გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-389-კ-02 19 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 27 აგვისტოს ი. და დ. ზ-ებმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის მ. შ-ის მიმართ სარჩელი აღძრეს.
მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ ქ. თბილისში, ... ¹37-ში მდებარე სამოთახიან ბინაში ორი ოჯახი ცხოვრობდა. ი. ზ-ის მშობლებსა და ძმას ერთი ოთახი ეკავათ, ხოლო დანარჩენ ორ ოთახში ა. ს-ის ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა.
სასარჩელო განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1973 წელს ა. ს-მა ბინაში შვილიშვილი _ მ. შ-ი ჩაწერა, რაც მოსარჩელეთათვის 1993 წელს გახდა ცნობილი, ხოლო 1994 წელს ამ უკანასკნელმა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია მოახდინა.
მოსარჩელეების მოსაზრებით, ზემოთ მითითებულ ბინაში მ. შ-ის ჩაწერა და ბინის პრივატიზაცია უკანონოდ მოხდა, ვინაიდან მასში ორი ოჯახი ცხოვრობდა და მათი თანხმობის გარეშე ა. ს-ს ამის უფლება არ გააჩნდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მ. შ-ის ბინაში ჩაწერისა და შემდგომ მის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოპასუხე მ. შ-მა სარჩელი არ ცნო და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მასზე უარის თქმა მოითხოვა.
მოპასუხის განმარტებით, იგი გარდაცვლილი ბაბუის _ ა. ს-ის ბინაში 1973 წლიდან არის ჩაწერილი და 1994წ. 22 ნოემბერს, კანონის სრული დაცვით მოახდინა ბინის პრივატიზაცია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით ი. და დ. ზ-ების სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაკმაყოფილდა.'აღნიშნული გადაწყვეტილება ი. და დ. ზ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში მიუთითეს, რომ რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არასწორად უთხრათ უარი, ვინაიდან 1973 წელს მ. შ-ის ბინაში ჩაწერის შესახებ მათთვის 1993 წელს გახდა ცნობილი, ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულება პირველად 2000წ. 23 იანვარს იხილეს. აქედან გამომდინარე, სკ-ს 129-ე და 130-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად 2000წ. 23 ინვარი უნდა ჩაითვალოს და ამავე კოდექსის 128-ე და 1507-ე მუხლების თანახმად დავა პრივატიზაციის თაობაზე 1997წ. 25 ნოემბრიდან მოქმედი სკ-ს უნდა განისაზღვროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულადაა დასაბუთებული, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. შ-ის წარმომადგენელმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 385-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ხოლო ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის მიხედვით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ რაიონულ სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად სსკ-ს 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის საფუძველზე დაუბრუნა, მაშინ, როცა ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 პუნქტი მას შესაძლებლობას აძლევდა საქმე უკან არ გადაეგზავნა და თვითონ გადაეწყვიტა იგი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიან ბინაში მ. შ-ის ჩაწერისა და მის მიერ განხორცილებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერებისა და ხანდაზმულობის საკითხის გარკვევა სააპელაციო სასამართლომ რაიონულ სასამართლოს დაავალა, მაგრამ სკ-ს 377-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, მას შეუძლია ზემოთ მითითებული გარემოებები თავად დაადგინოს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე პალატას უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.