Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-393კ-02 19 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საგადასახადო დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 მარტს ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს «ქ. ა-ისა” და შპს «მ-ის” მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე.

განმცხადებელმა განცხადებაში მიუთითა, რომ სს «ქ.ა-ა” და შპს «მ-ი” ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელებად ირიცხებიან და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გადასახდელი აქვთ დავალიანება _ სს «ქ.ა-ას” 540129.12 ლარის, ხოლო შპს «მ-ის” _ 15583 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა გამარტივებული წესით განცხადების განხილვა, მოპასუხეთა მიმართ დავალიანებათა გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.

2002წ. 25 მარტის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დააკმაყოფილა.

2002წ. 2 აპრილს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გადახდის ბრძანებები გასცა, რომლითაც სს ქუთაისის «ა-ას” ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დავალიანების 540129,12 ლარის, ხოლო შპს «მ-ს” _ 15583 ლარის გადახდა დააკისრა.

სს «ქ.ა-ამ” და შპს «მ-მა” განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და სკ-ს 307-ე მუხლის შესაბამისად 10 დღის ვადაში შესაგებელი შეიტანეს, რომელშიც მიუთითეს, რომ ისინი გადახდის ბრძანებებს არ ცნობენ, რადგან მათ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ დავალიანება არ გააჩნიათ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 მაისის განჩინებით 2002წ. 2 აპრილის გადახდის ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ გაუქმდა და დადგინდა დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნების საერთო სასარჩელო წესით განხილვა.

2002წ. 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის სწრაფად და ობიექტურად განხილვის მიზნით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელები სს «ქ.ა-ისა” და შპს «მ-ის” მიმართ ერთ წარმოებად გაერთიანებულიყო.

2002წ. 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოაყალიბა. სასამართლოს შეკითხვაზე: მხარეები თანახმანი იყვნენ თუ არა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით შემოფარგლულიყო, მათ თანხმობა განაცხადეს, რაზედაც ხელწერილიც ჩამოერთვათ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს «ქ.ა-ას” სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ 473879 ლარის გადახდა, ხოლო შპს «მ-ს” 15583 ლარის გადახდა დაეკისრათ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «მ-ის” დირექტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ არ განიხილა საქმეში არსებული ¹0083082 საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც პირველწყაროდან შეძენილ საქონელზე დამატებითი ღირებულების გადახდის ფაქტს ადასტურებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «მ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართო განმარტავს, რომ სსკ-ს 249-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. (სსსკ-ის 249-ე მუხლის 5-ე პუნქტი).

სსკ-ს 250-ე მუხლის მიხედვით: თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მხარეთა ასეთი განცხადება აისახება ოქმში, რომელსაც ისინი დაადასტურებენ თავიანთი ხელმოწერით.

ამდენად, სსკ-ს 250-ე მუხლი სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბების უფლებას, თუ მხარეები ამ გადაწყვეტილებას ეთანხმებიან და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე. მხარეთა მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს იმისათვის, რომ სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით შემოიფარგლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ სსკ-ს ზემოთ მითითებული მუხლის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. კერძოდ, როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა მხარეებმა თანხმობა განაცხადეს, რომ სასამართლო მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით შემოფარგლულიყო, რაც მათი ხელმოწერებითაც დასტურდება, მაგრამ აქვე არ არის დაფიქსირებული მხარეთა უარი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. უფრო მეტიც, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მხარეებს გასაჩივრების უფლება მისცა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეში არ მოიპოვება საოლქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამოტივირებული გადაწყვეტილების სისწორის შემოწმება საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «მ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტლება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «მ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.