Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-382-კ-02 21 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 13 სექტემბერს ც. გ-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სს «ჯ-ის", შპს «...-98-ისა" და თბილისის მერიის მიმართ მისი ოჯახის საბურთალოს რაიონის ცენტრში სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ იგი 1954 წლიდან და-ძმასა და მშობლებთან ერთდ ცხოვრობდა ... მდებარე ბარაკში, რომელიც შეტანილი იყო წითელ ზოლში. 1992 წელს შპს «ბ-მ" ბარაკების ტერიტორიაზე წამოიწყო მშენებლობა და იქ მცხოვრები ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება.

2000წ. 30 ივნისს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ საცხოვრებელი ბარაკი მისი ოჯახის არყოფნის დროს დანგრეულ იქნა, რაც მოწმეთა ჩვენებით, შპს «...-98-ის" დირექტორის, გ. ს-ის, მითითებით გაკეთდა. ბარაკის ტერიტორია 1992 წლიდან მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს «ბ-ს", რომლის სამართალმემკვიდრე გახლავთ შპს «ჯ-ი". 2000წ. 1 მაისს შპს «ჯ-ის" მიერ ტერიტორიის ნაწილი გაყიდულ იქნა მოქალაქე თ. მ-ზე. სწორედ გასხვისებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა ც. გ-ის საცხოვრებელი ბარაკი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანდართული საკადასტრო რუკის მიხედვით ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის დანგრეული ყოფილა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

2001წ. 19 ივნისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ც. გ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თბილისის მერიას დაეკისრა ც. გ-ისათვის საბურთალოს რაიონში სამოთახიანი საცხოვრებელი ბინის გამოყოფა, ხოლო ც. გ-ეს მოპასუხეების: სს «ჯ-ის" და შპს «...-98-ის" მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლომ დაარღვია განსჯადობის პრინციპი _ საქმე უნდა განეხილა არა ვაკე-საბურთალოს, არამედ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მერიის ადგილსამყოფელის მიხედვით;

2. თბილისის მთავრობის აზრით, სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 992-ე მუხლი, რომელიც ეხება დელიქტურ ვალდებულებას, ანუ ვალდებულებას, რომელიც წარმოიშვება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის შედეგად. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს შპს «ბ-ს", ქალაქის მერიასა და ც. გ-ეს შორის სხვადასხვა დროს ურთიერთშეთანხმებით, ორმხრივი ნების გამოვლინებით ნაკისრ ვალდებულებებთან, ე.ი. სასამართლოს, ნაცვლად სკ-ს 992-ე მუხლისა, უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის მესამე წიგნის მე-2 კარის 1-ლი თავისა და მე-3 კარის 1-ლი თავის დებულებები ვალდებულების შესრულებისა და მისი დარღვევის შესახებ.

3. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიას უნდა შეესრულებინა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ც. გ-ისათვის თბილისში, საბურთალოს რაიონში, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ. ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებულია. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა ვალდებულებაზეა საუბარი, როდის ან ვის წინაშე, რის საფუძველზე წარმოიშვა ეს ვალდებულება, ან რაში გამოიხატება მისი შეუსრულებლობა, რადგან თბილისის მერიის მიერ შვილთან და დასთან ერთად ც. გ-ეს გამოეყო სწორედ ის ბინა, რომლის ღირებულება შპს «ბ-მ" ჩარიცხა მერიის ანგარიშზე. აღნიშნულზე დებმა გ-ეებმა წერილობით თანხმობა განაცხადეს, ე.ი. თბილისის მერიამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა, ხოლო შესრულება კრედიტორის მიერ მიღებულ იქნა, რასაც ადასტურებს მათი წერილობითი თანხმობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 24 მაისის განჩინებით საქმეში მისი განცხადების საფუძველზე მესამე პირად ჩააბა მოსარჩელეს და ც. გ-ე.

სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვისას არ დარღვეულა განსჯადობის პრინციპი სსკ-ს მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უნდა იქნეს გამოყენებული, სარჩელის რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ დავაში ერთ-ერთი მოპასუხის, შპს «... 98-ის", ადგილსამყოფელი ვაკის რაიონშია და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, სარჩელით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის მიემართა;

2. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტურ ვალდებულებათა მომწესრიგებელი ნორმები, რადგანაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო და ც. გ-ე ბინის მიღებას სწორედ ამის საფუძველზე ითხოვდა. იმავდროულად სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ სკ-ს 992-ე მუხლი გამოიყენა სს «ჯ-ის" და შპს «ი-ის" მიმართ ც. გ-ის სარჩელის უარსაყოფად, მაგრამ ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელე და მოპასუხეები არ ასაჩივრებენ;

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. გ-ესა და თბილისის მერიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, ცისანა გ-ის ოჯახის კუთვნილი ბარაკების აღების შემდგომ შპს «ბ-მ" მის საკომპენსაციოდ თანხა ჩაურიცხა მერიას, რომელსაც სანაცვლოდ ბინა უნდა გამოეყო ც. გ-ისათვის. მერიამ ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო საქმეში არსებული ხელწერილი, რომელზედაც მოპასუხე უთითებს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შესრულების მიღებაზე უარის თქმად, რადგან იქ მხოლოდ დაფიქსირებულია ის გარემოებანი, რომელთა გამოც ც. გ-ემ უარი განაცხადა დიდ დიღომში, მე-3/რ, მე-5 კორპ, მე-7 სადარბაზოში მდებარე ბინის მიღებაზე მისი პირობებიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მერიამ ც. გ-ისათვის საცხოვრებელი სადგომის გამოყოფის მოვალეობა არ შეასრულა, თუმცა სკ-ს 371-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

2002წ. 8 აგვისტოს მესამე პირმა ც. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინება, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნება სრულყოფილი და ობიექტური განხილვის მიზნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორმა განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილ ფორმა ¹1-ში ისიც იყო აღნიშნული. ხსენებული საბუთი ადასტურებს, რომ სადავო ბინაში, რომელიც ისე დაანგრიეს, რომ მისი ოჯახი ბინის ფართით არ დაკმაყოფილებულა, ისიც ცხოვრობდა;

2. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სასამართლომ მოგვიანებით ჩართო იგი მესამე პირად, მაგრამ არ მიუთითა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით თუ ამ უფლების გარეშე, რითაც მას, ფაქტობრივად, წაერთვა უფლება, წარედგინა სასამართლოსათვის თავისი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა;

3. ც. გ-ის აზრით, დაირღვა სსკ-ს 373-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, მას არ გადაეცა სააპელაციო საჩივრის ასლი ყველა საჭირო დანართით, რითაც უხეშად დაირღვა მისი უფლებები.

2003წ. 5 თებერვალს ც. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მან უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, ც. გ-ის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მივიდა დასკვნამდე, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ს 272-ე მუხლის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ს მე-7 მუხლის თანახმად (კანონის ანალოგია) მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ზემოთ აღნიშნული 272-ე მუხლის «გ" ქვეპუნქტი და კასატორის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა, საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირთა საკასაციო საჩივრის შეტანის და მასზე უარის თქმის უფლება დისპოზოციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება და ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი არ ცვლის ფიზიკური პირის სარჩელის (საკასაციო საჩივრის) უფლების დისპოზიციურ ხასიათს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლის «გ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. გ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივლისის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება მხარეებს გადაეგზავნოს დადგენილი წესით.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.