გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-390-კ-02 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 25 იანვარს ისნის რაიონის ¹... საბინაო-კომუნალური მომსახურების ცენტრსა და მესამე პირს _ ე.გ-ს შორის დაიდო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც ე.გ-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ისნის რაიონის ¹... საბინაო-კომუნალური მომსახურების ცენტრის კუთვნილი სამოთახიანი ბინა, მდებარე ... ქ.თბილისში, საერთო ფართით 48,2 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა სათანადო დოკუმენტაციის მომზადება ე.გ-თან და ი.დ-ესთან საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის თაობაზე ადმინისტრაციული გარიგების დასადებად.
2001წ. 5 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი.ფ-მა ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს და ადმინისტრაციული გარიგების (ბინის პრივატიზების) ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი მოტივით:
მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულ გარიგებაში იგი ჩართული უნდა ყოფილიყო როგორც მესამე პირი, ის წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, რადგან კ-მა პრივატიზაცია გაუკეთა საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილს, სადაც ცხოვრობდნენ ფ-ები. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ ი.ფ-ის წინაპრები. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აღნიშნული სახლი და მასთან ორგანულ კავშირში მყოფი «ფ-ების დარბაზად” წოდებული ნაგებობა ჩამოართვეს მის მესაკუთრეს და გადაეცა კომუნალურ ფონდს. სახლის ნაწილში ჩაასახლეს მობინადრეები, მოახდინეს მისი დანაწევრება და აიყვანეს სახელმწიფო აღრიცხვაზე. სახლის მესაკუთრე ი. ფ-ი 1937 წელს რეპრესირებული და დახვრეტილი იქნა, მის მეუღლეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შემდგომში «ფ-ების დარბაზი” ცნობილი იქნა კულტურის ძეგლად და გადაეცა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამმართველოს. ქალაქის საბჭოს აღმასკომის 1983წ. გადაწყვეტილებით, თბილისის ისტორიული ზონის შექმნასთან დაკავშირებით, ... უნდა აღდგენილიყო «ფ-ების დარბაზი”, როგორც ძველი ქართული ტიპის ნაგებობა. ამ მიზნით ქალაქის საბჭომ საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანა მობინადრეები, მათ შორის დ-ეები. დარბაზის რეკონსტრუქციის დროს მოხსნილი იქნა ეზოდან ოთახებში ასასვლელი კიბე, ამდენად ოთახები, რომლებიც ფ-ების მომიჯნავე იყო, დარჩა არაიზოლირებული და მათში სხვა ოჯახების შესახლება შეუძლებელი გახდა. ეს ოთახები მათი მოვლის მიზნით დაიკავეს ფ-ებმა ძეგლთა დაცვის კომიტეტთან შეთანხმებით. ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ბაბუა _ ი.ფ-ი აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. ამავე სასამართლოს 1999წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.ფ-ის სასარჩელო განცხადება სამკვიდრო ქონების უკანონი მფლობელობიდან გამოთხოვისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
ქალაქის საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მესამე პირები სხვა მობინადრეებთან ერთად გასახლებული იყვნენ მათ მიერ დაკავებული ფართიდან და დაკმაყოფილებული იქნენ ბინებით. აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტისთვისაც და ისანი-სამგორის გამგეობისთვისაც, მაგრამ სადავო გარიგების გაფორმების შესახებ არ შეატყობინეს ი.ფ-ს. ამდენად, მათ მიერ არ იქნა შესრულებული ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სათანადო დოკუმენტაციის მომზადების ნაწილში და 2001წ. 25 იანვარს ისე გააფორმეს ადმინისტრაციული გარიგება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში. ადმინისტრაციული გარიგების დადებისას, მოსარჩელეთა აზრით დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე, 67-ე და სკ-ს 81-ე მუხლების მოთხოვნები.
ი. ფ-ის სარჩელი მოპასუხე – ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ ცნო და მხარი დაუჭირა სადავო გარიგების ბათილად ცნობას. მოპასუხე _ ¹89 საბინაო კ-ი რაიონულ სასამართლოში არ გამოცხადდა. მესამე პირებმა – ე.გ-მა და ი. დ-ემ სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით, სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული ნივთის – საცხოვრებელი სახლის ნაწილის გამოთხოვა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობიდან. მათი მითითებით ი.ფ-ი აღნიშნულ გარიგებაში არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს, ვინაიდან ფ-ების ოჯახი სადავო ფართში მმართველობის ადგილობრივი ორგანოს თანხმობის გარეშე თვითნებურად შეიჭრნენ 1992 წელს. სარჩელში მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებები იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სადავო ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლება. სასამართლოს 1988წ. გადაწყვეტილება ეხება ო-ების სარგებლობაში არსებულ ოთახს, ხოლო 1999წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება კი ... მდებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე ე.წ. ,,ფ-ების დარბაზის” მემკვიდრეობის ფაქტს. ამდენად, არც ერთი მითითებული გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული მათ მიერ კანონიერად პრივატიზებულ საცხოვრებელ ფართთან.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ი. ფ-ის სარჩელი, დაკმაყოფილდა ე.გ-ისა და ი.დ-ის შეგებებული სარჩელი მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან ფ-ების გამოსახლების შესახებ, რაც სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ფ-ების მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთA სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით ი., ე., ზ. და გ. ფ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით ძალაში დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება:
1. საქმეში არსებული ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ ... მდებარე სახლთმფლობელობაში საცხოვრებელი ოთახები პირველ სართულზე _ ¹4 და ¹5 ირიცხება გ-ის სახელზე, II სართულზე _ ¹15, ¹16, ¹17 და ¹171 ირიცხება ე. ფ-ზე, «ფ-ის დარბაზად” წოდებული 174 კვ.მ _ თ.კ-ზე, ხოლო დანარჩენი ოთახები ირიცხება ქ.თბილისის საბინაო-საექსპლუატაციო ცენტრის სახელზე. ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა ... მდებარე ისტორიული ძეგლის «ფ-ების დარბაზად” წოდებული 174კვ.მ ფართის ი. ფ-ის საკუთრებაში აღრიცხვა. თბილისის 26 კომისრების სახელობის რაიონის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქე ო-ის მიერ გამოთავისუფლებული 27კვ.მ ერთი ოთახი გადაეცა სარგებლობაში ფ-ებს. აღნიშნული მტკიცებულებები არ ეხება გ-ისა და დ-ის მიერ პრივატიზებული სადავო ოთახების ფ-ების ოჯახისათვის მიკუთვნების საკითხს, რის გამოც სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება ფ-ების მიერ სადავო ოთახების სამართლებრივი საფუძვლით დაკავების შესახებ;
2. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტთა მოსაზრებას, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ე. გ-თან და ი.დ-ესთან პრივატიზაციის მოხდენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტების მხოლოდ მომზადება, რაც არ ნიშნავს გარიგების დადების ვალდებულებას. ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა მდგომარეობდა მომხდარიყო ადმინისტრაციული გარიგების დადება, გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული, სააპელაციო პალატის აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ მოთხოვნა ადმინისტრაციული გარიგების დადების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გარიგების დადების მომენტში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში, რადგან გადაწყვეტილებაში მითითებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რისი უფლებაც სასამართლოს მინიჭებული აქვს სსკ-ს 268-ე მუხლით.
3. სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მესამე პირების სარჩელი ი. ფ-ებისა და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლების თაობაზე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი სარჩელის განხილვის ნაცვლად, მესამე პირის შეგებებული სარჩელის განხილვა არ წარმოადგენდა იმ სახის დარღვევას, რაც გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილების არსზე და არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი., ე., ზ. და გ. ფ-ების მიერ, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვენ სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინების გაუქმებას სადავო ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, თანახმად სსკ-ს 411-ე მუხლისა, ხოლო ფ-ების სამკვიდრო ფართიდან გამოსახლების შესახებ შეგებებულ სარჩელეზე უარის თქმას:
კასატორების მითითებით სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ბ” ქვეპუნქტი, რითაც ასევე დაირღვა ადმინისტრაციული სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ იმსჯელა რაიონული სასამართლოს მოსაზრებაზე, რომ ი. ფ-ი არ არის დაინტერესებული მხარე და მის მიმართ არ გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 54-ე, 81-ე და 99-ე მუხლები. ასევე დაირღვა სსკ-ს 377-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ იქნა შემოწმებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული შუამდგომლობა, თუ რა ბედი ეწია დ-ეების მიერ სანაცვლოდ მიღებულ საცხოვრებელ ფართს და იმ მშენებარე სახლს, სადაც ისინი იყვნენ შეყვანილები, რითაც დაირღვა სსკ-ს 215-ე მუხლი. სასამართლომ იურიდიული შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ კასატორების სარჩელი სასამართლო პროცესზე ცნეს მოპასუხეებმა _ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ და შპს «კ-მა”.
ისანი-სამგორის სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გარიგების დადებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადება დაევალა გამგეობას, ადმინისტრაციული გარიგება კი გააფორმა შპს «კ-მა” გამგეობის გვერდის ავლით. კასატორის მითითებით შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმება, რადგან მან არ მიუთითა კანონზე, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა. სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 394-ე მუხლის «ე” პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა კანონები, რომლითაც ხელმძღვანელობდა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები მტკიცებულებათა შეფასების შესახებ. საქმეზე დართული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შემოწმების შემთხვევაში სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ფ-ების ორსართულიანი სახლის მთლიანი მასა არის სამკვიდრო ქონება, ხოლო ქონების კანონიერი მემკვიდრეა ი. ფ-ი.
სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება აღსრულებულიყო მისი კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 268-ე მუხლის დებულებები. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 264-ე მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება, რითაც სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად წარმართოს გადაწყვეტილება, მას არ შეუძლია განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეიყვანოს იგი ძალაში. ამდენად, კასატორთა აზრით, შპს «კ-ს” არ ჰქონდა უფლება აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლო კოლეგია დაეთანხმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ-ების გამოსახლების შესახებ, მაგრამ რაიონული სასამართლოს მიერ მითითებული 172-ე მუხლი შეცვალა 170-ე მუხლით ყოველგვარი განმარტების გარეშე. სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნები, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ შეამოწმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ს 393-394-ე მუხლებით, კერძოდ არ გამოიყენა სკ-ს 1306-ე და 1421-ე მუხლები.
ფ-ების საკასაციო საჩივარი არ ცნეს მესამე პირებმა - ე.გ-მა და ი.დ-ემ და მოითხოვეს საკასაციო საჩივარზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის განჩინების ძალაში დატოვება. მათ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მიუთითეს, რომ იგი დამყარებულია არარსებულ გარემოებებზე, კერძოდ თითქოს ფ-ების ოჯახი სადავო ფართში ცხოვრობენ 14 წელია, ხოლო ი.დ-ე და ე.გ-ი გამოსახლებულები იყვნენ 1983-1984 წლებში და სადავო ფართი ფ-ებს გადაეცათ ძეგლთა დაცვის სამმართველოს თანხმობით. მესამე პირთა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ისანი-სამგორის გამგეობის მიერ სარჩელის ცნობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროცესის მონაწილე ადმინისტრაციულ ორგანოს (გამგეობას) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია სარჩელის ცნობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. სადავო გარიგება დაიდო კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, რომლის აღსრულების სავალდებულობაც დადგენილია კონსტიტუციის 82-ე მუხლით. ამდენად, ადმინისტრაციული დავის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, არ შეიძლება მიღებული იქნეს სასამართლოს მიერ.
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და შპს ¹... საბინაო-კომუნალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმაც არ ცნეს საკასაციო საჩივარი, უსაფუძცლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთაA ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ი. ფ-ი სასარჩელო განცხადებითა და საკასაციო საჩივრით ითხოვდა ე.გ-ის მიერ თბილისში, ... მდებარე 48,2 კვ.მ ფართის სამი ოთახის პრივატიზების შესახებ 2001წ. 25 იანვარს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ სადავო ოთახები წარმოადგენს მის სამკვიდრო ქონებას და სადავო პრივატიზებით შეილახა მისი, როგორც მემკვიდრე _ მესაკუთრის კანონიერი უფლებები, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:
ა) თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.ფ-ის სარჩელი; ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლთან ორგანულად დაკავშირებული, მე-19 საუკუნის ისტორიული ძეგლი «ფ-ის დარბაზად” წოდებული, 174კვ.მ ფართით გათავისუფლდა თბილისის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის უკანონო მფლობელობიდან და საკუთრების უფლებით გადაეცა რეპრესირებული ი.ფ-ის კანონისმიერ მემკვიდრეს _ ი. ფ-ს (მოსარჩელე, კასატორი); ამავე გადაწყვეტილებით, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა თბილისში, ... მდებარე «ფ-ის დარბაზად” წოდებული ისტორიული ძეგლის ი. ფ-ის საკუთრებაში აღრიცხვა;
ბ) თბილისის 26 კომისრის სახელობის სახალხო სასამართლოს 1988წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თბილისის 26 კომისრის რაიაღმასკომის სარჩელი ფ-ის ოჯახის ბინიდან გამოსახლების შესახებ და ... მოქალაქე ლ. ო-ას ოჯახის მიერ გამოთავისუფლებული 27კვ.მ. ერთი ოთახი სარგებლობის უფლებით გადაეცა ფ-ებს;
გ) თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2000წ. 17 ნოემბრის ¹12-1189 ცნობის მიხედვით, ჩეხოვის ქ. ¹1-ში მდებარე სახლთმფლობელობაში ¹15;16;17 და 171^ოთახები პრივატიზების ხელშეკრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლზე აღირიცხა ე.ფ-ის სახელზე; «ფ-ის დარბაზად" წოდებული ფართი, 2000წ. 17 აპრილის ¹2-107 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია თ.კ-ის სახელზე, ¹4,5 ოთახები ირიცხება ო.გ-ის სახელზე, ხოლო დანარჩენი ოთახები აღრიცხულია თბილისის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე;
დ) ე.გ-მა პრივატიზების სადავო ხელშეკრულებით განახორციელა ... მდებარე სახლთმფლობელობის ¹18;19;20 ოთახების პრივატიზება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეთა _A ე. გ-ის, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და საბინაო-კომუნალური მომსახურების წარმომადგენელთა განმარტებით, თბილისის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე ირიცხებოდა.
ვინაიდან თბილისის 26 კომისრის სახელობის სახალხო სასამართლოს 1988წ. 12 ოქტომბრისა და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებები არ ეხება ე. გ-ის მიერ პრივატიზებული ოთახების ფ-ების საკუთრებაში (მემკვიდრეობით) გადაეცემას და კასატორების მიერ ვერც საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებიდან იქნა წარმოდგენილი ამ ოთახების მათ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი, სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი უძრავ ნივთზე (საცხოვრებელ სახლზე) საკუთრების (თუნდაც მემკვიდრეობით) შეძენისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი (მემკვიდრის მოწმობა, გაცემული სკ-ს 1499-ე მუხლის შესაბამისად) და შემძენის (მემკვიდრის, რომელიც ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, თანახმად სკ-ს 1421-ე მუხლისა) რეგისტრაცია, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სადავო პრივატიზებით არ მომხდარა ფ-ების სამკვიდრო ქონების ე.გ-ის საკუთრებაში გადაცემა, სადავო გარიგებით კასატორების ინტერესი არ შელახულა, მათ არ გააჩნიათ პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობაზე სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი და ისინი პროცესუალურად არასათანადო მოსარჩელეებს წარმოადგენენ.
ამრიგად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ფ-ების სააპელაციო საჩივრისა და სარჩელისAდაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არსებითად სწორია და საკასაციო პალატაც იზიარებს, მაგრამ, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაარღვია საპროცესო ნორმები. კერძოდ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ს 84-ე მუხლი და არასათანადო მოსარჩელე – ფ-ები არ შეცვალა სათანადო მოსარჩელით. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2000წ. 17 ნოემბრის ¹12-1189 ცნობის მიხედვით, ე. გ-ის მიერ პრივატიზებული სადავო ოთახები ირიცხებოდა თბილისის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე და ამდენად ბინა სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებას წარმოადგენდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლო სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო ემსჯელა არასათანადო მოსარჩელე – ფ-ების სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია. სათანადო მხარის მოუწვევლად (საქმეში ჩაურთველად) გადაწყვეტილების გამოტანა კი, საკასაციო სასამართლოს აზით, არ წარმოადგენს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უმნიშვნელო, არაარსებით პროცესუალურ დარღვევას, არამედ ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. ამიტომ საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ფ-ების საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინების გაუმქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ს 84-ე მუხლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი., ე., ზ. და გ. ფ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.