3გ-ად-377-კ-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 იანვარს სს “პ.-მ" თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ სარჩელი აღძრა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 14 აგვისტოს ¹101 ბრძანებისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001წ. აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით ითხოვდა: “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ფასების სახელმწიფო ინსპექციის პრეროგატივას წარმოადგენს რეგულირებადი ფასის გამოყენების დაცვა მეწარმე სუბიექტის მიერ ენერგეტიკულ სექტორში მთლიანად და მათ შორის დისპეჩერიზაციაზეც, რასაც სს “პ.-ი" ახორციელებს. რეგულირებად ფასს (ტარიფს) ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს. აღნიშნული უწყება ახორციელებს აგრეთვე სათანადო საქმიანობაზე ლიცენზირების გაცემას და ფასების სახელმწიფო ინსპექციას უფლება აქვს შეამოწმოს “პ.-ის" მიერ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების გამოყენება _ არგამოყენების ფაქტიური მდგომარეობა და იმ შემთხვევაში თუ იგი მიიჩნევს, რომ სემეკმა არასწორად დააწესა ტარიფი - კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სემეკის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი და მოითხოვოს მისი გაუქმება ან ბათილად ცნობა. ასეთი სამართლებრივი აქტის გაუქმებამდე ან ბათილობამდე კი სემეკის ადმინისტრაციული აქტი სავალდებულოა ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებული მეწარმე სუბიექტისათვის, მათ შორის სს “პ.-ისათვის" და მისი არშესრულების უფლება არ გააჩნია. შემოწმების აქტში მართებულადაა დაფიქსირებული, რომ სს “პ.-მ" ლიცენზია აიღო 1998 წელს სემეკის 1998წ. 28 აპრილის ¹16 გადაწყვეტილებით. ამ პერიოდიდან დაიწყო ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობაც.
მოსარჩელე არ დაეთანხმა ფასების სახელმწიფო ინსპექციის დასკვნას, რომ 1997, 1998 და 1999 წლებში მიღებული შემოსავალი განხილულ უნდა იქნეს, როგორც უკანონო შემოსავალი, ვინაიდან ამ პერიოდში დისპეჩერულ მომსახურებას ახორციელებდა “ს.-ო". სს “პ.-ი" მხოლოდ სისტემათა შორის გადადინების მონიტორინგს ასრულებდა და, ბუნებრივია, დისპეჩერული მომსახურებისათვის საფასური არც მიუღია და ვერც მიიღებდა.
ფასების სახელმწიფო ინსპექცია ვერ გაერკვა, რომ სს “პ.-ი" წარმოადგენს რა მეწარმე სუბიექტს, მისი საქმიანობა “ელექტროენერგეტიკისა" და “ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონებით რეგულირდება. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისიად კი სამეწარმეო საქმიანობა წარმოადგენს მოგების მიზნით არაერთჯერად ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის შესაბამისად საწარმო უნდა იყოს რენტაბელური.
დაფუძნებული საწარმოსადმი დამფუძნებლების მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფინანსური და ეკონომიკური დახმარება წარმოადგენს მათ უფლებას და არა ვალდებულებას, ვინაიდან დაფუძნებულ იქნა საწარმო და არა საქველმოქმედო ფონდი.
მოპასუხე მხარემ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელმწიფო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა:
“ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად ფასების სახელმწიფო ინსპექციის ფუნქციას ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლი წარმოადგენს, შესაბამისად ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დამრღვევი მეწარმეების მიმართ იგი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ეკონომიკური სანქციები. სწორედ კანონმდებლობის დარღვევები იქნა დაფიქსირებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ 2001წ. აპრილის თვეში შედგენილ აქტში. კერძოდ, სს “პ.-მ" არ მიაწოდა რა სემეკს სრულყოფილი ინფორმაცია, რასაც ითვალსიწინებდა სემეკის 1998წ. 1 ივლისის ¹3 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის ტარიფის მეთოდოლოგია, დადგენის წესები და პროცედურები", ამიტომაც ინფორმაციის არასრულყოფილი ფორმით მიწოდება გახდა დისპეჩერიზაციის მაღალი ტარიფის დადგენის საფუძველი, რის გამოც საქართველოს მომხმარებლები იხდიან სხვა ქვეყნების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. სს “პ.-ის" აღნიშნული ქმედება კი დაფიქსირდა როგორც სს “პ.-ის" მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევა.
“ელექტროენერგეტიკის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან, ანუ 1997წ. 1 აგვისტოდან სს “პ.-ი" ვალდებული იყო აეღო სათანადო ლიცენზია განხორციელებულ მომსახურებაზე, ვინაიდან კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად “ამ კანონის ამოქმედების დროიდან ყველა პირი, რომლის საქმიანობაც ამ კანონით ექვემდებარება ლიცენზირებას, იღებს შუალედურ ლიცენზიას ორი წლის ვადით". სს “პ.-ის" მიერ შუალედური ლიცენზია აღებულ იქნა 1999წ. 28 აპრილს. ამ პერიოდამდე კი “პ.-ი" დისპეჩერულ მომსახურებას აწარმოებდა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ხოლო ის გარემოება, რომ იგი ნამდვილად დისპეჩერულ მომსახურებას ეწეოდა, დადასტურებულია სადამფუძნებლო და სახელშეკრულებო დოკუმენტებით. სს “პ.-ის" წესდების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტით _ აქციონერები ვალდებულნი არიან დაიცვან: 1) დამფუძნებელი დოკუმენტაციის დებულებები; 2) გაიღონ გადასახადები დამფუძნებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული ოდენობითა და წესებით. ძირითადად დამფუძნებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ხელშეკრულება, რომელიც მიღებულ იქნა აქციონერთა კრების მიერ 1994წ. 9 ივნისს ქალაქ მოსკოვში, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებული იყო სს “პ.-ის" ფუნქციონირებასთან უნდა ანაზღაურებულიყო შემდეგი წილობრივი პროპორციით: 45% აენაზღაურებინა “რ.-ს", 20% _ ა.-ს და 20% საქენერგოს, მაშინ, როდესაც სს “პ.-ის" ხელმძღვანელობამ ამ დანახარჯების მთლიანი 100% ანაზღაურება სემეკის 1999წ. 31 მაისის ¹1 დადგენილებით დააკისრა საქართველოს მოსახლეობას.
მესამე პირმა _ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექცია გასცდა თავის კომპეტენციას. როგორც ცნობილია, საგადასახადო ინსპექციისა და კონტროლის პალატის მიერაც შემოწმებულ იქნა მოსარჩელე და ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ მოსარჩელის შემოწმებისას დარღვეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹59 ბრძანებულება “პირველი რიგის ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ", რომელიც ითვალისწინებდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ შემოწმება უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც შემოწმებულ ობიექტს გადაეცემა მისი უფლებამოსილების განმარტების შესაბამისი დოკუმენტი.
მესამე პირმა _ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და დაეთანხმა შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ყველა იმ დარღვევას, რომელიც შემმოწმებლებმა სს “პ.-ის" შემოწმების დროს აღმოაჩინეს. რაც შეეხება სამინისტროს 2001წ. 14 აგვისტოს ¹101 ბრძანებას, იგი გამოცემულია მოქმედი კანომდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით სს “პ.-ის" სარჩელი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრონის სამინისტროს 2001წ. 14 აგვისტოს ¹101 ბრძანებისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001წ. შემოწმების აქტი, სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი სამართლებრივ შედეგს წარმოშობს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით _ ბრძანების დამტკიცების შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს “პ.-მ" საკასაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. ¹101 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მართალია, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეთა შორის ფორმალურად არ არის დასახელებული, მაგრამ, ფაქტობრივად, სასარჩელო მოთხოვნას აღნიშნული სამინისტროს 2001წ. ¹101 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლოს ორივე სხდომაზე მოსარჩელის მიერ ცალსახად იქნა დაფიქსირებული, რომ ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მოპასუხედ უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული და არა მესამე პირად.
კასატორის მითითებით, საქმის განხილვის პროცესში ცალსახად გამოიკვეთა ფასებისა და ფასწარმოქმნის სახელმწიფო კომისიის მიერ სს “პ.-ის" შემოწმების აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოცემული ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. ¹101 ბრძანების უკანონობა, რადგან ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტს, 53-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს “პ.-ის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 85-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლომ იმ წესითა და პროცედურით არ განიხილა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის საკითხი, როგორც ამას ზემოთ მითითებული ნორმა ითვალისწინებს, კერძოდ, “თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე".
არასათანადო მხარის შეცვლა მიზანშეწონილია განხორციელდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საოლქო სასამართლომ 2002წ. 14 მაისის განჩინებით თავისი ინიციატივით ისე ჩააბა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, რომ არ უმსჯელია არასათადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, მაშინ, როცა მოსარჩელე სს “პ.-ი" სასარჩელო განცხადებით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 14 აგვისტოს ¹101 ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “პ.-ის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს მე-12 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “პ.-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.