გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-390-კ-02 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე “გ. ე-ის” მიმართ და მოითხოვა ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების 2642,19 ლარის დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე “გ. ე-ს” 2001წ. 9 აგვისტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 2642,19 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი დავალიანება 1682,14 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 960,05 ლარი. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიუხედავად მოპასუხე არ იხდიდა დარიცხულ გადასახადებს იმ მოტივით, რომ იგი იყო უნგრეთის ომის მონაწილე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება ან გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ საგადასახადო კოდექსით, რომლის შესაბამისი მუხლების მიხედვით ინდივიდუალური მეწარმე “გ. ე-ი” შეღავათებით არ სარგებლობდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი იყო უნგრეთის ომის მონაწილე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი და მასზე ვრცელდებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ი.მ. “გ. ე-ს” გადასახდელად დაეკისრა ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდა 2642,19 ლარის ოდენობით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.მ. “გ. ე-ზე” როგორც უნგრეთის ომის მონაწილე და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირზე არ ვრცელდებოდა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტით დადგენილი შეცავათები, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 3000 ლარამდე და მიუთითა, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს უწესდებათ შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი არ ითვალისწინებდა სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირისათვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას, ამიტომ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის გავრცელება ი.მ. “გ. ე-ის” მიმართ უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.მ. “გ. ე-მა” რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორი მიუთითებს, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად, წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირს და სარგებლობს იგივე უფლებებით და შეღავათებით. ამავე კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მასზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლში არ არის გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი, მაგრამ მიაჩნია, რომ იგი წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს და საგადასახადო კოდექსში მითითებული უნდა იყოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირებიც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ. ,,გ. ე-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.მ. ,,გ. ე-ლი” რეგისტრირებულია 1997წ 14 ივლისს ნაძალადევის რაიონის სასამართლოს ¹1/1-1430 დადგენილებით. გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელად რეგისტრირებულია 24.03.98 წ. და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. დღგ-ის გადამხდელის სერთიფიკატი მიღებული აქვს 2000წ. 25 თებერვალს.
საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა კონტროლის განყოფილების 2001წ. 2 აპრილის შემოწმების აქტით ი.მ. ,,გ. ე-ს” სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ დაერიცხა დავალიანება 2347.89 ლარის ოდენობით. საგადასახადო ინსპექციის მიერ გაეგზავნა შეტყობინება 2001წ. 12 ივლისის მდგომარეობით დარიცხჯული თანხების შესახებ, მიუხედავად ამისა დავალიანება ი.მ. დაფარული არა აქვს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დავალიანების გადაუხდელობის მოტივად ი.მ. ,,გ. ე-ი” მიუთითებდა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტზე და აღნიშნავდა, რომ იგი არის უნგრეთის ომის მონაწილე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი, რის გამოც იგი გათავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან. ი.მ. ,,გ. ე-ი” თავისი საკასაციო საჩივრის საფუძვლად კვლავ ზემოაღიშნულ ნორმას მიუთითებს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით და იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე მეორე მსოფლიო ომისა და საქართევლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისა.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს ორ გარემოებაზე, რომელიც ადასტურებს მისი საჩივრის უსაფუძვლობას. კასატორის მიერ მითითებული ნორმა ითვალისწინებს გადასახადის ერთი სახის – საშემოსავლო გადასახადის შეღავათს და არა ყველა გადასახიდასაგან გათავისუფლებას. წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ი.მ. ,,გ. ე-ს"”გადასახადი დარიცხული აქვს ყველა სახის გადასახადში (ეკონომიური საქმიანობისათვის, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სარგებლობისათვის, სოციალური, სამედიცინო დაზღვევა, დასაქმების ფონდი, საშემოსავლო გადასახადი), გარდა დღგ-ის გადასახადისა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი საშემოსავლო გადასახადისაგან ათავისუფლებს მეორე მსოფლიო ომისა და საქართევლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე ფიზიკური პირების შემოსავალს 3000 ლარამდე. ი.მ. ,,გ. ე-ი” არ წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ის მეწარმე სუბიექტია, რომელიც გადამხდელად რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა სადაოდ გახადა დარიცხული გადასახადების ოდენობის კანონიერება, რაზედაც ვერ იმსჯელებს სასამართლო, რადგან კასატორს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში სადაოდ არ გაუხდია დარიცხული გადასახადების ოდენობა, საკასაციო ინსტანციაში კი დავის საგნის გადიდება, შეცვლა ან შეგებებული სარჩელის შეტანა დაუშვებელია სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ. ,,გ. ე-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.