Facebook Twitter

3გ-ად-394-კ-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ქ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სადაც მოპასუხედ დასახელებული იქნა ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო და სარჩლის საფუძველზე მოითხოვა, ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 5 სექტემბრის ¹231 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:

ქუთაისის მერიის 1997წ. 2 იანვრის ¹1 განკარგულებით ჩატარებული იქნა ტენდერი ქუთაისის ¹... კულტურის სახლის გადარჩენისა და გამოყენების უფლების მოსაპოვებლად. ტენდერში გამარჯვებულად ცნობილი იქნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მერიის 1997წ. 31 იანვრის ¹59 განკარგულებით ჩამოყალიბდა როგორც შპს “ქ.-ი” და ქუთაისის მერიის 1997წ. 01 ივლისის ¹339 ბრძანების საფუძველზე, კულტურის ცენტრთან, როგორც ტენდერში ამარჯვებულთან დაიდო, 5 წლიანი ხელშეკრულება.

2000წ. 17 აპრილს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანება ¹110, რომლითაც “ქ.-ს”, ყოფილი კულტურის სახლის შენობის სამეურნეო გამგებლობის მიზნად დადებული ხელშეკრულება გაუგრძელდა 10 წლის ვადით, ხოლო 2000წ. 5 სექტემბერს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანება ¹231 რომლითაც გაუქმებულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული ¹110-ე ბრძანება. მითითებულ ბრძანებას მიიჩნევდა რა უკანონოდ, მოსარჩელე ითხოვდა, აღნიშნულის ბათილად ცნობას.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ქ.-თან” ხელშეკრულების ვადის 10 წლამდე გაზრდა მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ და გასაჩივრებული აქტის გამოცემით გამოსწორებული იქნა მათ მიერვე დაშვებული შეცდომა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებას, რომ 1997წ. 01 ივლისის ¹339 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის უფლება გააჩნდა მხოლოდ ქონების მესაკუთრეს – ქუთასის მერიას, ამდენად ქონების მართვის სამმართველო არ იყო უფლებამოსილი ¹110 ბრძანების საფუძვეოზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაეგრძელებინა 10 წლამდე, შესაბაისად საქალაქო სასამართლომ ¹110-ე ბრძანება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ აქტად და ჩათვალა, რომ მითითებული ბრძანების 2000წ. 5 სექტემბრის ¹231 ბრძანებით გაუქმება იყო კანონიერი და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ქ.-ის” დირექტორის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარში მხარე მიუთითებდა, რომ სასამართლოს მხრიდან არასწორი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მოითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ქ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება. შპს “ქ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 5 სექტემბერის ¹231 ბრძანება.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ძირითადად დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:

1. ვინაიდან “ქ.-თან”, ქუთაისის მერიის 1997წ. 1 ივლისის ¹339 ბრძანების საფუძველზე, ხელშეკრულება დადებული იყო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, ამდენად ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა კონტრაქტის ვადა. შესაბამისად, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების მართვის სამმართველო, ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისას, მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების მოვლინება. რამდენადაც ქონების მართვის სამმართველოსა და ხელოვნების ცენტრს შორის არსებობდა ორმხრივი ნების გამოვლინება, ხელშეკრულებაც თავის მხრივ, დადებული იქნა არა ქუთაისის მერიასთან, არამედ ქონების მართვის სამმართველოსთან, ამდენად ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაც განეკუთვნებოდა ამ უკანასკნელის კომპეტენციას.

3. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 5 სექტემბრის ¹231 ბრძანებით დარღვეული იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპები.

ყოველივე აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ, სადაც კასატორმა მიუთითა, რომ შპს “ქ.-ს” ... მდებარე ყოფილი ვ.ა.-ის სახელობის კულტურის სახლის ბალანსზე რიცხული 938,06 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა ქუთაისის მერიის 1997წ. 1 ივლისის ¹339-ე ბრძანების საფუძველზე. ამდენად მითითებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის უფლება გააჩნდა ამ უკანასკნელს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებით 2000წ. 17 აპრილს მიღებული იქნა ¹110 ბრძანება შპს “ქ.-ისათვის” ხელშეკრულების ვადის 10 წლამდე გაგრძელების თაობაზე. მითითებული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა ბათილად ცნობას, რის გამოც, ქონების მართვის სამმართველოს მიერ მიღებული იქნა გასაჩივრებული აქტი, რომელმაც გააუქმა ¹110 ბრძანება, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული.

აღნიშნულის საფუძველზე კასატორი მიიჩნევდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონდარღვევით და ითხოვდა მის გაუქმებას.

მოწინააღმდეგე მხარე შპს “ქ.-ი” თავის შესაგებელში მიუთითებდა, რომ საკასაციო საჩივარი ემყარება მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს, არ უთითებს თუ რომელი კანონის მოთხოვნა იქნა სასამართლოს მიერ დარღვეული, რის გამოც, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, აღნიშნული არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს.

ქ.ქუთაისის მერიის 1997წ. 11 ივლისის ¹339-ე ბრძანებით ქ.ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს დაევალა შპს “ქ.-ისათვის” 5 წლის ვადით, სამეურნეო გამგებლობის უფლებით, გადაეცა ...-ის სახელობის კულტურის სახლის ბალანსზე რიცხული 842,94 კვ.მ და წმინდა ნინოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 95,12 კვ. არასაცხოვრებელი ფართი.

1997წ. 14 ივლისს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “ქ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ¹35-სგ.

ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 17 აპრილის ¹110 ბრძანების საფუძველზე ¹35 სგ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 10 წლამდე, ხოლო ამავე სამმართველოს მიერ 2000წ. 5 სექტემბერს, იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება წარმოადგენდა მხოლოდ ქუთაისის მერიის უფლებას, ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 17 აპრილის ¹110 ბრძანება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარე უფლებამოსილი იყო საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ¹3გ/ად-93-კ-01, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო ქ. ქუთაისის მერიას მიიჩნევს რა ფართის მესაკუთრედ, იზიარებს ამ უკანასკნელის მოსაზრებას და ადასტურებს, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს არ გააჩნდა უფლებამოსილება ქუთაისის მერიის გარეშე შეეცვალა კონტრაქტის პირობები.

სსკ-ს I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი, ხოლო სსკ-ს 106-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებად, რომლებსაც ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, რომელიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

აღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2000წ. 17 აპრილის ბრძანება მის მიერ მიღებული იქნა უფლებამოსილების გადამეტებით და რაც ამ უკანასკნელს აძლევს უფლებას, თვითონვე ცნოს ბათილად ასეთი აქტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე ¹35-სგ ხელშეკრულების დადებით სახეზეა წარმომადგენლის მეშვეობით დადებული გარიგება, რომელიც უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს მესაკუთრის _ მოცემულ შემთხვევაში ქ.ქუთაისის მერიის მიმართ და ხელშეკრულების პირობების შეცვლაც მხოლოდ მის კომპეტენციას განეკუთვნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სკ-ს დებულებათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ გააჩნდა შპს “ქ.-ის” სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 06 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს “ქ.-ის” სარჩელი ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 5 სექტემბრის ¹231 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს “ქ.-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.