3გ-ად-379-კ-02 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 10 მაისს გ. ბ.-მ სარჩელი შეიტანა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და მესამე პირების: თბილისის მერიის ...-ის სამმართველოსა და თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის 1998წ. 22 დეკემბრის ¹690 განკარგულებით თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში განლაგებული ყველა ნაგებობა გადაეცა თბილისის მერიის ...-ის მთავარ სამმართველოს და მიეცა კონკრეტული დავალებები ამ არასაცხოვრებელი ფართობების მოვლა-პატრონობაზე.
2000წ. 4 მარტს თბილისის მერიის ...-ის მთავარ სამმართველოსთან მოსარჩელემ დადო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება ...-ის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ 35 კვ.მ-ზე, კვარტალური ქირით _ 38 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული მისი მოქმედების ვადა, 2001წ. 17 იანვრის ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2001წ. ბოლომდე. ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით გააკეთა 5000 ლარის ღირებულების რემონტი.
მოსარჩელის მითითებით, მას და გამქირავებელს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები კეთილსინდისიერად სრულდებოდა და არ არსებობდა სკ-ს 557-ე, 558-ე და 559-ე მუხლებით დადგენილი არც ერთი პირობა, რომელიც გახდებოდა ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე ან ვადის გასვლის გამო მოშლის საფუძველი.
2001წ. 8 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის უფლების მინიჭების თაობაზე, მაგრამ პასუხი არ მიუღია, რითაც, მოსარჩელის აზრით, დაირღვა მოქალაქეთა საჩივრისა და განცხადებების განხილვის შესახებ კანონით დადგენილი, განცხადებაზე რეაგირების ერთთვიანი ვადა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მოთხოვნა.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001წ. 1 მარტის ბრძანების საფუძველზე 3 აპრილს ჩატარდა კონკურსი მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ არასაცხოვრებელ ფართზე, რომელშიც გაიმარჯვეს ე. მ.-ემ და დ. ყ.-მ, რაც გაფორმდა 2001წ. 3 აპრილის ¹14 ოქმით. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ კონკურსის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა და აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ კონკურსის ჩატარების შემდეგ.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001წ. 1 მარტის ბრძანება და საკონკურსო კომისიის 2001წ. 1 აპრილის ¹14 ოქმის დადგენილება უკანონო იყო, ლახავდა მის უფლებებს და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
2000წ. 4 მარტიდან, სადავო არასაცხოვრებელი ფართის წინანდელი მფლობელის, ზ. კ.-ის, თანხმობით მერიის ...-ის სამსახურთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ბ.-ე კანონიერად ფლობდა სადავო არასაცხოვრებელ ფართს და მისთვის პრივატიზაციის უფლების მინიჭების თაობაზე მიმართა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს. ამდენად, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება მისთვის, როგორც დაინტერესებული პირისათვის, შეუტყობინებლად ჩაეტარებინა კონკურსი.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ფართი 2001წ. ბოლომდე კანონიერად ეკუთვნოდა მას, რასაც ადასტურებს თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროს ა. კ.-ს 2001წ. 26 თებერვლის ¹08 პასუხი ე. მ.-ისადმი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა სადავო ფართზე. ამ წერილით კ.-ა უარს ეუბნებოდა მ.-ს თხოვნის დაკმაყოფილებაზე და პირდაპირ უმარტავდა, რომ 2001წ. ბოლომდე სადავო ფართი გ. ბ.-ის კანონიერ მფლობელობაში იყო. ამასვე ადასტურებდა თბილისის მერიის ...-ის სამსახურის 2001წ. 4 მაისს მოსარჩელისადმი გაგზავნილი წერილი.
სადავო არასაცხოვრებელი ფართის თაობაზე ჩატარებული კონკურსის ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა ასევე იმ ფაქტსაც, რომ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში სადავო ფართი შეადგენდა 35კვ.მ-ს, ხოლო თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო კი კონკურსს აცხადებდა 42,1 კვ.მ-ზე. ამდენად, მოსარჩელის აზრით, საკონკურსო კომისიამ შეგნებულად გააყალბა საკონკურსო დოკუმენტაცია, რათა კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო გ. ბ.-ს, როგორც კანონიერ მფლობელს.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, საკონკურსო კომისიამ უხეშად დაარღვია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების მე-4 მუხლის “თ" პუნქტის მოთხოვნა, რითაც შეილახა კონკურსის უპირველესი მიზანი _ ქონებით სარგებლობის უფლება მინიჭებოდა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებდა ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001წ. 1 მარტის ბრძანებისა და საკონკურსო კომისიის 2001წ. 3 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა.
გ. ბ.-ის სარჩელზე დ. ყ.-მ და ე. მ.-მ შეიტანეს შეგებებული სარჩელი და აღნიშნეს, რომ 2001წ. 3 აპრილს არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სრული დაცვით, მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში გამართულ კომერციულ კონკურსში და გაიმარჯვეს, რის საფუძველზეც მოიპოვეს 10 წლით იჯარის უფლება ...-ის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ 42,1 კვ.მ არასაცხოვრებელ სახელმწიფო ფართზე.
შეგებებული სარჩელის ავტორთა განცხადებით, სადავო ფართი როგორც კონკურსის გამოცხადებისას, ასევე მისი ჩატარებისას, იყო გამოთავისუფლებული. გ. ბ.-მ კი ისარგებლა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.04.2001წ. განჩინებით და 2001წ. აპრილის ბოლოს დაიკავა სადავო ფართი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. მ.-მ და დ. ყ.-მ მოითხოვეს:
1. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აპრილის განჩინების გაუქმება;
2. ქ. თბილისის მერიის ...-ის სამმართველოსა და გ. ბ.-ს შორის 2000წ. 4 მარტს დადებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან თბილისის მთავრობის 1999წ. 9 აგვისტოს ¹09.24.183 დადგენილებით თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში განთავსებული არასაცხოვრებელი სახელმწიფო ფართობები 1999წ. 1 ოქტომბრიდან გადავიდა თბილისის მერიის ...-ის სამმართველოს ბალანსიდან საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის ბალანსზე, ხოლო რაც შეეხება ამ ფართობების გაქირავებას, ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ თბილისის ქონების მართვის სამმართველოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი პროცედურების დაცვით;
3. სასამართლოს საბოლოო გადაწვეტილების გამოტანამდე სადავო ფართიდან გ. ბ.-ის გამოსახლება და ფართის დალუქვა;
4. მორალური ზიანის ანაზღაურება _ გ. ბ.-ისაგან ხსენებული ცილისწამების წერილობითი უარყოფისა და წერილობითი ბოდიშის მოხდის სახით.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ. ყ.-ისა და ე. მ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის მერიის ...-ის სამმართველოსა და გ. ბ.-ს შორის 2000წ. 4 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილების თანახმად, მისი ძალაში შესვლის შემდეგ გ. ბ.-ე გამოსახლებული უნდა ყოფილიყო თბილისში, ...-ის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, მის მიერ დაკავებული 35 კვ.მ-დან ამავე გადაწყვეტილებით დ. ყ.-სა და ე.Oმ.-ს უარი ეთქვათ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა გ. ბ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით გ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა კრწანისი-მთამწინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ.-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონის ზოგიერთი მუხლი, რის გამოც კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ უგულებელყო სკ-ს 312-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრში ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა, ჩაეტარებინა დოკუმენტური რევიზია და საბუღალტრო ექსპერტიზა იმის დასადგენად, რეალურად იყო თუ არა ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული სადავო ფართობი ...-ის სამმართველოდან თბილისის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურისათვის, ვინაიდან საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები. სსკ-ს 162-ე მუხლის თანახმად სააპელაციო პალატას თავისი ინიციატივით შეეძლო ექსპერტიზის დანიშვნა, რაც არ გააკეთა და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი მდგომარეობის იგნორირებით გამოიტანა უკანონო განჩინება.
სააპელაციო პალატამ უტყუარად ჩათვალა თბილისის მთავრობის 1999წ. 19 აგვისტოს ¹09.24.183 დადგენილების საფუძველზე შედგენილი 1999წ. 7 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი მაშინ, როდესაც აღნიშნულ დოკუმენტში არ არის მითითებული მიწისქვეშა გადასასვლელები. გარდა ამისა, არ იქნა დადგენილი, იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული დადგენილება არის თუ არა გატარებული რეგისტრაციაში, არის თუ არა ნორმატიული აქტი და არის თუ არა ამ მთავრობის დოკუმენტებში შეტანილი ცვლილება ან დამატება მიწისქვეშა გადასასვლელების თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურზე გადაცემის შესახებ.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ დაენიშნა ექსპერტიზა და დადგენილი ყოფილიყო სადავო ფართობი 42.1 კვ. მეტრია თუ _ 35 კვ.მ, რაზედაც გ. ბ.-ის მიერ წარდგენილ იქნა აუდიტორის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ფართი შეადგენს 35 კვ.მ-ს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო სკ-ს 50-ე, 69-ე, 557-ე, 558-ე, 559-ე, 183-ე, 312-ე, 533-ე, 534-ე მუხლების, სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 84-ე, 134-ე, 162-ე, 203-ე, 204-ე, 201-ე, 202-ე, 215-ე, 219-ე მუხლების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 67-ე, 75-ე, 85-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, მე-100 მუხლებისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16, მე-19, მე-20 მუხლების იმპერატიული მოთხოვნები, ასევე “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების პირველი მუხლი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-6 მუხლის მე-2, მე-4 პუნქტები და მიიღო უკანონო განჩინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი და არ დაკმაყოფილდება შეგეგებული სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის 1998წ. 22 დეკემბრის ¹690 განკარგულებით თბილისის მერიის ...-ის სამმართველოს გადაეცა რაიონული გამგეობის ბალანსზე რიცხული მიწისქვეშა გადასასვლელები.
ქ. თბილისის მთავრობამ 1999წ. 19 აგვისტოს მიიღო ¹09.24183 დადგენილება, რომლითაც დადგინდა, რომ 1999წ. 1 ოქტომბრიდან ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურს ბალანსზე უნდა დამაგრებოდა ქ. თბილისის მთავრობის მმართველობაში არსებული ადგილობრივი საკუთრების ქონება, კერძოდ, ქალაქის გზები, ხიდები, გზაგამტარები, გვირაბები და სხვა.
შპს “კ.-სა" და ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურს შორის 1999წ. 7 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს “კ.-მ" გადასცა, ხოლო ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურმა მიიღო შპს “კ.-ს" ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისის 52 მიწისქვეშა გადასასვლელი, მათ შორის, ...-ის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი.
ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 19 ივლისის დადგენილებით დადგინდა, რომ შპს “კ.-ს" დაევალა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 27 მარტის ¹1-3/197 ბრძანების შესაბამისად წარემართა საიჯარო ურთიერთობები მიწისქვეშა გადასასვლელებში განთავსებული ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოარკვია, უფლებამოსილი იყო თუ არა, ქ. თბილისის მერიის ...-ის მთავარი სამმართველო (შპს “კ.-ო"), როგორც გამქირავებელი, 2000წ. 4 აპრილს დაედო სადავო საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება გ. ბ.-ესთან, რის გამოც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს, ხოლო ამავე კოდექსის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.