Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-388-კ-02 19 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 ოქტომბერს თ. გ-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის მიმართ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაკისრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ 1999წ. 7 ივნისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება «საქტელერადიომაუწყებლობის" კომიტეტის ვესტიბიულში 1974 წელს მოსარჩელის მიერ მოხატული მრავალფიგურიანი კომპოზიციის დემონტაჟის შესახებ. ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა 5000 აშშ დოლარი 2000წ. 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში. დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულებულა.

საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: თ. გ-ის მიერ 1974 წელს «საქტელერადიომაუწყებლობის" ვესტიბიულში საჩუქრად იქნა მოხატული კომპოზიცია. ე.ი. 1974 წლიდან კომპოზიცია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. 1990წ. მოვლენების შედეგად კომპოზიცია დაზიანდა და საჭიროებდა რეკონსტრუქციას, რის უფლებასაც მოსარჩელე არ იძლეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ითხოვდა დიდ თანხას. თანხის მოთხოვნის უფლება თ. გ-ეს არ ჰქონდა, რადგან, ფაქტობრივად, ხდებოდა გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა, რაც რეალურად შეუძლებელი იყო. ამასთანავე მოპასუხეს არ ჰქონდა თანხის გადახდის ვალდებულება. ეს გახდა ძირითადი მოტივი 1999წ. ხელშეკრულების დადებისა. გარიგება დაიდო არსებითი შეცდომის საფუძველზე, სკ-ს 73-ე მუხლის თანახმად, იგი საცალო გარიგებად უნდა იქნეს მიჩნეული.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1999წ. 7 ივნისის ხელშეკრულებით მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. ამდენად, თანახმად სკ-ს 327-ე მუხლისა, ხელშეკრულება დადებულად ითვლება. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სკ-ს 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია. ამდენად, მოპასუხის მხრიდან დარღვეულია სკ-ს მე-400 მუხლის «ა" პუნქტის მოთხოვნა და სახეზეა შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა «საქტელერადიომაუწყებლობამ" და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით: გ. გ-ეს და კორპორაციას შორის გარიგება მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, სკ-ს 73-ე მუხლის თანახმად, არსებით შეცდომად ითვლება, როცა არ არსებობს ის გარემოება, რომელითაც მხარეების კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. გარიგება არის კანონსაწინააღმდეგო და ამორალური. კომპოზიცია მოსარჩელის მიერ საჩუქრად იქნა გადაცემული და თანახმად სკ-ს 525-ე მუხლის, ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ე.ი. 1974 წლიდან კომპოზიცია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო კომპოზიცია დაზიანდა და გამოუსადეგარი გახდა, აუცილებელი იყო ვესტიბიულის რეკონსტრუქცია, რომლის ჩატარების უფლებასაც არ იძლეოდა თ. გ-ე და სწორედ ეს გარემოება გახდა ¹57 ხელშეკრულების დადების საფუძველი.

თ. გ-ემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და შესაგებელში აღნიშნა, რომ მისი სარჩელი დაკმაყოფილდა არა იმიტომ, რომ 1974 წლიდან მხარეებს შორის არსებობდა რაიმე პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებული იქნებოდა ჩუქების ნამდვილობა, არამედ იმიტომ, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მხარეებს შორის ¹57 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება გარიგების კანონსაწინააღმეგობისა და ამორალურობის შესახებ, რადგან ვერ მიუთითა, თუ რომელი ამკრძალავი ნორმა იქნა დარღვეული ხელშეკრულების დადებისას.

თბილისის საოლქო საამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით «საქტელერადიომაუწყებლობის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თ. გ-ესა და კორპორაციას შორის დადებული გარიგების ამორალურობისა და კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე, ვინაიდან აპელანტმა არ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა გარიგების ამორალურობა და კანონსაწინააღმდეგობა, კონკრეტულად, რომელ კანონს ეწინააღმდეგება გარიგება. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ის გარემოება, რომ მოპასუხე «საქტელერადიომაუწყებლობამ" საცილოდ გახადა ხელშეკრულება, თუმცა მისი ბათილობის მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს;

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით მოპასუხე ვალდებულებას იღებდა მოეხდინა მხატვარ თ. გ-ის მიერ 1974 წელს კომიტეტის ვესტიბიულში საჩუქრად მოხატული კომპოზიციის დემონტაჟი, რაშიც (იგულისხმება მხატვრის, ავტორის, თ. გ-ის თანხმობა, ნებართვა) მხატვარი მიიღებდა 5000 აშშ დოლარს. მოპასუხემ მოახდინა კომპოზიციის დემონტაჟი, რის უფლებაც, ფაქტობრივად, მიიღო სწორედ ამ ხელშეკრულების ძალით, ხოლო თანხა 5000 აშშ დოლარი არ გადაუხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ, მართებულად იხელმძღვანელა სკ-ს მე-400 მუხლით, როცა მიიჩნია, რომ შესრულებისათვის დადგენილ დროს მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებია.

2002წ. 20 სექტემბერს «საქტელერადიომაუწყებლობის" თავმჯდომარემ ზ. შ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს განჩინების გაუქმება, «საქტელერადიომაუწყებლობასა" და თ. გ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც უკანონო და ამორალური გარიგების და ახალი განჩინების გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო შემადგენლობამ, არასწორად განმარტა სკ-ს მე-400 მუხლი, როცა მიიჩნია, რომ შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა;

2. კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ მიუთითა იმის შესახებ, რომ «საქტელერადიომაუწყებლობას" ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, საქმეში კი წარმოდგენილია «საქტელერადიომაუწყებლობის" შესაგებელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში თ. გ-ის სარჩელზე და სააპელაციო საჩივარი, სადაც ხაზგასმით არის მითითებული, რომ აღნიშნული ხელშეკრულება, დადებული თ. გ-ესა და «საქტელერადიომაუწყებლობას" შორის, არ არის კანონის დაცვით დადებული ხელშეკრულება, იგი არის უკანონო გარიგება და სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს;

3. კასატორი მიუთითებს, რომ როგორც ხელშეკრულების შინაარსიდან კარგად ჩანს, მხატვარ თ. გ-ეს უნდა შეესრულებინა კომპოზიციის დემონტაჟი, რაშიც მას (ამ სამუშაოს შესრულებაში) ტელევიზია გადაუხდიდა 5000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, «საქტელარადიომაუწყებლობას" უნდა შესრულებინა დემონტაჟი და შეასრულა კიდეც, რაც შეეხება საოლქო სასამართლოს ხაზგასმას, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ვალდებულებას იღებდა მოეხდინა მხატვარ თ. გ-ის მიერ 1974 წელს კომიტეტის ვესტიბიულში საჩუქრად მოხატული კომპოზიციის დემონტაჟი, რაშიც (იგულისხმება, მხატვრის, ავტორის თ. გ-ის თანხმობა, ნებართვა) მხატვარი მიიღებდა 5000 აშშ დოლარს საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაში 1-ლი მუხლის თანახმად ხელშეკრულების საგანს სწორედ კორპორაციის დემონტაჟი წარმოადგენს;

4. კასატორი განმარტავს, რომ სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რომელი კანონის საფუძველზე ჰქონდა თ. გ-ეს უპირობოდ ნაჩუქარ ნივთზე ნებართვის გაცემის უფლება. «საქტელერადიომაუწყებლობის" მიმართ კომპოზიციის ჩამოხსნა-არჩამოხსნის შესახებ არანირი ნებართვის უფლება არ გააჩნდა და თუ ხელშეკრულება მისი ზემოქმედებით, უკანონო მოთხოვნებითა და შანტაჟით დაიდო, სწორედ ამიტომ არის აღნიშნული ხელშეკრულება ამორალური და უკანონო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების ახნსა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. პირველი აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მხარეებს შორის 1999წ. 7 ივნისს დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლი მოიცავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის «ა" და «ვ" პუნქტს, რომელთა თანახმადაც კორპორაცია «საქტელერადიომაუწყებლობა" იღებს ვალდებულებას მხატვარს (მოსარჩელე თ. გ-ეს) კომპოზიციის დემონტაჟში გადაუხადოს 5000 აშშ დოლარი, ანუ კომპოზიციის დემონტაჟის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს. ამავე დროს «ვ" პუნქტის თანახმად, კომპოზიციის დემონტაჟის ვალდებულება თავად კორპორაციას ეკისრება. სააპელაცო სასამართლომ ჩათვალა რა, რომ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტები წარმოშობდნენ მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ 5000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში და მოსარჩელე კომპოზიციის დემონტაჟის ნებართვაშიOიღებდა აღნიშნულ თანხას, არ დაასაბუთა თუ რატომ, რის საფუძველზე უნდა იქნეს ხელშეკრულების მე-2 მუხლის «ა" ქვეპუნქტი გაგებული, როგორც მოსარჩელეს მხრიდან კომპოზიციის დემონტაჟის ნებართვა და არა მისი ვალდებულება, თავად მოახდინოს კომპოზიციის დემონტაჟი და ამაში მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულება, ფაქტობრივად, წარმოადგენდა მოსარჩელეს მხრიდან კომპოზიციის დემონტაჟზე თანხმობას, მაგრამ, ამავე დროს არ გაარკვია, თუ რატომ არ იყო აღნიშნული პირობა პირდაპირ გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს კომპოზიციის დემონტაჟის ნებართვაშიO მოეთხოვა რაიმე ანაზღაურება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს იმ მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს თუ რატომ არ შეეძლო კასატორს მის კუთვნილ ფართში მისი ბრალის გარეშე დაზიანებული კომპოზიციის დემონტაჟი მოსარჩელეს თანხმობის გარეშე და რის საფუძველზე იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მე-2 მუხლის «ა" ქვეპუნქტი. მოსარჩელეს მხრიდან კომპოზიციის დემონტაჟის ნებართვად და არა მის ვალდებულებად თავად მოეხდინა კომპოზიციის დემონტაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. «საქტელერადიომაუწყებლობის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.