Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-387-კ-02 21 თებერვალი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 6 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ სარჩელით მიმართაA ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სპს «მ-ის” გამოსახლება სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ხაშურში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან და ამ ფართის გამოყენებისათვის 2344 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის ლარებში გადახდის დაკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხაშურის რაიონის სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის ¹2-120/2 გადაწყვეტილებით გაუქმდა სპს «მ-სა” და ქ. ხაშურის მერიის საბინაო მეურნეობის განყოფილებას შორის 1997წ. 1-ელ იანვარს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქ. ხაშურში, ... მდებარე 35მ2 არასაცხოვრებელი ფართი უნდა დაბრუნებოდა მის კანონიერ მფლობელს სახელმწიფოს, მაგრამ სპს «მ-ი"”არ ათავისუფლებს ფართს ნებაყოფილობით.

მოპასუხე სპს «მ-ის” დირექტორმა ი. გ-ემ სარჩელი არ სცნო და შეგებებული სასარჩელო განცხადებით სკ-ს 442-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა დავალიანების გაქვითვა და სადავო ობიექტის მის საკუთრებაში გადაცემა იმ მოტივით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და მოპასუხე ხაშურის რაიონის საკრებულოს გამგეობასთან ერთად სოლიდარულად დააკისრა 3079 აშს დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის, ასევე აუდიტზე გაწეული ხარჯების – 220 ლარისა და სასამართლო ხარჯების 180 ლარის ანაზღაურება მის სასარგებლოდ. ვინაიდან დაკისრებული თანხას მოპასუხე არ იხდის, ამის საფუძველზე მოითხოვა ვალდებულების გაქვითვა და სადავო არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლო 2000წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სპს «მ-ი” გამოასახლა ქ. ხაშურში, ... მდებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე პრივატიზაციის ნუსხაში შეტანილი 35მ2 ფართის არასაცხოვრებელი სათავსოდან და დაადგინა გამოთავისუფლებული სახით სათავსოს მესაკუთრისათვის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსათვის ჩაბარება, ხოლო სპს «მ-ისათვის” არასაცხოვრებელი ფართის გამოყენებისათვის 2344 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე სპს «მ-ის” შეგებებული სარჩელი. ვალდებულების გაქვითვის და არსებულ ვალში არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებას სპს «მ-ის” სადავო ფართიდან გამოსახლების ნაწილში საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

სპს «მ-სა” და ხაშურის საბინაო-კომუნალურ განყოფილებას შორის 1997წ. 1 იანვარს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც სპს «მ-ს” იჯარით გადაეცა ქ. ხაშურში, ... მდებარე სახლის პირველ სართულზე არსებული 35მ2 ფართის არასაცხოვრებელი სათავსო, ხაშურის რაიონის სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 2 თებერვლის ¹143 ბრძანებულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996წ. 25 მარტის დადგენილების საფუძველზე ხაშურის რაიონის გამგეობის 1996წ. 25 აპრილის ¹44 დადგენილებით სხვა ქონებასთან ერთად გადავიდა მუნიციპალურ საკუთრებაში და შეტანილი იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. საქართველოს კანონის «იჯარის შესახებ” და საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555 დადგენილების შესაბამისად არ დაიშვება იმ ქონების იჯარით გაცემა, რომელიც შეტანილია საპრივატიზაციო ნუსხაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციიო პალატამ 1999წ. 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართალია, დააკმაყოფილა სპს «მ-ის” დირექტორის ი. გ-ის სარჩელი და ქ. ხაშურის საკრებულოს, გამგეობას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს დაევალათ 3079 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, აუდიტზე გაწეული ხარჯის – 220 ლარის და სასამართლო ხარჯების – 180 ლარის სოლიდარულად გადახდა ირმა გ-ის სასარგებლოდ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული. ამდენად დადგენილი იქნა, რომ სპს «მ-ი” კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ფართს და სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლებზე საფუძველზე იგი გამოსახლებული იქნა ქ. ხაშურში, ... მდებარე 35მ2 არასაცხოვრებელი სათავსოდან.

სპს «მ-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. ხაშურის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსათვის 3079 აშშ დოლარისა და 400 ლარის დაკისრების თაობაზე არ არის კანონიერ ძალაში შესული და არ დამდგარა სკ-ს 442-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების ვადა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს «მ-ის” დირექტორმა ი. გ-ემ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები აპელანტმა დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:

სპს «მ-ს” სადავო ობიექტზე, საიდანაც მის გამოსახლებას მოითხოვდა ქონების მართვის ხაშურის სამმართველო, გაწეული ჰქონდა დიდი ოდენობით ხარჯები, რომლის გადახდაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკისრა სოლიდარულად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის სამმართველოს და ქალაქის საკრებულოს გამგეობას და ვინაიდან გადაწყვეტილება ძალაში არ იყო შესული, ხაშურის რაიონული სასამართლო სსკ-ს 279-ე მუხლის «დ” პუნქტის შესაბამისად ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება ზარალის ანაზღაურების შესახებ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. მიუხედავად აღძრული შუამდგომლობისა საქმის წარმოებით შეჩერების შესახებ, 2000წ. 3 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და გამოიტანა გადაწყვეტილება სპს «მ-ის” სდავო ფართიდან გამოსახლების შესახებ.

სადავო ობიექტის ფაქტიური ღირებულება სპს «მ-ის” მიერ ჩატარებული კაპიტალური შეკეთების შემდეგ გაიზარდა თითქმის სამმაგად და მისი გაყიდვა 1997წ. მდგომარეობით აღარ შეიძლება, რადგან დაზარალდება სახელმწიფო, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ზარალი, ხოლო ობიექტი კი იაფად გაიყიდება. საბოლოოდ აპელანტი ითხოვდა ხაშურის რაიონის სასამართლოს 2000წ. 3 აპრილის განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმებას და განსახილველად საქმის სხვა რომელიმე რაიონის სასამართლოსათვის გადაგზავნას სათანადო მითითებით.

აპელანტის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის სხდომაზე შემცირებული იქნა მოთხოვნა იმ ფარგლებში, რომ ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სპს «მ-ის” სადავო ფართიდან გამოსახლების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთA სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონის სასამართლოს 2000წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება. განჩინება გამოტანილი იქნა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა სპს «მ-სა” და ხაშურის მერიის საბინაო-კომუნალური მომსახურების განყოფილებას შორის 1997წ. 1-ელ იანვარს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ქ. ხაშურში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის არასაცხოვრებელ ფართზე. სასამართლო კოლეგიის მიერ ვერ იქნა მოძიებული რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მხარემ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მოიპოვა სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო კოლეგიამ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ სპს «მ-ს” მართალია მიენიჭა სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის წესით შეძენის უპირატესი უფლება, მაგრამ ეს გარემოება, მესაკუთრის უფლების აბსოლუტური ხასიათიდან გამომდინარე, თავისთავად არ წარმოშობს სხვისი ნივთის ფლობის საფუძველს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპს «მ-ის” დირექტორის ი. გ-ის მიერ. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ სპს «მ-ის” მხრიდან სადავო ობიექტის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის თაობაზე და სკ-ს 172-ე მუხლის გამოყენება არ არის სწორი, რადგან საიჯარო ხელშეკრულების დადების შემდეგ სპს «მ-ი” კანონიერად შეუდგა ფართის ფლობას და კაპიტალურად შეაკეთა იგი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა კასატორის მიერ გაწეული ხარჯებიის რეალობა და მას მიენიჭა ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლება. ამდენად, სპს «მ-ი” არ ითვლება უკანონო მფლობელად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში 172-ე მუხლის მოთხოვნა არ უნდა გამოყენებულიყო. სადავო ობიექტის ღირებულება კასატორის მიერ აუცილებელი ხარჯების გაწევის შემდეგ გაიზარდა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს ამ ზარალის ანაზღაურების გარეშე არ ჰქონდა უფლება აღეძრა სარჩელი სპს «მ-ის” სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ. ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ სპს «მ-ს” სადავო ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს. კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინსტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სპს «მ-ის” ქ. ხაშურში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებზე.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სპს «მ-ის” დირექტორის ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2002წ. 27 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ხაშურში ... მდებარე 35მ2 არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო-მუნიციპალურ საკუთრებას. ხაშურის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილებასა და კასატორს შორის 1997წ. 1 იანვარს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუყძველზეც სპს «მ-მა” დაიკავა სადავო ფართი, გაუქმებული იქნა ხაშურის რაიონის სასამართლოს 1997წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ვინაიდან აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი შეტანილი იყო საპრივატიზებო ნუსხაში და საქართველოს კანონის «იჯარის შესახებ” და საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555 დადგენილების შესაბამისად არ დაიშვებოდა იმ ქონების იჯარით გაცემა, რომელიც შეტანილი იყო საპრივატიზებო ნუსხაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ არ გააჩნია ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი ის გარემოება, რომ სპს «მ-ს” ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებით მიენიჭა სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლება, არ წარმოადგენს კასატორის მხრიდან რაიმე ფორმით ამ ფართზე პრეტენზიის გაცხადების საფუძველს, მით უმეტეს, რომ გორის სასამართლოს 1998წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 20 ოქტომბრის განჩინების თანახმად სპს «მ-ის” დირექტორს ი. გ-ეს მიეცა სადავო ფართის პრივატიზების კონკურსში მონაწილეობის უფლება და ამ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში კასატორის რაიმე უპირატესობაზე მითითებული არ არის. მითითებული განჩინების განმარტების შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 1999წ. 15 დეკემბერს მიღებული განჩინების თანახმად კი, «სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ხაშურში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართზე კონკურსი უნდა ჩაატაროს გაზეთ «ხაშურის მოამბეში” 1997წ. 26 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების საკონკურსო პირობების შესაბამისად, პრივატიზების იმ დროს მოქმედი კანონის საფუძველზე.

სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონის მიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია უზენაესი სასამართლოს 1995წ. 20 ოქტომბრის განჩინების შესაბამისად მას უფლება აქვს აღნიშნული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა და ამ გზით მოიპოვოს მასზე საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას მოცემული საქმის შეჩერების თაობაზე სსკ-ს 279-ე მუხლის «დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული შუამდგომლობაში მითითებული ადმინისტრაციული სამართლის საქმეების, კერძოდ სპს «მ-ის” სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს მიმართ ხარჯების ანაზღაურების შესახებ და ჯ. ე-ის სარჩელთან დაკავშირებით იმავე მოპასუხის მიმართ სადავო ობიექტის პრივატიზაციის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 399, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს «მ-ის” დირექტორის ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინება.

3. სპს «მ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება