Facebook Twitter

3გ-ად-375-კ-02 11 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს «ზ.-ის” შრომითი კოლექტივის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ქ. ბათუმში, ... მდებარე 103,23კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან. მოსარჩლე თავისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით: 2001წ. 17 აგვისტოს გაზეთ «...-ის” ნომერში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიძინა ქ. ბათუმში, ... მდებარე 103,23 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროსა და მოსარჩლეს შორის 2001წ. 3 ოქტომბერს გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა 2001წ. 8 ოქტომბერს გასცა არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი ტექნიკური პასპორტი. მიუხედავად აღნიშნულისა, არასაცხოვრებელი ფართი დაკავებული იყო შპს «ზ.-ის” შრომითი კოლექტივის მიერ, რომელიც და მრავალგზის გაფრთხილებისა მიუხედავად ფართს არ ათავისუფლებდა, თუმცა საიჯარო ხელშეკრულების ვადა 4 თვის წინ იყო გასული.

სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართეს შპს «ზ.-ი”-ს თანამშრომლებმა: ო. ზ.-მ, ე. გ.-მ, ი. დ.-მ, რ. ბ.-მ, ი. და ლ. ზ.-ებმა მოპასუხეების: აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის და თ. მ.-ის მიმართ და მოითხოვეს აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თ. მ.-ს შორის 2001წ. 3 ოქტომბერს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2001წ. 8 ოქტომბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹182-ა ბათილად ცნობა. შპს «ზ.-ის” თანამშრომლები შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდნენ ქ. ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობასა და შპს «ზ.-ს” შორის 2001წ. იანვარში გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულებაზე, რომლის 8.1 პუნქტის თანახმად მოიჯარეს მიეცემოდა იმავე ფართის იჯარით მიღების უპირატესი უფლება თუ კეთილსინდისიერად შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ახალი მესაკუთრე უხეშად არღვევს მათი, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელის, უფლებებს.

ასევე აღნიშნავდნენ, რომ აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს მიერ არ იქნა გაზიარებული მათი მოთხოვნა, რომ მათ, ფართის კეთილსინდისიერ მფლობელებს, მისცემოდა პრივატიზებაში მონაწილეობის შესაძლებლობა და მიუთითებდნენ, რომ სკ-ს თანახმად იჯარის ხელშეკრულების მოშლა უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ფორმით. თუ დადგენილი წესით ხელშეკრულება არ მოიშლებოდა, ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს «ზ.-ის” თანამშრომლები გამოსახლდნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე თ. მ.-ის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართიდან.

შპს «ზ.-ის” თანამშრომლებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია თ. მ.-ზე მომხდარი იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ახალ მესაკუთრეს საჯარო ხელშეკრულების გაგრძელების ვალდებულება კანონმდებლობით არ ეკისრებოდა და იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შპს «ზ.-ის” თანამშრომლები უკანონოდ აგრძელებდნენ სადავო ფართით სარგებლობას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ 2002წ. 12 ივლისის სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. მ.-ის წარმომადგენელმა და სსკ-ს 268-ე მუხლის «ზ” პუნქტის შესაბამისად მოითხოვა 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. მ.-ის წარმომადგენლის განცხადება და დადგინდა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.

შპს «ზ.-ის” თანამშრომლებმა კერძო საჩივრით მიმართეს სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდებოდა იმგვარად, რომ ბათილად იქნებოდა ცნობილი აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თ. მ.-ს შორის 2001წ. 3 ოქტომბერს გაფორმებული ¹022 ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹182, ცვლილება შევიდოდა საჯარო რესტრში და აღდგებოდა თავდაპირველი მდგომარეობა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს განჩინებებით არ დაკმაყოფილდა შპს «ზ.-ის” თანამშრომლების სააპელაციო და კერძო საჩივრები და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 ივლსის გადაწყვეტილება და 12 ივლისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ზ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, დაკმაყოფილდება შპს «ზ.-ის” თანამშრომელთა შეგებებული სარჩელი. ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 12.08-02 განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც თ. მ.-ს დაეკისრება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებით მიყენებული ზიანის 20000 აშშ დოლარის გადახდა.

დამატებითი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ო. ზ.-მ, რომელშიც მიუთითა, რომ სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომლის თანახმად პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო ქონების იჯარით გამოსყიდვის ფორმით.

2. სასამართლომ არ იმსჯელა შეგებებულ სასარჩელო განცხადებაზე, რითაც დაარღვია სსკ-ს 189-ე მუხლის მითხოვნა.

3. გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების იურდიული საფუძვლის შემოწმება.

4. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მეიჯარე ან სხვა უფლებამოსილი პირი არ იყო ვალდებული, ეცნობებინა მეიჯარისათვის იჯრის საგნის გასხვისების შესახებ და არასწორად განმარტა სკ-ს 185-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენია.

5. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 563-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ქირავნობის შეწყვეტისათვის წერილობითი ფორმა არ უნდა გამოყენებულიყო.

6. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 572-ე მუხლი, რომლის მიხედვით იჯარის საგნის გასხვისებისას ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს. ასეთ შემთხვევაში ახალ მესაკუთრეს უნდა გაეფორმებინა ახალი იჯარის ხელშეკრულება, ანდა წერილობითი ფორმით შეეწყვიტა. შრომითი კოლექტივისათვის არავის უცნობებია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რის გამოც ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ გაგრძელებულად.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოთხოვნა და არ მიიღო ზომები მხარეთა მოსარიგებლად.

8. სასამართლომ არ იმსჯელა საქალაქო სასამართლოს 16.07.02 განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.

კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც თ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება და დაკმაყოფილდება შპს «ზ.-ის” თანამშრომელთა შეგებებული სარჩელი, ამასთან, ცვლილება შევა საჯარო რესტრში და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა. გადაწყვეტილებაში მიეთითება იმ გარემოებაზეც, რომ შპს «ზ.-ს” დაევალება მეიჯარეს საიჯარო ფართის საპრივატიზაციო ღირებულების გადახდა, რომლის საფუძველზეც მიიღებს ფართზე საკუთრების უფლებას და ფართი ჩაბარდება თავისუფალ მდგომარეობაში.

საქმის მოსმენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნული იყო 2003წ. 21 იანვარს. გამოცხადდა კასატორი ო. ზ.-ე, არ გამოცხადნენ მოწინაღმდეგე მხარეები, რის გამოც საქმის მოსმენა გადაიდო 2003წ. 6 თებერვლისთვის, რის შესახებაც გაფრთხილდა კასატორი ო. ზ.-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეებს სხდომის დრო ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2003წ. 6 თებერვალს სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის, თ. მ.-ის, ადვოკატი დ.თ.-ი. კასატორი, სხვა მხარეები კი არ გამოცხადნენ.

საკასაციო სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწლის თანახმად ადგილზე თათბირით დაადგინა საკასაციო საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძველიანობა და მიიჩნევს, რომ ო. ზ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, მითუმეტეს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოში დავის საგნის გადიდება დაუშვებელია, რის გამოც ვერ იმსჯელებს კასატორის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებით მიყენებული ზიანის _ 20000 აშშ დოლარის _ მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების და შპს «ზ.-ისათვის” საიჯარო ფართის საპრივატიზაციო ღირებულების გადახდის დავალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მიიღებს საკუთრების უფლებას და სადავო ფართი ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში, რადგან აღნიშნული მოთხოვნები წარმოდგენილი არ ყოფილა პირველ და სააპელაციო ინსტანციებში.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ იმსჯელებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს იმ განჩინებაზე, რომელიც მიღებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარზე, ვინაიდან სსკ-ს 419-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 103,23 კვ.მ-ის აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ «...-ში” 2001წ. 17 აგვისტოს. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 21 სექტემბრის ¹1-5/103 ბრძანებით დამტკიცდა სააუქციონო ვაჭრობის ოქმი ¹58, რომლის თანახმადაც 2001წ. 20 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა თ. მ.-ი, რომელმაც ობიექტის საწყისი ფასის _ 43150 ლარის _ ნაცვლად გამყიდველს შესთავაზა 44613 ლარი. მყიდველსა (თ. მ.-ი) და გამყიდველს შორის 2001წ. 3 ოქტომბერს გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო იმავეწ. 8 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹182-ა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია მომხდარია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, პრივატიზაცია განხორციელებულია ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოსაგან უფლებამოსილ სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს («სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), პრივატიზირება განხორციელებულია კანონით გათვალისწინებული აუქციონის ფორმით (მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები), საპრივატიზაციო ქონების საწყისი ფასი განსაზღვრულია საკონკურსო საწყისებზე (მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი), ინფორმაცია აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გამოქვეყნებულია პრივატიზებამდე ერთი თვით ადრე (9-ე მუხლის მე-2 პუნქტი), მყიდველსა და გამყიდველს შორის სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის მე-10 მუხლის გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მეიჯარეს (ახალ მესაკუთრეს) ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად ევალებოდა შპს «ზ.-სთან” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად მოიჯარეს ჰქონდა ფართის იჯარის მიღების უპირატესი უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საიჯარო ფართის იჯარით გაცემის შემთხვევაში მოიჯარეს ჰქონდა იჯარის უფლების მიღების უპირატესი უფლება. საქმეში არსებული მასალებით არანაირად არ დასტურდება რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართი სხვა პირზე გაიცა იჯარის უფლებით და არ იქნა გათვალისწინებული შპს «ზ.-ის” იჯარის მიღების უპირატესი უფლება.

საკასაციო სასამართლო ასევე, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების თაობაზე ქონების მესაკუთრეს პერსონალურად უნდა ეცნობებინა მოიჯარისათვის იჯარის უფლებით დატვირთული ქონების გაყიდვის თაობაზე, ვინაიდან პრივატიზების თაობაზე განცხადება გამოქვეყნებული იყო გაზეთ «...-ში”, ანუ დაცული იყო «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საიჯარო ხელშეკრულება ახალ მეიჯარესთან დადებულად ითვლებოდა, ვინაიდან წერილობითი ფორმით მათ შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, ვინაიდან სკ-ს 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, ხოლო ამავე კოდექსის 559-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ქირავნობის ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. საქმეში არსებული ქ. ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობასა და ო. ზ.-ეს შორის 2001წ. 1 იანვრის ხელშეკრულების ¹27 მე-4 მუხლის თანახმად საიჯარო ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 12 თვეს (2001წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 იანვრამდე) და მე-7 მუხლის 7.2. პუნქტის თანახმად ხელშეკრულება წყდებოდა ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა საიჯარო ვადის გასვლის შედეგად. სკ-ს 572-ე მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავლებისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავლებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებები და მოვალეობები. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ახალ მესაკუთრეზე, საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები გადავიდა 2001წ. 8 ოქტომბრიდან, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, 2002წ. 1 იანვრამდე. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე რომ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მეიჯარემ რაიმე სახით დაარღვია საიჯარო ხელშეკრულების პირობები.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ზ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს განჩინება.

3. ო. ზ.-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.