს კასატორების მიერ გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს და არც იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მათი მამა ე.ს-ე იმჟამად მოქმედი სსკ-ს გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში დროულად დავობდა სახლმთფლობელობის დანგრევით გამოწველი უფლებების აღდგენის თაობაზე, რადგან 1983 წლიდან სარჩელის აღძვრამდე მოქმედი ძველი და ახალი სსკ-ს თანახმად, დარღვეული უფლებების შესახებ სასამართლოში დავის დამადასტურებელ უტყუარ პროცესუალურ მტკიცებულებას წარმოადგენს დაინტერესებული პირის სარჩელი ან სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, რაც კასატორებს არ წარმოუდგენიათ და არა სასამართლოს თანამშრომლის წერილობითი ახსნა-განმარტება. სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს: ”საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს სხდომის მდივნების ახსნა-განმარტება საკასაციო პალატას საკმარის მტკიცებულებად არ მიაჩნია და სრულად იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებას გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლასა და აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ-ის, გ.ბ-ის, ნ.მ-ისა და ი. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.