3გ-ად-380-კ-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. გორში ... მცხოვრებმა თ. ზ.-მ რომლის საფუძველზეც მოითხოვა გორის მერიის კოლეგიის 1997წ. 14 აგვისტოს ¹173 გადაწყვეტილების, ¹9 ორდერის და გორის სანოტარო კანტორის მიერ 1999წ. 14 ივლისს დამოწმებული ხელშეკრულების ბათილობა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 1964წ. მან და მისმა მეუღლემ მიიღეს კოოპერატიული ბინა მდებარე ქ. გორში ..., რომელიც შედგება 2 ოთახისაგან საცხოვრებელი ფართით 32 კვ. მ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1969 წლიდან 5 წლის განმავლობაში მოსარჩელე იხდიდა ბინის პაი-ს.
1977 წელს მისი შვილი ზ. ზ.-ე დაქორწინდა საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ნ. კ.-ეზე. 1983 წელს ისინი განქორწინდნენ. გორის რაიონული სასამართლოს 1984წ. 23 იანვარის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ს თავის ორ შვილთან ერთად მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან, რომელიც მდებარეობს ქ. გორში ..., გამოეყო სარგებლობის უფლებით ერთი ოთახი 14,50 კვ.მ. წლების განმავლობაში ოთახი გამოკეტილია და არავინ არ ცხოვრობს,
გორის რაიონის სასამართლოს 1993წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ს ზემოაღნიშნული ოთახი 14,50 კვ.მ. ფართი გამოეყო იზოლირებულად სარგებლობის უფლებით. გადაწყვეტილება მხოლოდ ფურცელზე დარჩა, ვინაიდან ოთახის იზოლირება ფაქტიურად შეუძლებელია.
1999წ. 14 ივლისს ნ. კ.-მ მოახდინა ამ ოთახის პრივატიზება, რომელსაც საფუძვლად დაედო გორის მერიის კოლეგიის 14.08.97წ. ¹173 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გადაცემული ორდერი ¹9, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ბინა არის კოოპერატიული, ნ. კ.-ე კი არაა და არც არასოდეს ყოფილა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი-მეპაიე, მას არ გააჩნდა ოთახის პრივატიზების კანონიერი საფუძველი.
აქვე თ. ზ.-ე აღნიშნავდა, რომ მისთვის 1999წ. 28 ივლისს გახდა ცნობილი მისი ბინის ფართის უკანონო პრივატიზაციის შესახებ და მან მაშინვე მიმართა გორის სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, სადაც მოითხოვა, სსკ-ს 198-ე მუხლის “გ” პუნქტით შეეჩერებინათ პრივატიზაციის რეგისტრაცია ტექნიკურ-ინვენტარიზაციის ორგანოში სარჩელის არსებითად განხილვამდე.
მოპასუხე ნ. კ.-ე არ დაეთანხმა სარჩელს უსაფუძვლობის მოტივით და მიუთითა, რომ თ. ზ.-ე არ წარმოადგენდა ქ. გორში ... მდებარე ბინის მესაკუთრეს, რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილების თანახმად, საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის საბინაო ფონდზე საკუთრების შესაძენად საჭიროა ფართის პრივატიზაცია და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია. ამდენად, იგი არის ზემოაღნიშნული ბინის მოსარგებლე და არა მესაკუთრე.
რაც შეეხება ორდერის ბათილად ცნობის მოთხოვნას მოპასუხის განმარტებით, ასევე უკანონოა, რადგანაც ორდერი გაიცა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ასახავს და განმარტავს სასამართლოს გადაწყვეტილებას. საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება წარმოიშვა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო ორდერის საფუძველზე მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივი გაფორმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ. კ.-ე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა მოპასუხე გორის რაიონის გამგეობაც, რომელმაც თავის შესაგებელში მიუთითა, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლებში საცხოვრებელი სადგომები მოქალაქეებს ეძლეოდათ მხოლოდ სარგებლობისათვის. ორდერი აფორმებდა პირის უფლებას, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ორდერში მითითებული ფართით სარგებლობის უფლება. ორდერის გაცემა არ განეკუთვნებოდა იმ გარემოებას, რომელიც თავისთავად წარმოშობდა პიროვნების უფლებას საცხოვრებელ სადგომზე, იგი აფორმებდა ამ უფლებას და მას ყოველთვის საფუძვლად ედო ფართის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება.
მერიის კოლეგიის მიერ გამოცემული ¹173 გადაწყვეტილება ემყარება 1993წ. 30 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ნ. კ.-ეს გამოეყო სარგებლობის უფლებით ... მდებარე ოროთახიანი ბინის ერთი ოთახი. ამდენად, ¹173 გადაწყვეტილებასა და ¹9 ორდერს საფუძველად დაედო გორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და იგი სრულ შესაბამისობაშია კანონთან.
გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ზ.-ის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 22 თებერვლის განჩინებით თ. ზ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 28.10.99წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 6 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებულ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ. ზ.-ის სარჩელი გორის რაიონის გამგეობასთან, მესამე პირ ნ. კ.-ესთან, ნოტარიუს გ.-თან, გორის მერიის კოლეგიის 1997წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილების, ნ. კ.-ის სახელზე გამოწერილ ¹9 ორდერის ბათილად ცნობის, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
გაუქმებული იქნა გორის მერიის კოლეგიის 1997წ. 14 აგვისტოს ¹173 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ნ. კ.-ის სახელზე გაცემული ¹9 ორდერი და ქ. გორის სანოტარო კანტორის მიერ 1999წ. 14 ივლისს დამოწმებული ხელშეკრულება, რომლითაც ნ. კ.-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. გორში ... მდებარე ერთი ოთახი. ნ. კ.-ე და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებული იქნენ ქ. გორში ... მდებარე ბინიდან. აღნიშნული 15 კვ.მ. ფართის ოთახი გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე თ. ზ.-ეს.
ნ. კ.-ის მიერ გორის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინებით აპელანტ ნ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ნ. კ.-ის წარმომადგენლის გ. მ.-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება იყო უკანონო და მიღებული სათანადო დასაბუთების გარეშე. მისი აზრით სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა გორის რაიონული სასამართლოს 1993წ. 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და ფაქტობრივად უკანონოდ მოახდინა აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვა. ამით გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და უდავო ფაქტი გახადა სადავოდ.
თბილისის საოლქო სასამართლომ ისე ჩაატარა სასამართლო პროცესი, რომ არ მოუსმინა გამგეობის წარმომადგენლისათვის და ნოტარიუსისათვის, რომელთა, საქმეში მესამე პირად ჩართვის სავალდებულობაც დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 6 ივნისის განჩინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის განჩინების გაუქმებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვის დაწყებამდის, წარმოდგენილი იქნა ნ. ზ.-ის და თ. ზ.-ის განცხადებები სადაც ეს უკანასკნელნი უთითებდნენ, რომ სასამართლოს მიერ ისე მოხდა მათი ბინიდან გამოსახლების საკითხის გადაწყვეტა, რომ საქმეში მოწვეული და ჩაბმული არ ყოფილან მხარედ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემობათა გამო:
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ზ.-ის სარჩელი მოპასუხე გორის რაიონის გამგეობასთან, მესამე პირ ნ. კ.-ესთან, ნოტარიუს გ.-თან, გორის მერიის კოლეგიის 1997წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ნ. კ.-ის სახელზე გაწერილი ¹9 ორდერის ბათილად ცნობის, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების და ნ. კ.-ის ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ. კ.-ე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს სარჩელის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ეხება მის გამოსახლებას. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების გამოსახლების საკითხს, ნ.კ.-ე არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს სათანადო მოპასუხეს, რის გამოც იგი პასუხს ვერ აგებს სარჩელის იმ ნაწილზე, რომელიც მიმართულია სხვა პირთა მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში სასამართლოს მიერ მოძიებული და მოსარჩელისათვის შეთავაზებული უნდა ყოფილიყო სათანადო მოპასუხეები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნ.კ.-ის შვილები ნ. და თ. ზ.-ეები წარმოადგენენ საპროცესო ქმედუნარიანობის მქონე პირებს. კერძოდ, სსკ-ს 81-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ყოველი სრულწლოვანი ფიზიკური პირი აღჭურვადია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს.
თ. და ნ. ზ.-ების მიმართ ისე იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, რომ ეს უკანასკნელნი საქმეში მოწვეული არა ყოფილან მხარედ, არ მიეცათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ საპროცესო მოქმედებები და სასამართლო წესით დაეცვათ თავიანთი უფლებები.
მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნ. კ.-ე და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებული იქნენ ქ. გორში ... მდებარე ბინიდან და სადავო 15კვ.მ. ფართობის ოთახი, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ჩაბარდა მოსარჩელე თ. ზ.-ეს.
ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან იკვეთება გადაწყვეტილება გამოტანილია არა მარტო ნ. კ.-ის არამედ მისი ოჯახის წევრების მიმართაც.
სსკ-ს 394-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, მხარის დაუსწრებლად მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძველს.
ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მე-3 პირის – ნ.კ.-ის მიმართ, რაც მე-3 პირის პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე, დაუშვებელია. კერძოდ, სარჩელზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს და არა მე-3 პირს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას, ყურადღება უნდა მიექცეს მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველი, საკასაციო სასამართლო საჭიროდ აღარ მიიჩნევს მსჯელობა იქონიოს კასაციის საფუძვლებზე და შეამოწმოს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.