3გ-ად-378-კ-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ჯ.-ს" მიმართ და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და შპს “ჯ.-ს" შორის 1999წ. 18 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის საიჯარო ქირის, 12959,78 ლარის, დაკისრება.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
შპს “ჯ.-ა" რეგისტრაციაში გატარდა 1995წ. 24 თებერვალს. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1995წ. 27 აპრილის დადგენილებით მას გადაეცა 2612 ჰა ... საძოვარი და დაევალა საძოვრით სარგებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა საიჯარო გადასახადი 1 ჰა-ზე 1,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტა, 1995-1996 წლებში განმავლობაში მას საძოვრებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა არ გადაუხდია, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება გადაუხდელი გადასახადის სახით _ 3620 ლარი და მასზე დაერიცხა საურავი _ 90 ლარი, 1997 წელს მოპასუხეს დაერიცხა ძირითადი გადასახდი _ 3735 ლარი. შპს “ჯ.-მ" ადგილობრივ ბიუჯეტში შეიტანა 3150 ლარი, მაგრამ გადახდის დაგვიანებისათვის მას დაერიცხა საუარავი _ 1227 ლარი. 1997წ. ნარჩენმა დავალიანებამ შეადგინა 1812 ლარი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1995-1998 წლების განმავლობაში მოპასუხეს დაერიცხა ძირითადი გადასახადი _ 5856 ლარი და საურავი _ 4181 ლარი, სულ 1998წ. ნარჩენმა დავალიანებამ შეადგინა 7223 ლარი.
1999წ. 18 მარტს ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და შპს “ჯ.-ს" შორის ათი წ. ვადით დაიდო 2612 ჰა მთის საზაფხულო საძოვარზე იჯარის ხელშეკრულება. 1999წ. პერიოდში საძოვრით სარგებლობისათვის მოპასუხე მხარეს დაერიცხა 7836 ლარის ოდენობის გადასახადი, საიდანაც მან გადაიხადა 3700 ლარი. საბოლოოდ, შპს “ჯ.-ს" მიერ გადაუხდელმა დავალიანებამ შეადგინა 12959,79 ლარი.
ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს სისტემატურად ჰქონდა მიწით სარგებლობის გადასახადის დავალიანება, 1999წ. 10 მარტის ¹2/33 დადგენილებით დაამტკიცა მიწის იჯარით მიმაგრების მუდმივმოქმედი რაიონული კომისიის 1997წ. 7 აპრილის დადგენილება (ოქმი ¹24) და 2162 ჰა მთის საზაფხულო საძოვარი, ნაცვლად 10 წლისა, შპს “ჯ.-ს" მიამაგრა ერთი წლის ვადით.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია მათ შორის, დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ" ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც მეიჯარეს უფლება აქვს, იჯარის ვადის გასვლამდე შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება, თუ მეიჯარე არ იხდის იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში.
სარჩელში ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად ასევე მითითებული იყო, რომ მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული 2612 ჰა მთის საზაფხულო საძოვრები მდებარეობს 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში. “საქართვლოს სახელწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად სასაზღვრო ზოლში აკრძაულულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატამენტმა 1999წ. 2 აგვისტოს ¹432 წერილით მიმართა ლაგოდეხის რაიონის გამგეობას, სადაც აღნიშნავდა, რომ შპს “ჯ.-ს" მიერ იჯარით აღებულ საზაფხულო მთის საძოვრებზე მყოფი მეცხვარეები სისტემატურად არღვევდნენ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმს, რაც სერიოზულ გართულებებს უქმნიდა მესაზღვრეებს, ვინაიდან მეცხვარეთა დიდ ნაწილს არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.
საბოლოოდ, ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ სარჩელით მოითხოვა შპს “ჯ.-სთან" 1999წ. 18 მარტს დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება და მისთვის 12959,79 ლარის გადახდის დაკისრება.
საქმის არსებითად განხილვამდე ლაგოდეხის რაიონის სასამართლოს 2000წ. 14 აპრილს განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციამ და მოითხოვა შპს “ჯ.-ს" მიმართ გადასახადის გამარტივებული წესით გადახდის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ იმ მოტივით, რომ საქმე უნდა განხილულიყო სსკ-ს 178-ე მუხლის საფუძველზე, განცხადება დატოვა განუხილველად. სასამართლოს 2000წ. 5 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ლაგოდეხის რაიონის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის სასარჩელო განცხადება მოპასუხე შპს “ჯ.-ს" მიმართ, რომელიც გააერთიანა იმავე მოპასუხის მიმართ ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სარჩელის საფუძველზე აღძრულ საქმესთან.
ლაგოდეხის რაიონის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო შემდეგი გარემოებებით:
მოპასუხე მხარეს საძოვრებით სარგებლობისთვის 1998წ. 1 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა მიწის გადასახადი 3356 ლარის ოდენობით; გადაუხდელობის გამო 1999წ. 15 ნოემბრისათვის თანხის ოდენობა გაიზარდა 9142 ლარით და საბოლოოდ, მოპასუხე მხარის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 12692 ლარი. დროულად გადაუხდელობის გამო ამ თანხას დაერიცხა საურავი _ 1147 ლარი. 2000წ. 1 აპრილისათვის გადასახადის ოდენობამ შეადგინა 1385 ლარი, მოპასუხეს 1997წ. 10 ივლისისათვის ერიცხებოდა, აგრეთვე, დამატებითი ღირებულების გადასახადი _ 125 ლარი, 1998წ. 20 ივლისისათვის კი _ 525 ლარი, სულ _ 650 ლარი. ამ თანხას დაერიცხა საურავი 961 ლარი, რის შემდეგაც დღგს დავალიანებამ და საურავის საერთო თანხამ შეადგინა 1611 ლარი. საბოლოოდ, დავალიანების საერთო თანხამ შეადგინა 15456 (13845+1611=15456) ლარი. 1999წ. 25 ნოემბერს მოპასუხეს ჩაბარდა საგადასახადო გაფრთხილება ¹27, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვამდე მოსარჩელე მხარე ლაგოდეხის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ გაზარდა სარჩელის მოთხოვნა. კერძოდ, წარადგინა დამატებითი სარჩელი, რომელშიც აღნიშნული იყო შემდეგი: რომ სარჩელის შემოტანის შემდეგ მიწის მართვის სამმართველოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გაირკვა, რომ მოპასუხე შპს “ჯ.-ს" ძირითადი თანხის გარდა ერიცხებოდა 1994წ. დავალიანება _ 7876 ლარი. საბოლოოდ, ლაგოდეხის რაიონის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექცია სარჩელით ითხოვდა შპს “ჯ.-სთვის" 23292 ლარის დაკისრებას.
საქმის მათავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელე ლაგოდეხის რაიონის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ისინი ცვლიან თავიანთ მოთხოვნას მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში და მოითხოვენ მოპასუხე მხარისათვის გადასახდელად 4136 ლარის დაკისრებას, ანუ მოითხოვენ მისთვის იმ ოდენობის თანხის დაკისრებას, რამდენის გადახდასაც 1999 წელს საძოვრების სარგებლობისათვის აღიარებდა თვით შპს “ჯ.-ს" წარმომადგენელი.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარის, ლაგოდეხის რაიონის გამგეობის, წამრომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოითხოვა:
1. “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შპს “ჯ.-სთან" საიჯარო ხელშეკრულების მოშლის შესახებ" ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1999წ. 9 სექტემბრის ¹2/88 დადგენილების პირველი პუნქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა მოპასუხესთან საძოვრებით სარგებლობის შესახებ ერთი წლის ვადით დადებული ხელშეკრულება;
2. “ლაგოდეხის რაიონის ... საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვისა და ძოვების ორგანიზაციის შესახებ" ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1995წ. 27 აპრილის ¹40 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელშიც აღნიშნულია: “რჩევა მიეცეთ რაიონის სააზოგადოებრივ მეურნეობებს მათზე რიცხული მთისა და ბარის საძოვრები არენდით მიამაგრონ შპს “ჯ.-ს" და დაევალოს საძოვრების სარგებლობისათვის ჰექტარზე 1,1 აშშ დოლარის ან მისი შესაბამისი სავალუტო კურსით გადასახადის ამოღება რაიონის ბიუჯეტში ჩასარიცხად".
3. “ლაგოდეხის რაიონის საფახულო მთის საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვისა და ძოვების ორგანიზაციის თაობაზე ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1999წ. 20 აპრილის ¹55 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლიბებების შეტანის შესახებ" ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1999წ. 6 მაისის ¹65 დადგენილების ბათილად ცნობა.
ლაგოდეხის რაიონის სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწვეტილებით:
1. დაკმაყოფილდა ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და შპს “ჯ.-ს" შორის 1999წ. 18 მარტს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება;
2. საგადასახადო ინსეპქციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს “ჯ.-ს" დაეკისრა საძოვრებით სარგებლობისათვის გადასახადი 10762 ლარი _ ძირითადი თანხა და 102221,65 ლარი _ სანქცია-საურავი;
3. როგორც კანონსაწინააღმდეგო, გაუქმდა, ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1995წ. 27 აპრილის ¹40 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცი, 1999წ. 6 მაისის ¹55 დადგენილება და 1999წ. 9 სექტემბრის ¹2/28 დადგენილების 1-ლი და მე-2 აბზაცები.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაყწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ.-მ", რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: 1995-1996 წლების საძოვარი შპს “ჯ.-ზე" საიჯარო ხელშეკრულებით ოფიციალურად გადაცემული არ ყოფილა, ამიტომ მას საიჯარო ქირის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა. მოპასუხეს 1997-98 წლებში გადასახადი გადახდილი აქვს მთლიანად და დავალიანება არ გააჩნია; 1999წ. გადასახადიდან გადახდილი აქვს 3700 ლარი, დანარჩენი კი აკრიფა სატყეო მეურნეობამ, ამიტომ აპელანტი ითხოვდა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 მარტის გადაწყვეტილების, 1995წ. 27 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცის გაუქმებისა და 20983,65 ლარის დაკისრების ნაწილში;
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ჯ.-ს" სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლაგოდეხის რაიონის გამგეობის და იმავე რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელები ნაწილბრივ დაკმაყოფილდა და შპს “ჯ.-ს" დაეკისრა 4136 ლარის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და შპს “ჯ.-ს" შორის 1999წ. 18 მარტის იჯარის ხელშეკრულება 500 მეტრის სასაზღვრო ზოლში მოხვედრილი ტერიტორიის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და მოპასუხე შპს “ჯ.-ს" შორის ვალდებულება წარმოიშვა მხოლოდ 1999წ. 18 მარტის, ხელშეკრულების გაფორმების დროიდან. 1995-96 წლებში შპს “ჯ.-ს" არ ერიცხებოდა მთის საძოვარი და არც გადასახადია მასზე გაწერილი. ასევე დადგენილად ცნო, რომ შპს “ჯ.-ს" 1999წ.ათვის, ე.ი. იმ დროისათვის, როდესაც წარმოიშვა ვალდებულება, გადახდილი აქვს მიწის გადასახადი 3700 ლარის ოდენობით, გადაუხდელი გადასახდელების დარჩენილი თანხა შეადგენდა 4136 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ.
კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და შპს “ჯ.-ს" შორის 1999წ. 18 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მთლიანად 2612 ჰა-ზე. კასატორი თავისი საჩივრის დაკმაყოფიელბას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ რაიონის გამგეობასა და შპს “ჯ.-ს" შორის 1999წ. 18 მარტის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გაიწერა გადასახადი 7835 ლარი, საიდანაც შპს “ჯ.-მ" გადაიხადა 3700 ლარი და დავალიანებამ შეადგინა 4136 ლარი, რაც ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.13 პუნქტის თანახმად მეიჯარეს უფლებას აძლევს, შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. ასევე მიუთითებს, რომ შპს “ჯ.-სათვის" იჯარით გაცემული 2612 ჰა საზაფხულო საძოვრის ნაწილი მდებარეობს 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში. “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მოვლასთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან. აღნიშნული კანონის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა, მაგრამ ვერ დაადგინა, თუ რამდენ ჰექტარს შეადგენს 500-მეტრიანი სასაზღვრო ზოლი და არ მიუთითა, თუ რამდენ ჰექტარზე უნდა იქნეს ცნობილი ბათილად იჯარის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო ლაგოდეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახამდ, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.'
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების მოშლის ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ჯ.-ს" საიჯარო გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 1999წ. 18 მარტს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. ყოველწლიური საიჯარო გადასახადი შეადგენდა 7836 ლარს, რომლის 30% მოიჯარეს უნდა შეეტანა ყოველი წლის 15 ივლისამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ ყოველი წლის 15 ოქტომბრამდე და აღნიშნა, რომ შპს “ჯ.-ს" საიჯარო გადასახადის ნაწილი _ 3700 ლარი _ გადახდილი ჰქონდა და გადაუხდელი გადასახდის ოდენობა შეადგენდა 4136 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, დადასტურებლად ცნო შპს “ჯ.-ს" მიერ საიჯარო გადასახადის ნაწილობრივ გადაუხდელობა, მაგრამ არ იმსჯელა წარმოადგენდა, თუ არა მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების პირობის დარღვევა 4.1.3 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან ლაგოდეხის რაიონის გამგეობა შპს “ჯ.-სთან" გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად საიჯარო გადასახადის გადაუხდელობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სასარჩელო მოთხოვნის მეორე საფუძველი _ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მოხვედრილი ტერიტორიის ნაწილში საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და ამ ნაწილში საიჯარო ხელშეკრულება ბათილად ცნო, მაგრამ არ განსაზღვრა, რამდენ ჰექტარს შეადგენდა 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მოქცეული ტერიტორია და შესაბამისად, რამდენ ჰექტარზე ცნო ხელშეკრულება ბათილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ხელახლა განსახილელად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.