გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-391-კ-02 28 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად და კეთილსინდისიერ შემძენებად ცნობა, საჯარო რეესტრის და ტექაღრიცხვის ბიუროს სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა, სადავო მაღაზიების შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დადასტურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29-30 ნოემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით ცალ-ცალკე მიმართეს მოქალაქეებმა: მ. ნ-ემ, ა. ხ-მ, ე. ტ-მა, მ. ს-ემ, მ. ჩ-მა, ო. გ-ემ და მოითხოვეს მათი შპს «.. ..-ს» ტერიტორიაზე მდებარე 18, ¹20, ¹40, ¹42 და 55-ე მაღაზიების კეთილსინდისიერ შემძენებად ცნობა. მოპასუხედ დასახელებული იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველო, ხოლო მესამე პირად – შპს «.. ..». სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველომ, თავის მხრივ, 2001წ. 4 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების: მ.ნ-ის, ე.ტ-ის, მ.ს-ის, მ.ჩ-ის, ა.ხ-ს სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება და სამტრედიის რაიონის ტექბიუროს მიერ გაფორმებული დოკუმენტების გაუქმება. მითითებული სამოქალაქო საქმეები აცილების წესით განსახილველად დაექვემდებარა აბაშის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით საქმეები ერთ წარმოებად გააერთიანა. აბაშის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამტრედიის სამმართველომ შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც გაზარდა სარჩელი და მოითხოვა სამტრედიის გამგეობის ტექბიუროს მიერ სამტრედიის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე, 55-ე მაღაზიებზე გაცემული ტექნიკური პასპორტებისა და შესაბამისი სარეესტრო ჩანაწერების უკანონოდ ცნობა და გაუქმება, ამავე მაღაზიებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ შესრულებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების უკანონოდ ცნობა და გაუქმება, ამავე მაღაზიების შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დადასტურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქმეში მესამე პირებად სამტრედიის ცენტრალური ბაზრისა და საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების ჩაბმა და სადავო მაღაზიის შენობებზე ყადაღის დადება.
მ.ნ-ემ, ა.ხ-მ, ე.ტ-მა, მ.ს-ემ, მ.ჩ-მა, ო.გ-ემ სარჩელებში მიუთითეს, რომ ...ზე არსებული ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე, 55-ე მაღაზიები იმყოფებოდნენ ქალაქვაჭრობის მფლობელობაში, ირიცხებოდნენ ბაზრის ბალანსზე და წარმოადგენდნენ სახელმწიფო საკუთრებას. 1993წ. ქალაქვაჭრობა დაექვემდებარა პრივატიზაციას. სახელმწიფო მეთაურის 1994წ. ¹178-ე ბრძანებულებით მათ მიეცათ ობიექტების პირდაპირი შესყიდვის უფლება და პრივატიზაციის სამმართველოსაგან მიიღეს წინადადება, შეესყიდათ ობიექტები. ვაუჩერებისა და თანხის გადახდის შემდეგ სანოტარო წესით გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები მათსა და ქონების მართვის რაიონულ განყოფილებას შორის. ობიექტების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად მიიღეს ობიექტებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, გაატარეს ტექბიუროში, საჯარო რეესტრში და გახდნენ მაღაზიების მესაკუთრეები. მათივე განმარტებით, სკ-ს 185-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის გასხვისებით მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარისია ერთადერთი საფუძვლის არსებობა – საჯარო რეესტრში მის მესაკუთრედ რეგისტრაცია ამდენად, ამ საფუძვლით ისინი კეთილსინდისიერ შემძენად უნდა ჩაითვალონ. შესაბამისად, მოითხოვეს მათსა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების დადებულად და ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე და 55-ე მაღაზიების კეთილსინდისიერ შემძენებად და მესაკუთრეებად ცნობა.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის ქონების მართვის სამმართველოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელეები: მ. ნ-ე, ა. ხ-, მ. ს-ე, ე. ტ-ი, ო. გ-ე ცნობილ იქნენ შესაბამისად ...ის ტერიტორიაზე არსებული ¹40, 8-ე, 20-ე, ¹41 და 55-ე მაღაზიების კეთილსინდისიერ შემძენებად და მესაკუთრეებად, მათსა და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონის სამმართველოს შორის შემდგარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ჩაითვალა დადებულად.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკუთრების მოწმობების, ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და მიწის სარეგისტრაციო მოწმობების საფუძველზე ...ის ტერიტორიაზე მდებარე ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე, 55-ე მაღაზიები საკუთრების უფლებით ეკუთვნით მ.ნ-ეს, ა.ხ-ს, მ.ს-ეს, ე.ტ-ს და ო. გ-ეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს წარმომადგენლის, ბ.ფ-ის, მტკიცებულება, რომ გაიყიდა მხოლოდ მაღაზიების ინვენტარი და არა- თავად მაღაზიები იმ მოტივით, რომ აღნიშნული მაღაზიების გაყიდვა მოხდა იმჟამად მოქმედი «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ”, 1991წ. 9 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს «.. ..-ს» დირექტორ ნ.ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნ-ის, ს-ის, ტ-ის, ჩ-ის, გ-ის, ფ-ის და ხ-ს მიმართ ქირის დავალიანების გადახდისა და იჯარით აღებული ფართის გამოთავისუფლების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველომ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, მათი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ სამტრედიის გამგეობის ტექნიკური ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის ბიუროს მიერ ...ის ტერიტორიაზე მდებარე ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე, 55-ე მაღაზიებზე გაცემული ტექნიკური პასპორტებისა და შესაბამისი სარეესტრო ჩანაწერების ბათილად ცნობა, საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ აღნიშნულ მაღაზიებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა და ამ მაღაზიების შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დადასტურება. აპელანტმა საჩივრის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1. გადაწყვეტილებაში არ იკითხება საქმის ნომერი. რაიონული სასამართლოში საქმე არ განხილულა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და გადაწყვეტილებაში არსად არ არის მითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის არც ერთი მუხლი.
2. სასამართლოს მათთვის არ გადაუცია ე.წ. გაერთიანებული სასარჩელო განცხადება.
3. სასამართლო სხდომაზე მხარემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებულია მათ მიერ სახელმწიფო ქონების – შენობა- ნაგეგობების შეძენის ფაქტი. საქმეში არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ არასაცხოვრებელი ფართი იყიდება იჯარის უფლებით; მხარეებს შორის ფორმდებოდა საიჯარო ხელშეკრულებები; მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის მინიშნება იმაზე, რომ შენობა-ნაგებობები მყიდველებს გადაეცათ საკუთრების უფლებით.
4. სახელმწიფო ქონების მართვის სამტრედიის განყოფილებას არ ჰქონდა უფლება, მოეხდინა აღნიშნულ მაღაზიათა შენობა-ნაგებობების პრივატიზება, რადგან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე შრომითი კოლექტივების ამხანაგობებს მიეცათ უფლება, პირდაპირი მიყიდვის წესით შეეძინათ საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონება, ე.ი. აქტიური ნაწილი, ხოლო შენობა-ნაგებობები კი ირიცხებოდა სამტრედიის ცენტრალური ბაზრის ბალანსზე.
5. ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ სამჯერ დაარღვია კანონი: პირველად, როდესაც გასცა ტექნიკური პასპორტი საკუთრების მოწმობის საფუძველზე. მეორედ, როდესაც მოახდინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაცია, მაშინ, როდესაც ეს სანოტარო წესით დადასტურებიდან 3 თვის ვადაში უნდა მოეხდინა და მესამედ, როდესაც 1999 წელს გასცა განახლებული პასპორტები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული სადავო მაღაზიების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანის საკითხი და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი, და საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა, სადავო ობიექტების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის წერილით დასტურდება, რომ სადავო ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე და55-ე მაღაზიები საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 24 ნოემბრის 833-ე დადგენილებით, 1994წ. 18 აგვისტოს ¹570 და 1993წ. 20 აპრილის ¹306 დადგენილებით. წერილს თან ერთვის პრივატიზებულ ობიექტთა ნუსხა, სადაც აღნიშნულია, რომ ¹8 და ¹20 მაღაზიები პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულია 1994წ. 1 თებერვალს, ¹40 და ¹41 მაღაზიები – 1995წ. 24 მარტს, ¹55-ე მაღაზია-კონკურსის ფორმით 1993წ. 30 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველომ მოსარჩელეებს მიმართა მათ სარგებლობაში არსებული მაღაზიების გამოსყიდვის უფლების თაობაზე, რომლებმაც ქონების ღირებულების ნაწილი დაფარეს ვაუჩერებით, ნაწილი კიკუპონებით და შესაბამისად გააფორმეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოსთან ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელეებზე გაიცა შენობათა ტექნიკური პასპორტები. მიუხედავად იმისა, რომ ტექაღრიცხვის ბიუროს შენობაში მომხდარი ხანძრის გამო იქ არსებული დოკუმენტაცია განადგურებულია, მ.ნ-ის, ა.ხ-ს და ე.ტ-ის მიერ წარმოდგენელ იქნა მათ სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტის დედნები, რომელთა ასლებთან შედარებისას გაირკვა, რომ ჩანაწერები ერთი და იგივე შინაარსისაა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ სადავო ობიექტები იჯარის უფლებით გაიყიდა, რადგან ამ ობიექტების პრივატიზებისას გამოყენებული «სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 1991წ. 9 აგვისტოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად პრივატიზება ხორციელდებოდა საწარმოთა პირდაპირი შესყიდვით, კონკურსის ან აუქციონის წესით და ეს კანონი არ ითვალისწინებდა იჯარის ფორმით პრივატიზებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან 1996წ. 18 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სადავო ქონება საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა შპს «.. ..-ს» და ამჟამად მის ბალანსზე არის აღრიცხული, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქონების ორჯერ გასხვისების ფაქტს. სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ქონების შემძენად ითვლება ის, ვინც მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სადავო ქონება პირველად გადაეცა მოსარჩელეებს, მათზე გაცემულია ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ისინი რეგისტრირებულნი არიან საჯარო რეესტრში მესაკუთრეებად და ამდენად, არ არსებობს კანონიერი საფუძველი ამ ჩანაწერის გაუქმებისა. სასამართლოს მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებული ფაქტები, რომ შპს «.. ..-ს» არ გააჩნია სადავო მაღაზიების მესაკუთრეებისაგან საიჯარო ქირის მოთხოვნის უფლება და რომ ისინი არ შეიძლება გამოსახლდნენ ფართიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს მიერ შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აბაშის რაიონული სასამართლომ დავა არ განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რითაც დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ¹20, 40-ე, 41-ე, 55-ე სადავო მაღაზიები წარმოადგენდნენ ქალაქვაჭრობის ობიექტებს, მაგრამ სასამართლომ არ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ ფაქტს.
მიღება-ჩაბარების აქტებში არსად არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცათ შენობა. აღნიშნული დოკუმეტებით დგინდება, რომ მოსარჩელეებს პრივატიზების შედეგად გადაეცათ მხოლოდ აქტიური ნაწილი – ინვენტარი. კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს შემდეგზე: მხარეებს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ შენობის იჯარით სარგებლობის თაობაზე მყიდველები, ანუ მოსარჩელეები ვალდებულნი იყვნენ, გაეფორმებინათ საიჯარო ხელშეკრულებები, რაც შესრულდა კიდეც და 2000 წლამდე ისინი აფორმებდნენ შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებას და იხდიდნენ იჯარის ქირას. კასატორის აზრით, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ პასიური ნაწილის შეძენის ფაქტს და შესაბამისი თანხის გადახდას. ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს მიეყიდათ მხოლოდ აქტიური ნაწილი, ხოლო პასიური ნაწილი გადაეცათ იჯარის უფლებით,დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, მოსარჩელეთა და ბაზრის ადნისტრაციას შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით, მოსარჩელეთა მხრიდან საიჯარო ქირის გადახდის დოკუმენტაციით და მიღება-ჩაბარების აქტებით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოსარჩელეების განცხადებებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახელზე, რითაც ისინი ითხოვდნენ იჯარით გადაცემული ქონების პრივატიზების ნებართვას პირდაპირი მიყიდვის წესით. ასევე უყურადღებოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, პროკურატურისა და სხვა ორგანოების დასკვნები ამ დავასთან დაკავშირებით, რომლებშიც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შენობების გასხვისებას მოდავე მხარეზე ადგილი არ ჰქონია. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ცალკე არ წარმოადგენს დოკუმენტს და ის ძალაშია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. მათ ტექბიუროსა და საჯარო რეესტრს არ უნდა მოეხდინათ რეგისტრაცია, ვინაიდან ისინი ვალდებული იყვნენ, გასცნობოდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლს, რომელიც ითვალისწინებდა შენობაზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას და არა შენობის საკუთრებაში გადაცემას. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ შენობების პრივატიზებისას კანონი დაარღვია ჯერ ტექაღრიცხვის ბიურომ და შემდეგ, საჯარო რეესტრის სამსახურმა, რომლებსაც უნდა შეემოწმებინათ დოკუმენტაციის უტყუარობა და სიზუსტე, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი სამტრედიის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ ...ის ტერიტორიაზე მდებარე ¹8, 20-ე, 40-ე, 41-ე, 55-ე მაღაზიებზე გაცემული ტექნიკური პასპორტები და შესაბამისი სარეესტრო ჩანაწერები, საქართველოს მიწის მართვის დეპატამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ მითითებულ მაღაზიებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ შესრულებული რეესტრის ჩანაწერები და დადასტურებული იქნება სადავო მაღაზიების შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა.
მოწინააღმდეგე მხარეებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და სასამართლოს თხოვეს, მის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც განჩინება არასრულად არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე და არ გაარკვია ის წინააღმდეგობები, რასაც მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავენ, კერძოდ:
საქმეში მოსარჩელე მ.ნ-ეს მიერ წარმოდგენელი მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ მ.ნ-ეს პირად საკუთრებაში გადაეცა ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის პასიური ნაწილი – შენობა, შეფასებული 35 აშშ დოლარად და აქტიური ნაწილი – ინვენტარი, შეფასებული 21 აშშ დოლარად. მ.ნ-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება არ ყოფილა წარმოდგენილი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ, აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტის ასლში მითითებულია, რომ პასიური ნაწილი – შენობა _ გადაეცა იჯარის უფლებით, ხოლო მიღება-ჩაბარების მეორე აქტში მითითებულია, რომ მ.ნ-ეს გადაეცა მხოლოდ ინვენტარი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების ასლში კი მითითებულია, რომ მ.ნ-ეს გადაეცა საკუთრებაში ქალაქვაჭრობის ¹... მაღაზიის კუთვნილი ქონება და რომ არასაცხოვრებელი ფართი იყიდება იჯარის უფლებით.
მოსარჩელე ა. ხ-ს მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი იღებს საკუთრებაში ¹8 მაღაზიის კუთვნილ ქონებას იჯარის უფლებით და რომ არასაცხოვრებელი ფართი იყიდება იჯარის უფლებით. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ა.ხ-ს საკუთრებაში გადაეცა მაღაზიის პასიური ნაწილი – შენობა და აქტიური ნაწილი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ა.ხ-ს მაღაზიის პასიური ნაწილი – შენობა - გადაეცა იჯარის უფლებით, ხოლო მეორე მიღება-ჩაბარების აქტით მას გადაცემული აქვს მხოლოდ ინვენტარი. მოსარჩელე ე.ტ-ის მიერ წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ მას გადასცეს ¹41 მაღაზიის კუთვნილი ქონება და რომ არასაცხოვრებელი ფართი იყიდება იჯარის უფლებით. ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ პასიური ნაწილი – შენობა _ იჯარის უფლებით იქნა გადაცემული 45 აშშ დოლარად, ხოლო ღირებულებამ შეადგინა 145 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მაღაზიის ქონება გადაცემული აქვს იჯარის უფლებით, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტით ე.ტ-ს გადაცემული აქვს ინვენტარი.
მოსარჩელე მ.ს-ის სარჩელს თან ერთვის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ იგი საკუთრებაში იღებს ¹20 მაღაზიის კუთვნილ ქონებას იჯარის უფლებით და რომ არასაცხოვრებელი ფართი იყიდება იჯარის უფლებით. მიღება-ჩაბარების აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ შენობა იჯარის უფლებით არის გადაცემული. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით ბ.ს-ეს გადაცემული აქვს მხოლოდ ინვენტარი.
მოსარჩელე ო.გ-ის სარჩელს არ ერთვის ობიექტის არც ნასყიდობის ხელშეკრულება და არც მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ო.გ-ეს გადაცემული აქვს მხოლოდ ინვენტარი.
ამდენად, ნათელია, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რომელთა უმეტესი ნაწილი დედნების სახით აღარ არსებობს და რომლებიც ძირითად საფუძველს წარმოადგენს სადავო ობიექტებზე საკუთრების უფლების დასადგენად, შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ყოფილა გარკვეული.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, შეიძლება თუ არა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შენობის მესაკუთრედ ჩაითვალიოს პირი და ასეთად აღირიცხოს საჯარო რეესტრში, როდესაც თავად ხელშეკრულებაში მხოლოდ შენობის იჯარით გადაცემაზეა მითითებული.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, თუ რატომ აფორმებდნენ მოსარჩელეები წლების განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებას შპს «.. ..-სთან” და რატომ იხდიდნენ საიჯარო ქირას და შემოიფარგლა იმით, რომ მიუთითა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით აღიარებული ფაქტების პრეიუდიციულ ხასიათზე, მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებით არ არის გადაწყვეტილი სადავო ობიექტების საკუთრების საკითხი და სწორედ მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს მათი მესაკუთრე შესაბამისი უფლებებით და მოვალეობებით.
საქმეში წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებებში მოსარჩელეები პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ მოახდინეს ობიექტებზე რიცხული ინვენტარის პრივატიზაცია, მოიპოვეს შენობაზე იჯარის უფლება და ითხოვდნენ მიეცათ ნება შეესყიდათ იჯარით გადაცემული ობიექტები. სააპელაციო სასამართლოს არც აღნიშნული გარემოებები გაუხდია მსჯელობის საგნად.
საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ არ არის გარკვეული სადავო მაღაზიების «ქ-სადმი» კუთვნილების საკითხი, რაზეც აპელანტი მხარე მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არასრულად არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან მითითებული გარემოებები გამოკვლეული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას და შესაბამისად საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.