Facebook Twitter

3გ-ად-384-კ-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის და დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 18 ივლისს ს. ჩ.-მ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ორი სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს 45 ლარის ოდენობით. საქართველოს კანონის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-60 მუხლის შესაბამისად, როგორც ომის I ჯგუფის ინვალიდს, ეკუთვნის ორი სახის პენსია: ინვალიდობის და მოხუცებულობის.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მითითებული კანონი ვრცელდება პირველი მუხლის პრეამბულაში ჩამონათვალ პირებზე, რომელ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს ს. ჩ.-ი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართალოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ს. ჩ.-ის სასარგებლოდ დაევალა ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა ერთდროულად 2001წ. 1 იანვრიდან მიღების უფლებით. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჩ.-ზე, როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან პატიმარზე, უნდა გავრცელებულიყო საქართველოს კანონი «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” და ამ კანონის მე-60 მუხლისა და 41-ე მუხლის «დ” და «ვ” პუნქტების შესაბამისად მას უფლება ჰქონდა მიეღო ორი სახის ინვალიდობის და მოხუცებულობის პენსია ერთდროულად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა ფონდმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” გათვალისწინებული შეღავათები ამ კანონის მუხლის თანახმად ეხება საქართველოს სამხედრო ძალებიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, ხოლო მოსარჩელის განმარტებით მას ომის შემდგომ სამხედრო ძალებში არ უმსახურია, არ გააჩნია ოფიცრის წოდება და არც წელთა ნამსახურების გამო იღებდა პენსიას, ამიტომ მასზე კანონის მე-60 მუხლის შეღავათები არ გავრცელდა. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების დასაბუთებულად ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოთქმული განმარტებები წარმოადგენენ სახელმძღვანელო განმარტებებსა და დებულებებს, რომელთა გათვალისწინებითაც ყალიბდება სასამართლო პრაქტიკა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ.-მ შემდეგი მოტივით:

1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის I პუნქტში მითითებულ პირებზე, მაგრამ პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან კასატორს «ომის შემდგომ სამხედრო ძალებში არ უმსახურია, არ გააჩნია ოფიცრის წოდება და არც წელთა ნამსახურების პენსიას იღებდა, ამიტომ მასზე კანონის მე-60 მუხლის შეღავათები არ გავრცელდება.” რაც შეეხება კასატორის სასარჩელო მოთხოვნას, მისი დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი ომის ვეტერანია, არამედ ის, რომ იგი, როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი, მიეკუთვნება «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი ნაწილის «ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჯგუფს, ამდენად მასზე სრულად უნდა გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება.

2. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ამგვარი განმარტება არასწორია და იგი არ გამოიყენება მხოლოდ იმ პირებზე, «რომლებმაც სამხედრო ძალებში იმსახურეს, გააჩნიათ ოფიცრის წოდება და იღებენ წელთა ნამსახურების პენსიას”, დამატებით დასტურდება ამავე კანონის პირველი მუხლის სხვა პუნქტებითაც, კერძოდ «თ” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონი ვრცელდება «ვადიან სამხედრო სამსახურის გავლის დროს დაინვალიდებულ პირებზე”, რომლებიც ნამდვილად ვეღარ გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს, შესაბამისად ვერც თადარიგში მოხდებოდა მათი დათხოვნა და ვერც წელთა ნამსახურების პენსიას მიიღებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ამავე კანონის «ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ «გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრებზე.”

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ იგი არის საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს არასრულწლოვანი იძულებით პატიმრობაში იმყოფებოდა საკონცენტრაციო ბანაკში, იგი ირიცხებოდა პარტიზანულ რაზმში მეკავშირედ და 13 წლის ასაკიდან არის I ჯგუფის ინვალიდი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ კასატორი ს. ჩ.-ი, დაბადებული 1932 წელს, არის სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი და ღებულობს შესაბამისი სახეობის პენსიას, ამავე დროს ნამდვილად იმყოფებოდა 1943წ. აგვისტო-სექტემბრის თვეებში დასავლეთ ბელორუსიის ¹...-ე საკონცენტრაციო ბანაკში, როგორც არასრულწოვანი ტყვე-პატიმარი. 1944 წელს მიღებული ჭრილობების გამო გაუკეთდა ორივე ზედა კიდურის ამპუტაცია.

საქართველოს კანონის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფი შესახებ” პირველი მუხლის «ი" პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იმყოფებოდნენ როგორც არასრულწლოვანი პატიმრები საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში. მითითებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს კასატორი, რომელიც, როგორც აღინიშნა, 12 წლის ასაკში საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე პატიმარი იყო. ამავე კანონის 41-ე მუხლის «დ” და «ვ” პუნქტების თანახმად, ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100%-ის ოდენობით გაუდიდდებათ მეორე მსოფლიო ომის პარტიზანებს და მონაწილეებს ნებით დაქირავებულ პირთა რიცხვიდან, ასევე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან პატიმრებს. მე-60 მუხლის თანახმად კი, «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯფუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.” აღნიშნული პენსიები ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, «გაიცემა სრულად, ხელფასის ან სხვა შემოსავლის მიუხედავად.”

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობილ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცლდება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონის პირველი მუხლი ეხება იმ პირებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც არასრულწლოვანი პატიმრები, საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში იმყოფებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება მიიღო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე არაინვალიდი პირის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებზე _ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით მყოფ არასრულწლოვან პატიმრებზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ს. ჩ.-ი 11 წლის ასაკიდან პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩაბმული და საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლბის შემდეგ, 1944 წელს, 12 წლის ასაკში დაჭრილ იქნა, რის შედეგადაც გაუკეთდა ორივე ზედა კიდურის ამპუტაცია. ცხადია, რომ კასატორი ვეღარ შეძლებდა სამხედრო და შს ორგანოების რიგებში მსახურს და არც არასრულწლოვანს მიანიჭებდნენ ოფიცრის ჩინს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ს. ჩ.-ი, როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებში იძულებით პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი პატიმარი, ზემოაღნიშნული კანონით განაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას მიეკუთვნება, მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები და მას უნდა დაენიშნოს ორი სახეობის _ ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსია ერთდროულად მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კანონის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” პირველი ნაწილის «ი” პუნქტი და მე-60 მუხლი. ამავე დროს, ვინაიდან საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლვა, საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ს. ჩ.-ს ინვალიდობის პენსიასთან ერთად დაენიშნოს მოხუცებულობის პენსია ორი მინიმალური პენსიის _ 42 ლარის ოდენობის დანამატით 2001წ. 18 ივლისიდან;

5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა დ არ გასაჩივრდება.