Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-381-კ-02 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: აუქციონზე გასაყიდი ბინის ღირებულების განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა, რომ ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. მ-ს დავალებოდა პირველ აუქციონზე ბინის საწყისი ფასი განესაზღვრა 9200 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 9 ოქტომბერის ბრძანებით მას დაეკისრა ქ. გ-ის სასარგებლოდ 5390 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურლელი და აღსასრულებლად გადაეცა ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. მ-ს, რომელმაც იძულებით აუქციონზე გასაყიდად გაიტანა მისი ბინა, რომლის საწყისი ფასი განსაზღვრა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ თანხაზე დამატებული აღსრულების ხარჯებით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ აღმასრულებელთან წარდგენილ იქნა აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისადაც მისი ბინა შეფასებული იყო 9200 აშშ დოლარად, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღმასრულებელმა ექსპერტიზა არ დანიშნა და ისე გამოცხადდა აუქციონი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუქციონის დანიშვნის თაობაზე მ. რ-ე გაფრთხილებული იყო. მას ბინის ფასის თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. აუქციონის გადადება მოითხოვა ბავშვის ავადმყოფობის გამო. განმეორებითი აუქციონის ჩატარების წინა დღეს წარადგინა სასამართლოს განჩინება აუქციონის შეჩერების შესახებ და აუდიტორული დასკვნა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იძულებითი აუქციონი დაინიშნა და ჩატარდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 68-69-ე და 71-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. განმეორებითი აუქციონი დაინიშნა ამავე კანონის 77-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც «აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებს და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს». მოსარჩელე მ. რ-ესა და ქ. გ-ს შორის სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა შეფასებული იყო 12000 ლარად, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

რაიონული სასამართლოს გადაწყეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქმეში არსებობდა ორი აუდიტორული დასკვნა: შპს «ი-ის», რომლითაც ბინა 6000 აშშ დოლარად იყო შეფასებული და შპს «ა-ის» დასკვნა ბინის 9200 აშშ დოლარად შეფასების შესახებ. სასამართლომ არ გაარკვია, რით იყო გამოწვეული დასკვნებს შორის ფასთა სხვაობა და არ დანიშნა ექსპერტიზა.

სასამართლომ არ გაიზიარა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა; რომლითაც იგი ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.

სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აუქციონი ჩატარებული იყო «საასრულებო წარმოეთა შესახებ» კანონის შესაბამისად, ვინაიდან აუქციონის ჩატარებისას დაირღვა ამავე კანონის 47-ე და 74-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა, კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ს 381-ე მუხლი და არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებთა შესახებ» კანონის 71-ე, 74-ე და 76-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის ბრძანებით მ. რ-ეს დაეკისრა 5390 აშშ დოლარის გადახდა ქ. გ-ის სასარგებლოდ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეცა თბილისის ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს გ. მ-ს.

აღმასრულებელმა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 28-ე მუხლის ბამიბამისად მ. რ-ეს წინადადება მისცა გადაწყვეტილების 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად განცხადებით მიმართა შპს «ი-ს» მოვალის ბინის საბაზრო ღირებულებით შეფასების თაობაზე. აღმასრულებლის 2001წ. 26 ნოემბრის განკარგულებით დაინიშნა იძულებითი აუქციონი 5 დეკემბერს 12 საათზე აუქციონის დანიშვნის და გასაყიდი ფასის (6000 აშშ დოლარი) თაობაზე ეცნობა მ. რ-ეს.

2001წ. 5 დეკემბერს გამართულ აუქციონზე ბინის შეძენის მსურველთა გამოუცხადებლობის გამო პირველი აუქციონი არ შემდგარად გამოცხადდა და 26 დეკემბერს დაინიშნა განმეორებითი აუქციონი, რის შემდეგაც მ. რ-ემ განცხადებით მიმართა აღმასრულებელს, რომ არ ეთანხმებოდა ბინის გასაყიდად გამოცხადებულ ფასს და წარადგინა შპს «ა-ის» მიერ 2001წ. 14 დეკემბერს შესრულებული აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბინა შეფასებული იყო 9200 აშშ დოლარად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ დარღვეული იყო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 47-ე, 74-ე და 77-ე მუხლების მოთხოვნები. ვინაიდან 47-ე მუხლის თანახმად ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს. ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე აუქციონზე გასაყიდი ბინის საბაზრო ფასი განსაზღვრა აუდიტმა (შპს «ი.»). კასატორის მიერ მითითებული 74-ე მუხლი განსაზღვრავს ფასის საბოლოო შეთავაზების წესს და აღნიშნულ მუხლს კონკრეტულ დავასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ხოლო 77-ე მუხლი ადგენს განმეორებითი აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს. კასატორი არ მიუთითებს, განმეორებითი აუქციონის ჩატარების დროს კანონის რომელი პირობა დაირღვა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ განმეორებითი აუქციონი ჩატარდა აღნიშნული მუხლის შესაბამისად პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ ორი კვირის შემდეგ. განმეორებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა და გასაყიდი ფასი (6000 აშშ დოლარი) ფარავს აუქციონის ხარჯებს და კრედიტორის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 381-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც არ გაიზიარა აპელანტის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გადიდება, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადადება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით ან თუ სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას.

მ. რ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაც მოითხოვა, რასაც არ დაეთანხმნენ მოწინააღმდეგეები. აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე საქმის მომზადების სტადიაზე, წერილობითი განცხადება არ ყოფილა წარდგენილი, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა სააპელაციო საჩივრის გაზრდის მიზანშეწონილობის შესახებ, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. რ-ის წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გადიდება დაიშვებოდა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც საკასაციო საჩივრი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინება.

3. მ. რ-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 30 ლარის გადახდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.